გუშინ ლიზამ მითხრა, რომ ხვალ ვაშინგტონში მივდიოდი. მერე მკითხა: როგორი წარმოგიდგენია ვაშინგტონი? დავფიქრდი და წარმოვიდგინე: თეთრი და ცარიელი.

დილით ადრე მაღვიძარამ გამაღვიძა. ავტობუსი 9 ზე გამოდიოდა. 4 საათია ნიუ იორკიდან დედაქალაქამდე. ცოტა ხანი ჩამეძინა. მერე ვეღარ დავიძინე. ავტობანი ყველგან ერთნაირია, არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. გზის რიგები და გარშემო კედლები, ხან ხეების, ხან ბეტონის. არაფერი არ ჩანს, ზოგჯერ შორიდან თუ დაინახავ ქალაქის მინიშნებას. თუ გაგიმართლა, დიდი ქალაქის გარეუბანზე თვალის შევლებაც შეიძლება მოახერხო. ქარხნები, საძინებელი რაიონები - ქალაქის ცარიელი ნაპირები. არაფრით აღარ დამეძინა, იმენა ჯინაზე. ვერც ამ მოსაწყენმა გზამ ვერ დამაძინა. როგორც იქნა ჩავედით. სადგურიდან ფეხით წამოვედი. ვაშინგტონი აღმოჩნდა ზუსტად ისეთი, როგორიც მეგონა, ცარიელი და თეთრი.
ქუჩები განიერია. ბევრი პარკია. ხალხიც ცოტაა და სიჩუმეა. მემორიალები და დაწესებულებები ერთმანეთს ანაცვლებენ. შენობების ფანჯრებში შემაწუხებელი და ცივი თეთრი განათებები - ბიუროკრატიაა. შენობები თითქოს ქაღალდების უსასრულო დასტებია. ბეჭედდასმული, ხელმოწერილი, მოწესრიგებული.

აქ წერა გავწყვიტე და ეხლა ისევ ავტობუსში ვზივარ, ნიუ იორკში ვბრუნდები. საღამოა. მალე დაბნელდება, ამიტომ ფანჯრებიდან ყურებას აზრი არა აქვს, ფანჯრებში მარტო ანარეკლი გამოჩნდება. 4 საათი მაქვს.
ეხლა უკან უნდა გადავახვიო და წინა დღეები უნდა მოვყვე. შეიძლება მეტიც. ვაშინგოტონამდეც უნდა მოვყვე. დიდი ხანია არ დამიწერია. ვიწყებდი და ვეღარ ვაგრძელებდი. წინა კვირა ბუნდოვანი იყო. თან მგონია რომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო და თითქმის არ მახსოვს რა ხდებოდა. თან ცუდად ვიყავი და ერთი დღე, კვირა დღე, სახლში გავატარე. ბიბლიოთეკიდან გავაგრძელებ. შესასვლელს ორი თეთრი ლომი იცავს. ზემოთ თუ აიხედავ, მოვარდისფრო ცაა, ღრუბლებიანი.

წიგნებზე მკითხაობა ვცადე, მაგრამ ამ დარბაზში სულ ენციკლოპედიები იყო და არ გამოვიდა. ბრაიანტ (თუ როგორ არის ქართულად არ ვიცი) პარკში ვუსმინე ლექციას ურბანულ მეფუტკრეობაზე. ქალაქის თაფლი ბევრდა უფრო სუფთა შეიძლება იყოს ვიდრე სოფლის - ქალაქში არავინ პესტიციდებს არ იყენებს გარშემო და იმიტომ.

დღის მეორე ნახევარში სათამაშოების მაღაზიაში წავედი, თოი ტოკიოში, კომიქსების და ანიმეების სათამაშოების მაღაზია არის. თუმცა, 2ფაქის პატარა ბიუსტიც გამოერია სუპერგმირებში.

საღამოს გოეთეს ინსტიტუტში ბორდ გეიმების საღამოზე მივედი შმუსთან ერთად. თამაშს, რომელიც ნახევარ საათში უნდა მორჩე, ვთამაშობდით 2 საათი. შეშლილი ქალი, რომელიც მოგვიჯდა, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიგო საიდან ვიყავი, ვერაფრით ვერ გაიგო თამაშის წესები და ამიტომ თამაში გაიწელა. ამ ქალს ბოლომდე ეგონა, რომ შვეიცარიიდან ვიყავით და გვეუბნებოდა რომ ბავშვობა შვეიცარიაში აქვს გატარებული. მერე ფეხით ვისეირნეთ. მეორე დილით კლუბების ტურზე ვიყავი. ოღონდ ძველი კლუბების, მარტო კაცები რომ დადიოდნენ და ქალებს არ უშვებდნენ. ქალებს კი არა, ვერც ებრაელები ან შავკანიანები ვერ შედიოდნენ ამ კლუბების უმეტესობაში. მე-19 საუკუნეზეა ბაზარი. ანუ, ღამის კლუბებში არ აგერიოთ. მერე მარტო ქალების კლუბებიც ვნახეთ. გვიან დამთავრდა, ამიტომ აიკიდო გავმაზე. შემდეგი განრიგში იყო არაფორმალური მუზეუმი ისთ ვილიჯში - museum of reclaimed urban space. მთელ უბანს საინტერესო ისტორია აქვს, სკვოტების, ბაღების, წინააღმდეგობის. ორშაბათს დილით სტეიტენ აილენდზე უნდა წავსულიყავი. გემამდე მივედი და უკან წამოვედი. სახლში მოვედი და ვიწექი. სიარულით მედიტაციის მერე, რაც ძალიან ძნელი იყო, ისეთი ხმაური იყო გარშემო, წავედი სამოხალისეოდ ბრუკლინის დაწყებით სკოლაში. 4 ადამიანი 1 საათი ვაკრავდით კარადაში მწვანე ქაღალდს. საღამოს, ბრუკლინშივე წიგნის მაღაზიაში ლეფერტის ხმების პრეზენტაცია იყო. ლეფერტის ხმები პროექტია, რომლის ფარგლებშიც, ლეფერტის უბნის ამბები ჟურნალად გადაიქცა. ეს ამბები, თვითონ ამ უბნის მაცხოვრებლებმა დაწერეს. ამ საღამოს ჟურნალის პრეზენტაცია იყო და თან ნაწყვეტებს კითხულობდნენ. მაცხოვრებლები იხსენებდნენ როგორ გადმოვიდნენ მათი მშობლები, როგორი იყო უბანი ადრე, როგორი იყო იქ გატარებული ბავშვობა და ახალგაზრდობა. როგორ ჩქარა იცვლება ყველაფერი და როგორ გვეცლება ხელიდან ყველა მნიშვნელოვანი ადგილები დღევანდელ ქალაქებში. ამ ადგილებთან ერთად კი მოგონებები და მეხსიერება.

სამშაბათი დასვენების დღეა. სახლში ვიყავი და არსად გასვლა არ მინდოდა. საღამოს ლიდიასთან წავედი. ბევრი ვილაპარაკეთ, მე თბილისის ამბებს ვუყვებოდი, ლიდია აქაურს. ოთხშაბათი არის აპექსარტში ჩექ ინის და ფსიქოთერაპევტის დღე. მერე განრიგში იყო სან ჯენარეოს ფესტივალი პატარა იტალიაში, ქუჩის ფესტივალი - ჭამა სმით და ხმაურით. საღამოს საიდუმლო მეცნიერების კლუბში მივედი ებისთან ერთად. ბაქტერიების ევოლუციის ამბავს ყურადღებით არ ვუსმინე და მეორე დილით ვაშინგტონში წავედი. ეს არის გამოტოვებული დღეების მოკლე შინაარსი.

ვაშინგტონში სამი დღე ვიყავი. სადგურიდან აფრო ამერიკული ისტორიის მეზეუმში წავედი. ფეხით გავიარე კაპიტოლიუმთან, ვაშინგტონის მემორიალამდე ფეხით მივედი. ამერიკის ისტორია წინააღმდეგობებით არის სავსე და ეს ამბავიც ერთ ერთი მთავარი ნაწილია. ამბავი, თუ როგორ შეიძლება თანაარსებობდეს მონობის და თავისუფლების იდეა გვერდიგვერდ. ერთად. ამერიკის ისტორიაში შავკანიანების მონობა, წინააღმდეგობა, თავისუფლებისთვის ბრძოლა დღევანდელი თავისუფლების იდეის ჩონჩხი, კარკასია. ჰოდა მერე გზაში ვფიქრობდი, ცრემლებმორეული თან, რომ რა მნიშვნელობა აქვს შაქრის პლანტაციაზე იმუშავებ თუ სტარბაქსში. ანუ არც არაფერი არ შეცვლილა, მათრახი გადაიქცა ბანკის ვალებად ერთადერთი.
ბევრი ვიარე და ადრე დამეძინა.

ბალიშები ღრუბლები იყო და გაუნძრევლად მეძინა.
მეორე დღეს ლიზა ჩამოვიდა. შეცდომების დღე იყო, ყველაფერი შემეშალა. ვფიქრობდი, როგორ მინდა რომ ნიუ იორკში ვიყო.
დღეს დილის 11ზე დავსტრელეთ კაპიტოლიუმთან meltedaway-ს სანახავად. შევხვდით კეისის, რომელსაც გუშინ ვერ შევხვდით. melted away არის ყინულისგან გაკეთებული სიტყვები, რომელსაც ხან სად ადნობენ, ხან სად. დღეს ყინულის სიმართლე დნებოდა.

მთელი დღე ფეხით ვიარეთ, ლინკოლნის მემორიალიდან ფეხით წამოვედით და სადგურამდე, რომელიც მეორე ბოლოა, 5 საათისთვის მივედით. ბევრი ვილაპარაკეთ. მოსაწყენ ხელოვნებაზე, იმ კინოებზე დიდი ხნის წინ რომ მოგვწონდა, ტრამპის ყლეზე, ამერიკის დავიწყებულ ქალაქებზე, მეორე მსოფლიო ომში დაკარგულებზე, ვიდეო თამაშების სინამდვილეებზე. ამ ლაპარაკს ფონად გასდევდა მუზეუმები და მემორიალები. ქვაში ამოკვეთილი პატრიოტული ტექსტები და ციტატები. და თითქმის სადგურამდე გვაცილებდა ლინკოლნის რაღაცნაირი ვზგლიადი. კაპიტოლიუმთან რომ გავიარეთ და სიმართლე უკვე გამქრალიყო.
ნიუ იორკში ღამე დავბრუნდით.