იცოდით თუ არა, რომ თბილისის მერიას 2011 წელს 19-წლიანი კონტრაქტი გაუფორმებია სატრანსპორტო კომპანიასთან, რომლის თანახმადაც ქალაქ თბილისში 2031 წლამდე ტრანსპორტის წამყვანი ჯიში იქნება მიკროავტობუსი? მარშრუტკა. 2031 წლამდე. მერიამ. გააფორმა.

რამდენჯერაც „2031“-ის დაწერა გახდა საჭირო და ამ წინადადებამდე ასეთი შემთხვევა სულ ორჯერ იყო, ინსტინქტურად ვწერ „2013“-ს. იმიტომ რომ 2013 ძალიან შორსაა. აჰა, კიდე „2013“ დავწერე. 2013 კი არა, 2031 წელია შორს. 2013 უკვე იყო და ის ერთ წელიწადში დადგა მას შემდეგ, რაც 2012-ში მერიამ სატრანსპორტო კომპანიას კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმადაც 2031 წლამდე თბილისში ტრანსპორტების კორლეონე იქნება მარშრუტკა. 2031 წლამდე. თბილისში. მარშრუტკა.

2031 წელზე პირველი მარსის მისია გამახსენდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ნასამ დააანონსა. წარმოიდგინეთ, 2030-იან წლებში რამდენიმე ასტრონავტი მარსზე იგულავებს, ჩვენთან კი, საკრებულოსთან ან მერიასთან, ნატა ფერაძე ყვითელ მარშრუტკას გაუწვება წინ და კატეგორიულად მოითხოვს, რომ გადაიხედოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა. ნატა ფერაძე. 2031 წელს. მერიასთან.

ვიდრე დავგუგლავდი, თუ რა გეგმები აქვთ 2031 წლისთვის მსოფლიოში, მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე. ორი შვილი მყავს, ექვსი და ცხრა წლის, ორივე მამრი, დემიანი და ენტონი და ორივეს მაგრად კიდია, რა სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ დღეს ქალაქში და რა სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ 2031 წელს. მოკლედ, დავუძახე ორივეს და ქუჩის მხარეს შევსვი ფანჯრის რაფაზე. მეთქი, აბა, გაიხედეთ და მითხარით, რას ხედავთ? ენტონიმ, რომელიც ამ ორში უფროსია, მოძრავ საცობში რამდენიმე წამით გაჩერებული მანქანისკენ გაიშვირა თითი და ქალს ცემენო. მეთქი, რა ქალს ცემენ, ბიჭო?! აი, ნახეო და ვნახე. გვერდზე მჯდომ ქალს მძღოლმა მართლაც წამოარტყა თავში მარჯვენა ხელი, ხოლო მარცხენათი საჭეს მართავდა. ამის გამო ცოტა ხნით ავცდით ექსპერიმენტის თემას, მაგრამ როცა ავუხსენი, რომ ის კაცი, კაცი კი არა, ყლე იყო, ექსპერიმენტს დავუბრუნდით.

რას ხედავთ? კიდევ ვკითხე. პეიზაჟის აღწერის მერე, როგორც იქნა, მივხვდი, რომ უნდა დამეკონკრეტებინა, რა მინდოდა, დაენახათ და აბა, რა ტრანსპორტი მოძრაობს ქუჩაში-მეთქი.

ყვითელი ავტობუსი.

მიკროავტობუსი.

მარშრუტკა.

სკუტერი.

მანქანა.

მიკროავტობუსი. მარშრუტკა.

მიკროავტობუსი. მარშრუტკა.

ლურჯი ავტობუსი.

ოკეი. ახლა მითხარით, კიდევ რა ტრანსპორტმა შეიძლება იაროს ქუჩაში?

ტრამვაი.

ტროლეიბუსი. თქვა ენტონიმ.

დემიანი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს ტროლეიბუსი, რაზეც განსაკუთრებული ვერაფერი ვუპასუხე, უბრალოდ ავუხსენი, რომ მამამისის თაობას უმგზავრია ტროლეიბუსითაც და ტროლეიბუსზეც.

ეტლი. გაგრძელდა ჩამონათვალი.

ველოსიპედი.

ოკეი. გასაგებია. ახლა ნახეთ, რა ხდება, ჩვენ ვიცით, რომ საწვავზე მომუშავე მანქანები აბინძურებენ ჰაერს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. მე გეტყვით, რომ ტრამვაი არის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. გარდა ამისა, არ ქმნის საცობებს, რადგან მას თავისი სავალი გზა აქვს. მიწისზედა მეტროს ისევ ტრამვაი სჯობია, ნაკლებად ხმაურიანია. ეტლები კარგია, ველოსიპედებიც, უბრალოდ ველოსიპედით ბევრ ადამიანს ვერ გადაიყვან, რადგან ველოსიპედზე, როგორც წესი, ორი ადამიანი ეტევა. ყურადღებით მისმენთ? ვკითხე და ორივემ თავი დამიქნია. მაშინ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გვარი არის არა ჰოლიდეი, არამედ ბაგრატიონ-მუხრანსკი და ხართ ამ ქვეყნის მეფეები. თქვენთან მოვიდნენ ამ ქვეყნის გაძვალტყავებული გლახები და გთხოვეს, რომ ოცი წლით მოაგვაროთ ტრანსპორტის პრობლემა. ახლა, მითხარით, რას გააკეთებდით?

ენტონის უნდოდა, რომ ქუჩაში არაფერს ემოძრავა და ქუჩის გასწვრივ ყოფილიყო საბაგირო, სამანქანო გზის ადგილას კი – სტადიონები, ბევრი სანაყინე და სასრიალოებიანი აუზები. დემიანიც დაეთანხმა. კიდევ ჰაიპერ ლუპი უნდოდათ, მაგრამ მივახვედრე, რომ მცირე მანძილზე ჰაიპერ ლუპი არ არის პრაქტიკული. საბაგიროზეც ვუთხარი, რომ არარეალური მეჩვენება, მაგრამ სამანქანო გზების ადგილას აუზები, სტადიონები და ბევრი სანაყინე ისეთი ძლიერი და სასიამოვნო ილუსტრაციაა, რომ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული – იქნებ გამოვიდეს კიდეც.

ერთი სიტყვით, ბოლოს, რაციონალური მსჯელობით მივედით იქამდე, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა ტრამვაი და ავტობუსები სპეციალური ბასლაინებით, და თუ ეს ავტობუსები იქნებოდა ელექტრო, ან ჰიბრიდი მაინც, მაშინ საერთოდ ბრილიანტი ამბავი გამოვიდოდა. მოვაგვარეთ პარკინგის პრობლემები, ტროტუარს და სამანქანო გზას შორის გავიყვანეთ ველოტრასა, ოღონდ ნამდვილი ველოტრასა, თუნდაც ისეთი, ყვარელში რომ მიჰყვება ტროტუარს. დავაგეთ სარბენი ბილიკი. დავრგეთ ხეები და არა ჭადრები, და ვიდრე საშაურმეს ჩავდგამდით და პირველ მილიონს ვიშოვიდით, ექსპერიმენტის დასასრულიც გამოვაცხადე, მაგრამ ენტონიმ მკითხა, კი მაგრამ, ნამდვილმა ქალაქის მეფეებმა რა ქნესო. მეთქი, რა ქნეს და ისეთ კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც თბილისში 2031 წლამდე აი ეს ყვითელი მარშრუტკები ივლიან. 2031 წლამდე. ყვითელი. მარშრუტკები.

სულაც არ მგონია, რომ ბავშვები, მით უფრო ჩემი შვილები, გულუბრყვილოები არიან, მაგრამ ზოგჯერ მათაც ეშლებათ. ჰოდა, ენტონისაც შეეშალა და მკითხა:

რატომ?

იმიტომ რომ ყლეები არიან, ენტონი, შვილო, ყლეები.

2031 წლამდე? კიდევ ერთხელ შეცდა ენტონი.

არა, მამი, ეგენი სულ ყლეები იქნებიან, მომავალშიც და იმის მერეც, წარსულს რო ჩაბარდებიან.