ალბათ ქართველები ყველაზე გულგრილი ხალხი ვართ, აბა, გულგრილი ადამიანის გარდა ვის შეეძლო მოეფიქრებინა ეს შესანიშნავი ანდაზა - "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი". არსებობს ესეთი გადმოცემა, როცა ატენის სიონს აშენებდნენ, სალი კლდე მუდმივად იშლებოდა და საძირკველიც თან მიჰქონდა უფსკრულში. ვერაფერი მოუხერხეს. ბოლოს ერთ უხუცეს კალატოზს უთქვამს, ამ კედლებს მარტო რძით მოზელილი კირი თუ ამოიყვანს, სხვა არა ეშველება რაო. აფრინეს ქუდზე კაცი, დაიარეს მახლობელი სოფლები და სთხოვეს ყველას, თითო ჭიქა რძე მიეტანათ და ტაძრის საძირკველთან მდგარ ქვაბში ჩაესხათ. ხალხი შეწუხდა, საქმე დიდებული და ნანატრი ტაძრის მშენებლობას ეხებოდა, ერთი ჭიქა რძე რა ბედენააო, თქვეს. დაიმედებულმა კირითხუროებმა იმ ღამეს მშვიდად იძინეს. დილას კი რძის ჭურჭელი პირთამდე სავსე დახვდათ... წყლით. იფიქრეს, ჩემი ერთი ჭიქა წყალი იმხელა ჭურჭელში სად გამოჩნდება, აგერ გიორგაანთ 4 ძროხა ჰყავთ და ჩემიც იმათწილ იყვესო.
ეს ამბავი 1300 წლის წინანდელია. მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ქართველებს საამაყო ხასიათი ძველი შეგვრჩა. გულგრილობა? არა, ეს გულგრილობა არაა, უბრალოდ სხვის საქმეში "არ გვიყვარს ცხვირის ჩაყოფა", სხვისია, აბა რა არის, როცა შენ, მაგალითად, ცხოვრობ ვარკეთილში და სულაც არ გედარდება, თუ პანორამა თბილისი ქალაქის ხედებს შეცვლის, ვარკეთილიდან მთაწმინდა მაინც გამოჩნდება და...

არც ისაა შენი საქმე, პანდუსზე რომ აყენებს მეზობელი ანზორი მანქანას და მეზობელ თამარს გზის სავალ ნაწილზე უწევს ეტლით გადასვლა, მაღაზიამდე რომ მიაღწიოს. რა შენი საქმეა თამარი რას იზამს, თუ პრეტენზიები აქვს, თავად გაარკვიოს, რა პრობლემაა?!

ისე, კარგი რამეა გულგრილობა, განცხრომაც კია ერთგვარი, ნერვებს, თავს და ხმის იოგებს უფრთხილდები ადამიანი. მეც შემეძლო ვყოფილიყავი გულგრილი ბლოგზე წერის მაგივრად "ზომბი აპოკალიფსის" ბოლო სეზონს ჩავჯდომოდი, მაგრამ არ შემიძლია, სუნთქვას მიშლის და ყელში მიჭერს ჩემს გარშემო ნაგვის მთები, ბინძურ და ნაგვით სავსე პარკებსა და სკვერებში მოთამაშე ბავშვები, რომლებმაც არ იციან რა არის "კლასობანა", ან "ხუთქვაობანა", იმიტომ, რომ ცარცით დასახაზ სათამაშო ადგილზე ვიღაც ბიძიას გაზიზინებული ჯიპი აყენია; ბავშვები, რომლებისთვისაც დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გააკეთეს და საქანელებით გაალამაზეს სკვერები და სადაც "ვზროსლი" ბიჭები ლუდს ჩიპსებს აყოლებენ და სიმთვრალემოკიდებულებს "ავიწყდებათ" მნიშვნელობა სიტყვისა "ნაგვის ურნა"; სკვერები, სადაც ხეებს შეუბრალებლად ჭრიან, რომ გარაჟები ჩადგან. არა,ავტოფარეხი არა, გა რა ჟი! ამ უსახურ საშინელებებს სხვას ვერაფერს ვუწოდებ. ყოველდღე ვასეირნებ ჩემს შვილს ეტლით და ყოველ ცისმარე დღეს მერევა ბრაზი "გარაჟები ვისუნთქოთ? ნაგავი ვისუნთქოთ?". ქალაქი გადაიქცა ერთ დიდ სანაგვე ურნად, რომელსაც თავსახური არ ეხურება, მზე უწყალოდ დაჰნათის და საშინელ სუნსა და სიბინძურეში ახრჩობს! ნუთუ მარტო მე ვხედავ და მარტო მე მაშინებს შუაღამისას ზედა სართულიდან გადმოგდებული და ასფალტზე დამსკდარი ნაგვის პარკის ხმა?

ნუთუ მარტო მე ვხედავ ზამთარში გაძარცვულ ხეებზე აფრიალებულ ფერად-ფერად  ერთჯერად პარკებს?  ნუთუ მარტო ჩემს აივანზე გროვდება ზემოდან გადმოყრილი სიგარეტის ნამწვავები? 

ერთი ამბავი გამახსენდა. ნეკრესში ვიყავით ექსკურსიაზე. ვინც ნამყოფია, იცის, იქვეა სპეციალურად მოწყობილი ფანჩატურები, სადაც მაგიდის გაშლა შეიძლება. ჩვენს გვერდით N სკოლის კლასი დაჯდა საჭმელად. ჩვენ რომ მოვრჩით ჭამას, ჩვეულებისამებრ, ნარჩენები პარკში მოვაგროვეთ და სამარშრუტოში ავიტანეთ, რახან ახლომახლო ურნა არ იდგა. ამ დროს, ერთ-ერთმა მოსწავლემ მიირბინა მასწავლებელთან და ჰკითხა, ჩვენს ნაგავს რა ვუყოთო. მასწავლებელმა, სრულიად უტიფრად, აგე, ქალაქელები აგროვებენ ნაგავს და ეგენი წაიღებენო.
კიდევ მახსენდება სხვა ამბავი ,ბეთანიაში...
მარტვილში
ალავერდში
გუდაურში
ყაზბეგში მე და ჩემი ტურისტები 2 დიდი ნაგვის პარკით ჩამოვედით და მოხევეებმა, ჯერ გაიოცეს, მერე კი დაგვცინეს, როგორი მოცლილები არიან ეს ტურისტები, სხვის ნაგავს აგროვებენო. მეც ტურისტებში მიმათვალეს, მეც მოხევე...

ერთხელ მაინც გვეყოს გამბედაობა და ვაღიაროთ, რომ ქართველები ჩვენი ქვეყნის ყველაზე მეტი პატრიოტები ვართ, ყანწის პატრიოტები. ყველას გვიყვარს ჭიქიდან დანახული სამშობლო; რაც უფრო მეტია ჭიქა,უფრო მეტია ჩვენი თავგანწირვაც მის მიმართ, მთელი ძალით მკერდზე დაკრული მჯიღით ღირსეული წინაპრების სადღეგრძელოს ყველაზე დიდი ყანწით შესმა და დაფიცება, რომ ჩვენ სამშობლოს ვჭირდებით და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ვიბრძოლოთ მისთვის! ოღონდ, ეგაა, დილის დადგომასთან ერთად, მზაკვარი ნაბახუსევი იპარება ჩვენს წინა ღამით ბრძოლაში დაჭრილ ორგანიზმში და სამშობლოს სიყვარულის დაუოკებელი გრძნობა, სახაშეს ღია ფანჯრიდან გამომავალ მაცოცხლებელ სურნელთან ერთად იფანტება ჰაერში. თავჩარგული ხვრეპ ცხელ წვნიანს, უყურებ შიგ მოტივტივე დაჭყლეტილ ნიორს და ფიქრობ, რომ აი, დღეს არ ძალგიძს ვაკის პარკში ხალხს შეუერთდე და უკანონო მშენებლობა გააპროტესტო. გულით გინდა, მაგრამ გეზარება, სახაშეში თბილად ჯდომა გირჩევნია, იქ კი შენს გარეშეც გააპროტესტებენ. მერე გამოხვალ გარეთ, სიგარეტს მოუკიდებ, ცარიელ კოლოფს მუშტით მოკუჭავ და იქვე მოისვრი, აბა, ჯიბით ხომ არ ატარებ? კოკა-კოლის ცარიელ ბოთლსაც გვერდით მიუწვენ, მოვა "მეეზოვე" და დაგვის, მაგას სხვა კი არაფერი ევალება? საღამოს ძმაკაცს აუვლი და მის პატარა შვილს კაცურად დაარიგებ, რომ სამშობლო უყვარდეს, ისევე, როგორც შენ და მამამისს გიყვართ.

სამშობლო, მარტო ფეისბუკზე გაზიარებული ლამაზი ფოტოები არ არის და არც ფანდურზე შუაღამეს ნამღერია სამშობლო. სამშობლო ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც დაცვა და მოფრთხილება სჭირდება, მოვლა და მოფერება, გასუფთავება.

ხანდახან მგონია, რომ ჩვენ ყველას სხვადასხვა სამშობლო გვყავს, ზოგის დედინაცვალია და სასწრაფოდ უნდა მოხრჩობა, ზოგისთვის კი გამზრდელი დედა.

ჩემთვის სამშობლო ყველაფერია, ყველა ფერი, მიწა, სადაც კარავს გავშლი, მთა, რომელზეც ავალ, ტბა, რომელსაც გადავცურავ, ხე, რომელსაც ვსუნთქავ და ქვეყანა, რომელიც პურს მაჭმევს. მე გიდი ვარ და ვიცი სუფთა სამშობლოს ყადრი, მინდა სუფთა პური ვჭამო და ინსტაგრამის ჩემს  გვერდზეც ფოტოშოპის გარეშე დავდო გადასახედის ფოტოები ტურისტებისთვის. 

პ.ს მარტო ფოტოების გადაღებით არ შემოვიფარგლებით მოლაშქრეთა კლუბები აკეთებენ ხოლმე ეკოდასუფთავების აქციებს და ყველა ვცდილობთ სეზონზე ერთხელ მაინც მოვაწყოთ ეკოგასვლა. ფოტოების უმრავლესობა ჩემია და ზოგიც ნიკოლოზ ჯავახიშვილის.