სიბნელის ასე რატომ გვეშინია? ალბათ, ამ კითხვაზე პასუხი უხსოვარ წარსულში უნდა ვეძებოთ, როცა ევოლუციის ადრეულ ეტაპზე პირველი ადამიანები თავის გადარჩენას ცდილობდნენ. დღისით მათ ადვილად შეეძლოთ პოტენციური საფრთხის შემჩნევა და სასიცოცხლოდ საჭირო საკვების მოპოვება, ხოლო ღამე, როცა მხედველობა უარესდება, ავის მომასწავებელი იყო. მილიონობით წლის განმავლობაში ასეთ პირობებში ყოფამ ფაქტობრივად განსაზღვრა ადამიანის დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ და სიბნელის შიში თაობიდან თაობაში ყველაზე ცოცხალ, გამძლე ინსტინქტად დაილექა. შესაბამისად, პირველი კოცონის დანთება, რამაც პირველად გაანათა ღამე, ავის მომასწავებელი სიბნელისგან თავდაცვის ყველაზე წარმატებულ მექანიზმად იქცა და მას შემდეგ ადამიანს ღამის განათება აღარც შეუწყვეტია.

საუკუნეების შემდეგ ღამეულ ცას კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა ინდუსტრიულმა რევოლუციამ. დედამიწის მოსახლეობა გაიზარდა და უზარმაზარ ფართობებს მოედო, ტექნოლოგიური პროგრესი შეუქცევადი გახდა და ქარხნების, გზატკეცილებისა თუ ურბანული დასახლებებისგან ცამდე აზიდულმა ნათებამ ღამის სიბნელე კიდევ უფრო გააჩახჩახა.

დღეს კი უკვე ასეთი სურათი გვაქვს: ბევრ დიდ ქალაქში სინათლით დაბინძურება იმდენად დიდია, რომ დღე-ღამის მონაცვლეობას ვეღარც ვამჩნევთ, ეს მხოლოდ საათზე გამოსახულ სტატისტიკად რჩება.

დროთა განმავლობაში სიბნელესა და სინათლეს შორის ჭიდილი ყოფით საკითხებშიც აისახა და ამის კარგი მაგალითი, ვფიქრობ, ჩვენი ლექსიკაა. რასაც უარყოფითი დატვირთვა ან კონტექსტი აქვს, ბნელთან ასოცირდება (შავი ჭირი, ბნელი ზრახვები, შავი ბუღალტერია), სინათლეს კი დადებით კონტექსტში ვხმარობთ (ნათელი იდეები, განათლება…). აი, ახლაც, ამ სტატიას შავად ვწერ და რედაქტორთან განხილვის შემდეგ უნდა გადავათეთრო.

გადანათებულ ღამესა და ადამიანის გაუარესებულ ჯანმრთელობას შორის კავშირზე ბევრს არ მოვყვები – ეს ყველასთვის ისედაც კარგად ნაცნობ ეგზისტენციურ კრიზისებთან და ბევრისთვის დაუძლეველ ყოველდღიურ გამოწვევებთან მიგვიყვანს. და თუ ამ კავშირების გამოჭერა ხშირად გვიჭირს მიზეზების მრავალფეროვნების გამო (ჰაერის და საკვების დაბინძურება იქნება თუ ურბანული სტრესი), სამაგიეროდ, ბნელი ღამის გაქრობას აბსოლუტურად პირდაპირი გავლენა აქვს ცხოველებსა და ფრინველებზე. მაგალითად, ამერიკის ორნითოლოგთა კავშირის ჯერ კიდევ 1965 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში წერია, რომ გადამფრენ ფრინველთა სიკვდილიანობის სტატისტიკა ერთიორად იზრდება განათებული სატელევიზიო ანძების გამო და რომ ამ მიზეზით წელიწადში საშუალოდ 1 მილიონი ფრინველი კვდება. რა კავშირია ანძებსა და ფრინველების სიკვდილიანობას შორის? ღამით გადამფრენი ფრინველების დიდი ნაწილი საორიენტაციოდ ვარსკვლავებსა და მთვარის შუქს იყენებს, ხოლო განათებული ანძები მათ გზა-კვალს ურევს და ხშირად სიკვდილის მიზეზიც ხდება.

ეს ცოდნა, ეს მოცემულობა ასტრონომებისა და ღამის ცაზე დამკვირვებლების პროფესიულ წრეებში, მათ ექსკლუზიურ საწუხარად რჩება, ადამიანთა უმრავლესობას კი არ გვცალია, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვკარგავთ ღამის ცას.

გაიხსენეთ, როდის ნახეთ ბოლოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა? მართლა ეცადეთ, გაიხსენოთ. გამოვიდა რამე? ალბათ, მიხვდით, რომ გენატრებათ.

სინათლით დაბინძურებასთან ბრძოლა მსოფლიოში ერთ-ერთი ახალი ტენდენციაა. 2013 წელს საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს მაღაზიების განათებას ღამის 1 საათიდან დილის 7 საათამდე. სავალდებულოა საოფისე შენობების შიდა განათების გათიშვაც სამუშაო დღის დასრულებიდან ერთი საათის განმავლობაში და აკრძალულია ფასადის განათების მზის ჩასვლამდე ჩართვა. 2015 წლიდან აშშ-შიც, ფლორიდის სანაპიროს 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს კანონი, რომელიც ღამით სანაპიროს განათებას ზღუდავს. ხოლო ლოს ანჯელესში ქუჩის ტრადიციული ღამის განათების ნათურები, რომლებიც სინათლით დაბინძურებას იწვევს, ახალი LED განათებით ჩანაცვლდა. ამან მეგაპოლისის გარე განათების ხარჯები 4 წლის განმავლობაში 60 პროცენტით შეამცირა, ქუჩები უფრო გაანათა, ღამის ცა კი ჩააბნელა.

ამ მოვლენების პარალელურად, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე გაჩნდა ახალი მიმართულება – ასტროტურიზმი. ბნელი ცის ძიებაში ადამიანები, ღამის ცაზე დაკვირვების ან მისი გადაღების სურვილით შეპყრობილი ენთუზიასტები მსოფლიოს მოედვნენ. კლიმატური პირობები, სინათლით დაბინძურების დაბალი დონე და გეოგრაფიული მდებარეობა ის მთავარი კრიტერიუმებია, რითაც ტურისტები მიმართულებას ირჩევენ. ხშირად ტურიზმის მიზეზი ესა თუ ის ასტრონომიული მოვლენაც ხდება – მაგალითად, მზის დაბნელება, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე კარგად გარკვეული ადგილიდან ჩანს. 2017 წლის 21 აგვისტოს მზის სრული დაბნელების სანახავად აშშ-ში იმდენი ხალხი იკრიბება, რომ ამ დღეს სასტუმროებში ადგილის პოვნა ორეგონიდან სამხრეთ კაროლინამდე პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს კონტინენტურ ამერიკაში მზის სრული დაბნელების ნახვის პირველი საშუალება იქნება გასული 38 წლის განმავლობაში.

ასტროტურიზმის მიზეზი მხოლოდ ასეთი იშვიათი შემთხვევები როდია. ისლანდიაში, სადაც ჩრდილოეთის ციალის ნახვაა შესაძლებელი, ბოლო 5 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა, რაც, ნაწილობრივ, ასტროტურიზმითაც აიხსნება. ასტროტურიზმი ყვავის ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა, მაგალითად, ნამიბია. ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი უმრავლესობა ალბათ იმიტომ იცნობს, რომ მათ რაგბიში რეგულარულად ვჯობნით მსოფლიო თასებზე. ნამიბიის ასტროფერმები სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში იღებენ და სამხრეთ ნახევარსფეროს ეს ქვეყანა, უნალექო კლიმატისა და სინათლით მინიმალური დაბინძურების გამო, ჩრდილოეთის ქვეყნებში მცხოვრებ ასტრომოყვარულებს შორის საკმაოდ პოპულარულია.

ბნელი ცის ძებნა საქართველოში 2015 წელს დავიწყეთ, იმ დროს, როცა პირველი ქართველი ასტროფოტოგრაფის, დავით დვალის გარშემო რამდენიმე ახალგაზრდა ასტრომოყვარული შევიკრიბეთ. თბილისის შუაგულიდან ერთწლიანი ასტროგადაღების შემდეგ, დათომ სინათლის აუტანელ დაბინძურებას ვეღარ გაუძლო და სტაციონარული ობსერვატორიის ასაშენებლად ბნელი ცის ძებნას შეუდგა. ამ მიზნით, 2 წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოვიარეთ.

ჩვენი ჯგუფი, ჯეო-ასტრო, რამდენიმე ენთუზიასტი ასტრომოყვარულისგან შედგება. პროფესიით ასტრონომი არც ერთი არ ვართ. მეტიც, ჩვენი რამდენიმე წევრი სტუდენტია და პროფესიას ახლა ეუფლება. დროთა განმავლობაში ჯეო-ასტროს შემადგენლობა იცვლებოდა, განსაკუთრებით – თავიდან, როცა პირველად დავიწყეთ ბნელი ცის ძებნა. საბოლოოდ ის ხალხი დავრჩით, ვინც ყინვაში ღია ცის ქვეშ გატარებული ღამეების შემდეგ გიჟებად არ ჩაგვთვალა.

ასტროფოტოგრაფობა ბევრი დროის გარდა დიდ ნებისყოფას და შრომისმოყვარეობას მოითხოვს, რისი არც სურვილი და არც თავი ბევრს არ აღმოაჩნდა.

მახსოვს, ერთხელ, როცა ამინდი განსაკუთრებით გვწყალობდა, ერთი კვირის განმავლობაში ყოველღამე დავდიოდით გადასაღებად. სამსახურის შემდეგ, დაბნელებისას, ბოშათა ბანაკივით ავიბარგებოდით ჩვენი ტელესკოპებით და სადგარებით და გადაღებაში, ბნელი ცის ქვეშ ვატარებდით მთელ ღამეს. გამთენიისას, როცა ყველაზე მეტად ცივა და დაღლილობაც პიკს აღწევს, მთელ ტექნიკას ვშლიდით და უკან, თბილისში ვბრუნდებოდით. მეორე დღეს – ისევ იგივე და ასე ერთი კვირის განმავლობაში.

„ასტროფოტოგრაფია არის მეცნიერება სადენების შესახებ“, – გვეხუმრა დათო და დენის სადენს ფეხი გაჰკრა, როცა ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე გადაღებას გვასწავლიდა. მართლა უამრავი სადენი იყო მიმოფანტული. რომელი საიდან იწყებოდა და სად მიდიოდა – ვერ ვარჩევდი. ტელესკოპი სადგართან, სადგარი ასტროკამერასთან, ასტროკამერა შემკრებ კოლოფთან და ეს უკანასკნელი კომპიუტერთან იყო მიერთებული. საიდან ისწავლე ეს ყველაფერი-მეთქი, ვკითხე. ჩემით, წიგნებიდან, ფორუმებიდან და ინტერნეტიდანო, მიპასუხა. პირველი წელი მართლა სრულიად მარტო აკეთებდა დათო ყველაფერს და მაინც იმდენს მიაღწია, რომ მისი სურათები „National Geographic საქართველოში“ დაიბეჭდა, ჟურნალში, რომლის ხარისხის სტანდარტებიც ყველასთვის ცნობილია. საოცარი მიზანსწრაფულობა, ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მარტომ ამდენს მიაღწიოს, იმ პირობებში, როცა კითხვაზე პასუხის გამცემი არ გყავს, კითხვების რაოდენობა კი სწავლის პროცესში ექსპონენციალურად იზრდება.

ბნელი ცის ძებნისას დათომ ერთ ღამეს კახეთის მიმართულებით წაგვიყვანა. თბილისიდან 40 წუთის სავალზე გავჩერდით, საგარეჯოსთან ახლოს. უმთვარო, მოწმენდილი ღამე იყო. მანქანის შუქი ჩავაქრეთ და, როგორც კი ჩვენი თვალები ღამეს გაუშინაურდა, თავბრუ დამეხვა. რაღაც ისე ანათებდა, რომ ჩვენი სხეულები მიწაზე ჩრდილს ტოვებდა.

ეს არც მთვარე იყო, არც გარეგანათება და არც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი კაშკაშებდა.

იქამდე არასოდეს მენახა ასე კაშკაშა ღამის ცა. „კიდევ უკეთესი ადგილიც ვიცი“, – გვითხრა დათომ, მე კი არ მჯეროდა, რომ სადმე იმაზე უფრო ბნელი ცაც შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ ორი წლის განმავლობაში ყველგან ვიყავით, სადაც ბნელი ცა გვეგულებოდა. რა აღარ გადაგვხდა თავს, მგლების ხროვაში მოხვედრით დაწყებული, ადგილობრივ მოსახლეობასთან გაუგებრობებით დამთავრებული. ბევრი სირთულის მიუხედავად, ძებნა არ შეგვიწყვეტია. არაერთხელ ვესტუმრეთ აბასთუმანსაც, სადაც საქართველოში ერთადერთი ასტროფოზიკური ობსერვატორია მდებარეობს. ცის სიბნელეს სპეციალური აპარატით ვზომავდით და სხვადასხვა ადგილის მაჩვენებლები რუკაზე გადაგვქონდა. სადაც ვერ მივდიოდით, მეგობრებს ვთხოვდით, აეზომათ ცის სიბნელე. ასე გაჩნდა საქართველო ბნელი ცის რუკაზე.

მერე გზამ ბაზალეთში მიგვიყვანა. დუშეთის მუნიციპალიტეტის ეს სოფელი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს და, მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან ასე ახლოა, ღამის ცა იქ ერთ-ერთი ყველაზე ბნელი აღმოჩნდა, რაც კი სადმე გაგვიზომავს. ბაზალეთის ტბის გარშემო გაშლილ სივრცეში აქა-იქ რამდენიმე სოფელია მიმოფანტული. ირგვლივ ძირითადად სახნავ-სათესი მიწებია და უახლოესი ქალაქი დუშეთი იმდენად ჩავადნილი ადგილია ტბასთან შედარებით, რომ მისი განათება უმნიშვნელო სადარდებელია. ბაზალეთი ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს ობსერვატორიისთვის საჭირო კრიტერიუმებს.

წელს, მაისის დასაწყისში დათო დვალმა ბაზალეთში ობსერვატორიის მშენებლობა დაიწყო. 1932 წლის შემდეგ საქართველოში პირველად შენდება ობსერვატორია, თანაც კერძო. აქ ჩვენი ყველა ტელესკოპი დაიდებს ბინას, სულ – ექვსი. ექვსი ტელესკოპი იქნება ცისკენ მიშვერილი ყოველ უღრუბლო ღამეს. ოთხი წლის წინ ასტროფოტოგრაფია თუ მხოლოდ ლექსიკონში არსებობდა, მშენებარე ობსერვატორიის სახით დღეს უკვე ხელშესახები და განხორციელებული იდეა გვაქვს. და თუკი მოყვარული ასტრონომები ნამიბიის ასტროფერმებს სტუმრობენ, რატომაც არ უნდა იყოს ასტროტურისტულ რუკაზე ბაზალეთი? ნამდვილად არ მახსოვს, აქამდე რამდენჯერ ვესტუმრეთ გადასაღებად, მაგრამ ზამთარში გაყინულ ბაზალეთის ტბაში არეკლილი კოსმოსის ნახვა და მისი გადაღება, ვფიქრობ, არ მომწყინდება.

ბაზალეთის ობსერვატორიის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. გარდა იმისა, რომ ჯეო-ასტროს ბაზად იქცევა, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება. ვფიქრობთ, მოსწავლეებს ექსკურსიაზე თვეში რამდენჯერმე მაინც დავპატიჟებთ, რათა საკუთარი თვალით ნახონ ის, რასაც სახელმძღვანელოებში კითხულობენ. გვინდა, რომ ხალხს ღამის ცა შევაყვაროთ. ბევრჯერ მიფიქრია, რა პროფესიის ვიქნებოდი ახლა, ჩემს ბავშვობაში ვინმეს ასეთ ექსკურსიაზე რომ წავეყვანე, თუნდაც ანანურის მეათედ ნახვის მაგივრად.

ობსერვატორიის გახსნის შემდეგ ბაზალეთზე გაივლის საქართველოს ასტროტურისტული მარშრუტიც. გარდა იმისა, რომ ადგილზე ბევრ სტუმარს ველით, დათოს სურვილია, ობსერვატორია დისტანციურადაც გახდეს ხელმისაწვდომი. ამისთვის, ჯერ კიდევ ობსერვატორიის მშენებლობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ბაზალეთში ღამის ცის კამერა დავამონტაჟეთ, რომელიც წუთში ერთხელ გვაწვდის ცის სურათს. ცის კამერის სურათების ნახვა ყველას შეუძლია ჯეო-ასტროს საიტზე. ამას გარდა, იგეგმება ტელესკოპების დისტანციური გაქირავებაც. ეს მსოფლიოში ცნობილი პრაქტიკაა. მაგალითად, ნებისმიერი ქვეყნიდან შეგიძლია იქირაო ტელესკოპი ავსტრალიაში ან ნიუ მექსიკოში. მალე ეს ბაზალეთშიც შესაძლებელი გახდება და ობსერვატორიის ერთ-ერთ შემოსავლის წყაროდაც იქცევა. ობსერვატორიის მშენებლობა, რა გასაკვირია, რომ იაფი არ არის.

იმის უკეთ წარმოსადგენად, თუ რა პოტენციალი აქვს ბაზალეთს და, ზოგადად, საქართველოს ასტროტურიზმისთვის, ახლახან გამოცემულ ბნელი ცის ატლასს მოვიშველიებ. 2016 წლის მდგომარეობით, მსოფლიო მოსახლეობის 80 პროცენტი, მათ შორის, აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის 99 პროცენტი, სინათლით დაბინძურებულ ადგილებში ცხოვრობს, ხოლო კაცობრიობის 1/3-ს ირმის ნახტომის ნახვა საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან აღარ შეუძლია. პარიზში მცხოვრებმა მის სანახავად საშუალოდ 900 კილომეტრით დაშორებულ ადგილს უნდა მიაშუროს, ხოლო ბელგია/ჰოლანდია/გერმანიის უდიდესი ნაწილიდან ეს სრულიად შეუძლებელია. ამის ფონზე, თბილისიდან 40 წუთის სავალზე გაჩახჩახებული ირმის ნახტომის ხილვა, ნამდვილი საგანძურია!

ვისაც მუხლიც ერჩის და მთაში კარვის გაშლაც შეუძლია, „მილიონვარსკვლავიან სასტუმროში“ ძილი გარანტირებული აქვს.

ასტროტურიზმის პოპულარობის მიუხედავად, ბნელი ცის მნიშვნელობაზე, სამწუხაროდ, ცოტა თუ საუბრობს. ტყეებს, მდინარეებს, ჰაერს დამცველები არ ელევა, მაგრამ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ჩვენდაუნებურად ვკარგავთ ღამის ცას. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ სინათლით დაბინძურება შეუქცევადი პროცესი არ არის და ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია. ამისთვის ხშირად შუქის ჩაქრობაც კი კმარა.

ეს სიტყვები რომ ტრაფარეტული არ არის, ნებისმიერი დამერწმუნება, ვისაც 2014 წლის 24 ნოემბერს გვიან ღამემდე ეღვიძა. ამ ღამეს მაგისტრალური ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვამ რამდენიმე საათით მთელი თბილისი ჩააბნელა. და გამოჩნდა ის, რაც გარეგანათების და ბილბორდის შუქში ყოველ ღამით იკარგება. ჩემი თვალით რომ არ მენახა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ ასეა - თბილისს თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰნათის და მას უბრალოდ გახსენება, დანახვა უნდა.