დილა

ბოთლი ზეთისთვის, ნაჭრის ჩანთები ‒ ბოსტნეულისთვის, მინის ტარა გადასახარისხებლად ‒ ბაზარში წასვლისთვის ასეთი მზადება რეფლექსად მექცა. ფიქრის გარეშე ვიღებ საჭირო ნივთებს და ზურგჩანთაში ვალაგებ.

ყოველ კვირას ერთ ბაზარში დავდივარ საყიდლებზე, სადაც პროდუქცია ორგანული და სეზონურია. ქიმიური სასუქის გარეშე მოყვანილი საზამთრო – აგვისტოში,  და შეუწამლავი ბრიუსელის კომბოსტო ნოემბერში ჩნდება დახლებზე. პროდუქტების უმრავლესობა ადგილობრივი, ბელგიური წარმოებისაა. მანგო და ქოქოსი – ბოდიში, სამაგიეროდ, ძირხვენების, ღეროფოჩის, ვაშლებისა და მსხლების მრავალფეროვნება თვალს მოგჭრით. აქ არაფერია შეფუთული, ჩაყვინთეთ ტომრებში და ხელით შეეხეთ ბურღულეულს, ლობიოს, ფქვილს – ამ პროდუქტებსა და გადამუშავებულ, დაფასოებულ სურსათს შორის კონტრასტი დიდია! განსაკუთრებით კი, თუკი შეჩვეული ხართ სუპერმარკეტის დახლზე დაბრძანებულ ცელოფნის პარკში ჩადებული დაჭრილი პურის ხილვას, რომელიც მერე რატომღაც პლასტიკის კიდევ მეორე ფენაშია გახვეული. თუკი ფიქრობთ, „ოჰ, დიდი ამბავიო“, წყნარ ოკეანეში წარმოქმნილი პლასტმასის კუნძული გაიხსენეთ. წყალში მოტივტივე პლასტიკური ნარჩენი 269 ათას ტონას იწონის და მისი დანახვა, ჩინეთის დიდი კედლის მსგავსად, ღია კოსმოსიდანაა შესაძლებელი! ამ პლასტმასის სუპით ის თევზები იკვებებიან, რომლებსაც სადილზე სიყვარულით ამზადებთ. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენს პლასტიკური ნარჩენები (პოლიეთილენის ტერეფტალატი, რისგანაც ბოთლებისა და შეფუთვის უმეტესობა მზადდება, არასოდეს იხრწნება!!) ზღვის ცხოვრებაზე.

ამ ფიქრებში გართული, შემოსასვლელში მოვაჩხარუნებ ცარიელი ბოთლებით სავსე ჩანთას და დედაჩემის ფრაზა: „ბაზრიდან მოვთრაქე“ მახსენდება. უკვე ვთრაქავ, არადა, ჯერ მხოლოდ მივდივარ ბაზარში. ჩემს ადგილზე სხვა პარალელურ ქუჩაზე გადავიდოდა – „კარფურში“, არხეინად შეათვალიერებდა დახლებს და ნება-ნება გაავსებდა ცელოფნის პარკებს სწრაფად და მარტივად. მე კი – არა.

არ ვიცი, იქნებ ასაკის ბრალია, იქნებ „ზებუნებრივი ნიჭის“, მაგრამ ფაქტია – პრინციპულობა ჩემი ხასიათის ნაწილი ხდება. ყოველ წუთს ვგრძნობ პირდაპირ კავშირს „კარფურში“ სიარულსა და მის თანმდევ შედეგებს შორის. ეკოლოგია ეკოლოგიად, ჰიპერმარკეტები ძალაუფლების ცენტრალიზაციას და სამუშაო ადგილების გაქრობას უწყობენ ხელს. დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, სწორედ სუპერმარკეტები ხდება ყოველკვირეულად 50-მდე მცირე ბიზნესის დახურვის მიზეზი. პატარა მაღაზიები, ბანკები და ფოსტაც კი კლიენტურას კარგავს. თქვენ კი ამბობთ, რა საჭიროა ყასაბთან სიარული – სუპერმარკეტის თაროებზე ჩიტის რძესაც ვიპოვითო! ჩიტის რძე ორმაგი მეტაფორაა: სუპერმარკეტები თავისუფალი არჩევანის მხოლოდ ილუზიას გვთავაზობენ და დიდწილად იმასაც კი განსაზღვრავენ, თუ რითი და როგორ ვიკვებებით.

ზურგჩანთა მძიმედ მოვიკიდე, კარი გამოვიხურე და კიბეზე დავეშვი. მეცხრე სართულზე ვცხოვრობ. ლიფტით იშვიათად ვმგზავრობ, არადა, გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების ლიფტი ჩვენი სახლის მარგალიტია. ვცდილობ, დავზოგო ენერგია, სადაც შემიძლია. თანაც კიბეებზე ჩარბენა უდარდელობის გრძნობას იწვევს.

ქვემოთ გასაღები გადატრიალდა, კარი გაიღო და მადამ გოტოვიჩი გამოვიდა.

– ოჰ, ფეხით? – მკითხა.

– ფორმას ვუფრთხილდები, – ღიმილით ვუპასუხე, საუბარი თავიდან რომ ამერიდებინა.

– მშვენიერი! – მომიწონა საქციელი.

ერთი სართულით ქვემოთ შევამჩნიე, რომ ორივე ლიფტი ერთდროულად იყო გამოძახებული. შევატყვე, როგორ დამებრიცა თვალები – ვერ ვიტან, ასე რომ აკეთებენ. პიერიც ასე იქცევა, ახალგაზრდა საქსოფონისტი. ფეხით არ დადის, კარგი, მაგრამ ორივე ლიფტის ერთდროულად გამოძახება რაღა საჭიროა? ნუთუ არასდროს მოსდის თავში აზრად, რომ ენერგიას მოფრთხილება სჭირდება, მაშინაც კი, თუკი ის იაფია? ხანდახან ძალიან ვბრაზდები და ვფიქრობ, მორჩა, შემდეგ ჯერზე აუცილებლად მივცემ შენიშვნას! 

ვინ მოთვლის, რამდენჯერ მიმიღია ეს გადაწყვეტილება...

 

სტუმრები

ყველაზე რთულია, როდესაც ახლობელი ადამიანები არიან სტუმრად. მშობლები ნერვიულობას იწყებენ, რომ საკმარისი პირსახოცი არ მაქვს, ან რომ გასაშლელი დივანი მჭირდება (ხანდახან ღომის ამოსადღვებ ჩოგანსაც ითხოვენ). რომ, ჰო, კარგია, თუკი ქაღალდს ცალკე ვაგდებ და წიგნების უმეტესობა ბიბლიოთეკიდან გამომაქვს (გაყოფის პრინციპზე მდგარი ეკონომიკის მომხრე ვარ), რომ წითელ ხორცს არ ვჭამ (მესაქონლეობა ტყის მასივების განადგურების მიზეზია. 2000-2005 წლებში ბრაზილიაში თითქმის ორი საქართველოს ტერიტორიის ხელა, 132 000 კმ2 ტყე გაიჩეხა) და მანქანა არ მიყიდია – ჯერ, მაგრამ თევზზე უარის თქმა და სახლში ჭიაყელების ყოლა რაღა საჭიროა? (ჩემი ბრალია: ნეშომპალის კონტეინერის ჩვენება და კომპოსტის ჭიაყელების შინაურ ცხოველებად წარდგენა აშკარად ცუდი იდეა იყო). მერე ბევრს ფიქრობენ, ღამე ცუდად სძინავთ, დილით ისევ აგრძელებენ ამაზე ფიქრს და მიდიან გადაწყვეტილებამდე, რომ ახალგაზრდა ოჯახი ვართ, ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და ეკონომია გვიწევს. და ცოტა მშვიდდებიან. მშვიდდებიან, რადგან იციან როგორ დაგვეხმარონ: მიდიან და ნივთებს ყიდულობენ!

თვითონ ნივთებში, არსობრივად რომ მივუდგეთ, ცუდი არაფერია – ნივთები გვიადვილებს ცხოვრებას და გვითავისუფლებს დროს. ცუდია ის, როდესაც ამ ნივთებისთვის დაუფიქრებლად ვხარჯავთ რესურსებს (იცით, რომ თქვენი ჯინსის შარვლის წარმოებისთვის 7,5 ათასი ლიტრი წყალი დაიხარჯა, წყლის ეს რაოდენობა კი სამ ოლიმპიურ აუზს აავსებს?), ვანადგურებთ გარემოს და ადამიანების ცხოვრებას. ცუდია, როდესაც გვეუბნებიან, რომ მეტი ნივთი ბედნიერებასა და წარმატებას უდრის (სად შემხვდა ფრაზა "More is Love"?), გვაიძულებენ, ბევრი ვიმუშაოთ, ხშირად არაადამიანურ პირობებში და ნაშოვნი ფული ნივთებზე, უფრო სწორად კი მარკეტინგის გურუების მიერ ნივთების გარშემო შექმნილ ფუჭ ხატებზე დავხარჯოთ.

მატერიალურ არტეფაქტებს ერთი საინტერესო თვისება აქვთ: მათ ადვილად ვეჯაჭვებით. საყვარელი წიგნი, ბავშვობის ფოტო, ბებიის ჩემოდანი, კონსპექტებიც კი ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენთან ერთად მოგზაურობენ. ნივთები მეგობრები ხდებიან, გვახალისებენ, როდესაც მოვიწყენთ, გვერდში გვიდგანან სირთულეების დროს – მათთან განშორებას ახლობელი ადამიანის დაკარგვასავით განვიცდით. ზოგიერთი ნივთი ცხოვრების სიყვარულია, ზოგიერთი კი – მომენტალური ჟინი. თანამედროვე მომხმარებლურ კულტურაში ნივთი სტატუსია, ენაა, რითაც სამყაროს ვუხსნით თუ ვინ ვართ, რისკენ მივისწრაფვით, რისი გვწამს. ნივთები ჩვენს წარმოსახვით იდეალამდე გადასროლილი ბეწვის ხიდია, რომელიც ყოველთვის შუა გზაში წყდება. სასოწარკვეთილები ახალი ნივთებით ახალ ბეწვის ხიდებს ვაგებთ, მაგრამ ამ გზებს არასოდეს მივყავართ ჩვენს იდეალამდე. თუკი მათ სადმე მივყავართ, სავაჭრო ცენტრში.

ასეთი ცენტრებიდან აქტიური ვირუსივით თავისუფლად შემოედინება ჩემს სახლში ნივთების ნიაღვარი; ნივთების, რომელთა უმრავლესობა არ მჭირდება, ანდა რომლებიც ზნეობრივ-ეთიკური თვალსაზრისით, საკუთარ თავთან ბრძოლის შედეგად უგულებელვყავი. როგორც კი რომელიმე მზრუნველი ახლობელი ახალ ლარნაკს მომიტანს, ამ ჩემს ბიოგრაფიას თვალის დახამხამებაში ესმება ხაზი.

ამ დროს ისევ არაფერს ვამბობ, უბრალოდ ვიღიმი...

უხერხული სიტუაციები მეგობრების სტუმრობის დროსაც იქმნება ხოლმე. მაგალითად, უცნაური გამოხედვა, როდესაც ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვაზე უარს ვამბობ, ან როდესაც ჩემს აბაზანაში ყურის საწმენდ ჩხირებს ვერ აღმოაჩენენ. ამ დროს დაუოკებელი სურვილი მიჩნდება, მოხსენება წავიკითხო ბამბის ბოჭკოს წარმოებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემატიკაზე, ენერგიის ეთიკურად გამოყენებაზე, ცხოვრების წესის შეცვლაზე. მერე მინდა, აღფრთოვანებულმა მოვყვე, რომ სხვაგვარი, უკეთესი ცხოვრების შექმნის ალტერნატივა არსებობს, სადაც პლანეტის  შესაძლებლობის ფარგლებში ღირსეულ ცხოვრებას განვაგრძობთ, სადაც კონკურენციის მაგივრად, ვთანამშრომლობთ და სადაც საკუთარი და სხვისი შესაძლებლობების გვჯერა! კიდევ ბევრი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ენას კბილს ვაჭერ: არ მინდა იფიქრონ, გაგიჟდაო, ან იმ ახალბედა მშობელს მიმამსგავსონ, რომელიც უშვილო მეგობრებთან მხოლოდ თავის პატარაზე ლაპარაკობს.

 

თამაში

როდესაც მეკითხებიან, თუ როდის და რატომ დავიწყე „მწვანედ ცხოვრება“ (საშინელი ფრაზაა), მიჭირს რაიმე ერთი მიზეზის დასახელება. ეს უფრო მომენტები იყო, თუმცა ამ პროცესს მისტიკის გარეშეც არ ჩაუვლია.

ალბათ, ყველაფერი წლების წინ ქათმის ხორცის საწარმოო ქარხნებზე დოკუმენტური ფილმით დაიწყო: პანიკაში ჩავარდნილი ქათმების გაქცევის ამსახველი კადრები დღემდე თვალწინ მიდგას. 

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო! საკვებით დავინტერესდი.

სამზარეულომ მოულოდნელად სახე იცვალა – ყოფილი კატორღა შემოქმედებით სივრცედ იქცა, სადაც სოსისისა და კარტოფილის მიღმა ბოსტნეულის, მწვანილეულის, ბურღულეულის ჭრელი და თავბრუდამხვევი სამყარო აღმოვაჩინე. ნიახურის ფრთები შევისხი და შემდეგ ოთახში გადავფრინდი. ამ ოთახში ყველაზე ინტიმური გარემო, ჩემი სხეული დამხვდა. თამაშის წესების მიხედვით, სხეულში სხვადასხვა მცენარეები უნდა დამეთესა და ამომეცნო მათი ზემოქმედება ჩემს ჯანმრთელობაზე. ბეჯითად დავიწყე დავალების შესრულება, მაგრამ მოულოდნელად უხილავმა ხელმა ამ ოთახიდან გამომათრია და ტელევიზორში ჩამაგდო. პროდუქტის რეკლამის ნაწილი გავხდი, თუ შეფუთვა, თუ ეტიკეტი, ზუსტად ვერ გეტყვით რა, მაგრამ ვხედავდი ჩემს მეგობრებს, ხალხს, ტელევიზორის გარშემო ისხდნენ, ჩაის სვამდნენ და რაღაცას განიხილავდნენ. მივხვდი, რომ შემდეგ ეტაპზე გავედი, ამ ოთახს „სოციო-კულტურული გარემო“ ერქვა. ჯგუფს ერთი გოგო გამოეყო, ეკრანს მოუახლოვდა, ისე ახლოს მოვიდა, რომ ცხვირი ტელევიზორში შემოყო. მე მომენტით ვისარგებლე, მის ცხვირზე შევხტი და შუბლზე ჩამოშლილ თმაზე, როგორც ბაგირზე ავცოცდი. მაღალი შენობის სახურავზე აღმოვჩნდი. აქედან კარგად ჩანდა ქალაქების თავზე ჩამოკიდებული გამონაბოლქვის ნისლი, ტყეების ადგილზე აღმოცენებული მონოკულტურული მდელოები, უზარმაზარი სათევზაო ხომალდები და ბადეებში ხამანწკებთან ერთად მოხვედრილი დელფინები და ვეშაპები, მიწისქვეშა ოთახებსა და გიგანტურ ქარხნებში გამომწყვდეული მკერავები და ტყავის სავარძლებში ჩაფლული მულტინაციონალური კორპორაციების უფროსები, დამშრალი და ადიდებული მდინარეები, გადატვირთულ ურბანულ ცენტრებში შეჭუჭყული ხალხი, ომი, სოციალური უთანასწორობა... ამ ოთახს „ადამიანის საქმიანობით  გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფა და მისი შედეგები“ ერქვა. 

ამ საოცარ სამყაროში მოგზაურობას დღემდე ვაგრძელებ. აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს პატარა, ძნელად შესამჩნევი გასაძრომები და კარები, რომლებსაც სრულიად სხვა, აქამდე უცნობ ეტაპებზე გავყავართ. თურმე, სულაც არ არის აუცილებელი გაკვალული გზებით ვიაროთ, და რომ ახალი, ვიწრო ბილიკები გაცილებით საინტერესო და საკმაოდ მარტივი გასავლელია. ამ მოგზაურობის დროს ბევრ შთამაგონებელ ადამიანს შევხვდი, ბევრი საოცარი ისტორია მოვისმინე და ბევრი რჩევაც მივიღე. შედეგად, დღეს ცოტა მეტი გამეგება ურბანული ბაღჩების გაშენებაზე, საკუთარი ნატურალური პარფიუმერიის დამზადებაზე, განახლებადი ენერგიის კოოპერატიული საზოგადოებების ჩამოყალიბებასა თუ ეკონომიკის ისეთ ფორმებზე, სადაც ნარჩენების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ვინ იცის, ამ ამბებმა თქვენც დაგაინტერესოთ და საერთოდ, ისტორიები ხომ იმისთვის არსებობს, რომ ერთმანეთს მოვუყვეთ! 

 

ავტორი :
  • ნატო გიორგაძე