2019 წლის 22 თებერვალი
the Architectural Review

გაჭედილი საბჭოთა ლიფტი სიმბოლოა, რომელიც ყველაზე თვალსაჩინოდ გამოხატავს სოციალიზმიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს.

როცა ნინო უცებ მიხვდება, რომ ათთეთრიანი არ ჰქონია ლიფტის კაბინაში წინდაწინვე ჩასაგდებად, სიმწრით შეიკურთხება. ნინო თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს, ჩამოფხავებული საბჭოთა კორპუსის მეცხრე სართულზე.
„სანამ მონეტების ჩასაყრელ კოლოფებს დაამონტაჟებდნენ, სულ ვიჭედებოდი ლიფტში იმიტომ, რომ ლიფტები ძალიან ძველი გვაქვს“, ‒ იხსენებს ნინო, მას მერე კი, რაც საქართველოში ლიფტების შესაკეთებლად და გასამართად, სამგზავრო თანხის წინასწარ ამოღების ტექნოლოგია შეიმუშავეს, ნინოს სულ ათთეთრიანების პრობლემა აქვს.
საქართველოში, საცხოვრებელ კორპუსებში საბჭოთა დროში დამონტაჟებული ლიფტების უმრავლესობამ თავისი სასიცოცხლო ვადა დიდი ხნის წინ ამოწურა, ამიტომაც შეკეთება ხშირ-ხშირად სჭირდება. ერთადერთი გამოგონება, რაც ლიფტების კვდომის პროცესს მუდმივად აჩერებს, ხურდის ჩასაყრელი ყუთებია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ეს წინასწარი გადახდის ყუთები სოციალიზმიდან საბაზრო ეკონომიკის „საოცარ, ახალ სამყაროში“ გადანაცვლების პროცესის სიმბოლოდ იქცა. ისინი ფიზიკურად გამოხატავენ განზომილებას, სადაც მოქალაქეები სივრცის, თემისა თუ სახელმწიფოს მნიშვნელობებს თავიდან ადგენენ, ყოველდღიურობაში ცდიან და საკუთარი გამოცდილებების მიხედვით აყალიბებენ.

კავშირი ჩვენთან საბჭოთა წარსულსა და აწმყოს შორის, ინფრასტრუქტურულ ნანგრევებზე დგას. ეს ის ნანგრევებია, რომელთა უკვდავყოფა და თაყვანისცემა აზრად არავის მოსვლია, უფრო პირიქით, ისინი პოლიტიკური რღვევის შოკურ ფონად შემორჩა ცხოვრებას და ასე მოჰყვება დღემდე. თუმცა ცნობილია, რომ ყოველი მარცხი ბუნებრივად იწვევს ხოლმე მდგომარეობას, სადაც გამოსავალი თავისით იბადება. იგივე მოხდა მწყობრიდან გამოსული ლიფტების შემთხვევაშიც ‒ ამ მოშლილმა საბჭოთა ინფრასტრუქტურამაც ბუნებრივად გააშლევინა ადამიანებს შემოქმედებითობის ფრთები. გაფუჭებულმა ლიფტებმა მოქალაქეებს ახალი სტრატეგიების დასახვისკენ უბიძგა ‒ კვლავაც რომ ესარგებლათ ლიფტებით, მათი შეკეთების, სიტუაციის გამოსწორების სახელდახელო მეთოდები მოიგონეს, მაგრამ პრობლემას სისტემურად მაინც ვერ უშველეს ‒ რამდენჯერაც შეაკეთეს, იმდენჯერ მოიშალა ლიფტები. 

მოდერნულობა საბჭოთა კავშირში ინფრასტრუქტურის პოლიტიკური მიზნებით დატვირთვას ნიშნავდა. ინფრასტრუქტურა იქმნებოდა იმ მოტივით, რომ თავისივე არსებობით წარმოეჩინა სოციალისტური წესრიგის სიკეთეები. მოქალაქეების უზრუნველყოფა გამართული მატერიალური სისტემით, საბჭოთა რეჟიმის მუდმივი საზრუნავი იყო. იმავეს ვერ ვიტყვით პოსტსაბჭოთა საქართველოზე, რომელმაც ურბანულ სივრცეებსა და მათ კეთილმოწყობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხალხს გადააბარა. საბჭოთა ხანაში მრავალოჯახიანი საცხოვრებელი სახლების გამართულ ექსპლუატაციაზე, სისუფთავის დაცვასა და საზიარო ზონების შეკეთებაზე, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადები ზრუნავდნენ. ბინადრები ამ მომსახურებისთვის თანხას იხდიდნენ, მაგრამ ხარჯების უდიდესი ნაწილი სუბსიდირებული იყო.

როცა სახელმწიფომ მოქალაქეებს ურბანული სერვისებით უზრუნველყოფის ცენტრალიზებული სისტემა გაუთიშა, მართვის ზემოთ ხსენებული სტრუქტურებიც გაქრა. ლიფტში გაჭედვა იქცა მთელი იმ გაურკვევლობის სიმბოლოდ, რაც 1990-იანებს, ანუ პოსტსაბჭოთა გარდამავალ წლებს, ბოლომდე ფონად გაჰყვა. როგორც ნინო ამბობს, ლიფტები არა მხოლოდ მოძველებული ტექნიკის ანდა ცუდად მოვლის გამო ფუჭდებოდა. მიზეზი ხშირად ელექტროენერგიის გათიშვა და ლიფტის მექანიზმიდან ნაწილების მოპარვაც იყო ‒ ხალხი ლიფტებს ძარცვავდა და ლითონს მერე ჯართში აბარებდა.


სწორედ ამ ფონზე წარმოიშვა ახალი ფუნქციის მქონე ადამიანი ‒ ლიფტის ფულის შემგროვებელი მეზობელი. ის კორპუსის ბინადარი იყო, ხშირ შემთხვევაში მაღალ სართულზე ცხოვრობდა და თავისი ნებით, მოხალისეობრივად იღებდა საკუთარ თავზე კორპუსის მეურნის ფუნქციებს. ფულის შემგროვებლის საქმეებში შედიოდა ლიფტის შემკეთებელი ტექნიკოსის ანდა კერძო კომპანიის მოძიება, რომელიც ლიფტების გამართულ ექსპლუატაციაზე რეგულარულად იზრუნებდა. მასვე უნდა ჩამოევლო სამეზობლოც ლიფტის ფულის ასაკრეფად, რაც თვეში 5-8 ლარს შეადგენდა. ასე მოხდა, რომ ლიფტების გამართულობაზე ზრუნვა მოქალაქეებმა აიღეს საკუთარ თავზე და, ფაქტობრივად, ჩაიბარეს საზიარო სივრცეებზე ზრუნვის მორალური ვალდებულება, რაც მანამდე სახელმწიფოს გააჩნდა.

თუმცა, ამ პროცესმა კონფლიქტური სიტუაციებიც წარმოშვა. ლიფტის შეკეთების აუცილებლობამ მოსახლეობას, პირიქით, გადასახადისგან თავის არიდების სურვილი გაუჩინა. ამის გამო ურთიერთობა გაუფუჭდათ ერთი კორპუსის მცხოვრებლებს, რომლებიც უკვე ისედაც უნდობლობით უყურებდნენ ერთმანეთს მზარდი სოციალური უთანასწორობის ფონზე, რაც პოსტსოციალისტურმა რყევებმა მოიტანა. ოღონდ „ლიფტის ფულის“ დადებას ყველა სიდუხჭირისა და ფულის არქონის გამო არ არიდებდა თავს. ზოგიერთი მეზობელი, რომელსაც გადახდა შეეძლო, მაინც არ იხდიდა. ეს კი გამოწვევად იქცა სუფთა ქართული ფენომენისთვის, რასაც „მეზობლობა“ ჰქვია. „მეზობლობას“, როგორც სოციალური ურთიერთობების ფორმას, თუ საქართველოში ისტორიულად სცემდნენ პატივს, წყალი ლიფტების შეკეთებაზე ზრუნვის საჭიროებამ შეუყენა ‒ ახალი მორალის მქონე ეკონომიკა ამ ურთიერთობის მოშლის საფრთხედ იქცა. 


როგორც მოსალოდნელი იყო, ლიფტის ფულის აგროვებას ყველაზე დიდი მონდომებით ზედა სართულებზე მცხოვრები მეზობლები უჭერდნენ მხარს. ნინოც მაღალ სართულზე ცხოვრობდა და თან ფულის შემგროვებელიც იყო, ამიტომ ხშირად წუწუნებდა, რომ ასეთი რთული და სტრესული საქმე, როგორიც ლიფტის ფულის აკრეფაა, მანამდე არასდროს გაუკეთებია. ურჩი გადამხდელებისთვის უფასოდ მგზავრობის საშუალება რომ არ მიეცათ, ნინომ ტექნიკოსები დაიხმარა და ლიფტის მექანიზმი ისე გადააწყობინა, რომ ის მხოლოდ მეხუთე სართულზე ჩერდებოდა. ეს გავრცელებულ ხერხად იქცა 1990-იან წლებში. მაშინ მოიგონეს კიდევ ერთი ხერხიც უფასო მგზავრების შესამცირებლად ‒ ქვედა სართულების ღილაკებს ლიფტებს საერთოდ აძრობდნენ, რადგან კორპუსების ქვედა სართულზე მცხოვრები ადამიანები სხვებზე ხშირად არიდებდნენ „ლიფტის ფულის“ დადებას თავს. თუმცა მეზობლებისგან საჭირო თანხების ამოსაღებად სახელდახელოდ შექმნილ ამ მეთოდებს ურჩი გადამხდელებისგან კონტრცუღლუტობები მოჰყვა. ნინო როგორც იხსენებს, ყველაზე გავრცელებული ხრიკი იყო ლიფტით ზედა სართულზე ასვლა და მერე იქიდან ფეხით დაშვება.

ლიფტის ფულის შეგროვების პრობლემა რომ მოეგვარებინა, ბაჩო შარაშენიძემ ‒ თავადაც ლიფტის ფულის შემგროვებელმა და გამოცდილმა ელექტრიკოსმა, რომელიც 1990-იან წლებში საბჭოთა საცხოვრებელი კორპუსის მეთექვსმეტე სართულზე ცხოვრობდა ‒ მონეტებზე მომუშავე ყუთი მოიგონა. 2000-იანი წლების ბოლოსკენ, როცა უკვე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი არიდებდა ლიფტის ფულის გადახდას თავს, ლიფტებში დამონტაჟებული ყუთები კომერციულ წარმოებად იქცა. ერთი მხრივ, მიზანი ელექტროენერგიის თანხის დასაფარად ფულის შეგროვება და ლიფტის გამართვაზე ზრუნვა იყო, თუმცა პირველად შედეგად ამ პროცესმა სხვა რამ მოიტანა: ერთმანეთისგან გამიჯნა დალხენილი, ვისაც ლიფტით მგზავრობის ფული მუდამ თან ჰქონდა და გაჭირვებული ‒ ვინც ყველაზე წვრილ მონეტებსაც კი უფრთხილდებოდა; ასევე, ჯანმრთელი ‒ რომელიც ფულის არქონის შემთხვევაში ფეხით მხნედ მიუყვებოდა კიბეებს ‒ და სუსტი, ვინც კიბეზე ფეხით ვერ ადიოდა; ვისაც სულ ახსოვდა, ხურდა რომ უნდა ჰქონოდა და ვისაც ეს ხშირად ავიწყდებოდა. 

კერძო კომპანიების მიერ მართული, წინასწარი გადახდის ეს აპარატები მორალური სადამსჯელო ხელსაწყოსავით ამოქმედდა ურჩი გადამხდელების მიმართ. იმ ადამიანებს, ვინც საბჭოთა ეპოქაში აგებულ შენობებში ცხოვრობს, დღემდე ასეთი გადახდის აპარატები აქვთ. შესაბამისად, ახალ ურბანულ წესრიგს საქართველოში ზურგს უმაგრებს ადამიანებსა და აპარატებს შორის წინასწარი გაცვლა-გამოცვლის სქემა. როგორც ბრუნო ლატური წერს, „ჩვენ შევძელით და ზეადამიანურ ქმნილებებს სამართავად გადავეცით არა მხოლოდ ძალა, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ვიცოდით, არამედ, გადავეცით ფასეულობები, მოვალეობებიცა და ეთიკაც“. როცა თანხის შემგროვებლად ადამიანმა ვერ გაამართლა, ის ხურდაზე მომუშავე აპარატმა ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები ცდილობენ, ჰქონდეთ სათემო ჩართულობის, ურბანული კეთილმოწყობის კოორდინირებულად გამოყენების მაგალითები (იმის მიუხედავად, თუ რამდენად კეთილმოწყობილია საერთოდ ეს საზიარო ინფრასტრუქტურა, ანდა რა ჯდება მისი შენახვა), ასეთი მცდელობები მაინც ყოველთვის მყიფეა და, საბოლოოდ, არც ამართლებს.

მეტიც, ეს ამბები თვალნათლივ გვაჩვენებს, თუ როგორ იგონებენ ადამიანები ათასგვარ ხერხს საზიარო სივრცეების შესანარჩუნებლად და თავიანთ საჭიროებებზე ასაწყობად; და რამდენნაირი სტრატეგია შეიძლება დასახონ მათ სიტუაციიდან გამოსაძრომად, არასასურველი გარემოებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფრის ფონს მზარდი სოციო-ეკონომიკური უთანასწორობა ქმნის. 

მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ღიად არ საუბრობენ, ამ ძირეულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. ის იყო უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საბინაო კეთილმოწყობის სამსახურების სრული დეცენტრალიზაცია უნდა მომხდარიყო. ვარდების რევოლუციის რეფორმატორებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდნენ ამბიციით, რომ დაესრულებინათ პოსტსოციალისტური „ტრანზაციის“ პერიოდი და გაეთანამედროვებინათ ქვეყანა, სახელმწიფო რეგულაციების ნეოლიბერალური კრიტიკისას საბინაო კეთილმოწყობის საკითხიც დააყენეს. რეფორმა უარს ამბობდა თითქმის სრულად სუბსიდირებულ სისტემაზე და იწყებდა ახალი სისტემის შექმნას, რომლის დროსაც საბინაო კეთილმოწყობის მენეჯმენტს თავად კორპუსების მცხოვრებლები იღებენ საკუთარ თავზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სახით. 

თუმცა, ამ ცვლილების მიუხედავად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დღემდე გამოყოფენ თანხებს საერთო სამეზობლო სივრცეების მოსაწყობად იმიტომაც, რომ საზოგადოებრივი რესურსი ჩამპალი საცხოვრებელი შენობების შესანარჩუნებლად არ კმარა. ხშირად, სურათს არც სახელმწიფო ინვესტიციები ცვლის ხოლმე, საჯარო სივრცეების საკმაოდ დიდი ნაწილი კი სულაც იმ არეალების მიღმა რჩება, სადაც რომელიმე კონკრეტული მხარის პასუხისმგებლობა ანდა მორალი ვრცელდება. ეს კი ყველაფერს აზიანებს ‒ უძრავი ქონების ხარისხსაც და პასუხისმგებლობისა და ზნეობის შეგრძნებასაც. გახვრეტილი სახურავები, დაბზარული კედლები თუ კიბეები და ბათქაშაცლილი კედლები ‒ სწორედ ამ შეუქცევადი ზიანის ‒ ლპობისა და ნგრევის თვალსაჩინო მაგალითებია. 

და მაინც, როცა ლიფტებში დამონტაჟებულ ყუთებს ვაკვირდებით, გაოცებას იწვევს, თუ როგორ აირეკლავენ ისინი ურბანული ცხოვრების ცვალებადობებს, არამდგრადობას. ლიფტით მგზავრობის ფული ვისაც არ აქვს, სხვადასხვა ტაქტიკას მიმართავს. ყველაზე გავრცელებულია გახვრეტილი მონეტის გამოყენება, რომელზეც ძაფია გამობმული. მგზავრი ჯერ ჩააცურებს მონეტას კოლოფში, რომელიც აფიქსირებს გადახდას, მერე კი ძაფს მონეტა უკან ამოაქვს. ამ გზით კორპუსების მცხოვრებლებს ლიფტით მგზავრობისთვის საჭირო მონეტა არასდროს ელევათ. ნინომაც უარი ვერ თქვა ამ ცდუნებაზე და გახვრეტილი მონეტა მანაც მოიპოვა. მისი ერთი მეზობელი დანიურ ერთკრონიანს იყენებს, რომელიც უკვე გახვრეტილია და ასე ქართულ თეთრსაც ზოგავს გახვრეტისგან. გამხდარმა მგზავრებმა გადასახადის თავიდან არიდების სხვა მეთოდი მოიგონეს. რადგანაც ლიფტი, თუ მასში ვერტიკალური წონა არაა, თავისუფლად ავა ზევით, მგზავრები ლიფტის ჭერზე ან თაროზე ეკიდებოდნენ და სასურველ სართულზე ასე ადიოდნენ. მონეტებით სავსე ყუთი ხშირად ქურდებსაც იზიდავდა. ასეთი ლიფტით მგზავრობა კი მთელი თავისი ხურდასთან დაკავშირებული გაუგებრობებითა და მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლით, თითქმის მუდმივად ახსენებდა მოქალაქეებს, თუ რამდენად ცვალებად ურბანულ გარემოში უწევდათ ცხოვრება. ამ სინამდვილეს ხშირად საკუთარ დაღს ასვამს სწორედ სივრცესთან, სახელმწიფოსა და თემთან აფექტური ურთიერთობა. სწორედ ეს რეალობა აიძულებს ადამიანებს, მოიგონონ ხერხები ამ არამდგრად დროსა და სივრცეში გზის გასაგნებად, სხვების გასაცურებლად, თავის დასაძვრენად. ხშირად, თავის გატანისა და გადარჩენის ასეთი უნარები თვითონვე იქცევა ხოლმე ინფრასტრუქტურად, რადგანაც ადამიანებს, მარტივად, მხოლოდ საკუთარ სახლში შეღწევა უნდათ.

როგორც ლორენ ბერლანტი წერს გარდამავალი პერიოდების ინფრასტრუქტურის კვლევაში, „ტრანზაციის პირობებს მაშინ ემორჩილები, როცა თვითონ იგონებ შემოქმედებით მიდგომებს იმ დროებით გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც დუხჭირ ცხოვრებაში არასდროს განებებს თავს“. ამ გადმოსახედიდან, ინფრასტრუქტურის დროებითი რემონტი პოსტსაბჭოთა საქართველოში შეიძლება აღვიქვათ, როგორც ნეოლიბერალური რეფორმის ნარატივის საპირისპირო მდგომარეობა. ამ ნარატივის მიხედვით, იყო მცდელობები, გარდამავალი ხანა დროებით პროცესად წარმოჩენილიყო და დაგვეჯერებინა, რომ პოსტსაბჭოთა „ტრანზიციას“ „ახალ სახელმწიფოს“ შექმნამდე შეუძლია მიგვიყვანოს, და რომ გვეყოლება მოქალაქეები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეუფერხებლად იცხოვრობენ. თუმცა, გაურკვევლობა და ნგრევა ყოველდღიურობის ნაწილად გვექცა და ეს განცდები დღეს სოციალისტური სისტემის დროებითი მემკვიდრეობა კი აღარაა, არამედ ახლანდელი ყოფის თვალსაჩინო მაგალითია.