პირველ სექტემბერს ოქტომბრელები სკოლაში მიდიან, მათ პიონერები ყვავილებით ეგებებიან, პატარები საზეიმოდ გახსნილ სტადიონზე ბურთს მხიარულად დასდევენ, პარტმუშაკები ხარობენ, ახალ, სანიმუშო ქალაქში სიცოცხლე ყველა მხრიდან იგრნძობა, მშობლები ოდნავ ჩქარობენ, სამსახურში, ატომურ ელექტროსადგურში აგვიანდებათ.

Мой брат, меня он перерос,
Доводит всех до слёз.
Ом мне сказал, что Дед мороз - Совсем не Дед мороз
Он мне твердит: В него не верь!

ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი ლექსის ამ პატარა ნაწყვეტს მიტოვებულ საბავშვო ბაღში დაგდებულ რვეულში გადავაწყდი. არ ვიცი, ეს ტურისტული კომპანიების სტრატეგიაა თუ შემთხვევითობა, მაგრამ პრიპიატში მეტწილად სწორედ საბავშვო ბაღების დათვალიერება მიწევს. ზოგიერთი სცენა დადგმულია ‒ თოჯინები აირწინაღებით, ზოგიც ბუნებრივი და კიდევ უფრო შემზარავი ‒ დიდ ოთახში ერთმანეთზე მიყრილი, რკინის პატარა, საბავშვო საწოლები. 2016 წლამდე პტიპიატის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი, არც ის, რომ თურმე ჩერნობილის ყველა „ცნობილი ფოტო“ სწორედ აქაა გადაღებული.

ჩერნობილში ჩასვლა ალბათ უფრო აზარტის გამო გადავწყვიტე, ვფიქრობდი: სახიფათო ადგილას წავალ და მერე მოვყვები როგორ გავრისკე-მეთქი.

რეალობა კი სხვანაირი დამხვდა – ატმოსფეროში რადიაციის დონე უფრო დაბალია, ვიდრე კიევის ცენტრალურ მოედანზე. უსაფრთხოების ზომები დაცულია, ზონიდან გამოსვლისას ორჯერ გამოწმებენ და გთხოვენ, მიწაზე არ იარო, ასფალტისგან განსხვავებით მიწაზე რადიაციის დონე გაცილებით მაღალია.

შემოწმების პირველი პუნქტის გავლის შემდეგ სამარშრუტო ავტობუსით კარგად მოასფალტებულ გზას მივუყვებით, გზა ტყეში შედის, გარშემო გამაოგნებელი სიმწვანეა და როცა იმაზე იწყებ ფიქრს, თუ რა ლამაზია აქაურობა, უცბად ხვდები, რომ ტყეში კი არა, სოფელში მიდიხარ, რომელიც ტყედ იქცა. ჯერ შეუმჩნევლად, მერე კი უკვე ცხადად, ხეებს უკან  კარებისა და ფანჯრების გარეშე დარჩენილი შენობები ჩნდება. სახლები, როგორც თავის ქალები, თვალების და ცხვირის უზარმაზარი ღრუებით, „ტყიდან“ ხტებიან, თითქოს ყურადღების მიქცევას ითხოვენ. სწორედ ამ დროს ჰყვება გიდი, როგორ აღმოაჩინა წინა წლის დეკემბერში გარდაცვლილი როზარია, ამ სოფლის ერთადერთი და უკანასკნელი მკვიდრი.

აქ ჩამოსვლამდე ჩერნობილი ჩემთვის მხოლოდ ორი რამე იყო: ადგილი, სადაც ჩემი დაბადების წელს კატასტროფა მოხდა და დაღუპული ადამიანების სტატისტიკა. ახლა ის ემოცია გახდა.

ჩერნობილში ლამაზი ეკლესია, ცარიელი ქუჩები და მიტოვებული სახლები დამხვდა. ქალაქში მხოლოდ მუშები ცხოვრობენ და აქა-იქ ერთგული მოსახლეები, მე უფრო პრიპიატი მაინტერესებს, რამდენიმე კილომეტრი და უკვე ძალიან ახლოს ვიქნები ატომურ სადგურთან. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში პრიპიატი სპეციალურად ატომურ სადგურში დასაქმებულებისთვის აშენდა. დღეს ეს ქალაქი სრულყოფილი სასაფლაოა ‒ ადამიანების, იდეების, ბედნიერების, ტრაგიკული პასუხია უპასუხისმგებლობაზე, ძალადობაზე, საბჭოთა კავშირზე.

როგორც კი პატარა ტყე, ანუ ყოფილი სტადიონი გადავიარე, სპორტულ დარბაზთან აღმოვჩნდი. დამატებითი სიფრთხილე მჭირდება, რომ დამპალ და ალაგ-ალაგ ამოყრილ პარკეტში ფეხი არ ჩამივარდეს. დიდ საცურაო აუზში ათასი რამე ერთად ყრია ‒ ურიკები,  წიგნები, აირწინაღები, წყალბურთის კარები. სამარშრუტო ავტობუსში ნანახი ვიდეოკადრები მახსენდება, ტრაგედიამდე ამ აუზში ქერა, ხუჭუჭთმიანი ბავშვები ცურვას სწავლობდნენ.

გაბედულებას ვიკრებ და ყველაზე მაღალი შენობის სახურავზეც ავდივარ. თექვსმეტსართულიანი მიტოვებული კორპუსია, კიბეებს მოაჯირეები არ აქვს, ალაგ-ალაგ ბინების კარების ჭრიალი ისმის, შიგნით ვიხედები, დამტვრეულ ავეჯს და 80-იანი წლების საბჭოთა საოჯახო ტექნიკას ვამჩნევს.  ფანჯრები არც ამ შენობას აქვს. 

სახურავზე თეთრი შეზლონგი და არყის ცარიელი ბოთლი დამხვდა. სახურავიდან ქალაქის ერთ მხარეს ძალიან ახლოს ატომური სადგური მოჩანს, მეორე მხარეს კი უზარმაზარი რადარი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ცივი ომის პერიოდში დადგა, რადარს მოსკოვის წინააღმდეგ  ნატოს გამოშვებული რაკეტების სტარტი მყისიერად უნდა დაეფიქსირებინა.

„სწავლა, სწავლა და სწავლა!“ ‒ ლენინის ეს სიტყვები, დიდ ტილოზე, ხის ჩარჩოთი, დანგრეული თეატრის კულისებში პარტიული მაღალჩინოსნების პორტრეტებთან ერთად დევს. დანგრეული დარბაზიდან კარგად ჩანს სცენაზე გამოფენილი ერთადერთი პლაკატი, წითელი ფონით, თავთავებიანი ორნამენტით და შუაში მსხვილი წარწერით ‒ „СССР 60“. 

ძალიან ბევრი წიგნი ყრია ყველა გადახურულ შენობაში: „მათემატიკა“, „სკოლამდელი აღზრდა“, „ლენინის ბავშვობა“, აირწინაღების გროვაზე ესენინის ლექსების კრებული... ყველაზე მეტი დრო წიგნების თვალიერებასა და ხელნაწერი რვეულების ფურცვლაში გადის. რამდენიმე ისეთი წიგნიც შევნიშნე, რომელსაც მეც ვკითხულობდი, მართალია თავისუფალი, მაგრამ მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბავშვი.

‒ როდესაც აფეთქება მოხდა, საჭირო იყო ცეცხლის კერის ჩაქრობა, მუშები შიშველი ხელით, სპეციალური ტანსაცმლის ან აღჭურვილობის გარეშე აყრიდნენ ქვიშას და მიწას,  ‒ მაფხიზლებს გიდის ხმა.

‒ და სახელწიფომ ეს დაუშვა?! გაოცებული სახით კითხულობს ტურისტი იმ ქვეყნიდან, რომელიც არასდროს ყოფილა სოციალისტური ბანაკის წევრი.