მომავალში ვინც თანამედროვე საქართველოს ისტორიას აღწერს, აუცილებლად მოუწევს ერთი მოწოდების შესახებ ცალკე თავის დაწერა, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო ხშირად ისმის: „სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ, თვალში ნუ გვეჩხირებიან“. სინამდვილეში ეს მოწოდება სულაც არ აღწერს რაიმე რეალურ შეუთავსებლობას – ქმედებასა და მისი განხორციელების ადგილს შორის. იგი ადამიანების არსებობა-არარსებობის საკითხს ეხება.

არსებობს ის, რაც არსებობს საჯაროდ, ანუ ყოფნა საჯაროდ ყოფნას ნიშნავს. შესაბამისად, საჯაროდ არყოფნა, უბრალოდ, არყოფნის ტოლფასია.

ამ მოწოდების ადრესატები არიან ლგბტ თემის წარმომადგენლები, არამართლმადიდებლური რელიგიის აღმსარებლები, როკმუსიკოსები, „ქლაბერები“, ტურისტები და ა.შ. ეს სია შეიძლება დღეს მოკლეა, მაგრამ თუ უახლოეს მომავალში რამე არ შეიცვალა, ის აუცილებლად შეეხება აბსოლუტურად ყველას, ვინაიდან საბოლოო ჯამში ნებისმიერი ადამიანი ცალკეული პიროვნებაა, და არავის აქვს გარანტია, რომ ადრე თუ გვიან ის არ აღმოჩნდება პირისპირ უმრავლესობასთან. 

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი საჯარო სივრცის ფორმირება საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო. ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი და თავისუფალი იყო როგორც პირველი რესპუბლიკის დროს, ისე მანამდე, რაც ძალიან კარგ საფუძველს ქმნიდა ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობლობისათვის. მიუხედავად ამგვარი წარსულისა, საბჭოთა კავშირის დროინდელი საჯარო სივრცე არ იყო ძველის ტრანსფორმაცია. ის მისი ანტაგონიზმი იყო. საბჭოთა იდეოლოგიამ თანდათანობით განდევნა ნებისმიერი მისგან განსხვავებული იდეოლოგია და მთლიანად დაიკავა საჯარო სივრცე. სწორედ ამიტომ იყო ტოტალიტარული. ის არ ტოვებდა სივრცეს განსხვავებულისათვის. ითრგუნებოდა ან ნადგურდებოდა ის, რაც გაბატონებულ დიქტატს არ დაემორჩილებოდა.

ჩვენთვის ნაცნობი მოწოდებით რომ შევაჯამოთ, ცენზურა თავიდან ამბობდა: „ვისაც რა უნდა, ის ხატოს სახლში, ოღონდ გამოფენას ნუ გააკეთებს“, „ვისაც რა უნდა, ის წეროს სახლში, მაგრამ წიგნად ნუ გამოსცემს“, „ვისაც რა უნდა, ის იფიქროს სახლში, ოღონდ საჯაროდ ნუ იტყვის“.

მოგვიანებით ცენზურა იმასაც აკონტროლებდა, რაც პირადული იყო. ეს სავსებით ლოგიკურია: ის, ვისაც შესწევს საჯაროობის ტოტალური კონტროლის ძალა, რა თქმა უნდა, აკონტროლებს პირადსაც, ანუ ის, ვისაც დევნიან საჯაროდან, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, პირადშიც დევნილია.

საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის უკვე მომძლავრებული იყო მისგან განსხვავებული, ნაციონალისტური იდეოლოგია, რომელმაც მალევე დაიკავა საბჭოთა იდეოლოგიის ადგილი, და მეტწილად ისეთივე ტოტალიტარული იყო, როგორც – მისი წინამორბედი. მსჯელობისათვის ადგილს არც ის ტოვებდა.

მომდევნო რამდენიმე წელიწადი, რუსეთ-საქართველოსა და საქართველოს სამოქალაქო ომების დროს, ძნელია საჯარო სივრცეზე საერთოდ საუბარი. თუ ასეთი რამ არსებობდა, ის მთლიანად ოკუპირებული იყო იმის მიერ, ვისაც ფიზიკური ძალა გააჩნდა. აი, შევარდნაძის პერიოდის საჯარო სივრცე კი ბევრად უფრო საინტერესო იყო. მასზე დაკვირვება ძირითადად სამი ჯგუფის ძალაუფლებას წარმოაჩენს. ესენი არიან „კრიმინალები“, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები. მაგალითად, ქუჩები, სკვერები, პარკები და მსგავსი საჯარო სივრცეები მთლიანად კრიმინალურ სამყაროსთან ასოცირებულ ჯგუფებს ეკავათ. კაფეები, ბარები და რესტორნები – კრიმინალებს, პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს. ხოლო მედიასივრცე – პოლიტიკოსებს და სასულიერო პირებს. რა თქმა უნდა, აქვე შეგვიძლია ხელოვნების წარმომადგენლების ხსენებაც, თუმცა ეს ჯგუფი მხოლოდ ჩამოთვლილ სამ ჯგუფთან სიმბიოზში თუ არსებობდა და არა – დამოუკიდებლად.

ეს სამი ძირითადი ჯგუფი გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან და პრინციპში ერთიანად ახორციელებდა ძალაუფლებას. პოლიტიკოსები იყენებდნენ კრიმინალებსა და სასულიერო პირებს საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციისათვის; კრიმინალები იყენებდნენ პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს ხორციელი თუ სულიერი ხელშეუხებლობის მოსაპოვებლად; ხოლო სასულიერო პირები – კრიმინალებსა და პოლიტიკოსებს ფინანსური სარგებლისთვის, აგრეთვე პოლიტიკური ძალაუფლების მოსახვეჭად. სწორედ ამ დროს იწყება ეკლესიის მხრიდან საჯარო სივრცეში ხილვადობისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლის კულმინაციად შეიძლება მივიჩნიოთ სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელიც იმთავითვე დაიგეგმა, როგორც „დიდი“ და მისი ფუნქციაც მისი სიდიდე, მისი ხილვადობაა. ნებისმიერი ეკლესიის შენობა არა მხოლოდ რელიგიური სერვისის მიღების წერტილია, ის მის გარშემო სივრცის საკრალიზაციასაც ახდენს და ძალიან კონკრეტულ ქცევებამდე ზღუდავს ამ სივრცეში ადამიანის, პრინციპში, უსასრულო ქცევათა შესაძლებლობებს. და თუკი პატარ-პატარა ეკლესიები მხოლოდ მცირე ზომის სივრცეს იკავებენ, სამების ტაძარმა მთელი თბილისის სივრცის საკრალიზაცია მოახდინა და, შეიძლება ითქვას, მთლიანად დაიკავა ის.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საჯარო სივრცემ საგრძნობი ცვლილება განიცადა. სახელმწიფომ წარმატებით შეძლო „კრიმინალების“ განდევნა, რამაც გამოათავისუფლა სივრცე კეთილსინდისიერი მოქალაქეებისათვის. ამავდროულად, სახელმწიფო უფრო და უფრო ხილვადი გახდა საჯაროობაში: გზისპირას აშენებული პოლიციის შენობები, დასახლებული პუნქტების ცენტრებში აშენებული იუსტიციის სახლები, პრეზიდენტის სასახლე თბილისში... თითოეული მსგავსი გამოვლინება სივრცეს სწორედ საეკლესიო ძალაუფლებას ეცილებოდა, რომელიც მანამდე ყველაზე ხილული იყო.

ნელ-ნელა მოქალაქეებმაც დაიწყეს საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენება, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად, მთლიანად მინდობოდა მათ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არსებულ ქცევის წესებს მთლიანად სახელმწიფო ადგენდა, რაც ხშირად მოქალაქეების სამართლიან პროტესტს იწვევდა. მაგალითად, სახელმწიფო წყვეტს, შეიძლება თუ არა პარკში საყვარელი ადამიანის კოცნა, ალკოჰოლის დალევა, მუსიკის მოსმენა, გაზონზე სიარული თუ სხვა, პრინციპში უვნებელი საქმიანობა.

ზემოთქმულს რომ გადავავლოთ თვალი, უკვე შეგვეძლება იმის თქმა, თუ რა არის პრობლემა: პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს არ აქვს არსებობის საშუალება და პრობლემაა ის, რომ ასეთ ჯგუფთა სია ყოველწლიურად იზრდება;

პრობლემა არის ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს მხოლოდ მისთვის მისაღები ადამიანური ქცევის ერთადერთ სწორ ქცევის წესად გამოცხადებას; პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო არ ენდობა საკუთარ მოქალაქეებს და ვერ ათავისუფლებს სივრცეებს მათთვის; პრობლემაა, რომ სახელმწიფოს ეშინია ეკლესიის და ვერ იცავს თავის მოქალაქეებს მისი ძალადობისგან; პრობლემაა ის, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ტოტალიტარული საჯარო სივრცე გვიყალიბდება.

რადგან პრობლემა დავაფიქსირეთ, შეგვიძლია მისი მოგვარების გზებზე ფიქრიც. პირველ რიგში – ზედმეტი კრეატიულობის გარეშე, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. მაგალითად, 1957 წელს, ამერიკის ქალაქ ლითლ როქის სკოლაში ცხრა შავკანიანმა სტუდენტმა შეიტანა სწავლაზე განაცხადი. ადგილობრივმა მოსახლეობამ, თვითმმართველობასთან ერთად, თქვეს: „იცხოვრონ ზანგებმა თავიანთთვის სახლში, არავინ ერჩის, მაგრამ აქ ჩვენთან ერთად განათლებას ნუ მიიღებენ“. მათ აგრეთვე განაცხადეს, რომ შავკანიანებთან ერთად სწავლა უმრავლესობისათვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ამას არ დაუშვებდნენ. 9 სტუდენტმა საკუთარი უფლებების დაცვა სცადა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც თავის მხრივ მათი განათლების უფლება კონსტიტუციურად ცნო და მთავრობას ამ უფლების უზრუნველყოფა დაავალა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტმა ფედერალური არმიის დანაყოფი შეიყვანა ლითლ როქში, რომელიც ყოველდღიურად იცავდა შავკანიან მოსწავლეებს სხვა მოძალადე მოქალაქეებისაგან. არმიის წინაშე მოძალადეები არც ისე გაბედულები აღმოჩნდნენ და იძულებული გახდნენ, შავკანიანებისათვის სწავლის უფლება მიეცათ. პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით მოქალაქეებისადმი თავის მიმართვაში განაცხადა: „ბრბოს წესები ვერ გადაწონის ჩვენი სასამართლოების გადაწყვეტილებებს“.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა ქნას ჩვენმა პოლიციამ, როდესაც ვეგანებს ძეხვებით უსწორდებიან ხორცისმჭამელები? გაითვალისწინოს ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ხორცისმჭამელია და არ აღკვეთოს ძალადობა? ან რა უნდა ქნას პოლიციამ, როდესაც მღვდლები როკფესტივალს შლიან? არ უნდა აღკვეთოს ეს აქტი მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ უსმენს როკს? ის, რომ დღეს ამერიკის პრეზიდენტი შავკანიანია, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ 1957 წელს სახელმწიფომ ჯარის გამოყენებით დაიცვა საკუთარი მოქალაქეები მოძალადეებისაგან. არ მგონია, ვინმე ამის გამო პრეზიდენტ ეიზენჰაუერს აკრიტიკებდეს.

უნდა ვაიძულოთ სახელმწიფო, დაიცვას კონსტიტუცია – ანუ იყოს ყველასი. სწორედ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველოში ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს უფლება, იყოს ის, ვინც მას სურს რომ იყოს, და სახელმწიფომ უნდა შეაკავოს ნებისმიერი მოძალადე ჯგუფი, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს პრინციპს არღვევს.

სახელმწიფოს უფრო და უფრო მეტი სივრცე უნდა გამოვტაცოთ. ვიმუშაოთ ქალაქებსა და სოფლებში დემოკრატიული, საერთო საზიარო და თავისუფალი სივრცეების შექმნაზე, სადაც არცერთი იდეოლოგია არ იქნება დომინანტი. ეს აუცილებლად დასრულდება შედეგით, რადგან არ არსებობს უშედეგო ძალისხმევა. ამ ძალისხმევის შედეგი კი იქნება ძალადობისა და დიქტატისაგან თავისუფალი სივრცე ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისათვის. სწორედ ასეთი სივრცე ხდის შესაძლებელს თავისუფლების განხორციელებას.

პ.ს. ყველაფერი ზემოთქმული რომ უფრო კარგად გავიაზროთ, გთავაზობთ ერთ სააზროვნო ხატს: წარმოიდგინეთ, რომ ნარიყალას ციხის ტერიტორიაზე არ დგას ეკლესია, რომელიც იქ მხოლოდ 1996 წელს აშენდა. დაახლოებით თუ ხვდებით, რა დანიშნულებით შეგვეძლო ამ ნაგებობის გამოყენება? რა შეიძლება ის ყოფილიყო თბილისისთვის? საუბარია ღია კონცერტებზე, სპორტულ აქტივობებზე, საჯარო ლექციებზე, დასვენებაზე, სიყვარულზე... ახლა კი გაიხსენეთ, როდის იყავით ბოლოს ნარიყალაზე და რა გააკეთეთ იქ… ამაშია საქმე.