ერთ საღამოს თამუნამ ფეისბუკის ჩატში მომწერა, რომ მისი 8 წლის ხუჭუჭა ბიჭი ბოლო რამდენიმე დღეს თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ბიჭი, რომელსაც მეტყველება უჭირს, კონკრეტულ ჩივილს ვერ გამოხატავდა, მაგრამ, დედას ანიშნებდა, რომ მთელი სხეული სტკიოდა. თამუნა გრძნობდა, რომ ბავშვი უკიდურესად გაღიზიანებული და დაჭიმული იყო, უჭირდა ჯდომა, დგომა, ერეოდა გული. სხვადასხვა საავადმყოფოში ექიმები მხრებს იჩეჩავდნენ და ამბობდნენ: ჩემი პაციენტი არ არის. ბავშვის ცუდად ყოფნის მიზეზი რამდენიმე დღეში გავიგეთ, სისხლში ტყვიის ანალიზმა კრიტიკული რიცხვი აჩვენა. როდესაც ეს ნიშნული სპეციალისტებს ვაჩვენეთ, ისინი გვეკითხებოდნენ, დარწმუნებული ხართ, რომ რიცხვი არ გეშლებათო? თამუნას არაფერი არ ეშლებოდა. მალე სისხლში ტყვიის კრიტიკულად მაღალი შემცველობა მეორე შვილს და თვითონ თამუნასაც აღმოაჩნდა.

ამის მერე დავიწყეთ ტყვიით მოწამვლის თემის ძიება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაციის რამდენიმე იურისტი და დედა გულმოდგინედ ვეძებდით ქვეყანაში ბავშვების ტყვიით მოწამვლის შესახებ რამე ინფორმაციას ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს, შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, საიდანაც შევიტყვეთ, რომ:

ტყვია ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტოქსიკური ნივთიერებაა ადამიანის ორგანიზმისთვის, არ არსებობს ტყვიის ორგანიზმში შემცველობის უსაფრთხო დონე, თუ იგი აჭარბებს 5 (mcg/dl) მიკროგრამს დეცილიტრზე, უკვე საშიშად ითვლება.

ტყვიით მოშხამვა იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, ანემიას, დამბლას, თირკმლის და ღვიძლის დაზიანებას. ტყვია ბავშვებში იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, სწავლის უნარის დაქვეითებას, ქცევის დარღვევას. ორსულობის დროს, დედის ძვლებში დაგროვილი ტყვია გადადის სისხლში და მოქმედებს ნაყოფზე. ორსული ქალების ტყვიის მაღალი დონით ექსპოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა და ახალშობილთა სხვადასხვა ანომალია...

ადვილი წარმოსადგენია, როგორ ხასიათზე დავდგებოდით ჩვენც და დედაც, ამ ინფორმაციის წაკითხვისას, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ხუჭუჭა ბიჭის სისხლში ტყვიის დონე თითქმის 4-ჯერ აღემატებოდა საშიშ ნიშნულს.

უფრო სტრესული იყო იმის გაგება, რომ საქართველოში ბავშვების ტყვიით მოწამვლის ტესტირებას სახელმწიფო არ აფინანსებს, ხოლო თუ მშობელმა თავად ჩაატარა ეს ტესტირება, სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ყველაზე მთავარს: გაარკვიოს, საიდან მოხვდა ბავშვის ორგანიზმში ტყვია და, პირველ რიგში, სწორედ ტყვიით მოწამვლის წყარო განადგურდეს.

ბავშვის, ისევე როგორც მოზრდილის შემთხვევაში წყარო რამდენიმეა: დაბინძურებული ნიადაგი, ატმოსფერული ჰაერი და წყალი. ასევე – ტყვიის შემცველი სამშენებლო მასალა, განსაკუთრებით ტყვიის შემცველი საღებავი; საკვები და სათამაშოები.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით:

ორგანიზმში ტყვიის შემცველობის შესახებ სკრინინგი ყველა ბავშვს უნდა ჩაუტარდეს, ხოლო თუ ბავშვი რამე სახით რისკჯგუფს მიეკუთვნება (მაგალითად, ცხოვრობს დიდი ხნის წინ აშენებულ სახლში, სარემონტო შენობაში და ა.შ.), ასეთი ტესტირება სრული აუცილებლობა და პრიორიტეტული ამბავია. ტყვიის პრევენცია პედიატრიული სამსახურის ნაწილი უნდა იყოს, პედიატრები უნდა არკვევდნენ, მიეკუთვნება თუ არა ბავშვი ტყვიით მოწამვლის რისკჯგუფს და შესაბამისად ამისამართებდნენ მათ სპეციალური გამოკვლევისთვის, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში დაზღვევა ფარავს. ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის შემდეგ კი, იწყება ყველა სარისკო გარემო ფაქტორის სიღრმისეული გამოკვლევა და მათი გაუვნებელყოფა თუ იზოლაცია. სავალდებულოა დადგენილი პერიოდულობით სისხლში ტყვიით მოწამვლის დონის შემდგომი მონიტორინგიც.

გარდა იმისა, რომ მსგავსი ჩვენს ქვეყანაში ვერაფერი ვიპოვეთ, აღმოვაჩინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი:

2015 წელს საქართველოს მთავრობამ, ამერიკის მთავრობის დახმარებით ჩატარებული პილოტური კვლევით, უკვე იცოდა, რომ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში შემთხვევითად მოხვედრილი 254 ბავშვიდან 40 პროცენტს ჰქონდა ტყვიის მომატებული და საგანგაშო შემცველობა სისხლში.

თუმცა, ეს მონაცემი სახელმწიფომ არ გამოაქვეყნა, ვინაიდან, როგორც ისინი ამბობენ, მთელი მოსახლეობა არ ჰყავდათ გამოკვლეული. ამ ამბიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაშიც სახელმწიფომ არანაირი სიახლე არ დანერგა ბავშვების ტყვიით მოწამვლისგან დასაცავად და მხოლოდ 2017 წლის დეკემბერში, როდესაც ხუჭუჭა ბიჭმა სიტყვების გარეშე დაგვანახა ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინაშე არსებული უდიდესი საფრთხე, გვითხრეს: „პანიკა საჭირო არ არის“.

ვერ გეტყვით, ვინ უფრო მეტად იქნება პანიკაში: ჩვენ, მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფოს ასეთი გულგრილობა მხოლოდ სამოქალაქო აქტივობის და სამართლებრივი ბრძოლის აუცილებლობაში გვარწმუნებს, თუ ის პასუხისმგებელი პირები, რომელთა წინააღმდეგაც დავიწყებთ სამართლებრივ დავას სასამართლოში, მათი გამოჩენილი გულგრილობის, უმოქმედობისა და უპასუხისმგებლობის გამო. ეს მოხდება უახლოეს თვეებში. მას შემდეგ, რაც შევაგროვებთ საკმარის მტკიცებულებას, ჩვენ ვიდავებთ ქვეყანაში ბავშვების ტყვიისგან მოწამვლის უფასო ტესტირების დასანერგად, მშობლებისთვის ტყვიით მოწამვლის საფრთხის შესახებ განათლების მისაწოდებლად, ყველა იმ კვლევის დასაფინანსებლად, რომელთაც ბავშვების ტყვიით მოწამვლის წყარო უნდა გამოავლინოს, და ვიდავებთ ყველა იმ ნივთიერების რეგულირებისთვისაც – როგორიცაა აზბესტი, ვერცხლისწყალი და სხვა – რომელთა უკონტროლო შემოტანა და გავრცელება, ბავშვებს ტყვიით მოწამვლის საფრთხის ქვეშ აყენებს.