XIX საუკუნის შუა წლებში, თბილისში, დღევანდელი გრიბოედოვის 22 ნომერში, თბილისის საპატიო მოქალაქის, არშაკუნების საგვარეულოს წარმომადგენლის სახლი აშენდა. 1869-86 წლებში აქ განთავსებულ თბილისის „კრუჟოკში“ სასცენო წარმოდგენები, მეჯლისები და საოჯახო საღამოები იმართებოდა. 1922 წელს შენობაში სამხატვრო აკადემია გაიხსნა. რაც ჩვენამდე შემორჩა, მხოლოდ დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის არშაკუნების რეზიდენციის სიმდიდრეზე. რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო. გამაგრებითი სამუშაოების შემდეგი ეტაპი შენობის სტრუქტურის აღდგენა და ისტორიული დარბაზებისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებაა.