2031 წელს, როდესაც დედამიწაზე რვა მილიარდზე მეტნი ვიქნებით, ექვსი მილიარდი ქალაქში იცხოვრებს. ურბანიზაციის შეჩერება შეუძლებელია, ეს ათასების, ასი ათასების მიგრაციაა ინტენსიური ყოველდღიურობისკენ. მაგრამ ურბანულ მატრიცას თავისი ლოგიკა აქვს – პროცესი ცენტრიდან პერიფერიისკენ მიდის. ძველი ქალაქები ახალ ლანდშაფტებს ითვისებენ, შთანთქავენ დაბებს, დასახლებებს და წლების შემდეგ თავიანთ ორგანულ ნაწილად აქცევენ. ეს ჩვენი კოლექტიური ცნობიერების სურათია. არაფერი ინახავს გამოცდილებებს და მეხსიერებას ისე, როგორც ქალაქის რელიეფი.

გზატკეცილიდან, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ახალი დასახლების ფრაგმენტი მოჩანს. შორიდან, სქელ ნისლში ცხრასართულიანი კორპუსების სვეტები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მინის ფასადი მირაჟივით ლივლივებს. 4 მილიონი კვადრატული მეტრის შიშველ ტრამალებზე თბილისის ზღვის ახალი ქალაქის კორპუსები დგას. ალაყაფიან ეზოს დაცვა იცავს, ლანდშაფტის დიზაინერების დაპროექტებულ ბაღში შადრევანი და ხელოვნური მდინარე მორაკრაკებს. ათ წელიწადში იქ უნდა გაშენდეს: 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, საცხოვრებელი ვილები და კორპუსები, სკვერები და ხელოვნური ტბა, კაფეები, რესტორნები, სპა და ფიტნესცენტრები, სპორტული მოედნები, სარბენი და ველო ბილიკები, დახურული აუზი, მინიგოლფის სიმულაციური მოედანი, სკოლა-ბაღები, ფოსტა, პოლიცია, საავადმყოფო და, რაც მთავარია, უშველებელი სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“, სადაც მცხოვრებლებისთვის დასაქმების პერსპექტივებიც მოჩანს. ახალ ქალაქში, პირველი ცხრა კორპუსის მოსახლეებს უკვე ერთ თვეში ელოდებიან.

გადატვირთული, გამონაბოლქვით გაბრუებული, სიმწვანედაკარგული ცენტრიდან, მოსახლეობა გაშლილი სივრცეებისკენ იწევს.

„ჰუალინგ საქართველოში“ ამბობენ, რომ მათი მიზანი ისეთი უბნის გაშენებაა, რომლის საზღვრებსაც ადამიანები იშვიათად გასცდებიან. „თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“ ერთდროულად გასართობი, კომერციული, საგანმანათლებლო და საცხოვრებელი შინაარსით უნდა დაიტვირთოს.

სანამ ქალაქი მყრალ, ბინძურ და ხალხმრავალ ქაოსად გადაქცეულა, მის კონცეფციას ხელახალი გააზრება სჭირდება, – ამტკიცებდა ბრიტანელი ურბანისტი ებენეზერ ჰოუარდი. 1902 წელს, წიგნში Garden Cities of To-Morrow (მომავლის ბაღნარი-ქალაქები) ის იმ იდეალური განსახლების მოდელს აღწერდა, სადაც ქალაქი და სოფელი ერთ მთლიანობად იქცევა. „ბაღნარ-ქალაქებს“ გარშემო მწვანე სარტყელი აკრავს, შუაგულში უზარმაზარი პარკია, საჯარო, ინდუსტრიული, კულტურული ცენტრები მწვანე ზონებს შორისაა მიმოფანტული. იდეალური ქალაქის მცხოვრები რამდენიმე წუთში იცვლის ატმოსფეროს. ჰოუარდის მოდელით ბრიტანეთში ორი ქალაქი (Letchworth და Welwyn) აშენდა. ორივე მათგანი, დღემდე ურბანულ თავსატეხად რჩება. იმდენად ზედმიწევნით გაიწერა ყველაზე მორგებული, სტანდარტული საჭიროებები ერთი ადამიანის თავში და შემდეგ უკვე პროექტში, რომ სივრცე აღარ დარჩა მრავალფეროვნებისთვის, აცდენებისთვის – მოძრაობისთვის, იმისთვის, რასაც ცხოვრება ჰქვია. ჰოუარდის უტოპიური იდეები, რომელიც ადამიანების სურვილებსა და მისწრაფებებს ვერ პასუხობდა, ასფალტის, ბეტონის გვამებად გადაიქცა.

ურბანიზაციის პირველმა ტალღამ თბილისს 60-იანი წლების ბოლოს გადაუარა და გარეუბნებში პირველი მასივები, საძილე რაიონები გაჩნდა: დიღომი, გლდანი, მუხიანი, ფონიჭალა, ვარკეთილი, ლილო.

ერთ თარგზე მოჭრილი სახლები დედაქალაქის საბინაო ფონდის თითქმის 50 პროცენტს შეადგენდა. „თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“ ვარკეთილის კორპუსებს უყურებს. ის სწორედ მათი ერთგვარი მემკვიდრე და სახეცვლილი შთამომავალია.

„ჰუალინგ ჯგუფის“ უზარმაზარი დასახლება, რომელზეც 150 მილიონი დოლარი დაიხარჯება, პირველი მასივი იქნება თბილისში, რომელსაც კერძო ფული ააშენებს. განსხვავებაც ესაა. დღეს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს დეველოპერები კარნახობენ – სად, რა და როგორი არქიტექტურის დასახლება უნდა გაჩნდეს.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ ცენტრის რესურსი იწურება, დედაქალაქი თბილისელების სურვილებს და მათ პრეტენზიებს ვეღარ სწვდება – ახლა მიგრაციის მეორე ტალღა ქალაქს ცენტრიდან გარეუბნებში ექაჩება. დედაქალაქში უკვე ქვეყნის მოსახლეობის 30 პროცენტი ცხოვრობს. სპონტანური ურბანული ქაოსი, რომელიც „ხრუშჩოვკებში“ გამოკეტილმა ადამიანებმა საბჭოთა საქართველოს დაშლის შემდეგ წამოიწყეს, დასრულდა. უპროპორციოდ გაზრდილი ლოჯიები, „ხრუშჩოვკებზე“ დადგმული ახალი სართულები, არმატურით და თუნუქის ფირფიტებით შეკრული „გარაჟები“ – ქალაქელების ეს თავნება არქიტექტურული ექსპერიმენტები კაპიტალიზმთან პირველი შეხვედრის ილუსტრაციად დარჩა.

თბილისის უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ დღეს შეძლებული ადამიანები ცენტრიდან მოშორებით არჩევენ ცხოვრებას. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე სასურველი უბანი, რომელიც ახალი ტრენდებით უშეცდომოდ, ვირტუოზულად თამაშობს, „ლისის ვერანდაა“. დასახლება ჯერჯერობით 5,5 ჰექტარს მოიცავს და ათ წელიწადში ორჯერ მეტ ტერიტორიაზე გაიშლება. მინიმალისტური, დახვეწილი არქიტექტურა ლანდშაფტს იდეალურად ერწყმის. ტერასებად მოჭრილ მაღლობზე 2-5-სართულიანი ენერგოეფექტური სახლები, მწვანე მდელოები, ეზოს ბილიკები და ბაღი ჰარმონიულ მთლიანობას ქმნის.

თანაბრად გაკრეჭილ მდელოებს ბეტონის დაკლაკნილი ბილიკი მიუყვება – ეტლებისათვის. დასახლების გული სკვერია, რამდენიმე ხისა და პლასტმასის, წითელი ტუჩების ფორმის სკამებით. ქვედა ქუჩის ბოლოს, მინის ვიტრაჟებიან, თეთრ შენობაში კაფე და სპორტული დარბაზია. პატარა, შიდა ეზოს ლაჟვარდისფერი ღია აუზიც აქვს, რომელიც ქედის კიდეს აღწევს, ჰორიზონტის ხაზს უერთდება და უკიდეგანო უფსკრულში ეშვება. დასახლების კიდიდან ვრცელი პანორამა იშლება ქალაქზე – გლდანი, თემქა, სანზონა, დიდუბე, ნაძალადევი, ჩუღურეთი, ავლაბრის ნაწილი, საბურთალო, ვაკე – ყველაფერი ხელის გულზე ჩანს. დასახლება ლისის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხრიოკ მიწაზე, ქალაქის თავზე შენდება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ხედია თბილისზე, თუმცა ქიმიკატებით გაჯერებული ჰაერი უბნების კონტურებს დღაბნის. ამ სიმაღლეებიდან ქალაქი კიდევ უფრო დაღვრემილი და უცხოა.

ჩარაზული დასახლებები (Gated Community) ახალი ფენომენი არ არის. იზოლირებული საცხოვრებელი უბნების ხასიათში ქალაქის მიმართ სოციალური უნდობლობა იკითხება – იქ ყველა ღიობი ამოგმანულია, საიდანაც მშფოთვარე ქალაქის ყოფა მოჩანს. „ჩარაზული საზოგადოების“ ყველაზე მძაფრი დემონსტრაციაა რამდენიმე ახალი დასახლება, მათ შორის – „წავკისის ველი“ და ზურგოვანის დიპლომატიური სოფელიც. ეს სუბურბიული ოაზისებია, იდილიური ყოფის მონუმენტური სიმშვიდით – შიგნით უსაფრთხოება, წესრიგი, ფუფუნებაა, გარეთ კი, უმართავი ქალაქი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„გარეუბნებში ხალიჩასავით გაფენილი დასახლებები ურბანული ჩიხია, არადა, თბილისს შიდა განვითარების პოტენციალი ჯერ არ ამოუწურავს“, – ამბობს ქალაქმგეგმარებელი, ზურაბ ბაქრაძე. მისი აზრით, დღევანდელი ვითარება საბჭოური ქალაქგეგმარების ინერციაა – ქალაქი მეტასტაზურად, სრულიად დაუგეგმავად იზრდება. ურბანიზმში მთავარი დინამიკის მიმართულების გამოცნობაა, ისეთი ღია სისტემების შექმნა, რომელიც გარდაქმნებს, ყველაზე რადიკალურ ცვლილებებსაც მოქნილი შეხვდება. ქალაქმგეგმარებლები არა მხოლოდ ქალაქის ბეტონის რელიეფს აწესრიგებენ, არამედ ათასი ფორმულით და უზუსტესი კვლევებით ადამიანების ქცევებს, მათ ჩვეულებებს სწავლობენ. ურბანისტებმა ის ინერციის ტალღა უნდა ამოიცნონ, რომელიც ადამიანებს ახალი ადგილებისკენ უბიძგებს.

დიღმის საცდელი მეურნეობის 150 ჰექტარზე კერძო სახლების მშენებლობა დაახლოებით 20 წლის წინ სპონტანურად დაიწყო. დღეს იქ, მწკრივში მაღალი ბეტონის გალავნებიანი, კერძო სახლები დგას და, ქუჩებს ცხოვრების მეორე ათწლეულის კვალი მაინც არ ემჩნევა – მანქანების გარდა, ვიწრო გზებზე არავინ მოჩანს.

ამ ტერიტორიაზე ორი სპონტანური, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული უბანი მეზობლობს. 200 მეტრში დიღმის საცდელი მეურნეობის ძველი დასახლებაა, სადაც ყოფილი თანამშრომლების ოჯახები და დევნილები ცხოვრობენ. საზღვარი სიხარულის ქუჩის გაყოლებაზე გადის, სადაც მაღალი ფიჭვის ტოტებში მეზობელი უბნიდან ქარის მოტანილი ერთჯერადი ცელოფნის პარკები ფრანებივითაა გაჩხერილი. ღარიბი უბნის გზაჯვარედინზე ბიჭები ხმამაღლა იცინიან, ნახევრადდანგრეული, დამშრალი შადრევნის გარშემო ბავშვები თამაშობენ. მჭიდრო დასახლებაში ორსართულიანი კოტეჯები და ერთსართულიანი „ბარაკებია“. მტკვრის სანაპიროსთან ახლოს, ჭალებთან მიწურივით შენობები დგას. ძველ სამეურნეო ნაგებობებში, როგორც ჩანს, ვიღაც ცხოვრობს – გარეთ სველი სარეცხი ჰკიდია. ხის კოტეჯის ეზოში ნაგავია მიმოფანტული. კაცი და ორი ბავშვი ნაგავში იქექება, რაღაცას პოულობენ და გვერდით ალაგებენ. აქ, ქვემოთ, ჭალებთან მიწის ნაკვეთის ფასი ოთხჯერ, ხუთჯერ დაბალია, ვიდრე ზედა უბანში.

თუკი დიღომი 7-ი პრესტიჟულ სტატუსს ცოტა ხანს კიდევ შეინარჩუნებს, ინვესტორები ჭალებსაც მიადგებიან, მანამდე კი, ეს ორასი მეტრი ორ დასახლებას შორის, ნამდვილი სოციალური უფსკრულია. მეზობელ ქუჩებზე მცხოვრები ადამიანები არასდროს ხვდებიან ერთმანეთს. ზედა ზოლში სახლებს გარე კამერები და დაცვის სისტემები აქვთ. ამ მცირე დისტანციაზე ხისტი სეგრეგაციის აშკარა ნიშნებია.

„ქალაქი მაშინ გაიღებს რაღაცას ყველასთვის, როდესაც ის ყველას შექმნილია“,

– ამბობდა ამერიკელი ურბანისტი ჯეინ ჯეიკობსი. ეს ერთ-ერთი ყველაზე გაცვეთილი ციტატაა, რომელსაც დღესაც ჯიუტად იმეორებენ. „ყველას შექმნილი ქალაქი“ დღემდე ილუზიად რჩება. უთვალავი თაობის გამოცდილებამ იდეალური ქალაქის ჯერ მხოლოდ უტოპიური იდეები შექმნა. თუმცა, ურბანიზაციის ისტორია ჯერ არ დასრულებულა.

ახალი გარეუბნები თბილისში შეუქცევადმა კრიზისმა გააჩინა. ქაოტური და ჭარბი ტრანსპორტის, გამონაბოლქვის, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სიმწვანის დეფიციტის გამო, ახალი ქალაქის ძებნა ქალაქიდან მოშორებით დაიწყეს. იქ, სადაც მას ალბათ ვერ იპოვიან. ერთადერთი, რასაც მოიპოვებენ, სიმშვიდე და მოჩვენებითი უსაფრთხოებაა. თუმცა მხოლოდ ეს არ არის ქალაქის არსი. მეტროპოლისი თანაცხოვრებაა უცნობ ადამიანებთან, მჭიდროდ ცხოვრება მათთან, ვინც განსხვავებულია, ვისთანაც შეიძლება საერთო ვერასდროს იპოვო. ჯეიკობსი ამბობდა, რომ მხოლოდ ქალაქი გაძლევს იმას, რასაც მოგზაურობის დროს თუ გამოცდი – შეეხო უცხოს, ყოველდღე აღმოაჩინო ახალი. ქალაქი პარადოქსებია, შესაძლებლის და შეუძლებლის მთლიანობა. სუბურბიები კი, ერთგვარი შეტყობინებაა ქალაქიდან. თუკი მათ შინაარსს ერთ ნარატივში მოვაქცევთ, ახალ ქუჩებში, შენობებში ქალაქის გზავნილებს წავიკითხავთ: იქ, ადამიანების სურვილები, მოლოდინები და მომავლის ქალაქის კონტურებიც კი იმალება.