როცა გასაბჭოებამდელი პერიოდის ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ჩვენება ერთი დარგის მაგალითზე გადავწყვიტეთ, თამბაქო შევარჩიეთ. რატომ მაინცდამაინც? ჭონქაძის ქუჩაზე დღესაც დგას თამბაქოს მრეწველ ნიკოლოზ ბოზარჯიანცის სამსართულიანი სახლი - მოდერნის სტილის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო შენობა თბილისში. შუშის მაგივრად ყველგან თლილი ბროლია, სადარბაზოში მარმარილო და ევროპიდან სპეციალურად გამოწერილი კედლის მოსაპირკეთებელი შორენკეცი. მაშინდელი ხმები, რომ სახლის პატრონს საძირკველში მუჭით სულ ბრილიანტები უფრქვევია, დღესაც დადის თბილისში. ეს ამბები აისბერგის თავი გვეგონა და მგონი, არც შევცდით.

ერთი ძველი დროის კაცი იგონებს, როგორ ნახა პირველად თადეოზ გურამიშვილი...
ძალიან გრძელთეთრულვაშიანი კაცი იწვა ტახტზე და წინ ედო უგრძესი ჩიბუხი, რომელიც ოთახის ბოლოს სწვდებოდა და როცა თადეოზს გაბოლება მოუნდებოდა, დაიყვირებდა: „ბიჭო, ცეცხლი, ბიჭო, ცეცხლი!“ შემოვარდებოდა მსახური და წაუკიდებდა ამ ჩიბუხს.

აკა მორჩილაძე – ქართულის რვეულები
XIX საუკუნის სურათები

 

იყო თადეოზ გურამიშვილის დროს ასეთი კაცი – სოლომონ ანდრონიკაშვილი – თადეოზივით ისიც თავადი და დიდი მამულების პატრონი. აკა მორჩილაძე რომ წერს – ასე გამოდის, მშვიდობიანობაში სოფლის თავადის ადგილი ტახტი იყოო – სოლომონის საქმე ეგრე არ ყოფილა: დაეთხოვა სამხედრო სამსახურს – ავად ვარო, წავიდა ბაკურციხეში და იქ დიდი ბაღი გააშენა. მარტო თუთის ხეს ეჭირა 100 დესეტინა მიწა. ერთი დესეტინა 1,09 ჰექტარის ტოლია. აბრეშუმის ამოსახვევი ქარხანაც გამართა და ამ საქმეზე წინ, მხოლოდ მეღვინეობა დააყენა. მისი აზრით, ასეც უნდა ყოფილიყო მთელ კახეთში. XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართული პრესა ხშირად ახსენებს თავად ანდრონიკაშვილს – ჰყვებიან მის გასაოცარ ხეხილის და ყვავილების ბაღებზე, „ჩინებულად შემუშავებულ Фერმა“-ზე, „არანჟერიებზე“ და სამეურნეო გამოფენებზე მიღებულ ჯილდოებზე. პირველი ქართული აგრონომიული პერიოდული გამოცემა „გუთნის დედა“ სოლომონის მიერ ალაზნის პირას მოყვანილ საუცხოო თამბაქოზეც წერს: „თ. სოლომონ ანდრონიკოვმა ცხადად დაგვიმტკიცა, რომ კახეთის მიწასაც შეუძლიან იმისთანა არომატიანი თამბაქოების მოყვანა, როგორიც მოგვდის ოსმალოდამ და რომლისათვის ყოველ წელიწადს ვგზავნით გრანიცის გარეთ რამდენიმე ათას პოლუიმპერიალსა. არამცთუ მარტო კახელებისთვის არი სარგო ეს საქმე, თვით მთავრობისთვისაც, რომელიც მოვალეა, რომ ამისთანა შემთხვევაში გამოიჩინოს ყოველივე თავის მოსარჩლეობითი უფლება. ახლა თითქმის ყველაფერი მომზადებულია, რომ ოსმალოდამ აღარ შემოვიდეს ჩვენში თამბაქო“.

თამბაქო უფრო ადრე და უფრო მეტადაც დასავლეთ საქართველოში გავრცელდა. იყო ჯერ კიდევ სოლომონამდე, ვინმე მემამულე ნიკო ჩიჯავაძე – კაცი მშრომელი და ინტერესიანი: იმერეთში კარტოფილის კულტურის დანერგვისა და მოსახლეობაში გავრცელებისთვის ორდენზეც კი ყოფილა წარდგენილი. აბრეშუმს ხომ ახვევდა და კონსტანტინოპოლში გაჰქონდა გასაყიდად, სორგოსგან არაყსაც ხდიდა, ბამბა გააშენა, ენდროც. 1850 წელს მან სოფელ სებეკაში საქართველოში თამბაქოს გადამამუშავებელი პირველი საწარმო გახსნა და თავისი მოყვანილი ჰავაის, მარილანდისა და კენტუკის საუცხოო ჯიშებიდან იმავე წელს 500 მანეთის პროდუქცია მიიღო.

50-იანი წლების ბოლოს ხონის მოსახლეობის დიდი ნაწილი თამბაქოს მოყვანა-გასაღებით ყოფილა დაკავებული, ისე რომ, 1858 წელს აქ სპეციალური „თამბაქოს იარმურკა“ გაუხსნიათ. სამეგრელოს მთავარი დავით დადიანიც ირწმუნებოდა – ადგილობრივ და შორეულ ბაზარზე 15-დან 20 000 ფუთამდე (245-327 ტონა) თამბაქოს ვყიდითო.

მოგვიანებით მეთამბაქოეობით აფხაზეთი დაწინაურდა, განსაკუთრებით 70-იანი წლების ბოლოდან ანუ მას შემდეგ, რაც მთავრობამ, როგორც ჩანს, სწორედ ის მოსარჩლეობითი უფლება გამოიყენა, რომელზეც „გუთნის დედა“ წერდა და უცხოურ თამბაქოზე მაღალი საბაჟო ტარიფი დააწესა. ამის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს თამბაქოს მოსავლის 2/3 რუსეთში იგზავნებოდა, რათა იქაური წარმოება ნედლეულით მოემარაგებინა. პეტერბურგელ მეფაბრიკეებს სოხუმში საწყობებიც ჰქონიათ დაქირავებული, სადაც მათი აგენტები რუსეთში გაგზავნამდე აბინავებდნენ თამბაქოს.

1874 წელს თბილისში უკვე თამბაქოს 16 საწარმოა, სადაც 900 კაცი მუშაობს, მათგან 400 არასრულწლოვანია. ეს ცნობა გაზეთ „კავკაზის“ ექვს ნომერში განაწილებული ვრცელი წერილიდანაა, რომელსაც მოკრძალებული სათაური აქვს – Несколько слов о рабочем вопросе по отношению к нашему краю. ჩემი მიზანი ამიერკავკასიის ქალაქელი მუშის ყოფაზე დაკვირვების გაზიარებააო, – წერს ავტორი. სტატიაში თამბაქოს წარმოება თბილისში ყველაზე დიდი – ენფიანჯიანცის ფაბრიკის მაგალითზე განიხილება, სადაც ამ დროისთვის 140 მუშა ირიცხებოდა. სამუშაო დღე 8 საათზე იწყებოდა და 1-საათიანი შესვენებით საღამოს ცხრის ნახევრამდე გრძელდებოდა. ნებისმიერი ტიპის სამუშაო ხელით სრულდებოდა. ყველაზე დიდი – მეპაპიროსეთა ჯგუფი იყო, რომელიც 50 კაცისგან შედგებოდა. მათ გამომუშავებით უხდიდნენ – 25 ან 30 კაპიკს 1000 ცალ პაპიროსზე, რის გამოც სამუშაოზე ხშირად ღამის 12-1 საათამდე რჩებოდნენ. სხვების ხელფასი ფიქსირებული იყო. მინიმალური ანაზღაურება თვეში 8 მანეთს შეადგენდა. არასრულწლოვნები უფროსების მსგავსად სრული სამუშაო დღე მუშაობდნენ – პაპიროსის კოლოფებს აწყობდნენ და ზედ იარლიყებს აკრავდნენ. ავტორი მათზე განსაკუთრებულად წუხს – 11, 12, 13 წლის ახალგაზრდა ორგანიზმი საათობით გაუნძრევლად ჯდომისგან ნორმალური განვითარების საშუალებას კარგავს და ნაადრევად ჩიავდებაო, მით უმეტეს, რომ „(თამბაქოს ქარხნების) ატმოსფერო იწვევს რიგ უსიამოვნო ავადმყოფობას (ორგანოების ძიგძიგი, ჭვალები, ხუთვა და სხვა.). იმ ექიმების დასკვნით, რომელთაც ჩატარებული აქვთ დაკვირვება რუსეთის ასეთსავე ქარხნებში, ესენი შეადგენენ მეთამბაქოეთა სპეციფიკურ დაავადებებს. ჩვენი თამბაქოს ქარხნებიდან მხოლოდ ენფიანჯიანცის და სხვა 3-4 ქარხანას თუ აქვს მეტ-ნაკლებად შესაფერი შენობა. უმეტესობა ან სარდაფშია, ან ქალაქის ბინძურ უბნებში. სავენტილაციო მოწყობილობა, გარდა სარკმლებისა, არსად მინახავს. ამ გარემოებას მხოლოდ იმით ვხსნი, რომ ფაბრიკების მეპატრონეებს არ აქვთ ჰიგიენური მოთხოვნების სწორი ხედვა. ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, თუმცა უფრო სამწუხაროა, რომ ამ საქმეში მათ არ ყავთ ხელმძღვანელი, რჩევის მიმცემი...“

სხვა წყაროები ასეთ ამბებსაც წერენ მეპაპიროსეებზე: „ძმას სახლშიც მოჰქონდა სამუშაო, მთელი ოჯახის წევრებს გვამუშავებდა – ჰილზებს ვახვევდით. შუაღამისას, როცა ძილი შეგვეპარებოდა, ძმა ჯოხით ხელში თავზე გვადგა და არ გვაძინებდა. ხშირად ჩემ დას ძილი მოერეოდა, ძმა ჯოხის ცემით აღვიძებდა საწყალ გოგოს და ტახტიდანაც გადმოაგდებდა – როგორ გაბედე დაძინებაო. არც ის იყო გასამტყუნარი. თუ ღამით არ დაამზადებდა მასალას, დღისით ვერაფერს გამოიმუშავებდა“. ამათ გარდა, დამხმარე ბიჭებიც ჰყავდათ, ე.წ. მუნდშტუჩნიკები, რომლებსაც ხელფასს თავიანთი გამომუშავებული თანხიდან უხდიდნენ.

მძიმე პირობების და დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, თამბაქოს წარმოების არეალი ფართოვდება, თბილისის და ქუთაისის შემდეგ საწარმოები იხსნება სიღნაღსა და სოხუმში. 1879 წლის ცნობით, ორი საწარმოა ახალციხეში, ერთიც ბათუმში – 1881 წლიდან.

80-იანი წლების ბოლოდან თამბაქოს წარმოების პროცესი რადიკალურად იცვლება – ჯერ მექანიკური დაზგის, მერე ორთქლის და შიდაწვის ძრავების შემოსვლამ ხელით შრომა ძლიერ შეამცირა. მუშაობის პროცესი დაჩქარდა და გაიაფდა – ძრავა 8-ჯერ მეტ სამუშაოს ასრულებდა, ვიდრე მუშაო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას დიდად არ დასტყობია. თბილისელი მეთამბაქოეები კარგადაც გაიკიცხნენ 1894 წელს, სავაჭრო-სამრეწველო დეპარტამენტის დირექტორის, სტ. გულიშამბაროვის წიგნად გამოცემულ მიმოხილვაში ამიერკავკასიის მხარის ფაბრიკებისა და ქარხნების შესახებ. ავტორი ერთი კი აღნიშნავს – ენფიანჯიანცის და ბოზარჯიანცის ნაწარმს მოსკოვსა და პეტერბურგში იწერენო, მაგრამ იქვე მოაყოლებს: კავკასიელ მეთამბაქოეებს კიდევ ბევრი დარჩათ გასაკეთებელი, რათა თამბაქოს წარმოებამ მისთვის შესაფერისი ადგილი დაიკავოს. აქ ხელმისაწვდომია უცხოური თამბაქოს ყველა საუკეთესო ჯიში და ამ მდიდარ მასალას გამოცდილი დამხარისხებლის ხელში შეუძლია ყველაზე დახვეწილი და „კაპრიზნი“ გემოვნების დაკმაყოფილებაც კი. გასაოცარია, როგორ ეპყრობიან დამხარისხებლებს  ფაბრიკებში, როცა სწორედ მათზეა დამოკიდებული მთლიანი საწარმოს წარმატება: მათი დღიური ანაზღაურება 70-90 კაპიკია, გამონაკლის შემთხვევაში – მანეთი და 10 კაპიკი. რასაკვირველია ამ ფასად წესიერი ოსტატის პოვნა ძნელია. ზოგიერთ ფაბრიკაში კი არის კარგი დამხარისხებელი, წარმატებით რომ არჩევს ერთ სახეობას მეორისგან, მაგრამ მათ შორის ძნელად თუ მოიძებნება თუნდაც ერთი, რომელსაც ზედმიწევნით ეცოდინება ყველა სახეობის თვისება და მათი გონივრული შერჩევით შეძლებს მოთხოვნებს შესაბამისი თამბაქოს მიღებას. ჩვენს ფაბრიკანტებს არ უნდათ შეიგნონ, რომ 2-3 გამოცდილი დამხარისხებლის ყოლა, თუნდაც 100 მანეთი ხელფასით თვეში, ასჯერ მეტი სარგებლის მომტანია. მომავალში ფაბრიკანტები ამას უთუოდ მიხვდებიან, თუმცა ჯერ თავიანთი გაუაზრებელი სიძუნწის ამარა რჩებიან.

იმავე მიმოხილვაში გულიშამბაროვი ბოზარჯიანცის შემოტანილ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეზეც წერს. საქმე ისაა, რომ თამბაქოს ფურცლები დაცალცალკევების დროს დაიფშვნება, თუ სინოტივე არ დაჰკრავს.

ქარხნებშიც მიღებული იყო თამბაქოს დანოტივება: ან ზუსტად ისე, როგორც ძველ რუსულ ფილმებში სარეცხს ნამავენ – პირში წყლის დაგუბებით, ან წყალში დასველებული  ცოცხით.

გულიშამბაროვში ორივე მეთოდი დაუფარავ ზიზღს იწვევს – პირველი როგორ შეიძლება სიფილისის და სხვა გადამდები დაავადებების პირობებშიო და მეორე კიდევ – რაც მე ბინძური წყალი და სისველისგან დამპალი ცოცხი მინახავსო. 2-3 ფაბრიკაში უკვე აპრობირებულ პულვერიზატორს თავად ბოზარჯიანცი არ სწყალობდა – არათანაბრად ასველებსო, ამიტომ ადგა და თამბაქოს დასანოტივებლად საწარმოში ორთქლის ქვაბი დაამონტაჟა.

მეორე გილდიის ვაჭარმა ნიკოლოზ ბოზარჯიანცმა თბილისში თამბაქოს წარმოება 1858 წელს დაიწყო. ამ დროისთვის ასეთივე საწარმოებს უკვე ამუშავებენ ძმები ბენიამინ და ამბარცუმ ენფიანჯიანცები. ის კი არა, ეს უკანასკნელი, წარმოებას ნაწილობრივ ლაგოდეხში გაშენებული თავისი კუთვნილი პლანტაციიდან ამარაგებს. პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური გამოწვევები ბევრი წვრილი საწარმოს დახურვის მიზეზი ხდება: რუსეთ-თურქეთის ომი, ახალი სააქციზო სისტემა, მექანიზაციის პროცესი... კონკურენციაც დიდია. თუმცა ბოზარჯიანცი მაინც ახერხებს, თავისი მანუფაქტურული ტიპის წარმოება დროთა განმავლობაში მსხვილ სააქციზო საზოგადოებად ჩამოაყალიბოს.

80-იანი წლების დასაწყისში საწარმო წლიურად 1200 ფუთ (19 656 კგ) ადგილობრივ და 150 ფუთ (2 457 კგ) შემოტანილ თამბაქოს გადაამუშავებს.

აღჭურვილობა: თამბაქოს საჭრელი 8 დაზგა, 25 დანა და ქაღალდის საჭრელი 1 მანქანა.

მუშახელი: 70 კაცი, მათგან 5 უცხოელი.

პროდუქცია: თუთუნი, პაპიროსი, სიგარა.

მოგვიანებით სიგარა წარმოებიდან ამოიღეს.

1885 წლის მონაცემებით, საწარმოში 122,4 გირვანქა (52 კგ) I, II და III ხარისხის თუთუნი და 43 857 000 ცალი I და II ხარისხის პაპიროსი დამზადდა. საზღვარგარეთ ტრანზიტით გაიტანეს 70 000 ცალი პაპიროსი. გამომუშავებული პროდუქციის ღირებულებამ 273 926 მანეთი შეადგინა. ფაბრიკაში თამბაქოს ხელით საჭრელი 12 დაზგაა. მუშათა რაოდენობა სეზონურად იცვლება. მაქსიმუმი 250 კაცია, მათგან 50 – არასრულწლოვანი. პროდუქცია ამიერკავკასიაში, რუსეთსა და საზღვარგარეთ გადის. თბილისში – სასახლის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში იყიდება ანუ სადღაც თავისუფლების მოედანსა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს შორის.

ამბობენ, ოჯახის ქონება ოფიციალურად ბოზარჯიანცის ცოლს ეკუთვნოდა გაკოტრების შემთხვევაში მისი (ქონების, არა ცოლის) შენარჩუნების მიზნით.

ამიტომ იყო, რომ თბილისელები, ვენეციური შუშით გაწყობილ მათ მდიდრულ, სამსართულიან სახლს, რომელიც ჭონქაძის ქუჩაზე ახლაც დგას, მადამ ბოზარჯიანცს ეძახდნენ. ბოზარჯიანცებს ჰყავდათ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილიც, რომელსაც პარიზიდან ამასთან ერთად გამოწერილი მძღოლი მართავდა. სახლის არ იყოს, ავტოფარეხად გადაკეთებულ საჯინიბოს ახლაც კი ნახავთ, თუ უკანა ეზოში ოთხკუთხა თაღით შეხვალთ.

1900 წელს ბოზარჯიანცის თამბაქოს ფაბრიკა ფირმად გადაკეთდა – Табачная фабрика торгового дома Николая Бозарджианца с сыновьями. ფირმის კაპიტალი 10 000 მანეთს შეადგენდა. ამ წლის მონაცემებით, ბოზარჯიანცის ფაბრიკაში 12 ცხენის ძალის მქონე ნავთზე მომუშავე ერთი ძრავაა და 401 მუშა. დამზადებული პროდუქტის ღირებულება 499 000 მანეთს შეადგენს.

მისი უახლოესი კონკურენტების იგივე მაჩვენებლები ასეთია:

ა. ენფიანჯიანცის ფაბრიკა: 20 ცხენის ძალის მქონე ბენზინზე მომუშავე 2 ძრავა, 315 მუშა, დამზადებული პროდუქტის ღირებულება – 515 800 მანეთი.

(ეს, როგორც ჩანს, „იმ“ ენფიანჯიანცების გვარის და საქმის გამგრძელებელია, რადგან სახელმწიფო არქივში დაცულ 1898 წლის გეგმაზე, მაშინდელი ეკატერინესა და ნიკოლოზის ქუჩების კვეთაზე მდებარე თამბაქოს ფაბრიკის მეპატრონედ არტაშეს ამბარცუმის ძე ენფიანჯიანცია მითითებული.)

სააქციო საზოგადოება „МИР“: 12 ცხენის ძალის მქონე გაზზე მომუშავე ერთი ძრავა, 212 მუშა, დამზადებული პროდუქტის ღირებულება – 518 500 მანეთი.

ამ სამის გარდა, კიდევ 2 ფაბრიკაა თბილისში: საფაროვის მემკვიდრეების და ბუტულოვის, ერთი – ქუთაისში – ძმებ ფირალოვების, ორი – ბათუმში – ბინიატ-ოღლის და ლევბერგის და ყველაზე მცირეშემოსავლიანი სარიევის ფაბრიკა ახალციხეში. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ბათუმის საწარმოებში ძირითადად აჭარის პლანტაციებში მოყვანილ თამბაქოს ამუშავებდნენ, რომელიც დიდი რაოდენობით ნიკოტინს შეიცავდა და უფრო არომატული იყო, თუმცა სიმაგრის გამო მასში აღმოსავლეთ საქართველოში მოყვანილ თამბაქოსაც ურევდნენ.

1900-იანი წლების დასაწყისში თბილისის თამბაქოს ფაბრიკების მიერ გამომუშავებული პროდუქციის ღირებულება 2 000 000 მანეთს აჭარბებს და საწარმოების ელექტროფიკაცია იწყება. თუმცა, ჩანს, ფაბრიკის მუშათა ხელფასები და შრომის პირობები არ იცვლება და XIX საუკუნის ბოლოს დაწყებული გაფიცვების და პროტესტის ტალღაც გაგრძელდა. 1906 წელს, გაზეთ „ლამპარში“ გამოქვეყნდა თამბაქოს ფაბრიკის მუშათა გაფიცვის ბიუროს 4-პუნქტიანი რეზოლუცია, რომელიც საზოგადოებას გაფიცულ მუშათა მხარდასაჭერად ენფიანჯიანცის, ბოზარჯიანცის, საფაროვის და „МИР“-ის ქარხნების პროდუქციის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდა,

„სანამ არ იქნება დამსხვრეული სიკერპე კაპიტალისტებისა და არ იქნება შესრულებული მოთხოვნილებანი მუშებისა“.

იმავე წელს გამოქვეყნდა ერთი საინტერესო ცნობაც: ენფიანჯიანცის ფაბრიკის მუშებმა ჯარისკაცთა შორის არეულობის ბრალდებით დაკავებული მინგრელსკი პოლკის 27 ჯარიკაცის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და, ამასთან ერთად, სიკვდილით დასჯის გაუქმება მოითხოვეს. თემას რომ დავუბრუნდეთ: ვერ გეტყვით, რა გავლენა მოახდინა ბოიკოტირებისკენ მოწოდებამ. ფაქტია, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილება გაიზარდა, ფაბრიკების უმრავლესობამ საქმიანობა გააფართოვა და დასაქმებულ მუშათა რაოდენობაც გაზარდა. თბილისში მომუშავე 6-დან ოთხმა, მათ შორის, ბოზარჯიანცის და ენფიანჯიანცის ფაბრიკამ წარმოება სამხედრო დაკვეთების ხარჯზე გაზარდა.

ომის დასრულების შემდეგ, უკვე არსებობს პროფესიული კავშირები, რომელთა საქმიანობაზეც ჟურნალი „მუშათა ცხოვრება“ ძალიან საინტერესო რამეებს წერს. მაგალითად, თუთუნის ფაბრიკებში მომუშავეთა კავშირი: მართავს სეირნობას უმუშევარი წევრების სასარგებლოდ, სთხოვს სატარიფო პალატას, დააჩქაროს მუშებისთვის იაფი სანოვაგის მიწოდების საქმის მოგვარება, 1000 მანეთს ურიცხავს გაფიცულ მრეცხავთა და მღებავთა კავშირს, აცნობებს შრომის კომისარს, რომ კოლოფების სახელოსნოს მუშებს დამქირავებლები არ აძლევენ აბანოს ფულს და არ უშვებენ დასასვენებლად, როცა ეკუთვნით, ეხმარება სახალხო უნივერსიტეტს 2000 მანეთით და ავალდებულებს მუშებს, თითო კოლოფი პაპიროსი შესწირონ უნივერსიტეტის სასარგებლოდ „განზრახულ“ საღამოს, სთხოვს პროფესიულ კავშირთა საბჭოს შუამდგომლობას ჯარში გაწვეული მუშებისთვის ნახევარი ხელფასის გადახდის შესახებ, შუამდგომლობს „დედობრივობის დამცველ საზოგადოებასთან“, რათა „მოწყობილი იქნეს ქარხანაში იასლები ძუძუ მწოვარ ბავშვებისთვის“...

1921 წელს, გასაბჭოებიდან 4 თვის შემდეგ, გაზეთი „მუშის შრომა“ ჯერ კიდევ ახსენებს ბოზარჯიანცის ქარხანას – შრომის ნაყოფიერება 50%-ით გააძლიერაო. აქედანვე ვიგებთ, რომ თბილისში არსებული 20 თუთუნის ქარხნიდან 17 „ნორმალურად მუშაობს“, 1 წითელ ლაშქარს გადაეცა, ორის მუშაობა კი შეჩერებულია. მალე ქვეყანაში ახალი ეპოქა კერძო საკუთრების ნაციონალიზაციის პროცესით დაიწყება. მადამ ბოზარჯიანცის მდიდრულ სახლში ბერია შესახლდება და მეორე სართულზე, სამეჯლისო ოთახსაც გადატიხრავენ.