(ასავალ-დასავალი შავი ყუთით)

ხშირად დამიჭერია ჩემი თავი იმაზე, თუ რა მარტივია, ქვეყნიდან წასულისთვის ქვეყანაში დარჩენილთა მიმართ საყვედურით აღსავსე დესტრუქციული კომენტარების კეთება. ან ქვეყნიდან გაქცეულებს რო მოუწოდებ უარი თქვან თავშესაფრის ძიებაზე, რადგან შენ სასწავლებლად ან სამუშაოდ წასვლაც შეგიძლია და თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გზა არ არის შენი ფიზიკური გადარჩენისათვის.

მიუხედავად ამისა, არ შემიძლია იმ ფუფუნებით არ ვისარგებლო, რომ ჩემს სამშობლოს, საქართველოს, ახლა უკვე სტუმრის როლში ვუბრუნდები. ჩემს ბოლო ჩამოსვლამდე არასდროს მიცხოვრია მაღალსართულიან კორპუსში. განსაკუთრებით არასდროს მიცხოვრია სახლში, რომელშიც ფასიანი ლიფტია. ფასიანი ლიფტის საქართველოს გარდა დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ამოუხსნელი ფენომენის გაგება ყოველთვის მიჭირდა. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლოთ ჩემს განათლებულ, სოციალურად აქტიურ, მთებს და მილიარდერებს რომ ძვრას უზავენ, სხვა სიტყვებით, შესანიშნავ მეგობრებს ნორმად მიეჩნიათ შავი ყუთის არსებობა საკუთარ სადარბაზოში. მე არასდროს ვასტიმულირებდი ამ ნაციონალურ სპორტს, გარდა იმისა, რომ თვითონ მივდიოდი ასეთ სახლებში სტუმრად და საკმარის საფასურსაც ვიხდიდი ამაში.

ასე იყო ბოლო ჩამოსვლამდე. ბოლოს კი კლასიკურ ფასიანლიფტიან სახლში აღმოვჩნდი 3 კვირით და ამ დროის განმავლობაში არაერთი სტუმარი ვაიძულე ფული გადაეხადა ჩემთან ამოსვლაში. ერთს არ ჰქონდა ფული და ამის გამო ფეხითაც ამოვიდა.

მე იხტიბარს არ ვიტეხდი და მანამდე მაგ სართულზე მცხოვრები მეგობრის მიერ ნასწავლ ლაიფხაკს ვიყენებდი, ლიფტს ვტროლავდი და უფასოდ ვმგზავრობდი (ზურგის და ფეხების მიბჯენით ჰაერში ეკიდებით რამდენიმე წამით, სანამ ლიფტი იფიქრებს რომ ცარიელია, ვიღაცამ გამოიძახა და დაიძრება). ამით ოდნავ მაინც ვიმშვიდებდი სინდისს, რომ ფინანსურად არ ვაძლიერებდი ამ არასწორ საქმეს.

თითქოს არაფერი. ერთი შეხედვით ეს ყუთი, რომელიც კაბინაში გხვდება, ცოტა ახალისებს კიდეც ლიფტით მგზავრობის რუტინულ და მოსაწყენ პროცესს, გეხმარება კაბინაში შემოსულ უცნობ თანამგზავთან უხერხული, კლაუსტროფობიული სიჩუმის დარღვევაში და სხვა. თუმცა თითქოს საზრუნავსაც გიჩენს, გაჩელენჯებს. ფასიან ლიფტზე ფიქრი იწყება იმაზე ადრეც კი სანამ დარწმუნდები, რომ ტაქსისტისთვის მისაცემი ნაღდი ფული ზუსტად გაქვს და უხურდობის გამო არ გაიწეწები. უპირველეს ყოვლისა უნდა გაარკვიო, არის თუ არა ფასიანი ლიფტი, იქ სადაც მიდიხარ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სადაც მიდიხარ, იქ შეიძლება მაღაზია არ იყოს და ტაქსისტსაც არ ჰქონდეს ათთეთრიანი. ამის საჭიროება ზოგიერთ უბანში არ არის, მაგალითად, ძველ უბნებში აშენებულ ახალ კორპუსებში და ვაკეში - ვიძიმა იქ იმდენად მდიდრები ცხოვრობენ, რომ ძალიან ეგოიმებათ სტუმრებისთვის ფულის გადახდევინება. ხო არ ვიფიქრებთ რომ ეგ გაუჭირდათ?

მოკლედ, როდესაც არკვევ ფასიანია თუ არა, ისიც უნდა იკითხო რა ნომინალის მონეტებს იღებს მინიმუმ და საერთოდ. მაგ. მინიმუმ 5 თეთრიანია საკმარისი, თუ აუცილებლად 10 თეთრიანი უნდა იყოს? 20 იანი ჩაეტევა რამე რო იყოს? და ჩასვლაც ფასიანია, თუ არა?). ცხადია, უმჯობესია, როდესაც ჩასვლაც ფასიანია და ფეხით დაღმა სიარულის სტიმულირება მაინც შეუძლია გააკეთოს. შემდეგ უნდა დარწმუნდე, რომ 3 ცალი მონეტა მაინც გაქვს, რადგან რავი, მაინც, ამბობენ, რომ რაღაცა არსებობს.  

წარმოიდგინეთ, თუ ეტლით გიწევთ გადაადგილება თქვენ, ან რომელიმე სხვა ადამიანს, (მაგ. ბავშვის ეტლით გადასაყვანად სჭირდება ლიფტი) გიწევს ეს უფლება იყიდო. ტალინში, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, დიდი ხანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულებით უფასოა. წელს, ესტონეთის მასშტაბით რამდენიმე მთავარმა ქალაქმა მიბაძა ტალინს და საკუთარი მოქალაქისთვის გადაადგილება ფაქტიურად ადამიანის უფლებად შერაცხა. ჩვენთან კი რა ხდება: მიდიხარ სტუმრად ტაქსით, რადგან უხარისხო საზოგადოებვრივი ტრანსპორტი არაეფექტურია. იხდი იმაზე ბევრად მეტ თანხას ლიფტებში, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში. მეტროს მემანქანის ხელფასიც გაღელვებს ცხადია, აქციაზეც შეიძლება გაგიყვანოს მათი დაბალი ანაზღაურების პრობლემამ, მაგრამ ლიფტში უფრო მეტს გადაიხდიდი.

წარმოიდგინეთ, როგორ გინდათ ახსნათ, რომ სადარბაზოს სხვა ხარჯები იყოფა მაცხოვრებლებზე და შესაძლებელია ისეთი მექანიზმის მონახვა, რაც იმ ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფდა და შეუძლებელი ლიფტის შემთხვევაში? იმის გამო, რომ პირველი რამდენიმე სართულის მაცხოვრებელი არ თვლის საჭიროდ გადაიხადოს ლიფტის ფული, ამიტომ უნდა დავაკისროთ მოხმარების მიხედვით გადასახადი, რადგან სადარბაზო ამაზე ცივილურ ხერხზე ვერ შეთანხმდა!

ეს მოცემულობა აბსოლუტურად ნორმალურია ბევრი ჩემი მეგობრისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ თავად უკეთ უწყის, თუ რა ჯობია ერის ნათელი და ევროპული მომავლისათვის.

მიმაჩნია, რომ სადარბაზო, რომელიც ვერ შეთანხმდა ამ მარტივი რამის ადმინისტრირებაზე, არის Georgia in a nutshell (საქართველო ხელის გულზე), რომელიც ვერ შეთანხმებულა ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ საჭირბოროტოდ ქცეულ საკითხზე.

როდესაც ამ პრობლემაზე ჩემს ახლო მეგობრებს ველაპარაკე, მათი ნაწილი ცოტა დაისტიგმასავით. ზოგმა გაიზიარა ჩემი წუხილი. ზოგსაც სასაცილოდ არ ეყო, „სულ გამოშტერდა ესაო“. ვიფიქრე, იქნებ მართლა გამოვშტერდი-თქო და ფიქრი განვაგრძე. სულ უფრო მიღრმავდებოდა პესიმიზმი, რომ ეს პრობლემა არ შეიძლებოდა მხოლოდ ჩემი ასაკობრივი დემენციის ბრალი ყოფილიყო.

აბა, წარმოიდგინეთ კანალიზაცია რომ გადავუკეტოთ ზედა სართულებს და ჩვენი კანალიზაციის გადასახადის ნაწილი ტრანზიტისთვის მათ დავაკისროთ, რადგან ჩვენ ბინაზე გადის. ანუ რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფრო ძვირად ჯვამ!

ან რა შორს მივდივართ. ღმერთმა ყველას აშოროს და სიკვდილი ხომ გარდაუვალია? გვიან თუ ადრე, ხო ყველა მოვკვდებით? ხოდა, რა გახდა ამისთანა იმის გაგება, რომ მაგ. უკანასკნელ გზაზე რომ აცილებ ადამიანს, იმის პირველ სართულზე ჩატანაში 10 თეთრი არ უნდა გადაახდევინო ჭირისუფალს სატვირთო ლიფტში (ისედაც მილიონი სხვა ხარჯი აქვს გასაწევი). თუმცა, არა. ახლა გამახსენდა როგორ უხარიათ ხოლმე მეზობლებს სადარბაზოს მკვდარი, რადგან ზოგან ლიფტი უფასო ხდება სამძიმრის დღეებში.

მოკლედ, ვერც იმაზე ვთანხმდებით სიგრძე სიგანეში როგორ გადავადგილდეთ, როგორ მოვახერხოთ ისე, რომ მანქანა გზის სავალ ნაწილზე დადიოდეს და ფეხითმოსიარულეს ტროტუარის თავისუფლება ჰქონდეს, რომ ერთმანეთი გამონაბოლქვით არ გავგუდოთ და ვერც იმაზე, თუ სიმაღლეში როგორ ვტრანსპორტირდეთ ისე, რომ ფასიანი ლიფტზე ოდნავ მაღლა შევძლოთ დადგომა. არ მინდა ეს ჩანაწერი ქვეყნიდან მოხეული ტიპის წუწუნად დარჩეს. მინდა კონკრეტულმა ადამიანებმა კონკრეტული ინიციატივები დაიწყონ მათ სახლებში ლიფტების განფასიანებისათვის. როგორც მერია ეზოების მოწყობას აფინანსებს დახურული გარაჟების მოშლის სანაცვლოდ, ეგეთი ინიციატივაა საჭირო, რომ ვინმე დაეხმაროს დაანგარიშებაში და ისეთი მოდელის შემუშავებაში, რომელზეც ყველა შეთანხმდება. სხვა შემთხვევაში? უარს ვაცხადებ იმ სახლებში სტუმრად სიარულზე, სადაც ფასიანი ლიფტია!

კედლის მხატვრობა: luna925