მიყვარს გაზაფხულზე ტროტუარებისა და შენობების ბზარებში თავამოყოფილი მცენარეების თვალიერება. ზოგი ძლიერია, მოკლე და სქელი ღეროთი მიზანმიმართულად მოიწევს სინათლისკენ; ზოგი მიწის ზედაპირზე ამოწვერილი მთელი არსებით ეძლევა თავგადასავალს და განიერ მწვანე ფოთლებს ფართოდ შლის ნაცრისფერ ასფალტზე; ზოგი კი ისეთი ნატიფი ყვავილით ყვავის, რომ ძნელიც კია წარმოიდგინო რა ძალა დაეხმარა ქვისა და ბეტონის შრეების გარღვევაში. ეს მცენარეები ავანგარდში მდგარი ერთეულები არიან, მათ ზურგს ქალაქის გზებისა და ტროტუარების ქვეშ დამარხული გაყინული სიცოცხლე უმაგრებს, რომელიც დაბადებისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება. 

ეს მხოლოდ ლამაზი მეტაფორა როდია. ქალაქები ბუნების დამორჩილების, ხშირად მისი დასაფლავების შედეგად იქმნება. რომაელებიდან მოყოლებული დღემდე მდინარეებს, ნაკადულებს თუ წყალგამყოფებს ვმარხავთ, ვუცვლით მათ კალაპოტს და არხებში, მილებსა და წყალსადინრებში მივმართავთ. თითქოს წყალი ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულია, რომლის დამონებაც მხოლოდ მისი მიწისქვეშეთში გამომწყვდევითაა შესაძლებელი.

ერთი გამოთქმის მიხედვით, თუკი მდინარე ცივილიზაციების აკვანია, ცივილიზაცია მდინარეების სასაფლაოა.

ლანდშაფტის ცვლილება, მთების გაჭრა, მიწის ცემენტით დაფარვა და ხეების ტროტუარებზე ჩაბეტონება თანამედროვე ქალაქებისთვის რუტინად იქცა. როგორც კი სადმე, შემთხვევით ბუნება თავისი ველური სახით გამოვლინდება, ობიექტზე მყისვე გადის „ჭუჭყთან“, „ტალახთან“ და „სარეველებთან“ მებრძოლი ბრიგადა და ქალაქს ჩვეულ სტერილურ სახეს უბრუნებს. სუფთა, ასეპტიკური, მკაცრად კონტროლირებადი გარემო (და სხეულები) ხომ საუკუნეების მანძილზე განვითარების, კეთილდღეობისა და ცივილიზაციის სიმბოლოდ იყო ქცეული. ჯერ კიდევ ვიქტორიანული ეპოქის საპნის რეკლამა გვამცნობს, რომ „საპნის მოხმარება ხალხის სიმდიდრის, განვითარების, ჯანმრთელობისა და სიწმინდის საზომია“. თუმცა, ასეთ ბერწ, „ბეტონის ჯუნგლებად“ შერაცხულ ქალაქებს მომავალი აღარ აქვთ, რაკი მათ ქვეშ მძინარე ბუნება ნელ-ნელა იღვიძებს.

„გაველურება“ (Rewilding) ეკოლოგების, კონსერვატორების, არქიტექტორების, სივრცის დამგეგმავებისა და დიზაინერების ენაზე ტერიტორიის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას, გამქრალი სახეობების ხელახლა წარდგენას და ლანდშაფტის აღდგენას გულისხმობს. ეს კონცეპტი საკმაოდ ახალგაზრდაა და პირველად 1990-იან წლებში გაჩნდა. თუმცა მისი მნიშვნელობა სწრაფად გაფართოვდა და დღეს გაველურება ბუნებით მდიდარი მომავლის, ბუნებით მდიდარი ქალაქების, ბუნებით მდიდარი სკოლების, სამუშაო ადგილების, სახლებისა და ეზოების შექმნას გულისხმობს. ქალაქების გაველურება პასუხია იმ რეალობაზე, რომელიც თავად შევქმენით.

კლიმატის ცვლილება, საკვების უსაფრთხოება, დანაშაული და სოციალური უთანასწორობა, ურბანული ტერიტორიების ზრდა (ზოგიერთი პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისათვის ქალაქები დამატებით 1,2 მილიონ კვ.კმ ფართობზე გაშენდება, რომ წარმოვიდგინოთ, ეს 17  საქართველოს ზომის ტერიტორიაა) – ეს ყველაფერი გვიბიძგებს, განსხვავებულ ქალაქებზე ვიოცნებოთ;

იმგვარ ქალაქებზე,  რომლებიც ახალი საუკუნის პრობლემებს დაფიქრებულად და ჭკვიანურად პასუხობს, ჰაქსლისეული მომავლისგანაც განსხვავდება და საერთო კეთილდღეობის მიღწევას ცდილობს ადამიანებსა და ბუნებას შორის გაწყვეტილი კავშირის აღდგენით.