გამოცემიდან Tbilisi Archive of Transition

1951 წლის 4 ნოემბერს წყალი ჩადგა
საუკეთესო გამოსასვლელ ტანსაცმელში გამოპრანჭული ოჯახები, ხელში საცობდაცმული წითელი ღვინის ბოთლებითა და ჭიქებით, აბიბინებულ ფერდობებზე შეიკრიბნენ. კაცებს ქუდები ეხურათ, ქალებს ‒ თავსაფრები, ასე იცავდნენ თავს გვიანი შემოდგომის გამჭოლი ქარისგან, რომელიც მიწაზე უმოწყალოდ აწვენდა ბალახს. „გაზ“-ები თავიანთი მომრგვალებული სახურავებით, ხოჭოებივით, მოხდენილად ჩამწკრივებულიყვნენ წყალგამშვები ნაგებობის ზემოთ. ადამიანების წერტილოვანი სილუეტები გზას უთმობდნენ გაბნეულ ხეთა რიგებს მყუდრო ხეობაში, სადაც მდინარეს ლანდშაფტის მიხვეულ-მოხვეული კონტურები გამოჰყავდა. მდინარის მიღმა გადაშლილიყო თბილისი ‒ ჰორიზონტზე გაწოლილი ქედების საბურველში გახვეული ქალაქი.
ყველა ელოდებოდა წყალს. აქ საგანგებოდ მოიწვიეს, რათა ერთად ენახათ წარღვნისწინა ეპიზოდის განმეორება. მოსწორებულ მიწაზე მდგარი ადამიანები, თითქოს, გზას უთმობენ ოთხ მამაკაცს, რომლებიც დაბლობის უკიდურეს კიდეზე დაღმართზე ჩადიან. ორნი მუხლებზე ხელშემოხვეულები სხედან, გასცქერიან წყალს, რომელიც ჯერ არსად ჩანს. ორნი კი დგანან და ერთმანეთს სახეში შეჰყურებენ, თითქოს, ამ პოზით სურთ მონიშნონ მომავალი სანაპიროს საზღვრები. დანარჩენები, წყვილ-წყვილად მიჰყვებიან კოხტად მორკალულ გზას და ხელოვნურად გაკეთებულ მიწაყრილს.

4 ნოემბერს წყალი ჩადგა
ცის სანახები წყალმა თვეებით ადრე დატოვა ‒ აპრილში ჩამოიცალა მიწაზე, იმ დროს, როცა ბოლოს იწვიმა. მას მერე 65 კილომეტრის დაშორებით აკავებდნენ ‒ ღრმა, მთაგორიან ხეობაში, რომელსაც სიონი ჰქვია. სიონის მიწის კაშხალი კი თავისი მკაცრი კონსტრუქციით იდეალურად ავლენდა მთელი გეო-ჰიდრო-პოლიტიკური სისტემის პოტენციურ ძალას. თითქოს, მის სიღრმეში სათუთად ინახებოდა საბჭოთა აგროკულტურალისტების ოცნებები ‒ ატალახებული მიწის სისველე და განოყიერებული უდაბნოს სურნელება.

მაგრამ დღეს წყალი უკვე აღარც იქაა. უკვე რამდენიმე დღეა, მდინარე ივრის კირქვიან ფსკერზე მიიკლაკნება. გასცდა ყუდროს, ბოჭორმას, სასადილოს, გეზი აიღო უჯარმისკენ, რომელიც ვახტანგ გორგასლის დროს აგებული ქვის ციხესიმაგრეა და მერვე საუკუნემდე საქართველოს მეორე დედაქალაქი გახლდათ. წყალი სწორედ აქ, ოთარაანში, ივრის წყალსაცავში დგას დღემდე.

4 ნოემბერს წყალი ჩადგა

16-საათიანი გრავიტაციული მანევრირებაა საჭირო წყალზე, ივრის წყალსაცავიდან ნაკადმა აქამდე რომ იმოძრაოს. ინჟინრებმა მოძრაობის არეალი ასე მოხაზეს: ივრის ზეგნის გადაღმა, შირაქის ვაკის გადასწვრივ, მთების ძირში, სამგორის ველამდე გაყვანილი 89-კილომეტრიანი არხით. ამ არხს ზემო სამგორის არხს უწოდებენ. ეს საქართველოში ყველაზე დიდი სადრენაჟო და საირიგაციო სისტემაა, რომელიც აზერბაიჯანის ხრიოკ საზღვრამდე აღწევს.

ლურჯი, კამკამა და ჩქარი დინება ბეტონის ტრაპეციულად გამოყვანილ არხში მიიკვლევს გზას. გადის სააკაძეს ‒ სახელგატეხილი და შემდეგ სტალინის მიერ რეაბილიტირებული მეომრის სახელთან დაკავშირებულ სოფელს, და იქიდან, ერთიანად მოსწორებული პლატოდან, ქვემოთ გადაშლილ მდინარის ხეობაში 150 მეტრზე ეშვება ჩქარი ვარდნით. მისრიალებს ორ შედუღებული ფოლადის მილში და იქიდან ტურბინებში, რომლებიც ელექტროენერგიით ამარაგებს აეროპორტსა და აწ უკვე მიტოვებულ ბეწვეულის ფაბრიკას. უკან იტოვებს ახლად გაშენებულ მეფრინველეობის და საჩვენებელ სახელმწიფო ფერმებს, მერე კი გადაღმა მდებარე დახურულ აუზში ჩაედინება.

იქ, სადაც ადრე ხმელ ბალახებსა და დაბალ ბუჩქებში ხვლიკები, თაგვები, მწყრები და მიმინოები ბინადრობდნენ, ახლა წყალი სწრაფ დინებად მოჩქეფს. ჩნდება წყალი და მის კვალდაკვალ ჩნდება პირსიც, თან არაერთი. მრავლდება ნავებიც. იქვეა „ოქროს საწმისის ახალგაზრდული ბანაკი“ და ივრის ტურისტული სასტუმრო. აგვისტოს გახუნებულ სიყვითლეში ერთბაშად ჩნდება ყინულივით ლურჯი ტბა. სიცხესა და მტვერში ჩაგუბებულ ქალაქს სხვა რა უნდა სურდეს? წყლის ცარცივით ლურჯ ფერში დროდადრო კალციტის ფსკერი კრთება. ერთ მხარეს ვიწრო და მეჩხერია. მეორე მხარეს ‒ განიერი, ღრმა, მუქი. სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხი სამდონიანი ზიკურატის მაგვარი არხის ჰიდროტექნიკური ნაგებობის გავლით კასკადურად, შმაგად ეშვება თბილისის ზღვაში. 

თბილისის ზღვისკენ

ჩვენ მას ზღვას ვეძახით. მაგრამ ესეც შედარებითია. მის წყალში მარილის შემცველობა საერთოდ არ არის, ცხელ, მშრალ ამინდში, აორთქლებისას, ცარცოვანი ნარჩენები რომ დატოვოს. „ტბა“ ძნელად ეთქმის ამ სამ პატარა, რძისფრად ამღვრეულ გუბეს, ავდრის მერე ძლივს რომ ნამავდნენ ფსკერს, და კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მალე იქცეოდნენ ზღვად.

ზღვა, როგორც შედარება

ვიდრე ფირუზისფერი წყალი აავსებდა ამ მოტიტვლებულ გორაკებს, ამ ადგილას სწორედაც რომ სამი მლაშე ტბა იყო ‒ ავლაბრის, კუკიისა და ილგუნიანის ტბები, რომლებიც პატარა ლაქებივით ემჩნეოდნენ ფსკერს. აქ, მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში, შორსმჭვრეტელმა ქართველმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ, ნიკო ნიკოლაძემ, მიზნად დაისახა, ეს სამი მარილიანი ტბა ურთიერთდაკავშირებულ, გარემოსთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი სითხით სავსე აუზების კასკადად ექცია. მას სურდა, წყალი ქალაქის თავზე გადაშლილ ზეგანზე აეყვანა და ასე გარდაექმნა მთელი ქალაქის კლიმატი, მთელი აქაური ატმოსფერო ‒ ერთხელ და სამუდამოდ შეეცვალა თბილისის მომჟავო, გამომშრალი ჰაერი. ის მისდევდა თეორიას, რომ წყალი იწვევს მეტ წყალს; რომ ზღვა გაწმენდს ჰაერს და რომ მისი თერმული მასა ისევე დაიტევს ქალაქის სიცხეს, როგორც იტევდა წყალს კიტრის ნათესებისთვის.

ნიკო ნიკოლაძე მართალიც იყო. ქალაქის ტემპერატურა ზღვის მოწყობის შემდეგ ოთხი გრადუსით დაეცა. ხეხილის ბაღები და ვენახები აყვავდა იქ, სადაც მხოლოდ ყველაზე ჯიუტი ბალახი თუ გადაურჩებოდა ზაფხულის სიცხეს.

 

4 ნოემბერს ჩადგა წყალი

ქალაქის თავზე გაშლილ სამგორის მაღალ ზეგანზე ხალხი მიიწვიეს, რათა ყველას თავისი თვალით ენახა, როგორ ტარდება სოციო-ეკონომიკურ ეკოლოგიაში დიდი ექსპერიმენტი. რათა საკუთარი სახლებიდან გამოსულ მოსახლეობას ახლოდან ენახა, თუ როგორ ივსება კავკასიის მთისწინეთიდან წამოსული წყლით ქვიშაქვისა და თიხის აუზი. თავდაპირველად წყალი მოღელავს ‒ აუზის ჩამხმარ ტალახში ავლებს ბილიკებს. თავდაპირველი შემოდინების შემდეგ კი, რომლის უკუქცევაც შეუძლებელია, ნაკადი ტემპს ამცირებს. საბოლოოდ, ზღვის ავსებას შვიდი დღე სჭირდება. 900 ათასამდე კუბური მეტრი წყალი 250 ჰექტარს ფარავს, ესაა წყალი, რომელიც აქამდე ‒ ქალაქის თავზე მოწყობილ ამ ყამირ აუზამდე ‒ ნაკად-ნაკად, ვიწრო თუ განიერი არხებით მოვიდა.
ერთ დროს გაშიშვლებული ნაპირები ახლა კაკლებს, სექვოიებს, ნაძვებს, იტალიურ ფიჭვებს აცოცხლებს და თბილისის მყუდრო იახტკლუბსაც მასპინძლობს. შიგადაშიგ ხიდან ხეზე დუნედ თუ გადაფრინდება ხოხობი. ზღვის სამხრეთი ნაპირი საბჭოური ეკონომიკის ქვაკუთხედს ქმნის ‒ იქაა ვარკეთილის სახელმწიფო მეურნეობა, სადაც ხეხილის ახალ სახეობებზე კიდევ უფრო ახალი ტექნოლოგიებით მიღებულ პესტიციდებს ცდიან, თვითონ მეურნეობა კი მოთავსებულია გამჭვირვალე სივრცულ ნაგებობაში ‒ ისეთში, როგორიც სახელმწიფოს მიერ მართულ ეკონომიკურ სისტემას შეშვენის.

მთის წყალი ზღვაში ვერ ჩერდება, მქუხარედ მიედინება და ფართო საირიგაციო სისტემას ქმნის, რომელიც სამგორის ხეობიდან გზას ქვევით, ჯანდარის წყალსაცავისკენ პოულობს და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ფართოვდება. გზად, მთავარი და მეორადი არხების 350-კილომეტრიანი ქსელი კვებავს წყალს და ნოყიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს აჩენს, რომლებიც თბილისის საკვები პროდუქტებით მომარაგების ძირითად წყაროდ იქცევიან.
თუმცა, პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნების წლებში, უფრო უყურადღებობის, ვიდრე წინასწარ განზრახვის გამო, ეს საირიგაციო ქსელი მთლიანად მოიშალა. ფართო ტერიტორიაზე გაშლილი ჰიდროლოგიის სახელმწიფო სისტემა და მის კუთვნილებაში მყოფი მეურნეობები ერთ პატარა ტერიტორიამდე დავიდა და ბეტონის არხების დაშლილი ნამტვრევებითა და დატეხილი მილებით გაიჭედა. ბეტონის არხების ფრაგმენტები ყველგან მიმოიფანტა, ამ ადგილებმა ფუნქცია დაკარგა. აკვედუკები ჩაიქცა ‒ მიზიდულობის ძალას დანებდა.
ზღვა კი დარჩა. ნავები თითქმის აღარსად ჩანს, ხალხიც აღარ იკრიბება ნაპირებზე ჯგუფ-ჯგუფად, მაგრამ აქა-იქ, სანაპიროზე, მაინც შენიშნავთ ‒ ოჯახებად მოდიან და მწველ მზეს საკუთარი მანქანებისვე ჩრდილში ეფარებიან, ზოგჯერ ძროხა გაბოდიალდება ტბისკენ და ზლაზვნით მოსვამს შემღვრეულ წყალს. ზღვა აქ ჯერ ისვენებს, ერთიანად დამუხტულა შინაგანი ენერგიით, რომელსაც თავისი ჰიდრავლიკური დიაგრამის გულში ინახავს.