ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

ფოლგის ქაღალდი ჩანთაში | თათია, სტრასბურგი

თათია, 32 წლის, სტრასბურგი

***

35 წლამდე იქნებოდა ის ბიჭი, ძირითადად პარფიუმერია მოჰქონდა ხოლმე ჩვენთან გასაყიდად. ოღონდ ამ დუხებს საფრანგეთში კი არ იპარავდა, შვეიცარიიდან და გერმანიიდან მოჰქონდა. ცოლი და პატარა ბავშვიც ჩამოიყვანა სტრასბურგში. საბუთს დიდი ხანი არ აძლევდნენ, ვერც სამსახურს იწყებდა. გამოსავლად ეს წვრილი ქურდობა ნახა. დუხებს ნახევარ ფასში ყიდდა. დაიჭირეს მერე გერმანიაში და რადგან საფრანგეთში ჰქონდა საბუთი მოთხოვნილი, საფრანგეთში დაადეპორტეს. მგონი ექვსი თვე მოიხადა. ციხეში იყო, საბუთი რომ მოუვიდა – პოზიტივი, ანუ საფრანგეთში ცხოვრების უფლება. მერე მუშაობა დაიწყო და დაანება ქურდობას თავი. დღემდე საფრანგეთში ცხოვრობს. იმის შვილს ეხლა თვითონ ჰყავს შვილი. სახლიც მიიღეს, ყველა მოქალაქეა.

***

ერთი ქალი იყო კიდევ ორმოცდაათ წლამდე. ამ ქალს უთქვამს, შემომყევი მაღაზიაში, მაჩვენე, რა მოგწონს და არ შეიმჩნიო, რომ ჩემთან ერთად ხარო. ყველაფრის მოპარვა შეეძლო, რასაც ხელს დაადებდი, თუ ვიტრინაში არ იყო ჩაკეტილი. მარტო ტანსაცმელი კი არა, სამკაულებიც გამოჰქონდა.

ჩანთებში ფოლგის ქაღალდი აქვთ ჩაფენილი. შიგნით რაც არ უნდა ჩაყარო, დეტექტორი გასასვლელში ვეღარ ხედავს და სიგნალი არ აქვს. ეს ქალი მაღაზიების წინ გაზეთებსაც ყიდდა ხოლმე. ეგეც მახსოვს. დაჭერას გადაურჩა. წლებია, აღარ შემხვედრია.

მახსოვს, სტაჟირებას გავდიოდი ტანსაცმლის მაღაზიაში და ფოტო მაჩვენეს: ეს ქალი თუ დაინახო, დაცვას დაუძახეთო. ის იყო. მერე მითხრეს, ლიფები შეჰქონდა გასახდელში და მერე აღარ აბრუნებდა უკანო. დაცვა ცნობდა და სულ უკან დაჰყვებოდა, თუ შემოვიდოდა. არ აქვთ უფლება, რომ არ შეუშვან.

***

დედაჩემი მუშაობდა ბულანჟერიაში და ორი ქართველი ბიჭი იყო დისტრიბუციაში. ნამცხვრებს და ფუნთუშებს დაატარებდნენ მანქანით სხვადასხვა ქალაქში და სოფელში. მენეჯმენტს აღმოუჩენია, რომ მანქანიდან საწვავს იპარავდნენ. მრიცხველები დაუყენეს. მაშინვე გაათავისუფლეს და მერე ქართველი სამსახურში აღარც აუყვანიათ, ძალიან ერიდებიან.

***

ადრე, მახსოვს, ერთი ქალი იყო, ობლად ჰყავდა დარჩენილი ბავშვები საქართველოში, კიდევ დისშვილები და შვილები მისახედი, ზოგი აქაც ჩამოსაყვანი. მახსოვს როგორ იპარავდა საჭმელს დიდი მარკეტებიდან იმათ გამოსაკვებად. ტანსაცმელსაც. ისეთი ტრავმა აქვს მიღებული იმ წლებში, დაავადდა ქალი. არც საბუთი ჰქონდა, არც თვითონ ჰქონდა საჭმელი. ქმარი ინფარქტით გარდაეცვალა. ლტოლვილის საბუთი რომ აიღო, მერე კი დაიწყო სამსახური. მაშინ 40-45 წლის იქნებოდა. ეხლა იქნება ასე, სამოც წლამდე.