გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გალაქტიკების წვიმა

ლანჩი ინტერნეტით შევუკვეთე, სულ 2 წუთი დამჭირდა. ამ დროში ანდრომედას გალაქტიკა ჩვენს ირმის ნახტომს 13,200 კილომეტრით დაუახლოვდა. ეს არის მანძილი დაახლოებით თბილისიდან ჰონოლულუმდე (ჰავაი).

გავა კიდევ 3.75 მილიარდი წელი და ჩვენი გალაქტიკა ანდრომედას "დაეჯახება", შედეგად კი წარმოიქმნება ახალი, გიგანტური ელიფსური გალაქტიკა (თქვენ არაფერი გეტკინოთ ანდრომედას მოსვლამდე, იქამდე ჩვენ თვითონ მოვუღებთ ბოლოს ამ პლანეტას).

სანამ კურიერი ლანჩს მომიტანს, ინტერნეტში ახალ სტატიებს ზარმაცად "ვსქროლავ". როგორც წესი, სათაურის იქეთ არც მივდივარ. ერთი სურათი იქცევს ჩემს ყურადღებას - ჰაბლის ცნობილი ტელესკოპის მიერ გადაღებულ ფოტოზე გალაქტიკების ნამდვილი წვიმაა ასახული.  

ცხადია, გამოვფხიზლდი და დავაჭყიტე თვალები. ყოველ დღე ვერ ნახავ ასეთ სურათს. ჰაბლმა შორეულ წარსულში ჩაიხედა, ცის ბნელ რეგიონს მიუშვირა ტელესკოპი და ჩვენგან დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული სამყარო გადაიღო. ეს ჰაბლის მიერ გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე შორი კოსმოსის გამოსახულებაა. უთვალავი ფერად-ფერადი, სხვადასხვა ზომის, ფორმის და ასაკის გალაქტიკა შემადგენლობით დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ჩვენი ირმის ნახტომი, თავისი ნისლეულებით, ასტეროიდებით, ვარსკვლავებით, პლანეტებით და ალბათ თავისებური სიცოცხლითაც.

ჰაბლის ამ სურათის შემყურეს თავისთავად მეფიქრება კოსმოსზე, ადამიანებზე, ანდრომედაზე და დიდ შეჯახებაზე 4 მილიარდი წლის შემდეგ. ვართ კი ჩვენ ერთადერთი სიცოცხლე ამ სამყაროში? უბრალოდ დავფიქრდეთ, რა არის ყოფითი ადამიანური პრობლემები სამყაროსთან შედარებით. ვინ ვართ ამისთანა, ასეთი მნიშვნელოვანი, ბოლოს და ბოლოს. რიჩარდ ფეიმანის სიტყვები მახსენდება: "მე - ატომების სამყარო - ატომი სამყაროში".

დედამიწიდან ღამის ცაზე კარგი მხედველობის ადამიანს 10 ათასამდე ვარსკვლავის დანახვა შეუძლია. ყველა ვარსკვლავი, ცხადია, ჩვენი ირმის ნახტომის ნაწილია, სადაც სულ 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია. ჩვენს ვარსკვლავს - მზეს, თავისი სისტემა აქვს და დედამიწა ჩვენი სახლია. რითი არიან მზეზე ნაკლები სხვა ვარსკვლავები? ხომ შეიძლება მათაც ჰყავდეთ თავისი დედამიწები? ახლა სხვა გალაქტიკებზე დავფიქრდეთ. ანდრომედას გალაქტიკში, რომელიც ირმის ნახტომზე გაცილებით დიდია, მინიმუმ ორჯერ მეტი ვარსკვლავია, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. და ჰაბლის ახალ სურათზე რას იტყვით, სადაც ლამის იმდენივე გალაქტიკა ჩანს, რამდენიც ჩვენს ღამის ცაზე ვარსკვლავი. მოკლედ, კოსმოსი ჩვენს გაოცებას არ წყვეტს.

ამ ფიქრებში გართულს ტელეფონის ზარი მაფხიზლებს - "თქვენი შეკვეთა მოგიტანეთ", კურიერია და მეც ანდრომედას სიჩქარით გავრბივარ მის შესახვედრად. წასვლამდე ბოლო სტატია, რაც თვალში მხვდება არის "ლევან ვასაძის 120 შენიშვნა განათლების სამინისტროს", მაგრამ სათაურის იქეთ არც მივდივარ. კიბეზე ჩავრბივარ და ვფიქრობ, რა სწრაფად მოაქვთ შეკვეთა ამ ბოლო დროს...

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა