ქიონიას მეორე ბავშვი რომ ეყოლა, ტიტე უკვე ომში იყო.
კარლო ფრონტიდან ცოლ-შვილს სწერდა: ერთი ფოლაქიც არ მაქვს თქვენი სამახსოვროო...
ჩემო ბურდუკელა ტრონცკა, დურხლიკონა დამიკოცნეო - შერქმეული სახელებით ესიყვარულებოდა თავისიანებს სტეფანე.
ტიტე დაიკარგა, კარლო ხარკოვში მოკლეს, სტეფანე - ქერჩში.

მათი წერილების ჩათვლით ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერებსა და საარქივო ფონდში მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტიდან მოსული 600-ზე მეტი წერილია.

 

ქეთო!
...შენ გენაცვალე მოეფერე შვილებს და უფრო გაგიგონებენ გიულის ენაცვალოს მამა ჭკვიანი გოგოა და ყველაფერს მოგეხმარება შენ იქნებ მოახერხო პატარა სამსახური რაიმე და მტრის ჯინაზე ნუ დამირღვევ ოჯახს! ვინ იცის ჩემო ჭკვიანო ცოლო - იქნებ არ გამწიროს ბუნებამ, იქნებ მალე დავიჭრე და წამოვიდე თუ ცოცხალი ვიქენი შენ არ დაგჩაგრავ გენაცვალე ჩემო ბავშვობიდან ამხანაგო, თუ შენთვის არ ვივარგებ, ჩემს შვილებს მაინც გამოვადგე. იქნებ! მე შენს სიყვარულს ტყვიის მოხვედრის შემდეგაც თან ჩავიტან სამარეში სამარე მაინც თუ მეღირსა ფოლადად გადაიქეცი ქვასავით გამაგრდი და შენ მაინც მასახელე! ... როგორმე გაუძელი ყოველგვარ გაჭირვებას ხომ ხედავ ქეთო მარგოს როგორ აიტანა მარტოობა როგორ არის შენც ისე ჩემო საყვარელო და თავლიდან მოუცილებელი ქეთო. გკოცნით მამა გკოცნით უთვალავს რამდენ ცრემლს მე თქვენთვის ვღვრი იმდენ წელიწადს კიდევ გვეღირსოს ერთად ცხოვრება - შენ იცი ჩემო გოგო თუ შეინახავ შენი ბიჭის სახელს. მეტი რა მოგწერო ქეთო ჩემო საწყალო ცოლო!

კარლო ხეთერელი ომში 1942 წელს გაიწვიეს. სახლში ცოლი და სამი შვილი დარჩა.
წერილი 1942 წლის 19 მარტსაა გამოგზავნილი. გაზაფხულზე ხარკოვში დაიღუპა.

 

ძვირფასო თამარ!
...მოვედი ადგილზე დანიშნულ დროზედ. გზაზედ მოვდიოდი და ვფიქრობდი მასზედ, რომელიც უნდა დამხვედროდა - თქვენი გადმოცემის თანახმად. მივიჩქაროდი თქვენგან „თქვენსკენ" /თქვენსკენ სიტყვა გასაგები იქნება თქვენთვის თუ რას ვგულიოსხმობ მე მასშიდ - პატარა ფურცელს თქვენი სიტყვებით სავსეს/ იმედებიც გამართლდა მივიღე წერილი თქვენი, რამაც ისე იმოქმედა თუგინდ რამოდენიმე ხნის უნახავი „სიცოცხლე" ჩემი მენახოს. აღნიშნული თქვენი წერილიდან ცხადად ჩანს თქვენი გულწრფელობა, რომლითაც მე თქვენ გამართლებთ სრულიად. მაგრამ არც მე ვარ დამნაშავე და ზარმაცი, როგორც თქვენ მიწოდებთ წერილში. თქვენთვის ცნობილი უნდა იყვეს, რომ ადამიანი როგორიც ზარმაცი არ უნდა იყოს, სიზარმაცეს ყოველთვის დასძლევს გრძნობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე თუნდ ვიყო ზარმაცი /თქვენი სიტყვების თანახმად/ ჩემს სიზარმაცეს ყოველთვის დასძლევს ჩემი გრძნობები, რომელიც ღრმად ჩაიჭრა ჩემს ახალგაზრდულ ცხოვრებაში. ასე, რომ თქვენ მე დამნაშავედ ვერ ჩამთვლით, რადგან თქვენს წინაშე მე ვარ სრულიად მართალი - მეტი რა მოგწეროთ თუმც გრძნობები ბევრს მკარნახობენ, მაგრამ საუბედუროდ ფურცელზედ ყველაფრის დაწერა შეუძლებელია ... თამარ! თქვენი წერილიდან ყველაზე იმოქმედა იმ წინადადებამ, რომელიც თქვენ მოგიწერიათ წერილის დასასრულს. გპასუხობთ წინადადებაზე: სულ მალე......

სანამ შალვა (კუკური) ქასრაშვილი ომში იყო, თამარი მის ოჯახში ცხოვრობდა.
წერილი 1944 წლის 19 აპრილსაა გამოგზავნილი. ომის მერე იქორწინეს.

 

სალამი საყვარელ და დაუვიწყარ ლიზიკოს
ჩემო ლიზიკო რა არის ეს ოხერი ახალგაზრდა ადამიანის გული, გული რომელიც არ ისვენებს თავის ბუდეში და მიილტვის სადღაც შორს თავისავით ახალგაზრდა, სისხლით მჩქეფარე გულთან. ჩემო გოგონავ რა არის ეს ოხერი სიყვარული, რომელზეც არ მოქმედებს არც დაღლილობა, არც შიში და არც სიმშილი, ყოველგვარ პირობებში მოქმედებს ადამიანზედ და ადამიანის ყოველგვარ ყურადღებას იპყრობს თავისკენ. ჩემო ლიზო რამდენადაც ტერიტორიულად გშორდებით, იმდენად მეტად მოქმედობს თქვენი გავლენა ჩემზედ, იმდენად მეტად მეტანჯება გული თქვენდამი, მხოლოდ იმდენადვე გვიახლოვდება ჩვენი შეერთება, ჩვენი გახარება.
ჩემო ტურფავ, ნეტა რა დღე იქნება როდესაც ჩვენ შევხვდებით კიდევ ერთმანეთს კიდევ გავიხარებთ ერთმანეთით დავტკბებით ერთმანეთის სიყვარულით. როდესაც წარმოვიდგენ ხოლმე ამ მომენტს ერთის მხრივ სიხარულისგან ვირევი და მეორე მხრივ მწარედ ვღონდები, ვინაიდან კიდევ რამოდენიმე დრო უნდა ამ წუთებამდის.

სტეფანე შალვაშვილი - ომში დაწყების პირველივე დღეს გაიწვიეს. დაბრუნდა 1946 წლის თებერვალში.

 

სალამი ჩემო ნინა
 ... ახლა მე მოველი შენს სურათს დღე დღეზედ და აპა შენ იცი თუ მოახერხებ და გამომიგზავნი და კიდევაც უნდა გამომიგზავნო მიტო რომ სურათს რომ შევხედავ გული გამიხალისთება და ასე ვიტყვი რომ ოჰ ჩემი ნინა აქა მყავს მეთქი ჩემს გვერდით მიდგას თქვა სურათი თქვენი მაინტერესებს ზედმეტათ ისთე თქვენი სახე ისთე მიდგას თვალში როგორც ჩემს გვერდში მდგომი ამხანაგებს ვხედავ სახეში ხშირად სიზმარში ერთად ვსაუბრობთ და შენ თუ გესიზმრები მომწერე და მე გამეხარდება. ეხლა გავიგე რომ შენი მშობლები რაღაც გულ გატეხილი ყოფილან რაღაც სხვა ფიქრები ქონებიათ და მე ასთე ვიტყვი რომ მაგენმა იგი არ იფიქრონ რომ ლადოს სიტყვა უთხარითო ორ წელიწადს არ გავათხოებთო და ამით მოვიშორეთო.
მაგრამ მე არც გავუთამაშებივარ ვინმეს და ვერც გამათამაშებს ხომ იცით კარგად კი მართალია შეიძლება არ მოვწონდე მაგენს არ ვიყვე მაგათი საყაბულო მაგრამ მე რაც ვარ კიდო ის ლადო ვიქნები და ჩემს თავს არ დავიმცირებ ვინც კაცია კაც ეტყვიან და ვინც არა არკაცსა დაუკვირდი შენ ამ სიტყვას და მიხვდები... როგორც არ მწერთ რომ ვინც კაცი არის დაჭერილ კურდღელს თოფს არ ესვრისო მე ასთე ურჩევ ყოველ მონადირეს რომ მართლაც დაჭერილ კურდღელს თოფს ნუ ესვრის მისთვის აჯობებს
... ეხლა მეტი რა მოგწერო, წერილი მომწერე და სურათი გამომიგზავნე და მასთან ერთად კიდო შენ რომ სიტყვა მითხარი იმ სიტყვის პატრონი იყავი და მე ვიცი და ლადო ჭიჭინაძის ოჯახის შვილობამ

ლადო ჭიჭინაძე პოლონეთში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 19 დღეში  - 1939 წლის 19 სექტემბერს დაიღუპა.

სალამი ქიოს
8 ივნისიდან 16 ივნისამდე ვიარეთ სულ ფეხით ისე რომ არ დაგვისვენია ერც დღე არც ღამე ვინაიდან საჩქარო იყო საზღვარზე მისვლა ისე დავიღალეთ ქიო რომ 4 სანტიმეტრიან ბალახზე ვეღარ ვაბიჯებდით ბევრი დავარდა ბევრიც ავად გახდა 5 კაცი ღამე აპირებდნენ გაპარვას რომელიც გზაზე დაიჭირეს და მესამე დღეს დახრიტეს ბევრი უდისციპლინობის გამო გაასამართლეს და მიუსაჯეს 5 და 10 წლობით ციხე. ქიო ასე იყო თუ ისე 16 ივნისამდე ვიარეთ მივედით საზღვარზე 5 კილომეტრის დაახლოვებით იმ ღამეს დავბინავდით იქ დავისვენეთ იმისთვის რომ 16ში ბრძოლა დაგვეწყო და ამ ბრძოლას დასვენებული შევხვდეროდი მივიღეთ ყველაფერი ბრძოლისთვის საჭირო გრანატები რკინის ქუდები და სხვა ასე რომ თითოეულის ტვირთი 2-ი ფუთი იყო ჩვენ ქართველმა ბიჭებმა (ჩვენ ნაწილში ვართ 10 კაცი) ყველამ დავიწერეთ ერთმანეთის მისამართი იმიტომ რომ რომელიც მოვკვდებოდით ერთმანეთის ოჯახებისთვის გვეცნობებინა. ისე კი ქიო სანამდე საზღვარზე მივდიოდით ბევრს ვფიქრობდით არათუ ჩვენს თავზე რომ ჩვენ დავიხოცებოდით არამედ ოჯახები უფრო გვეცოდებოდა...

ტიტე ჯაფარიძე - 22 წლის გაიწვიეს ჯარში, 1939 წელს. უგზოუკვლოდ დაიკარგა.

 

* გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერები და საარქივო ფონდის მასალები