გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გამარჯვებულო, გამოდი

არ მახსოვს, საიდან და როგორ, მაგრამ 1990 წელს მუყაოს ფაქტურის, რაღაც უცხოური ორგანიზაციის ანკეტის შაბლონი ვიშოვნე და ჩემივე ხელით, დოკუმენტი მოვამზადე: “ნე. კვინიკაძეს ეძლევა ვიზა, რითაც მას შეუძლია მსოფლიოს ყველა კუთხეში წასვლა”...

ათი წლის ასაკში დამზადებულ დოკუმენტს, მეტი დამაჯერებლობისთვის ოთხი წლის ასაკში გადაღებული ფოტო ერთვის თან.

ეს საბუთი მახსენებს, როგორც ჩანს, ვოცნებობდი ყველაფრის შემძლე დოკუმენტზე, რომელიც “მსოფლიოს ყველა კუთხეში” შეღწევის საშუალებას მომცემდა.

წლების შემდეგ ნამდვილი საბუთი მართლა გაჩნდა და არ ყოფილა ძალიან უცხო ვენა, ამსტერდამი, საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქები, პარიზი, ციურიხი, ტოკიო და ნიუ იორკი. მთავარი კი ამის გააზრება გახლდათ, - ყველგან, სადაც უნდა ვიყო, შემიძლია პიტნის საწუწნი კანფეტივით ჩუმად და შეუმჩნევლად ენის წვერზე მქონდეს ჩემი ქვეყნის კონტექსტი, რომელსაც, ახლა უკვე, არა გორელი დიქტატორით, არამედ თანამედროვე არტისტებით ცნობენ.

სწორედ ამიტომ, დროთა განმავლობაში, მიზანიც ის აღმოჩნდა, რომ იმ ძვირფას ქვეყნებში ხიზანი კი არ ვყოფილიყავით, - იქ გაგვეყიდა წიგნები და ფილმები, იქაური დიდი ტრიბუნებიდან და სცენებიდან გვეთქვა ჩვენი სათქმელი. ჩვენ არ გვდომებია სხვაგან ცხოვრება (ჩვენ მძიმე ყოფას იძულებითი ემიგრანტებიც ყოფნის) იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი ცოცხლებიც და მკვდრებიც. ჩვენი იმედგაცრუებებიც და წარმატებებიც.

ნენე

ჩვენ სხვაგან ცხოვრება არც გუშინწინ გვდომებია, როცა ნავთის ქურებით ვთბებოდით. არც გუშინ, ნაციონალურმა მოძრაობამ ძლივს მოპოვებული “კომპასი” რომ დაკარგა და არც დღეს, როდესაც “ქართული ოცნება” ყველა “ჰოს” “არას” აგებებს.

და მაინც, რა გვწყინს მრავალ ტკივილგადატანილ აქ დარჩენილებს? გვითხრეს, წნეხისგან გათავისუფლებულებს, უსამართლობას არ გვაკადრებდნენ, - შეგვრჩა დემურ სტურუას წერილი დედას. გვითხრეს ახალი სამუშაო ადგილები და ეკონომიკური აღმასვლა გვექნებოდა - შეგვრჩა სიღარიბე. განათლების სისტემა გაძლიერდება - ხელში ვაშლი დაგვაჭერინეს.

მერე ისე მოხდა, ნაქსოვი კაბა რომ შემოირღვევა და აღარ ვარგა. აჭარბებთ - იყო პასუხი. არადა, ჯიუტ ფაქტად გვედო არჩილ ტატუნაშვილის ამბავი, ფემიციდის სტატისტიკა, მშენებლობებზე დაღუპული მუშების სახელები, დასამარებული ეროვნული ვალუტა, ქვეყანაში შემოპარებული გავრილოვი, 20 ივნისი, დაპირებები და ისევ ტყუილი.

მსოფლიოსთვის ქვეყანა ფოკუსიდან ქრება. არა, არ ქრება.

პოლიტიკური კრიზისი დგას.  არა, არ დგას.

ბოლოს, ოლიგარქს ნერვებმა უმტყუნა და გვითხრა აქედან წადითო. იაფი ფრენები ხომ გაჩუქეთ, მეგონა, აქამდე მიხვდებოდითო.

ოლიგარქს და მის ჯამბაზებს არ უყვართ წიგნის კითხვა, თორემ ეცოდინებოდათ, რომ კონტროლის დასაბრუნებლად საჭიროა, დაცემის მიმართულებით მიაბრუნო საჭე. არ უყვართ კინო, ამიტომაც არ ჯერათ, რომ ყველაზე ღარიბ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს დიდი გრძნობა.

ჩვენს შესახებ წარმოდგენა იმდენად ზედაპირულია, რომ ჰგონიათ, 40 ევროიანი ავია-ბილეთები ბედნიერებისთვის საკმარისია. არ ჯერათ - ჩვენ საქართველოში ცხოვრება გვინდა.

ოლიგარქისთვის ეს თავშესაფარია და არა სამშობლო, ამიტომაც ვერ ხვდება, რატომ შეიძლება ასე გიყვარდეს ის. ოლიგარქი ჩვენ მზეზე თბება და გულში თავისას იფიცებს. თავშესაფარში სიმშვიდე უნდა. ყველაფერს იკადრებს ხმაურის ჩასახშობად, რადგან ეშინია. რისი? თურქეთი და ამერიკა საქართველოს არ დაიპყობს. სანამ ისაა მმართველი, ვეჭვობ, დიდად არც რუსეთი “გაანაწყენებს”. აბა რისი ეშინია? - საქართველოში გულწრფელად შეყვარებული ადამიანების. იმ ახალგაზრდების, ილია ჭავჭავაძე მხოლოდ სასკოლო სავალდებულო საკითხავად რომ არ მოუაზრებიათ. თბილისიდან  მაღალმთიან სოფლებში გადაცხოვრებული მასწავლებლების, ორი და სამი მოსწავლის გამო კილომეტრებს რომ გადიან და ქაღალდის ფიფქებით მორთულ სამასწავლებლოში ზარს რეკავენ. მათი, ვინც იცის, რა უთხრა გიორგი შერვაშიძემ მამია გურიელს - მოდი, არ გავუწოდოთ ხელი არც ერთ ქართველს, რომლებიც სამშობლოს განუდგაო (მამიას პასუხი სხვა დროს იყოს). ეშინია იმ ხალხის, ვინც ეჭვობს, რომ გენეტიკურად მხოლოდ დაავადებები კი არ მეორდება, შესაძლოა დღესასწაულიც გამეორდეს. მაგალითად, დამოუკიდებელი რესპუბლიკის სამი, მაგრამ ბრწყინვალე წელი. მას ეშინია ამ დამახსოვრებული წარსულის - 20-ე საუკუნის ევროპული ტიპის, ახალი, დემოკრატიული სახელმწიფოსი. იმ დროის ადამიანთა თავგანწირვა უკვირს, თავგანწირვა, რომელმაც სასამართლო რეფორმა, ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, რესპუბლიკის კონსტიტუცია დაბადა. კინოპრემიერა მოაწყო და “ქიმერიონი” მოხატა. “არტისტული ყვავილები” დასტამბა. ჯანდაცვის სახელმწიფო დონეზე ორგანიზება, მართვა, დაფინანსება, ეროვნული სამედიცინო კადრების მომზადება მოახერხა… წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ოლიგარქის და მისი ჯამბაზების ღამის კოშმარია.

შეთანხმდნენ, რომ  ჩვენთვის, დასავლეთით მონუსხულთათვის, პატრიოტიზმი გოიმობა და ორღობული გაგებაა, რომ ფსევდო-ტრადიციებით სულშეხუთულებს, დიდ ქორწილებთან ერთად, “დევების ქორწილიც” გვეზედმეტება და რომ პოსტერ-პოსტერ გადამრავლებული ფიროსმანიც გაცვდა ჩვენ გულებში.

მგონი, ჩვენც მოვახერხეთ ოლიგარქის და მისი ჯამბაზების მოტყუება. მათსავე წარმოდგენებში დავიმალეთ, ვეღარ გვპოულობენ, ჰოდა სანამ მთელ ხმაზე არ დაიძახებენ, “გამარჯვებულო, გამოდი”, მანამდე დატანჯავთ ფიქრი - რამ შეგვაყვარა ეს დაფლეთილი, ჭუჭყიანზღვიანი, ხეებდაგლეჯილი ქვეყანა. ეგონათ, ქვეყნის სიყვარული ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ გვასწავლა, შესაბამისად, მშვიდად იყვნენ,- დაავიწყდებათ სკოლაში ნასწავლი ლექსებივით.

ოლიგარქს არ უყვარს დოკუმენტური პროზა, თორემ ეცოდინებოდა, რომ ჩვენი ისტორია კი არა, ლიტერატურის თავგადასავალიც თრილერივითაა. ყველაფერი ძალიან რთულად გვეძლევა. მაგრამ “კის” და “არას” ციმციმში ვცდილობთ არ გავტყდეთ. მაშინაც კი, როცა არაფრის იმედი აღარ გვაქვს.

ჩვენ საერთოს ვეღარ გამოვნახავთ კარის ჯამბაზებთან, რომლებიც “ქენდი ქრაშს” თამაშობენ კანონპროექტის განხილვისას, რომლებიც ჩვენი გადასახადებით მდიდრდებიან და წლიდან წლამდე ხმას არ იღებენ პარლამენტში (ან რა უნდა თქვან?!), რომლებიც  გულგრილნი არიან ყველაფრის მიმართ, რაც ჩვენთვის ძვირფასია.

ალბათ ფიქრობს ოლიგარქი, კიდევ როგორ გავაუგემურო ყოფა, მალე რომ წავიდნენო. მაგრამ, სამშობლო არც სკოლაა, მარტივად რომ შეიცვალო, არც დამსაქმებელი, სამუშაო ადგილიდან წასასვლელად მხოლოდ განცხადების დაწერა რომ კმაროდეს.

ოლიგარქს მგონი, არც კანფეტი უყვარს, თორემ თეორიულად მაინც ეცოდინებოდა, რას ნიშნავს პიტნის საწუწნი კანფეტივით რომ ინახავ შენი ქვეყნის სიყვარულს, რომელიც თუ დადნა, გემო მაინც შეინახება მეხსიერებაში. ის რაც მეხსიერებაშია, გულთან ახლოსაა. რაც გულთან ახლოსაა - ძვირფასია. ძვირფასისთვის სიკვდილიც შეიძლება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა