მიირთვით ნამდვილი საჭმელი, ძირითადად მცენარეული და ჭამეთ ნაკლები

– ესაა ჟურნალისტისა და მწერლის მიხეილ პოლანის მარტივი და კომპაქტური პასუხი რთულ და დამაბნეველ კითხვაზე: როგორ ვიკვებოთ ჯანმრთელად?

დიეტოლოგები ერთს გვირჩევენ, ვეგანი მეგობრები – მეორეს; რეკლამებში ერთს გვეუბნებიან, ოფიციალური ინსტიტუტების მიერ შედგენილ ნუტრიენტების პირამიდებში კი სხვა რამ წერია.

კალორიები, მიკრო- და მაკროელემენტები, ნაჯერი, ნახევრად არანაჯერი და ტრანსცხიმები, ქოლესტერინი, სასარგებლო და მავნე ნახშირწყლები – ვცხოვრობთ დროში, როცა ჭამა აღარაა მხოლოდ სიცოცხლისთვის აუცილებელი რიტუალი ანდა გურმანული სიამოვნების მიღების აქტი; ჭამაა მეცნიერების და კვების ინდუსტრიის საბრძოლო ველი. დღეს უკვე მნიშვნელოვანია არა საჭმელი, არამედ საკვები ნივთიერებები. ამ უხილავი ბიოლოგიური ელემენტების დანახვა კი მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებშია შესაძლებელი და ჩვენც დღიური კვების რაციონის დასადგენად სპეციალისტებთან დავრბივართ. და ვიკვებებით მეცნიერულად: ვიკვლევთ და ვითვლით მიღებულ ნუტრიენტებს. შესაბამისად, აღარ გვახსოვს, რომ ჭამა ჯერ სიამოვნება, ერთობა და სპირიტუალიზმია;

ჩვენი გარესამყაროსთან დამოკიდებულების გამოხატულება, ჩვენი იდენტობაა. ახლა მეზობლის ყოველდღიური საჭმლის თუხთუხი უფრო გვიკვირს, ვიდრე იმის დაშვება, რომ მომავალში საჭირო საკვები ელემენტების მიღებას ინტრავენული გადასხმით, ტუბებით, ბლუე-ტოოტჰ-ით ანდა USB კაბელით შევძლებთ.

თუმცა, ვიდრე ელექტრონულ ვახშმობამდე მივსულვართ მასები, და ვიდრე ჯერ კიდევ გვეძვირფასება ის, თუ კვების რა კულტურას გადავცემთ ჩვენს შვილებს, რამდენიმე რჩევა „ნამდვილად სწორი“ კვებისთვის:

 

რჩევა 1: შეამცირეთ დღიური მენიუდან ის საკვები, რასაც თქვენი (დიდი) ბებია ამრეზით შეხედავდა

უკვე მესმის უკმაყოფილო შეძახილები. მოითმინეთ. მოითმინეთ. იმას არ ვგულისხმობ, რომ მხოლოდ ჩაქაფული და გადაზელილი სულგუნია საჭმელი. გადამუშავებული სურსათი, რომლითაც სავსეა სუპერმარკეტის თაროები, მართლაც თვისობრივად განსხვავდება იმ პროდუქტებისგან, რასაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ სამზარეულოში. აი, მაგალითად, მზა საუზმე – ახლა ერთ-ერთი ფირმის დუო ვარიანტს ვუყურებ. ნეტავ რა უნდა იყოს ეს შავ-თეთრი ბურთულები? მარცვლეულია თუ ფუნთუშეული? როგორ უნდა მივირთვათ? მოვხარშოთ? ფილთაქვაში დავნაყოთ? – (წარმოსახვითი) დიდი ბებიისგან დასმული ამდაგვარი კითხვები საკმარისი მიზეზია, რომ საკვებ პროდუქტს ეჭვის თვალით ჩვენც შევხედოთ და რამე უფრო „ნამდვილი“ მივირთვათ.

 

რჩევა 2: თავი აარიდეთ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაში 5-ზე მეტი ინგრედიენტია

ამისათვის ჯერ პროდუქტის შეფუთვაზე ინგრედიენტების კითხვას უნდა შევეჩვიოთ. იმავე მზა საუზმის ყუთზე ვკითხულობ: „მარცვლეული: ხორბლის თეთრი ფქვილი, ხორბლის არარაფინირებული ფქვილი, სიმინდის ფქვილი, ბრინჯის ფქვილი, შაქარი, გლუკოზის სიროფი, კაკაოს ფხვნილი, პალმის ზეთი, კაკაოს კარაქი, რძის ფხვნილი, მარილი, ცხიმგამოცლილი კაკაოს ფხვნილი, დექსტროზა, არომატიზატორები, დისოდიუმის ფოსფატი,  ემულგატორი, მზესუმზირის ლეციტინი“. ამას მერე ვიტამინების და მინერალების ჩამონათვალი მოჰყვება.

ინგრედიენტების წაკითხვა ერთია, მათი სწორად გამოთქმა და გაგება მეორე. აქვე კიდევ ერთი ქვერჩევა: თავი აარიდეთ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაში გაუგებარი და ძნელად წარმოსათქმელი კომპონენტები შედის. იმიტომ კი არა, რომ ეს ინგრედიენტები ჯანმრთელობისთვის აუცილებლად სახიფათოა (ინგრედიენტსაც გააჩნია), უბრალოდ მათი სიუხვე მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტი ძალიან გადამუშავებულია და ამიტომ საჭმელი კი აღარაა პირველადი გაგებით, არამედ – ქარხანაში წარმოებული პროდუქტი. 

 

რჩევა 3: გაამრავალფეროვნეთ რაციონი

„სინთეტური“ პროდუქტების შემცირებით, ფარდა ეხდება ახალ შესაძლებლობებს. მათ გარეშეც შეიძლება ჩვენი რაციონი მრავალფეროვანი იყოს – გახედეთ ბოსტნეულის, მწვანილეულის, არარაფინირებული ბურღულეულის, პარკოსნების, ხილისა და თხილეულის ფერად დახლებს – როგორ ფიქრობთ, საკმარისი არჩევანი არაა საინტერესო კულინარიული კომბინაციების შესაქმნელად? ნურც სუნელებს და მათ ფერებს დაივიწყებთ, მათი დახმარებით მარილის შემცირებას და გემოს პალიტრის გამდიდრებას შეძლებთ, ცხოველური წარმოშობის საკვებს კი მხოლოდ გარნირად აქცევთ – რაც ასევე სასარგებლოა.

 

რჩევა 4. მიირთვით ადგილობრივი, სეზონური პროდუქცია

გახსოვთ სეზონზე პირველი მარწყვის ან ტარხუნის ჭამის დროს ჩაფიქრებული სურვილები? თქვენც ჩემსავით ძლიერად ხუჭავდით თვალებს პირველი ალუჩის გასინჯვისას?

მაინტერესებს, როგორ სჯიან თანამედროვე ბოროტი დედინაცვლები თავიანთ გერებს? ზამთარში კენკრის მოტანა აღარაა რთული დავალება და არც სუპერმარკეტში შესვლა უდრის ინიციაციის გავლას. დღეს რაც გინდა, როცა გინდა, ყველაფერია ხელმისაწვდომი: ამას ინერციით წარმოთქმული ფრაზა „შენ ფული თქვი...“ მოჰყვება. პარადოქსი კი ისაა, რომ სიყვარულით, დაყვავებით, სუფთად და თავის დროზე მოყვანილი პროდუქტი უფრო ძვირია, ვიდრე – კენკრა, რომელსაც დაბადების დღე აღარ აქვს...

ნუ შეგაშინებთ კომბოსტოს მაღალი ფასი, თუკი იცით, რა ამაგია მის მოყვანაში ჩადებული. თუ შეგიძლიათ, იყიდეთ პირდაპირ გლეხისგან. უფრო ძვირია? იყიდეთ ცოტა. და მიირთვით ცოტა, მაგრამ რუდუნებით – ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაკლები მეტია.

 

რჩევა 5: თქვენ თვითონ და სხვებთან ერთად

თუკი ოფისებიდან და სასტუმრო ოთახებიდან სამზარეულოში გადაინაცვლებთ, საღად კვება გამარტივდება. პირველი ნაბიჯის გადადგმაა რთული, თორემ მერე ცნობისმოყვარეობა გააქარწყლებს საჭმლის კეთების შიშს. საკუთარ თავში რწმენას კი უკუკავშირი გააძლიერებს – გააკეთეთ და სხვებს გაუზიარეთ ნამდვილი, ჯანსაღი, სიყვარულით მომზადებული საჭმელი. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საჭმლის მიღმა რთული, ერთმანეთში ახლართული, მიწითა და მზით ნაჯერი ურთიერთობების ქსელის დანახვა. კავშირი მცენარეებსა და მიწათმოქმედს, გლეხსა და მზარეულს, მზარეულსა და სტუმარს შორის. ასეთ ურთიერთობებში იმდენი ფერი, იმდენი ნიუანსია, რომ „ჯანმრთელობა“ საკითხად არც კი დგება, რადგან ის მოცემულობაა.