მივარდნილ აზერბაიჯანულ სოფელში მჟავე ჭერმის წვნიანზე, შესაკმაზად გამზადებული ჩათუთქული ქართული ტყემალი ახსენდება, ერევანში ქადის ჭამისას - ახალქალაქში გასინჯული მესხი ქალის ნამცხვარი, იმერულად შეზავებულ ნიგვზიან ბაჟეზე კი ბროწეულითა და ისევ ნიგვზით შეზავებული რომელიმე ირანული კერძის გემო მოდის - ასეთია კულინარიაზე მწერალი კანადელი ქალი ნაომი დუგიდი, რომელიც 30 წელზე მეტია მოგზაურობს მაშინაც, როცა რეალურად მოგზაურობს და მაშინაც, როცა რომელიმე უცხო კერძს სინჯავს პირველად. ეს წარმოსახვითი ხეტიალი გემოდან გეოპოლიტიკურ სივრცეებში მთელი მისი ცხოვრების აზრია. ასე ხედავს სამყაროს - კერძს ინგრედიენტებად შლის, ამ ინგრედიენტების გავრცელების სავარაუდო მარშრუტს ადგენს, რისთვისაც, ცხადია, ისტორიულ მოცემულობებს ეყრდნობა და აანალიზებს ძველი ადამიანების ქცევას, მათი კულტურის ჩამოყალიბება-განვითარების და ურთიერთგავლენების პროცესს. ამიტომ ისტორიასა და აწმყოს შორის კავშირს იოლად ავლებს, ცოდნისა და გამოცდილების დინებას ქვეყნიდან ქვეყანაში უწყვეტად მიჰყვება და მისი სამყაროს ხედვაც ამიტომაა გულით განცდილიც, გონებით გააზრებულიც და მშვიდობიანიც.

საქართველოში პირველად 1989 წლის სექტემბერში ჩამოვიდა – თვეებით გაასწრო დიდი ცვლილებების დრამატულ დასაწყისს – მოსკოვის აეროპორტში დაეშვა, იქიდან საქართველოს საზღვარი აფხაზეთის გავლით მატარებლით გადმოლახა და კუპეში თავმოხდილი ქილიდან პირველად გასინჯა აფხაზური აჯიკა, თბილისში სასტუმრო „ივერიაში“ დასახლდა, ბევრი იმოგზაურა ალალბედზე და უკან ქართული პურის შესახებ ცნობებით დატვირთული დაბრუნდა.

ეს ცნობები პლუს ქართული რეცეპტები შემდეგ თავის პირველ წიგნში გააერთიანა – „თხელი პურების ატლასი“. წიგნი ბესტსელერად იქცა და ნაომი დუგიდსა და მის მაშინდელ პარტნიორს და მეუღლეს ჯეფრი ალფორდს უმნიშვნელოვანესი ჯილდოც მოუტანა კულინარიულ ლიტერატურაში.

7 წიგნის და ასობით ქვეყნის მოვლის შემდეგ კი, 2013 წელს ნაომი დუგიდი ახალი იდეით ისევ დაბრუნდა საქართველოში.

თუმცა მანამდე მე გადამეყარა – ჟურნალ „ნიუ იორკერში“ მის შესახებ გამოქვეყნებული ვრცელი წერილი წავიკითხე, შთაგონებით ავივსე და მივწერე, ხოლო მერე, როცა მითხრა, საქართველოში ჩამოვდივარო, შინ დავპატიჟე.

მას შემდეგ, ნაომის ყოველი ვიზიტის მასპინძელი მე ვარ, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ თვალწინ შეგროვდა მასალა საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ირანში ახალი წიგნის შესახებ. ბავშვების დაძინების მერე, ტახტზე ფეხმორთხმულები ერთად ვმსჯელობდით იმაზე, თუ რა საოცარია, ქართული სამზარეულოსთვის ასე განუყოფელი საკმაზი – უცხო სუნელი ქართულ ენაში მაინც „უცხო“-ს სახელით რომაა შემორჩენილი; თუ რა საოცარია, რომ ბერძნების ასეთი მასშტაბური ექსპანსიის შემდეგ ზეთისხილის კულტურა ქართველებს არ გვაქვს; თუ რა საოცარია, რომ ევროპასა და დასავლურ ქვეყნებში ზოგადად კომპოტს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს, ჩვენთან და ჩვენს სამეზობლოში კი – სულ სხვა; თუ რა საოცარია, რომ ამ რეგიონში ირანელები და ქართველები თითქმის ერთნაირად აღმერთებენ ნიგოზს; ირანული ზაფრანის სიყვარულით კი ქართველები ყვითელ ყვავილსაც ზაფრანას ვეძახით; სომხები ჩურჩხელის გამოგონებას იჩემებენ და თავიანთ საავტორო სუჯუკს ქმნიან; ქართველებივით რომ ვერავინ იყენებს ტარხუნის ღირსებებს, ირანში მჟავე გემოებისკენ სწრაფვა საქართველოში ტყემალ-ღოღნაშომდე რომ იტოტება, ბოზბაში, ჩიხირთმა, ჩაქაფული და საცივი კი როგორ აღძრავს ჩვენი ახლო სამეზობლოსთვის დამახასიათებელ საერთო მოგონებებსა და მიგნებებს. თითქოს, თავრიზის რომელიმე სამზარეულოში თავახდილი ქვაბიდან ამოვარდნილი ოხშივარი მთელ რეგიონს ეფინება გამჭვირვალე კვამლად, საქართველოში მომზადებულ საცივს კი ქურთისტანიდანაც ეტყობა, რა გემოზეც ზის.

საბოლოო ჯამში, ზუსტად ამ ყველაფერზე გამოვიდა ნაომი დუგიდის ახალი წიგნი, რომელიც სექტემბრიდან გაიყიდება, მაგრამ „ამაზონზე“ წინასწარი შეკვეთაა შესაძლებელი. წიგნს ჰქვია – „სპარსეთის გემო“ და ქვეშ ინგლისური ანბანის მიხედვით დალაგებული: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ირანი და ქურთისტანი – ანბანის მიხედვით იმიტომ, რომ გასტრო-ნაციონალურ საწყისებზე ერთმანეთში არ ვიჩხუბოთ ისევ.

ერთი სული მაქვს, როდის გადავშლი წიგნს, თუმცა წინასწარი შთაბეჭდილება უკვე შევიქმენი – აპრილში „ინდიგოელებმა“ ნაომი დუგიდთან ერთად მის ახალ წიგნში თავმოყრილი რეცეპტების მიხედვით, „კვება-დაფიქრების“ საღამო მოვაწყვეთ. გარშემომყოფთა დაინტერესება არ გაგვჭირვებია – რესტორან „დაინინგ რუმის“ შეფმზარეულ ქეთი ბახტაძეს თავიდანვე ძალიან მოეწონა ექსპერიმენტის იდეა და იმ ერთი საღამოს განმავლობაში სპარსულ-აზერბაიჯანული რეცეპტურით მოამზადა კერძები; და „თელიანი ველის“ წარმომადგენლებიც უცებ მიხვდნენ, რომ მათი ღვინოების მონაწილეობით ეს საღამო კიდევ უფრო ინტენსიური და სახალისო გამოვიდოდა.

ასეც მოხდა  – „დაინინგ რუმში“ გურმანები შევკრიბეთ და ჭამა-სმა გეოპოლიტიკურ თამაშად ვაქციეთ – აბა, რას გვაგონებს მთავარ კერძად მორთმეული ირანული ფესანჯუნი და ბრინჯი? აზერბაიჯანული წვნიანი პურის ხორბლითა და ჭერმით შეიძლება რომელიმე „ქართული საკმაზით“ გაქართულდეს? ფესანჯუნიც ნიგვზითა და ბროწეულით კეთდება, რამით ჰგავს ასევე ნიგვზითა და ბროწეულით შეკმაზულ ქართულ ბაჟეს? ისპანახის ნიგვზიან ფხალს გაცვლიდი ოდესმე მაწვნით შეზავებულ ისპანახზე? წარმოდგენილ კერძებს ხან მაწონი მოვასხით, ხან ტარხუნა მოვაყარეთ, ხან ქართული შოთი ჩავაწეთ, თან „თელიანი ველის“ ღვინოები მივაყოლეთ და გემოების გარდაქმნის პროცესი კიდევ უფრო გავამძაფრეთ.

შეუდარებელი პროცესია ჭამა და თან იმაზე დაკვირვება, რასაც ჭამ, მით უმეტეს, როცა კერძები წარმოსახვაში მოგზაურობის საშუალებას გაძლევს. ამ დროს ისეთი კრეატიული მზარეულის სარესტორნო მენიუც კი, როგორიც ქეთის მენიუა, შეიძლება კიდევ უფრო შემოქმედებითი და კომპლექსური გახდეს, ახალი კერძები ზოგისთვის უცხოდ და მიუღებელად დარჩეს, ზოგისთვის კი სასიამოვნო აღმოჩენად იქცეს.

მე მეორე ფრთას ვეკუთვნი, ამიტომ ახლა ისღა დამრჩენია, სექტემბერს, წიგნის გამოსვლას და ნაომის მორიგ სტუმრობას დაველოდო – ისევ მინდა, თეფშზე თავმოყრილი გემოები და მათი განხილვა იყოს საკმარისი ვირტუალური მოგზაურობისთვის.