„თაზა კადილაკში, ჯერი მისტერ ეტკესონის გვერდით იჯდა და უკვე ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაში იმყოფებოდა“.

მარტი ლარნი, „მეოთხე მალა“

 

ერთ დროს, ემიგრანტებს, რომლებიც შემდეგ ამერიკელები გახდნენ, სჭირდებოდათ რწმენა, რომ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაში მოხვდნენ. ვიღაცამ, ვისაც ასევე სჭირდებოდა რწმენა, რომ დიდი შესაძლებლობების ქვეყანაში მოხვდა, იგრძნო, რომ ყველაზე სარფიანად გაყიდდა რწმენას და ეს რწმენა მილიონობით ადამიანს მიჰყიდა. დაარწმუნა ისინი, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები და ამერიკელები დღეს არიან წარმატებულები. და ამერიკელები დღესაც ყიდიან რწმენას ყველაზე კარგად.

ტონი რობინსი, ყრმობაში ენტონი მაჰავორიკი, 2007 წელს „ფორბსის“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანის სიაში მოხვდა. ტონი რობინსი არის ბიზნესმენი, მწერალი, ფილანთროპი, ცხოვრების მართვის თემაზე ბესტსელერების ავტორი, ტრენერი, ორატორი, მოტივატორი, მსახიობი და უბრალოდ კარგი ადამიანი. რობინსმა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში მოახდინა რევოლუცია. ტონი რობინსმა ადამიანებს რწმენა მიჰყიდა. დღესაც ჰყიდის და, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს, კიდევ მიჰყიდის.

15 მარტს ტონი რობინსს სან ხოსეში აქვს მორიგი ლექცია, კალიფორნიაში, შტატში, რომელიც ათჯერ დიდია ჰოლანდიაზე, სადაც გურამ კაშია 2010 წლიდან ცხოვრობს. არნემი კი, ქალაქი, რომელშიც გურამს სახლი და სამსახური აქვს, სულაც ისეთი პატარაა, ერთი ციცქნა ჰოლანდიის დიდი ქალაქების ათეულშიც ვერ ხვდება. „უმშვიდესი ქალაქია, მოწესრიგებული. არნემში ყველაფერია იმისთვის, რომ მშვიდად იცხოვრო, აკეთო შენი საქმე. იცი, რომ ეს ყველაფერი შენთვის გააკეთეს... რა საცობები, რვა წელია არ მინახავს!“

გურამ კაშია 2010 წელს არნემის ვიტესში თბილისის დინამოდან გადავიდა. ეს პერიოდი ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ ოპტიმისტურ პერსპექტივებს იძლეოდა. ვიტესის პრეზიდენტად დაინიშნა მერაბ ჟორდანია და არ იყო გასაკვირი, რომ ქართველი ტალანტები გუნდის ხელმძღვანელობის ყურადღების ქვეშ მოექცნენ. კაშიას შემდეგ ვიტესში აღმოჩნდნენ გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი. ერთიც და მეორეც დიდი ტალანტები. ამ სამეულმა ერთად დიდხანს ვერ ითამაშა. ჭანტურიას მალევე შეექმნა პრობლემები და მოგზაურობა დაიწყო სხვადასხვა კლუბში. ყაზაიშვილმა კიდევ უფრო დიდხანს ითამაშა, თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე ჭანტურიამ, და იმ პერიოდში, როცა უკვე გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა, კლუბი შეიცვალა – ალბათ, ამასაც აქვს თავისი მიზეზი, არ ვიცი, ამიტომაც არაფერს ვიტყვი. ვიტესში დარჩა მხოლოდ კაშია, რომელიც ორ წელიწადში გუნდის კაპიტანი გახდა.

გურამ კაშია თავისუფალ დროს ხშირად კითხულობს და ისმენს რობინსის ლექციებს თვითგანვითარების, ახალი უნარების აღმოჩენის, ლიდერთა ფსიქოლოგიის შესახებ. რამდენიმე ნაწყვეტს მეც მოვუსმინე სხვადასხვა სემინარიდან, მაგრამ, რადგან მე ყველა, ვინც ცხოვრებას მასწავლის, შარლატანი მგონია, დიდად ვერ დავინტერესდი და ვარჩიე, ისევ საკუთარ ეგოს ვუსმინო.

გურამ კაშია არ არის ქინქლაძე და ჯვარიც წერია, არც მესხი. კაშია მცველია. ზოგჯერ ნახევარმცველიც. ამას იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ამ საუკუნეში ფეხბურთი ისეთი უმადური სპორტი გახდა, სეზონში 50 გოლი თუ არ გაიტანე, დიდად არავინ გადაირევა შენზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პატარა ქვეყნის პატარა ქალაქის გუნდის კაპიტანი ხარ. და მერე რა, რომ ამ გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ქვეყნის თასი. მერე რა, რომ შენი კაპიტნობით. ასეც ხდება. თავიდანვე ეგრე იყო – ჭანტურიას და ყაზაიშვილის გოლების ლოდინში კაშია ყოველდღე უმატებდა. მხოლოდ მაშინ შევამჩნიეთ, როცა გუნდში ერთადერთი ქართველი დარჩა. შეიძლება, „შევამჩნიეთ“ არ არის სწორი ფორმულირება და ფეხბურთის ყველა მოყვარულზე ვერ განვაზოგადებთ, თუმცა ფაქტია, საზოგადოება სულ ცოტა ხნის წინ დაინტერესდა იმით, თუ რას აკეთებს საერთოდ კაშია იმ ჰოლანდიაში.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2017 წლის 30 აპრილს, ჰოლანდიის თასის ფინალში ვიტესმა ალკმაარს მოუგო. ფინალის დასრულების შემდეგ კაშიამ ერთი იმდენი ენერგია ემოციების გამოხატვაში დახარჯა, რაც თამაშისთვის დასჭირდა. ძნელია, სიხარულისგან ექსტაზში არ ჩავარდე, როცა მთელი სტადიონი შენს სახელს სინქრონში ამღერებს, წინ კი შენი გამოსახულებიანი უზარმაზარი ბანერი აქვთ გაშლილი. არადა, მოედნის გარეთ „იზი რაიდერივით“ უდარდელი და დინჯი ხარ. მოკლედ, ეგეთი ამბავი მოხდა, ჩვენ კი ეს თითქმის არც აღვნიშნეთ. ყანწების ჩაცლას არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ვაა, ნახე, ვიტესმა თასი აიღო და რამე – არ გვიქნია. სამაგიეროდ, ხუთი თვის შემდეგ, ყველა ქართველის გულს მძიმე მჯიღი ხვდებოდა კაშიას გამო და ერთი მოკვლით არ დამუქრებიან, თორემ დანარჩენი, როგორც ჟანრის კლასიკა მოითხოვს, ისე შეასრულეს.

ოქტომბერში, საქართველოს რამდენიმე ათასმა მოქალაქემ ნახა ფოტო, რომელზეც გურამ კაშია იყო გამოსახული. კაშიას ქვიარ დროშის ფერებში გადაწყვეტილი კაპიტნის სამკლავური ეკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიტესი ჩართული იყო უმცირესობათა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ამ კამპანიაში ერთიანდება მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყნის ყველა სფერო, მათ შორის, ფეხბურთიც. საქართველოში კი ამ სოლიდარობის ამსახველი ფოტოს ნახვის შემდეგ უცბად აღმოაჩინეს, რომ სადღაც, ჰოლანდიაში, არის ქალაქი არნემი, ამ ქალაქს ჰყავს გუნდი ვიტესი და ამ გუნდის კაპიტანი თურმე ქართველი გურამ კაშია ყოფილა, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანიც კი არის. ამ რამდენიმე ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ კაშია არ არის ღირსი, იყოს ნაკრების არათუ კაპიტანი, წევრიც კი. და მერე: ქართულმა მარშმა კაშიას ქუთაისის სტადიონზე და მის მიღმა მოუწყო ობსტრუქცია, რასაც უმრავლესობა არ აჰყვა. ამის შემდეგ, ქართული მარშის წევრებმა გადაინაცვლეს დუქანში, სადაც იცეკვეს „ვლაძიმირსკი ცენტრალზე“ და პატარა ჭიქით ბევრჯერ შესვეს დიდი საქართველოს სადღეგრძელო. „ეს იყო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ნაწილი. მე ვარ გუნდის კაპიტანი, მე წარმოვადგენ გუნდს და, პირველ რიგში, მე ვარ გუნდის სახე. მე მაქვს ვალდებულებები, რომელიც უნდა შევასრულო და მათ ყოველთვის ვასრულებ, რადგან ვარ პროფესიონალი და მაქვს პასუხისმგებლობა, რომელსაც თუ ავიღებ, აუცილებლად შევასრულებ. მე უნდა გამეკეთებინა ეს სამკლავური და გავიკეთე. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ამას რამე რეზონანსი მოჰყვებოდა, მით უფრო, ასეთი“, – ამბობს კაშია, რომელიც იმ ამბებიდან სამი თვის მერე ვნახე და ისევ ისეთი გაოცებული იყო მომხდარის გამო: „მე ვარ და ვიქნები ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი და თუ საშუალება მექნება, გამოვხატავ კიდეც. ჰოლანდიაში საერთოდ ვერც ხვდებიან, რა მოხდა...“

როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო გურამისთვის ის პერიოდი, მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ უმრავლესობამ, როგორი მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო მათთვის, აღიარა, რომ ძალადობა არაფრის ალტერნატივა არ არის.

ყოველთვის საინტერესოა, დააკვირდე ადამიანს, რომლის თავდაჯერებულობაც გხიბლავს, მით უფრო, თუ ეს ადამიანი 1990-იანების საქართველოშია გაზრდილი. მეც, რომელიც მილენიუმამდე ჩამოვყალიბდი, გარშემო ყველაფერი მიწყობდა ხელს, რომ თავდაჯერებული არ ვყოფილიყავი. სახლში, ეზოში, სკოლაში, სპორტზე, ყველგან, ყველა უფროსი ცდილობდა, უპირატესობა მოეპოვებინა ჩემზე. მწვრთნელები ყვიროდნენ, მასწავლებლები ყვიროდნენ, მშობლები ყვიროდნენ, „ვზროსლი ძმები“ ყვიროდნენ. ძალიან რთულია, ასეთ გარემოში პროგრესის გამანადგურებელი კომპლექსები არ აიკიდო და მერე წლები არ შეალიო ამ კომპლექსებისგან გათავისუფლებას. დღეს, როცა პოსტფაქტუმ უყურებ ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც განვითარების რაღაც დროს გაჩერდნენ, ძნელია გაამტყუნო. მათ არასდროს ჰქონიათ ფუფუნება, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჰყოლოდათ გამოცდილი მრჩეველი, რომელიც დაანახვებდა, სინამდვილეში რა არის სწორი. შედეგად მივიღეთ ის, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში პერსპექტივა და პროგრესი იცვლებოდა და იცვლება კაი ბეემვეში. გასაგებია, რომ იქ, სადაც გამოუცდელობა და შიმშილია, სისულელის ჩადენის ცდუნებაც მეტია, მით უფრო, თუ ეს სისულელე საშუალებას მოგცემს, ცოტა ხნით თავი დააღწიო ყოველდღიურ ბრძოლას გადარჩენისთვის – ამოისუნთქო და ამოასუნთქო ახლობლები.

თუმცა არსებობს ფეხბურთში ასეთი ტერმინი – პერიფერიული ხედვა. ეს ტერმინი ზუსტად ასახავს კაშიას, როგორც სპორტსმენს. ორაკულივით იცის, რა იქნება მისთვის უკეთესი. სხვა ახსნა არ მაქვს, როგორ შეძლო ამ ადამიანმა, ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე ყოფილიყო თავდაჯერებული, მიეღო სწორი გადაწყვეტილებები და სხვებთან ერთად არ გადაეხვია ვოდკა რედბულის დასალევად ბარში.

„ყოველდღე ვცდილობ, რომ ამ ასაკიდანვე ჩავუნერგო თავდაჯერება. რაღაც არ გამოსდის? დავუჯდები და ვეუბნები, რომ უკეთესად შეუძლია; რომ თუ ეცდება, აუცილებლად გამოუვა, რომ მთავარია სურვილი, მონდომება და შენ ყველაფერს შეძლებ!“ – ამბობს გურამი თავის შვილ ალესსანდრაზე, რომელიც 4 წლის არის. როგორც ჩანს, მან უკვე იცის, რომელია ის მთავარი ლოკომოტივი, რომელიც განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისკენ გექაჩება – თავდაჯერებულობა. „რა სჭირდებათ ბავშვებს ყველაზე მეტად, რომ წარმატებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდნენ? თავდაჯერება!“ – ამბობს გურამ კაშია.

დიდი ხნის წინ მქონდა ოცნება, რომ დენის ბერკამპის ავტობიოგრაფიული წიგნის გოსთ რაითერი ვყოფილიყავი. ამ ოცნების ასრულების იმედი 2013 წლამდე მქონდა, 2013-ში კი მისი წიგნიც გამოვიდა – „სიმშვიდე და სისწრაფე: ჩემი ისტორია“ (Stillness and Speed: My Story). დაიმარხა ოცნება, მაგრამ სურვილი დღემდე მაქვს, ვინმეს ავტობიოგრაფია დავწერო, და რადგან ფეხბურთი მიყვარს, უკეთესი იქნება, თუ ფეხბურთელი იქნება. თუ ოდესმე კაშია გადაწყვეტს ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერას, მინდა, სწორედ მისი აჩრდილი გავხდე. მაგრამ შეიძლება ეს საქმე უჩემოდაც გამოუვიდეს.

საქმე ისაა, რომ ამჯერად გურამი, ყოველდღე ვარჯიშის გარდა, რის შემდეგაც დროს ოჯახს უთმობს, კვირაში ერთხელ და ზოგჯერ ორჯერაც თამაშს ატარებს. ასევე, ტონი რობინსის გამოცდილებებს ეცნობა და საფეხბურთო მენეჯმენტს სწავლობს.

„რას მიიჩნევ მთავარ ნაკლად?“ – ამ კითხვაზე ასე მპასუხობს: „დროის უაზროდ ფლანგვას“. ბევრს არა, მაგრამ კითხულობს. ლიტერატურული გმირებიდან ყველაზე მეტად უყვარს რობი ლოკამპი – მასსავით სიცოცხლის და ოპტიმიზმის სიმბოლო დაკარგულ თაობაში, მაგრამ, ყველაზე მეტად უყვარს ავტობიოგრაფიული წიგნების კითხვა.

„ნიჭი, რომელიც გინდა, რომ გქონდეს“.

„წერის ნიჭი“.

ტონი რობინსი ერთ-ერთ თავის წიგნში „გააღვიძე შენში ტიტანი“ (Awaken the Giant Within) ამბობს: „ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, აიღო შენს თავზე პასუხისმგებლობა, რომ შედეგს მიაღწევ და მოიჭრა უკან დასახევი გზები“.

არ ვიცი ზუსტად, როდის დაინტერესდა რობინსით, მაგრამ იმ ფილოსოფიას, რასაც რობინსი ქადაგებს, გურამ კაშია დიდი ხანია პრაქტიკაში ატარებს. მას უკვე აქვს რწმენა და არა მგონია, კადილაკი სჭირდებოდეს საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად.