ესტაკადის მშენებლობისას ზოოპარკში გამოკეტილი მაიმუნები უწყვეტად კივიან. რა აწუხებს გალიაში გამოკეტილ მაიმუნს და რისი ნიშანია მისი ღრიალის გამო ჩვენი თეთრად გათენებული ღამეები?

ჩემი სიზმრების წიგნში ასეთ ჩანაწერს ვპოულობ: „03.12.2011 …გუშინ მესიზმრა რაღაც სახლი ქალაქგარეთ. არ ვიცი, თბილისი იყო თუ არა, მდინარე იყო და საღამოს რაღაც ღონისძიება იყო დაგეგმილი. უცებ მდინარე ადიდდა და რაღაცები წაიყოლა. მათ შორის ცხოველები“…

ცირკთან გადაღებულ ფოტოზე მე და ჩემი ძმა ნაცრისფერი ფერის ლურჯთვალა პლასტმასის ირემზე ერთმანეთის გვერდით ვსხედვართ, მეც ლურჯი ზედა მაცვია და წონასწორობას რქებზე მოჭიდებული ხელით ვიცავ, სივრცეში ვიყურები, სადღაც თერთმეტსართულიანის მიმართულებით.

იმ სახლში ერთადერთხელ, 2001 ან 2002 წელს მოვხვდი. შუქი ჯერ კიდევ ხშირად ქრებოდა, ლიფტში ჩაჯდომა საშიში იყო, ფეხით ავედით. მეგობარმა წამიყვანა მკერავთან. ვერც ვიხსენებ, რა შევიკერე.

მკერავი ბოლო, მეთერთმეტე სართულზე ცხოვრობდა. ბინაში ხალხი ირეოდა, რაღაცნაირი მბჟუტავი და ყვითელი განათება ჰქონდა, ყველგან ნაჭრები და ძაფებიან-ნემსებიანი კაბები ეფინა. ქალები უხსნიდნენ, რისი ჩაცმა უნდოდათ, სიცივისგან დახორკლილ ტანებზე კაბებს იცვამდნენ და შიშველ სხეულზე ნემსების შერჭობას არავინ იმჩნევდა. ისინი, ყველანი, პენელოპეები იყვნენ, მთავარ პენელოპესთან შეკრებილები – ოდისევსების მოლოდინში. რომლებიც ომებიდან, გარჩევებიდან აღარ დაბრუნებულან. 

ტალახში ამოთხვრილ ჭუჭყიან ტრაქტორზე ვეფხვის ლეში გდია. ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე იპოვეს, წყალდიდობის მერე. უწყლო, ამომშრალ აუზზე.

ფოტოზე ჩემს პლასტმასის ირემს და ზოოპარკის გარეთ დარჩენილ ტალახში ამოთხვრილ მტაცებელს ზუსტად ერთი ფერი აქვთ.