23 მარტი
18:58
ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა

წლების წინ ინდიგოსთვის პირველი ტექსტი დავწერე, რომელშიც სახლის და საზღვრების პირობითობაზე ვფიქრობდი. სადღაც 2015 წელი იყო. დღეს პირველად მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან კითხვებს, ცხოვრების წესს და შიშებს დღევანდელმა მოცემულობამ არსობრივად სხვა პასუხები გასცა.

ჩემი ცხოვრების მთავარი და საყვარელი სახლებიდან რაღაც დროს ჩემით ან გარემოების გამო გამოვქცეულვარ. ან ხშირად წარმომიდგენია იმ სახლების წყობა, სადაც ჩემთვის საყვარელი ადამიანები უჩემოდ ცხოვრობენ და რაღაც გარემოებების გამო მე არასოდეს ვიგულისხმები შიგნით. ან ბავშვობის სახლებში წლების მერე გაზრდილი მივსულვარ და ყველაფერი ფიზიკურად დაპატარავებული დამხვედრია. უცნაურია მაგრამ თავდაუზოგავად მომიწყვია ოთახები, სადაც ჩემს სტუმრებს და ოჯახის წევრებს ბედნიერად უგრძვნიათ თავი, მაგრამ ჩემთვის ბოლომდე არცერთი სახლი არ ყოფილა იმდენად მყუდრო და მისაღები რომ მთელი ცხოვრება იქ მდომებოდა ყოფნა. არის მეგობრების, ახლობლების ან უბრალოდ სახლები სხვადასხვა ქვეყნებში სადაც დავრჩენილვარ და რადგან ბავშვობიდან მიყვარს სხვაგან ცოტა ხნით დარჩენა ყველაზე ბედნიერად და მშვიდად ზუსტად ესეთ დროებით სახლებში მძინებია. არის წარმოდგენითი სახლები და სახლები, რომლებიც მესიზმრება, უფრო სწორად ერთ-ერთი სახლი წარსულიდან, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ვარ ხოლმე კარგად, როდესაც სიზმარშივე უცებ გამახსენდება, რომ სახლს სხვენი აქვს, რომელიც რთული ასასვლელია და საკმაოდ დაბალი ჭერი აქვს, მაგრამ თუ ახვალ და გაიმართები ფართოა, ნათელი, დიდი ოთახებით და ჭერისთვის შეუსაბამოდ მაღალი ფანჯრებით. ამ სხვენის სახლში სიზმარშიც კი არ ვცხოვრობ, უბრალოდ ვგეგმავ და მაბედნიერებს ის აზრი, რომ სხვენში სახლი მაქვს.

ცხადში კი, ამ ახალ მოცემულობაში, მგონი ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი სახლის და საზღვრების კონკრეტულობა და სიმყარე და ყველაზე მეტად ამ ცვლილებამ შემაშინა.

სახლი დღევანდელი მთავარი თავდაცვაა - ჩვენი ციხესიმაგრე.

მაგრამ ეს ჩვენთვის, ვისაც ფიზიკური სახლი და იქიდან საკუთარი ნებით გაქცევის ფუფუნება გვაქვს/გვქონდა.

რამხელა ირონია დევს სახლში ყოფნით ბრძოლაში და თან იმ ადამიანებზე ფიქრში, რომლებსაც დევნილობის და უსახლობის პირობებში მათთვის მუდმივად ჩაკეტილი სახელმწიფო საზღვრების გადალახვა და ახალი სახლის ძიება ეხლაც უწევთ და მათ მიმართაც, ვისაც ბევრი სხვა მიზეზის გამო აღარ აქვს თავშესაფარი, მაგრამ როგორც გვარწმუნებენ, დღეს ეს ერთადერთია რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

და მომავლისთვის ეს ლინკი ქალებსა და სახლებზე:

https://www.widewalls.ch/women-house-exhibition-nmwa/