უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მე და ჩემი წონა გარდამავალი წარმატებით ვებრძვით ერთმანეთს. დავიკლებ, მოვიმატებ, ისევ დავიკლებ, ისევ მოვიმატებ. ამ პროცესს თავისი სახელი აქვს. მას „იო-იოს ეფექტს“ უწოდებენ. ესაა წონის რყევა, მისი მუდმივი კლება და მატება. ეს პრობლემა წონაში დაკლების მსურველთა 80%-ს საკუთარ თავზე გამოუცდია. ეს ის პროცესია, როცა დიეტისა და კვირების განმავლობაში საყვარელ კერძებზე, ტკბილეულზე უარის თქმის წყალობით წონა ჯერ მცირდება, მისი დასრულების შემდეგ კი ისევ მზაკვრულად იზრდება.

მეშვიდე კლასის შემდეგ ჩემი წონა 75 კილოგრამიდან 167 კილოგრამამდე მერყეობდა. საბოლოო ჯამში, დიდი დაკლების ფოკუსი ოთხჯერ ჩავატარე: ოთხჯერ დავიკელი საკმაოდ შესამჩნევად. პირველად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (62 კგ), მეორედ – მორდოვეთის ასსრ ტენგუშევოს რაიონის დასახლება ბარაშევოს საბჭოთა პოლიტიკურ ბანაკში (50 კგ, ოღონდ აქ ფოკუსი მე ჩავატარე თუ მე ჩამიტარეს, ეს კიდევ საკითხავია), მესამედ – ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, დიეტოლოგ-ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის, დახმარებით (90 კგ) და მეოთხედ – ბარიატრიული ქირურგიის ქართველი პიონერის, დათო აბულაძის, დახმარებით (60 კგ).

ახლა ორ სიტყვას მოგახსენებთ წონაში კლების ჩემს პირველ გამოცდილებაზე.

წონის თვალსაზრისით, ექვს წლამდე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ჩემი უმცროსი ძმის, დათოს, დაბადების წინ სურამში, საბავშვო ბანაკში, გამისტუმრეს (ამის შემდეგ ეს საბავშვო, პიონერული თუ პოლიტიკური ბანაკები ცუდად დამებედა). პირველი გასვლა ოჯახიდან სტრესული აღმოჩნდა, მომეჩვენა, რომ მიმატოვეს და დამივიწყეს. საოჯახო სამზარეულოსა და, ძირითადად, საზეიმო ეროვნულ კერძებს მიჩვეულს, ბანაკის მენიუ და კულინარიული დონე იმდენად დაბლად მომეჩვენა, რომ თითქმის არაფერს ვჭამდი და ისედაც თხელი ბავშვი ბათუმში ისე დავბრუნდი, თითქოს აუშვიცის ან ბუხენვალდისთვის დამეღწიოს თავი. მეშვიდე წლიდან გასუქება დავიწყე. დაწყებით კლასებში ისეთი პუტკუნა ვიყავი, რომ უფროსკლასელი გოგონები ჩემს მოსაფერებლად სპეციალურად მოდიოდნენ. წონა ყოველწლიურად იზრდებოდა. ასე რომ, მერვე კლასში ას კილოგრამს გადავაბიჯე. უნივერსიტეტის მეხუთე კურსზე ასოცდაჩვიდმეტ კილოგრამს ვიწონიდი და ვატყობდი, რომ ესეც არ იყო ბოლო მიჯნა.

ადრე ბათუმში რკინიგზის სადგური ქალაქის ცენტრში იყო. სხვადასხვა ხელისუფლებამ ბევრი იზრუნა, რომ ბათუმში სადგური არ ყოფილიყო და ჯერ მახინჯაურში და შემდეგ ბარცხანაში გადაიტანა, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობაზე განუწყვეტელი ფიქრითა და ზრუნვით იყო განპირობებული. ერთხელაც, მეხუთე კურსის პირველი სემესტრის დახურვის შემდეგ, მშობლიურ ქალაქს მცირე ხნით ვესტუმრე და თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი. სადგურს მივაკითხე ბილეთის შესაძენად. მოულოდნელად ნაცნობების მთელ არმიას შევეჩეხე: მისი დედა, დეიდა, თავად ის, მისი და და მისი მეგობარი. მე მგონი, გამარჯობაც არ მითქვამს, ელდანაკრავივით ცივად გამოვბრუნდი უკან, რადგან მსუქანი და ნაწყენი ვიყავი. ამ მოულოდნელმა შეხვედრამ ამაფორიაქა და მივხვდი, რომ ამდენი ხნის ნამუშევარი („გულიდან ამოიგდე“, „დაივიწყე“, „ქალები დაილია ამ ქვეყანაზე?!“ და ა.შ.) ამაო აღმოჩნდა. ის დაბრუნდა.

ამრიგად, პირველი გადაწყვეტილება დაკლების თაობაზე მივიღე მკაცრად მატრიმონიული მოტივით: ცოლის შერთვა მინდოდა. სამიზნე ჯგუფს განსაზღვრა არ სჭირდებოდა – მეშვიდე კლასიდან სამიზნე ჯგუფი ფრიად დავიწროებული იყო ერთ პიროვნებამდე და მასთან სამომავლო ურთიერთობა იყო ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული და ბეჭედდასმული. თუ ეს მიზანი ვერ შესრულდებოდა, ის მაინც უნდა მომხდარიყო, რომ მას ინტერესით შემოეხედა ჩემთვის და არა ისეთი ხაზგასმით ინდიფერენტული, მსუბუქი გაკვირვებით, როგორც ეს ბათუმის რკინიგზის სადგურის დარბაზში მოხდა.

დავიწყე ინტენსიური ფიქრი. საბოლოოდ, გეგმა შედგა. გათვლა მარტივი იყო: ვიკლებთ სამოცდაორ კილოს, ვაღწევთ სანუკვარ 75 კილოგრამს, ვიცვამთ ჯინსებს (სასურველია „ლი“), მაგარ „შუზებს“, თვალსაჩინო „ბატენის“ პერანგს, ვიკეთებთ შავ სათვალეს (რა თქმა უნდა, „რეიბანს“), ძალიან მსუბუქად ვისხამთ ოდეკოლონს (მაგალითად, „ვარსს“ ან „შიპრს“), ჯიბეში ვიდებთ „მალბოროს“ და გაუფრთხილებლად ვეწვევით ობიექტს ამა წლის სექტემბერში; სტრატეგიული გეგმა დაფუძნებულია მოულოდნელობის ეფექტზე. ასე რომ, ვახდენთ ელვარე, წარუშლელ შთაბეჭდილებას და ისე, რომ არ ვაძლევთ შოკიდან გამოსვლის საშუალებას, წარმოვთქვამთ წინადადებას, რომელზეც ობიექტი უარს ვერ იტყვის. მთავარია, არავითარი პოეზია და ჭკვიანური საუბრები, ამას უკვე მიეძღვნა წინა ათწლეული, მთელი ყურადღება – გაუმჯობესებულ სხეულზე, მიხვრა-მოხვრასა და ფეხის ფეხზე ელეგანტურად გადადებაზე (არსებობს ფეხის ფეხზე გადადების ზღვრული წონა, სულ ცოტა, ას კილოზე ქვემოთ მაინც უნდა იყო, რომ ეს მოძრაობა უმტკივნეულოდ, ხელის დაუხმარებლად და მსუბუქად, თითქმის ზერელედ, „სხვათა შორის“ შეასრულო).

1977 წლის მარტში საიდუმლო გეგმა უკვე არსებობდა – სამოცდაორი კილო ექვს თვესა და ორ კვირაში. ვინაიდან მე და ამ ისტორიული ავანტიურის ობიექტი საქართველოს ორ განსხვავებულ, მაგრამ ევროპაზე თანაბრად ორიენტირებულ ქალაქში ვცხოვრობდით, საიდუმლოს დაცვის გარკვეული გარანტია არსებობდა. ბოლოს და ბოლოს, თუ ხმა მიუვიდოდა, ლევანმა წონაში დაიკლოო, მთელი ოპერაციის სიღრმეს მაინც ვერ ჩასწვდებოდა: საქმე ის იყო, რომ იმ მომენტისთვის, როგორც უკვე მიხვდით კიდევაც, ჩვენ გაწყვეტილი გვქონდა ურთიერთობა.

პროგრამა მხიარულად დაიწყო სასაცილო დღეს, 1 აპრილს. თანამედროვე დიეტოლოგები და, უბრალოდ, დიეტის მიმდევარი საზოგადოება შეიძლება, არ დათანხმებოდა ჩემი პირველი დღეების მენიუს, მაგრამ აქ ისტორიული მიდგომაა საჭირო. უნდა გაითვალისწინოთ, რომ იმ მომენტისთვის მე წარმოდგენა არ მქონდა დიეტათა მრავალფეროვნებაზე, დიეტოლოგთა და ენდოკრინოლოგთა მოთხოვნებზე (ეს პროფესიები ჩემთვის არც არსებობდა). ამიტომ არავინ გაიკვირვოს, რომ პირველი ორი კვირის მენიუ იყო შავი პური და წყალი. პირველ ორ კვირაში თორმეტი კილო დავიკელი (მახსოვს, ასაწონად აეროპორტში წავედი, რადგან იქ მეგულებოდა სასწორი, რომელზეც ზედმეტი საჯაროობის გარეშე აწონა შეიძლებოდა – დღისით აეროპორტის დარბაზი თითქმის ცარიელი იყო).

დავიწყე შეფუთულმა წოლა (ოფლის მოსადენად). გადავედი ცელოფანებსა და ძალიან თბილ ტანსაცმელში შეფუთულ სირბილზე. წონა ნელ-ნელა მიდიოდა. პირველი ოცი კილოს დაკლების შემდეგ მივმართე რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რადგან ყური მოვკარი, რომ სახელგანთქმული ექიმი თოხაძე მსუქნებს აგროვებდა და დაკლებას უპირებდა.

სერიოზული საზოგადოება შეიკრიბა: ცნობილი ენათმეცნიერი, არანაკლებ ცნობილი კანონიერი ქურდი, სახელგანთქმული პიანისტი, ოპერის მომღერალი ორი უზარმაზარი ქალი და გასაიდუმლოებული მეცნიერი, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი. პიანისტმა და ოპერის მომღერლებმა ერთ სამშაბათს (კულტურული ღონისძიებების დღე, რატომღაც, სწორედ სამშაბათი იყო) კონცერტი ჩაგვიტარეს, ფიზიკოსმა სამყაროს წარმოშობაზე საჯარო ლექცია წაგვიკითხა, ენათმეცნიერმა იბერიულ-კავკასიურად გაგვანათლა, ხოლო კანონიერი ქურდი ლექციების გარეშეც ახერხებდა ჩვენს შეყვანას ქურდული კანონების გამოუცნობ სამყაროში.

როგორც ილია იტყოდა, კარგი რამ იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს სამკურნალო კლების განყოფილება. მენიუში ჰქონდათ მოხარშული ხორცი, ხაჭო, მაწონი, ხილი და ბოსტნეული. ყველაფერ ამას ემატებოდა წყლის პროცედურები (დიდი პოპულარობით სარგებლობდა შარკო) და მეოთხე სართულის აივანზე სირბილი (ეს აივანი მთელ იმოდენა შენობას გარს ერტყა). ჩემს პალატაში იყო ზღაპრული, თითქმის მითოლოგიური კაცი, „კონიაკების“ თენგიზა. ის იყო კლასიკური საქმოსანი, საბჭოთა ბიზნესმენი, კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი. დაკლება მას შემდეგ გადაუწყვეტია, როდესაც ათმანეთიანების შეკვრა (ათი ათასი მანეთი) დაუგდია მეგობარს და მუხლის მოუხრელად თუ აიღებ, შენიაო, უთქვამს. ერთ მომენტში შიმშილმა ისე შემაწუხა, რომ თენგიზის საწოლზე შემწვარი გოჭი დამესიზმრა, ოღონდ ახლა აღარ მახსოვს, ეს მართლა დამესიზმრა, თუ მოსაყოლად მოვიგონე. ექიმები მძიმე დღეში ჩავარდნენ, რადგან ჭირისუფლები „ავადმყოფებთან“ გოჭ-ქათამ-მწვად-ხაჭაპურიანი მოსაკითხებით მოდიოდნენ და მთელ ამ ხორაგს ჩვენთან შეთანხმებით სამედიცინო პერსონალი ითვისებდა. თოხაძე ხუმრობდა, მალე ექიმები პაციენტებად იქცევიან და პირიქითო. მთელი თვე დიეტა, შარკო და სირბილი ძალიან მოსაწყენი იყო, ამიტომ სხვადასხვა გართობას მივმართავდით. მაგალითად, გამოვუშვით კედლის გაზეთი „დინოზავრის ხმა“, თანაკურსელს დავურეკე და ვთხოვე ლაღიძის წყალი მოეტანა (სახელგანთქმული ნაღები-შოკოლადით), შემდეგ ისევ დავურეკე და შეკვეთა გავაუქმე. ერთ მშვენიერ დღეს კი კონიაკების თენგიზამ, რომელსაც მანქანა საავადმყოფოს ეზოში ჰყავდა გაჩერებული, არც მეტი, არც ნაკლები, ლისის ტბაზე რესტორანში დაგვპატიჟა. ჩვენი მზაკვრობის ამბავი გამომჟღავნდა და, როგორც მახსოვს, გაძლიერებული შარკოთი და სარბენი დისტანციის გაორმაგებით დასრულდა. საბოლოო ჯამში რესპუბლიკურ საავადმყოფოში თხუთმეტი კილო დავიკელი.

ამასობაში მივუახლოვდი ყველა მოდიეტის სანუკვარ ზღვარს – 100 კილოგრამს. რუსთაველზე სასწორმა 102 კილოგრამი აჩვენა (იმ დროიდან მოყოლებული, კილოგრამებზე ვარ კონცენტრირებული, გრამებზე არ ვიხარჯები. ასე რომ, 102 კგ და 900 გ ჩემთვის 102 კილოგრამია). ორნიშნა რიცხვზე გადასასვლელად გადავწყვიტე შიმშილი დამეწყო. მოსამზადებელი პერიოდების გავლის გარეშე შვიდი დღე ვიშიმშილე. წონა ჯიუტობდა (მაშინ ჯერ არ ვიცოდი სადიეტო ლექსიკონის საკრალური სიტყვა „პლატო“). კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ ძლივს ჩამოვბობღდი 99 კილოგრამზე. როგორც კი სასწორის ათეულების გირა ოთხმოცდაათზე გაჩერდა, წარმოუდგენლად მაღალი აზრი ჩამომიყალიბდა საკუთარ თავზე. სახელდახელოდ გამოვაცხადე ხილ-ბოსტნის ერთთვიური. ყველა ხილი და ყველანაირი უმი ბოსტნეული დავუშვი მენიუში, რაოდენობას ყურადღებას არ ვაქცევდი. ბოლოს სტიქიურად შევიმუშავე „პროფესიული“ დიეტის მაგვარი რეჟიმი: სამდღიანი ციკლი – პირველი დღე ცილები (ხორცი, თევზი, ხაჭო), მეორე დღეს ხილი და მესამე დღეს უმი ბოსტნეული. ამ ციკლით გავედი ბოლომდე. პირველ სექტემბერს ზუსტად 75 კგ ვიყავი.

გადავწყვიტე, სერიოზულად მიმეხედა ესთეტიკური საკითხისათვის (დიეტებმა დამარწმუნა, რომ მთავარი სტიმული, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ესთეტიკურია). ბათუმში, ყველა ბათუმელისა და თბილისელისათვის ცნობილ ეზოში, რომელსაც ყველა „ფერსაფას ეზოს“ სახელით იცნობდა, ერთ დღეს შევიძინე თანამედროვე დონ ჟუანის მთელი არსენალი: მუქი ლურჯი ჯინსი (რა თქმა უნდა, „ლი“, 34 ზომა; თვალებს არ ვუჯერებდი, 34 ზომა!), „ლივაისის“ ბატენიანი ჭრელი პერანგი (ზომა М, საკუთარი თავით ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა), ამერიკული მოკასინები, ავიატორის სტილის „რეიბანები“. მასპინძლის უზარმაზარ სარკეში რომ ჩავიხედე, ნარცისივით უაღრესად ამაყი და კმაყოფილი დავრჩი, ხოლო ფერსაფამ, ბათუმური იატაკქვეშეთის ვაჭრობის ამ ჭეშმარიტმა ქურუმმა, კიდევ უფრო სერიოზული შეფასება მომცა – неотразимый.

ერთი კვირა ვმოძრაობდი მშობლიური ქალაქის ქუჩებში, იმასთან წასვლას სულ მეორე დღისთვის ვდებდი. როდემდე გაგრძელდებოდა ჩემი გაუბედაობა, ვერ ვიტყვი, მაგრამ საქმეში ბედისწერა, მოირა, ჩაერია. ერთ მშვენიერ დღეს ფოსტასთან ჩემს ორ მეგობარს გადავაწყდი, რომლებიც ტორტის მისართმევად იყვნენ მიწვეულები და სწორედ იმასთან მიდიოდნენ. უცნაურად მომეჩვენა, რომ ჩემს იმასთან ის ხალხი მიდიოდა, რომლებიც მას მე გავაცანი. ისინი მიდიოდნენ და არა მე. მსუბუქი პროტესტი კი გამოთქვეს, მაგრამ მაინც დავემგზავრე. მანქანაში წინ დავჯექი და ფეხი ფეხზე გადავიდე.

მივედი, ვნახე, ვერ გავიმარჯვე. არა, მოულოდნელობის ეფექტი ნამდვილად იყო, მაგრამ დაგეგმილი შოკი ვერ დავაფიქსირე, ჩემმა ვიზავიმ ჩემს გარეგნობაში დრამატული ცვლილებები არ შეიმჩნია, წონაზე, დიეტასა და ჯინსებზე საუბარი არ ყოფილა. იმ წინადადების თქმას, რომელზეც ობიექტი უარს ვერ იტყოდა, აზრი დაეკარგა. განვლილმა ექვსმა თვემ, შავმა პურმა, შიმშილმა, ყელში ამოსულმა ხაჭომ, სირბილმა, ოფლის დენამ, უნებლიე დარღვევებმა, შარკომ, „დინოზავრის ხმამ“ ერთ წამში დაკარგა ფასი და ისევ წამოვიდა „დაივიწყე“, „ამოიგდე გულიდან“, „ქალების მეტი რაა ამქვეყნად“ და ა.შ.

ჩემმა ახლობლებმა კარგად იციან, როგორ მიყვარს ჩემი სიდედრი, რომლისთვისაც მოსაფერებელი სიტყვების მთელი ლექსიკონი მაქვს შექმნილი – აბრევიატურა „ჩემსიდან“ (ჩემი სიდედრი) დაწყებული, „ლალათი“ გაგრძელებული და თბილი „სისით“ დამთავრებული; მაგრამ ბევრმა მათგანმა არ იცის, რა საფუძველი აქვს ამ სიყვარულს. როგორც სამყარო, ეს სიყვარულიც რამდენიმე სვეტზე დგას. პირველი სვეტი მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსში ამოვიდა და პატარა ის ამოიყვანა; მეორე მაშინ, როდესაც ბათუმის რკინიგზის სადგურში შეხვედრისას მხოლოდ მან მითხრა გამარჯობა; მესამე სვეტი კი იმ შორეული სექტემბრის თვეში აღმოცენდა. ჩემი მეგობრები ტორტს მიირთმევდნენ, ხოლო მე ობიექტი კედელთან მყავდა მიმწყვდეული და „ინოსტრანნაია ლიტერატურის“ ახალი ნომრის მიმოხილვაზე ვიყავი გადასული (რაკი „ლივაისმა“ და „რეიბანმა“ არ გაჭრა, ისევ ძველ დისკურსს ვუბრუნდებოდი), როდესაც კარი გაიღო და გემივით შემოვიდა ჩემსი და ყოველგვარი შესავლის გარეშე, ერთგვარი კლასიკური მიამიტობით იკითხა: „დავიჯერო, ეს ლევანია?! ასეთი გმირობა შესაძლებელია?! აბა, ერთი, ადექი! რა კარგად გამოიყურები! რა კარგად გაცვია! აბა, ერთად დადექით!“

ჰოდა, არ გაგიკვირდეთ, დილით, მთაწმინდის ბინის სამზარეულოში, ბათუმის მონატრებით მოწყენილს რომ დავინახავ, რატომ გამომაქვს ოთახიდან გიტარა და რატომ ვუმღერი ხუთ ენაზე, რომ მისი გამხიარულება მოვახერხო.