ის ისე შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში, როგორც უცნობი, ვისთანაც ძალიან მარტივად და მალე იწყებ მეგობრობას, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდი. კვირა არ გავა, არ შეხვდე და რამდენიმე საათი ერთად არ გაატაროთ. ეს ის დროა, როცა უკეთესი გგონია თავი, როცა რაღაცას სწავლობ, ისე, რომ სულაც არ ფიქრობ, რაში შეიძლება გამოიყენო მიღებული ცოდნა. ხანდახან მისი ზემოქმედება ჯადოსნური სოკოს ზემოქმედებასაც ჰგავს, როცა იკვლევ, თუ რისგან არის ეს რეალობა მოქსოვილი. სიზმრებისგან, შეიძლება დაეთანხმო შექსპირსაც. და ისიც ისეთივე ძველია, როგორც შექსპირი. კიდევ უფრო ძველიც, შეიძლება; შეიძლება, სამყაროს ასაკისაც იყოს და მას მერე გამუდმებით იცვლება. ცვლის გარემოს, კანონებს, ადამიანებს.

ეს ცხოვრება მხოლოდ ჩამონათვალი რომ იყოს, მხოლოდ ჩამონათვალი მოვლენების, შეგრძნებების, ნივთების, ადგილების, საიდან დავიწყებდით გახსენებას? ხელაღებით თქმა რთულია, მაგრამ ამ სიის მოზრდილი სეგმენტი რომ სწორედ მუსიკა იქნებოდა, ზუსტად ვიცით. და ვთქვათ, ეს ისტორიაც ჩამონათვალია, ორი წერტილი და მერე ვიწყებთ: მხატვრების ორკესტრი, ბაროკო ჩინეთში, გასხივოსნებული ღამე ჭიათურაში, მოხატული კლავესინი, (კლავესინის ხმის გაგონებისას, გგონია, სადღაც გვერდით ოთახში დირიჟორის შვილს სძინავს და მუსიკოსიც ამიტომ ფრთხილობს), ვიოლინოს მეცადინეობისგან დაწითლებული ყელი… აი, ვწერთ ამ სიტყვებს და ზმნები მათ შორის თავისით ჩნდებიან.

საქართველოს სინფონიეტას ვხვდებოდით თბილისში, კახიძის ცენტრში, კონსერვატორიაში, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, თელავის თეატრში, სხვადასხვა კონცერტსა და საღამოზე, ასევე მათ მიერ დაარსებულ ბაროკოს ფესტივალზე. ბოლოს კი მათსავე სივრცეში მივედით, რომელიც იუსტიციის სახლის პირდაპირ, კინოცენტრის შენობის ბოლო სართულზე მდებარეობს.

ლიფტიდან გამოსულებს ხელმარჯვნივ ოთახის ყვავილების რამდენიმე წყებად დაწყობილი ქოთნები დაგვხვდა. ოთახის ყვავილებსა და კლასიკურ მუსიკაზე ყოველთვის პროკოფიევი ჩნდება თავში, მის გასვენებაში ხომ მხოლოდ ქაღალდის ყვავილები და ოთახის მცენარეები მიჰქონდათ, რადგან მთელი მოსკოვის ყვავილები სტალინის გასვენებას დაახარჯეს. უცნაურად დაემთხვა მათი სიკვდილის დღეები ერთმანეთს.

ჩვენი მისვლისას სინფონიეტას რეპეტიცია აქვს. რესპონდენტი არ არის, მაგრამ დიქტოფონს მაინც ვრთავთ. რეპეტიციის დასრულებას ჩვენთან ერთად ერთ-ერთი მუსიკოსის შვილი, პატარა ბიჭუნა ელოდება, რომელიც თითქოს მუსიკის ხმას აყოლებს თავის აიპოდს. „ნაცნობი სიტუაციაა, – მამაჩემსაც ასე დავყავდით, ოღონდ მაშინ ასეთი გასართობი არ გვქონდა, რასაც ასრულებდნენ, იმის მოსმენა გვიწევდა, – გვეუბნება თეა მუქერია, სინფონიეტას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მევიოლინე, რადიო „მუზას“ წამყვანი, კონსერვატორიის ლექტორი.

სინფონიეტა არა სიმფონიური, არამედ კამერული ორკესტრია – ყველაფერი შენთან ახლოს, შენ თვალწინ ხდება – მათ შორის განსხვავება კი, ერთ-ერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკს თუ ვენდობით, მხოლოდ ისაა, რომ კამერულ ორკესტრში (ისევე, როგორც წყვილის სექსში) „საჩკაობის“ ნაკლები შესაძლებლობა გაქვს, ვიდრე სიმფონიურ ორკესტრში (ისევე, როგორც ჯგუფურ სექსში).

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში აქტიური კამერული ორკესტრი ფაქტობრივად არ არსებობდა. ანუ არ არსებობდა ორკესტრი, რომელიც დაუკრავდა იმას, რაც უნდა, ვისთანაც უნდა და როგორც უნდა – გააჩენდა შესაძლებლობას იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც გამუდმებით განვითარების, უკეთ დაკვრის პრეტენზია აქვთ და არ კმაყოფილდებიან მხოლოდ ხელფასით. ამ იდეით შეიკრიბნენ სინფონიეტას წევრები 2008 წელს და ის ფაქტი, რომ დღემდე არსებობენ და ვითარდებიან, იმის დასტურია, რომ მცდელობა წარმატებული იყო.

ორკესტრის არსებობიდან სამი წლის თავზე, 2011 წლის 1 მაისს, მათი კონცერტი ჩაიწერა და შემდეგ 64-ჯერ გადასცა ცნობილმა ფრანგულმა მუსიკალურმა ტელეარხმა MEZZO-მ. როგორც წესი, ამ არხზე B კატეგორიის ორკესტრი ვერ ხვდება.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სპეციალურად ქართული ორკესტრის ჩასაწერად ჩამოვიდნენ. ეს მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ქვეყნის მუსიკალურ დონეს ინდივიდუალურ შემსრულებლებზე მეტად სწორედ ორკესტრი წარმოაჩენს, ისევე, როგორც ფეხბურთის შემთხვევაში ერთი ლეგიონერის თამაშის ნაცვლად, სწორედ ნაკრების ან ქართული კლუბის კარგი თამაში აჩვენებს საერთო დონეს. ერთი მერცხლის ვერმოყვანილი გაზაფხულის ამბავია და ეს შავებში გამოწყობილი მუსიკოსები სცენაზე მართლაც რომ მერცხლებს ჰგვანან, განსაკუთრებით, თუ ვივალდის ასრულებენ.

ორკესტრი 16 მუსიკოსისგან შედგება. ჩვენ სიამოვნებით დაველაპარაკებოდით თითოეულ მათგანს, ან ყველას ერთად, მაგრამ ამას კარგი დირიჟორის უნარები უფრო დასჭირდებოდა, ვიდრე – მწერლის. ამიტომ ინტერვიუზე მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელს და მევიოლინეს, გიორგი ქერალაშვილს შევუთანხმდით.

„უმრავლესობა ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ზოგი კლასელია, ზოგი კურსელი. რომელიმე მუსიკოსი თუ გამოგვაკლდა, ვიკრიბებით და ვასახელებთ ვერსიებს, სანამ უკეთეს კანდიდატურას არ შევარჩევთ. ერთი მაინც თუ არის წინააღმდეგი, მაშინ არ მოგვყავს, რა თქმა უნდა, უნდა დაასაბუთოს – რატომ. ყველა ეგრეა ჩვენს ორკესტრში მოხვედრილი. ორნი რომ შევიკრიბეთ, ჩვენ ორმა გადავწყვიტეთ მესამე, მერე სამმა მეოთხე და ასე“.

თავიდან სარეპეტიციო ფართიც არ ჰქონდათ და ზაფხულში ფიქრის გორაზე 183-ე სკოლას შეაფარეს თავი. რეპეტიციის დროს ბავშვები კენჭებს ესროდნენ მინებს, ვინაიდან ფეხბურთის თამაში კლასიკური მუსიკის ფონზე, თანაც ზაფხულში, ალბათ სულაც არ ეპიტნავებოდათ. პირველი კონცერტის შემდეგ გია ბუღაძემ სამხატვრო აკადემიაში დაუთმო პატარა ფართი. ამიტომ „სამხატვრო აკადემიის კამერულ ორკესტრად“ როცა მოიხსენიებდნენ, ყველას ეგონა, რომ მხატვრები უკრავდნენ.

გიორგი ქერალაშვილი ბიძის გავლენით, რომელიც მევიოლინე იყო, ექვსი წლიდან უკრავს ვიოლინოზე. თბილისის კონსერვატორიის შემდეგ მოსკოვის კონსერვატორიაში ისწავლა. საერთო საცხოვრებელშიც მუსიკოსებთან ერთად ცხოვრობდა, სადაც უყურებდა სხვადასხვა ეროვნების, ერთმანეთზე ნიჭიერ მუსიკოსებს, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებდნენ, რადგან ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ეშმაკი მხოლოდ ზღაპარში ყიდულობს სულს (პაგანინი გამონაკლისია), რეალობაში თავდაუზოგავი შრომის გარეშე შედეგს ვერ ნახავ.

„საერთო საცხოვრებელში ჩემთან ერთად ცხოვრობდა ერთი რუსი მევიოლინე. მამა არ ჰყავდა. დედა ოპერის მომღერალი იყო, რომელიღაც ქალაქში. დედის სიკვდილის შემდეგ ქუჩაში დარჩა, რადგან სახლი, სადაც ცხოვრობდნენ, გადაფორმებული არ ჰქონდათ. სამ დღეში ერთხელ ჭამდა, იმის გამო, რომ ფულიც არ ჰქონდა, დროსაც უფრთხილდებოდა და საჭმლის გაკეთებაც არ იცოდა. „შაშ-ბეში“ იყო რაღაც ეგეთი უზბეკური რესტორანი, სადაც შეგეძლო 250 მანეთად, ერთ დიდ თეფშზე რასაც დაატევდი, ის გეჭამა. ერთხელ გავყევი და თავისი მეთოდი ჰქონდა. გრძლად დათლილ კიტრებს თეფშის კიდეებს ისე მოუწყობდა, რომ თეფში ხდებოდა ორჯერ უფრო დიდი, ცენტრში სალათს დებდა კიტრების დასამაგრებლად. არადა, თვითონ ისეთი გამხდარი იყო, ვერ ხვდებოდი, როგორ ახერხებდა ამდენის ჭამას, მაგრამ ამის მერე სამი დღე არ მშივდებაო. ისე, ორი დღე არა უშავდა, მაგრამ მესამე დღეს ფერი არ ედო. რომელი ოთახის კარიც არ უნდა შეგეღო, ის მეცადინეობდა. ერთხელ, შუაღამისას შემოვიდა ჩემთან. დილით ეკატერინბურგში მივფრინავ კონკურსზე და შოკოლადი არ გაქვს, გული მიმდისო. 41 სიცხე ჰქონდა. ფეხზე ძლივს იდგა. მეორე ადგილი აიღო იმ კონკურსზე.

ვინ იცის, მშიერი რომ არ ყოფილიყო, რას იზამდა? ჩვენთან კიდევ ხანდახან სტუდენტებს კონცერტებზე რომ პატიჟებ, მისვლა ეზარებათ“.

კონცერტები ხშირად იმართება. მოსაზრება კლასიკური მუსიკის ელიტურობაზე მითია, რადგან, თუ მაინცდამაინც არ გინდა, ფესტივალის გახსნაზე პრემიერ-მინისტრის ან მავანი მღვდელმთავრის გვერდით წინა რიგებში გამოიჭიმო, სხვა კონცერტებზე ბილეთები საკმაოდ იაფი ღირს. პრემიერმინისტრებს კი, მოგეხსენებათ, დრო მხოლოდ გახსნა-დახურვებისთვის აქვთ, სადაც შეიძლება კულტურის მნიშვნელობაზე ერთი-ორი სიტყვაც შეაწიონ ჟურნალისტებს.

„ვაჟა-ფშაველაზე დედაჩემს ველოდებოდი, – ჰყვება გიორგი, – გაწვიმდა, საზიზღარი ამინდი იყო. მანქანაში რაღაც დისკი ვნახე და ჩავრთე. ვხედავ „სტაიანშჩიკი“ თანდათან მიახლოვდება. ბოლოს მოეყუდა მანქანას, მანქანაში დაჯდომა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა. ეს ბახის საორგანო მუსიკააო, ხომ? – მკითხა. იდგა ასე წვიმაში და უსმენდა გაღიმებული. არ ჩაჯდა არაფრით. რომ გავდიოდი და ფულს ვაძლევდი, არ გამომართვა. მოდი ახლა და თქვი, რომ კლასიკური მუსიკა ელიტურია“.

თუნდაც ბაროკოს ფესტივალი რომ ავიღოთ, სინფონიეტამ პირველად 2015 წელს გამართა ეს ფესტივალი. აქ არ დადიან მხოლოდ „გამოსაჩენად“. არ ატოლებენ შუბებს და ჯიპებს. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ძველი მუსიკის ავთენტური შესრულების ტენდენცია ძლიერდება, რაც გულისხმობს კომპოზიციის შესრულებას მისი ეპოქისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებით, ანუ მუსიკის ისე გაცოცხლებას, როგორც ის ჟღერდა შექმნის მომენტში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესრულების სხვა ესთეტიკასა და სტილს ნაჩვევი ქვეყნისთვის. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული კუთხითაც საინტერესოა, მაგალითად, საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორთა მუსიკალური ხერხები და თავისებურებები. შესაბამისად, ფესტივალზე რეპერტუარი ყოველთვის მრავალფეროვანია და ათიდან ცხრა შემთხვევაში, ისეთ რაღაცას მოისმენ, რაც არასოდეს მოგისმენია.

„ხალხური სიმღერა რომ იმღერო საოპერო ხმით, შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ სასაცილო იქნება. იგივეა, ხალხურის ჩანაწერები რომ არ არსებობდეს, მხოლოდ საოპერო ვერსია გქონდეს მოსმენილი და ამბობდე, ეს მე შალიაპინმა მასწავლა და ამიტომ არ მაინტერესებს, თავიდან როგორი იყო, როგორ მღეროდნენო“, – ამბობს გიორგი და ერთ-ერთი საოპერო მომღერლის პაროდიასაც აკეთებს. „ყველაფერს ის ართულებდა, რომ საბჭოთა კავშირში ბაროკოს მუსიკის წესიერი ნოტებიც არ არსებობდა. ნოტებს რედაქტირებას ისინი უკეთებდნენ, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ ჰქონდა. მხოლოდ ბახის სურათისთვის რომ შეგეხედა, ვეღარ დაუკრავდი, ულვაშები აკლდა და სტალინი იყო.

მერე რომ ვუსმენდით, ვადარებდით, ვაანალიზებდით, ვხვდებოდით, რომ მთელი ცხოვრება სხვა რაღაცას ვაკეთებდით. ბგერის ესთეტიკა სხვაა, საერთოდ სხვა ნაწარმოებია და ამიტომ მივხვდით, ჩვენ თუ გვაინტერესებს ბაროკო, გვჭირდებოდა ინსტრუმენტები“.

ინსტრუმენტებზე 35 ათასი დოლარი გამოყო კულტურის სამინისტრომ. ბაროკოს ინსტრუმენტების საყიდლად კი ჩინეთში წასვლა გახდა საჭირო, რადგან თუ ადგილზე არ მოუსმენ, როგორ ჟღერს, დიდი შანსია, მხოლოდ დეკორატიული დანიშნულების ინსტრუმენტი მიიღო. „როცა ინტერნეტში ვეძებდით, ბაროკოს ინსტრუმენტებს მიჰქონდა პეკინი, გეგონება ბაროკო (ფრანგ. უსწორმასწორო მარგალიტი) თანამედროვე ჩინეთში ჩაისახა. პეკინში მე და ჩემი თანამშრომელი წავედით, ჰაიკ ბაბაიანი – ჩვენთან უკრავდა, სომეხი ჩელისტი იყო, ამერიკაში სწავლობდა. ძალიან კარგად ერკვეოდა ინსტრუმენტებში. მე ვიოლინოებში უფრო ვერკვევი“, – გვიამბობს გიორგი და ამით იწყებს მხატვრული ფილმის „მიმინოს“ თანამედროვე ვერსიას, ოღონდ შეუდარებლად გემოვნებიანსა და დახვეწილი იუმორით გაზავებულს და სათქმელიც ბევრად ზუსტი და ღირებული აქვს.

წარმოიდგინეთ, პეკინში ქართველი მევიოლინე და სომეხი ჩელისტი. ქართველს ზურგზე დიდი პრინტერი აქვს აკიდებული, რადგან ინსტრუმენტების სახელოსნოებში ეს უკანასკნელი არ აქვთ, მათ კი ხელშეკრულება უნდა ამობეჭდონ. პრინტერი კი არა, უმეტეს შემთხვევებში იმ სახელოსნოებსაც ვერ აგნებენ, რადგან ინტერნეტში მოძიებულ მისამართებზე ხშირად არაფერია. 13-14 საათს დადიან დღეში. ინგლისური იშვიათად რომ ვინმემ იცოდეს, ჰოდა, როგორ გინდა აუხსნა, საქართველოდან ვართ, აგერ, ბატონო, ხელშეკრულება, ეს მიღება-ჩაბარება, წავიღებ და გადმოგირიცხავენ.

პეკინში ხეტიალისას, შემთხვევით, ერთ-ერთ ვიტრინაში შენიშნეს ბაროკოს ეპოქის ჩელო. გაიკითხეს და ძლივს მიაგნეს ხელოსანს. ჩინურის მცოდნე საქართველოს საელჩოს თანამშრომელიც დაეხმარათ და ბოლო ვიოლინო გამომგზავრების დღეს აიღეს. მაგრამ ის არ უფიქრიათ, რითი უნდა წამოეღოთ. ეწყო ნომერში ცამეტი ვიოლინო. იდგნენ და უყურებდნენ. სასტუმროში მუყაოს ყუთები გამოართვეს. შეფუთეს და გამოვიდა ვიოლინოებით გატენილი ორი მუყაოს ჩემოდანი. აი, ჩელო კი ლეიბებში უნდა გაეხვიათ. ლეიბების საყიდლად „იაბაოლუში“ მოუწიათ წასვლა. ეს რუსული სავაჭრო უბანია, სადაც ყველაფერი იყიდება. ლეიბებში გახვეული „ჩელო“ იმხელა გახდა, რომ რენტგენის აპარატში ვერ გაატარეს, მაგრამ სირთულეების მიუხედავად ბაროკოს ინსტრუმენტები უსაფრთხოდ დაეშვა ცა-ფირუზიდან ხმელეთ-ზურმუხტში.

ახალ „ძველებურ“ ინსტრუმენტებზე გადაწყობა იოლი არ აღმოჩნდა. „თავიდან იყო კოშმარი. მთელი რეპეტიცია მიდიოდა აწყობაზე. თან სულ სხვანაირად ჟღერს. გაცილებით რთულია დაკვრა, მაგრამ თანდათან ეს ვითომ მინუსები პლუსებად იქცა“, – იხსენებს გიორგი. როცა ხვდები, რომ რაღაც გამოგდის, დაღლილობა ქრება და გასაჭირიც ტკბილ მოგონებებად გარდაისახება, როგორც გამოცდილი თამადები ირწმუნებიან. სინფონიეტასაც სულ გამოცდილ „მუსიკალურ თამადებთან“ უწევდათ დაკვრა, აკადემიური სცენის ნამდვილ ვარსკვლავებთან. მაგალითად, იორდი სავალთან, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც ავთენტური შესრულების მოძრაობა წამოიწყო. ქრისტოფ მაიერი (დირიჟორი), ჟან რონდო (კლავესინი), თომას ბაეტე (ვიოლა და გამბა), დავიდე ამადიო (ჩელო), ქრისტინა ბუში (ვიოლინო), სერჯიო აზოლინი (ფაგოტი) და სხვანი. უკრავდნენ საქართველოშიც და უცხოეთშიც: ბერლინის კონცერტჰაუსში, ამსტერდამის კონცერტგებაუში, მიუნხენის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ა.შ.

ერთხელ, ჭიათურაში, ბეთჰოვენის მეოთხე სიმფონიის რეპეტიციას გადიოდნენ. გოგი ჭიჭინაძე იყო დირიჟორი. საღამოს კონცერტია დაგეგმილი. უცბად შემოდის ექვსი ტიპი და იწყებს ხმაურს. მოუწოდებენ სიჩუმისკენ. ისინი კი აინუნშიც არ აგდებენ. გიორგი დებს ვიოლინოს და ხტება სცენიდან. „ჰოდა, ეს ექვსივე ჩემკენ გამოიქცა. უკან ვერ ვხედავ, რა ხდება, უცბად ვამჩნევ, იმ ექვსიდან დაწინაურებულს სახე ეცვლება, თურმე მთელი ორკესტრი მომდევს უკან, ჩასაბერები იქიდან, აქედან სიმებიანები“... ძალადობის სცენის აღწერის ნაცვლად გთავაზობთ გალაკტიონის ლექსს: „სად ზღვის ჭავლებია, ყვავილთა მთოველი, კვლავ ვხვდებით ერთმანეთს მე და ბეთჰოვენი“.

„მერე ეს ძველი ბიჭები მოდიოდნენ, ვინმე ხომ არ გაბრაზებთო და კონცერტებზე ისე გვისმენდნენ, სხვებს ეჩხუბებოდნენ და აჩუმებდნენ, მობილურებს ართვევინებდნენ. გოგი ჭიჭინაძე ამბობდა:

„ბეთჰოვენის მუსიკა და დედის გინება – აი, გენიალური სინთეზი“.

იყო ასეთი „5 რეგიონის პროექტი“ – ტურნე საქართველოს ხუთ ქალაქში. ამ რეგიონებიდან ერთ-ერთი იყო ჭიათურა. ჩავიდნენ და დახვდათ ბავშვებით სავსე დარბაზი. დაახლოებით 500-მდე ბავშვი სწავლობდა სამ მუსიკალურ სკოლაში. მხოლოდ პიანისტები, იმიტომ, რომ სხვა სპეციალობის არც მასწავლებელი იყო და არც ინსტრუმენტი.

თებერვალი იყო. უნდოდათ, არდადეგებისთვის დაემთხვიათ. ჭიათურაში სასტუმროც არ იყო, სადაც ოცი ადამიანი დარჩებოდა. სამაგიეროდ იყო სნაიპერთა სკოლა, სადაც ფრანგები ამზადებენ ქართველ ჯარისკაცებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროზე ფრანგებს დროშის აწევით გადაურჩენიათ ის ადგილი დაბომბვისაგან. ყაზარმაში ნორმალური პირობები იყო: თბილი წყალი, გათბობა. ერთ ოთახში თექვსმეტი კაცი ეტეოდა. სულ ნარჩევი მუსიკოსები, ქართველებიც, უცხოელებიც, სტუდენტებიც (საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან).

„ერთი ლეგენდარული მევიოლინეა ვალენტინ ჟუკი. 78 წლის. რუსი ებრაელია, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ძალიან თავმდაბალი კაცია. 2009 წელს იყო თუ 2010 წელს. გზაში რომ მივდიოდით, აინტერესებდა, სად მოხდა აგვისტოს ომი, ლტოლვილები სად არიანო. წეროვანი დავანახეთ და ყოჩაღ თქვენს მთავრობას, როგორ მოახერხეს, ასეთ მოკლე დროში დაუბინავებიათო. მერე გორი გავიარეთ და ხარაჩოები დაინახა და რა მაგრები ხართ, ფაქტობრივად აღგიდგენიათო. ცოტა გავბრაზდით, არანაირ თანაგრძნობას არ ამჟღავნებს – ყოჩაღ-ყოჩაღს გაიძახის. დაგვავიწყდა და სხვა რამეზე ვლაპარაკობდით და ჭიათურა–საჩხერის გზაზე ჩამოსწია მინა და „ომი აქ იყო, ხომ?” და აუტყდა იქ ტირილი, რა გიქნეს რუსებმაო. როგორ გინდა დააჯერო, რომ ეს ქარხანა საერთოდაც მუშაობს და სადღაც 400 მილიონი აქვს შემოსავალი. წარმოუდგენელია, მართლა თუ არ დაბომბე, ამ დღეში როგორ შეიძლება იყოს. მერე უცხოელებს, სხვებსაც, ზედმეტი ახსნა-განმარტება რომ არ დაგვჭირვებოდა, ვეუბნებოდით, რომ ეს კინოსტუდიის პავილიონებია, სადაც „ბოევიკებს“ ვიღებთ. ახლა ვუფიქრდებით, რა ფესტივალი, რა გეფესტივალება, მაგრამ ჭიათურის აკადემიამ მოიტანა თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრმა სტუდენტმა სწორედ იქ გაიცნო ერთმანეთი, იქაურებისთვის თუნდაც ის მოხდა, რომ როიალი შეიძინეს, იამაჰას შვილობილი ფირმის, იქაური ბავშვები დაინტერესდნენ, ჩამოვიდნენ აქ, გააგრძელეს სწავლა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოცი წელი არ ჰქონდათ მოსმენილი კონცერტი“.

„თეატრის შენობა ძალიან ძველია და იმსისქე კედლები აქვს, გარეთ სულ რომ ოცი გრადუსი იყოს, იქ მაინც ყინავს. ჰოდა, ერთხელ ვუკრავდით შონბერგის „გასხივოსნებულ ღამეს“. ურთულესი ნაწარმოებია. კორნელია ფონ კერსენბროკი დირიჟორობს, გრაფინიაა, ძველი მუსიკის მკვლევარი და სპეციალისტი, „ხვალინდელი დღის მაესტროს“ წოდებით. წინ ყველას გვიდგას იზოლენტებდახვეული დენის „პლიტები“, შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაგარტყას დენმა. კორნელიასაც უდგას, რა თქმა უნდა, დირიჟორს ყველაზე დიდი „პლიტა“.

ბოლოს ერთი ადგილია ნაწარმოებში, სადაც მზე გამოდის, ტყეს ტოვებენ, გასხივოსნებული ღამე დგება, მაჟორული აკორდია და უცბად კორნელიას წინ ეს „პლიტა“ აალდა, გასხივოსნდა მართლაც ყველაფერი, ცეცხლი გიზგიზებს, ხანძარია, მაგრამ ჩვენ მაინც ვუკრავთ ბოლომდე“.

სულ ასეა – მიუხედავად სირთულეებისა, სინფონიეტა ბოლომდე უკრავს. ამიტომ ჩვენი რჩევაა, თუ სადმე გაიგებთ, რომ მათი კონცერტია, არ გამოტოვოთ. სიტყვები ხომ საბოლოო რეზულტატია, რაც ჩვენი ცხოვრებისადმი დამოკიდებულების აღსაწერად ჩნდება, მუსიკაც იგივეა, ოღონდ არა საბოლოო, არამედ ისეთი მედიუმი, რომელსაც დასაწყისად ქცევაც შეუძლია, განსაკუთრებით, თუ აკადემიურ მუსიკაზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებით, თუ მას ისე ოსტატურად ასრულებენ, როგორც – საქართველოს სინფონიეტა.