17 - ში მეგობრებთან ერთად ჩამოვფრინდი. უკვე ვიცოდით, რომ კარანტინში მივდიოდით.

ყველა კახეთში გადაანაწილეს, მე მარტო მოვხვდი საირმეში. თავიდან მომეწონა 14 დღე მარტო ყოფნის იდეა. დიდი ხანია მინდა რადიკალურად შევიცვალო ცხოვრების სტილი, მოვიშორო სტანდარტული ყოველდღიურობა და საკუთარ თავთან დაახლოებას დიდი დრო დავუთმო, ვიმედიტირო, ვიკითხო, ვიფიქრო...

მაგრამ რთული იყო გარდატეხამდე მისვლა. სიახლე დიდ ენერგიას და მორალურ რესურსს მოითხოვდა.

რო მითხრეს კარანტინიო, მეთქი ეგაა.

უცნაური შეგრძნებაა, თითქოს კაცობრიობა ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა. მხოლოდ შენ კი არ ამოვარდი კალაპოტიდან, უსწრაფესი დინება უეცრად გაჩერდა. ვღიზიანდები მარტო მაშინ, როცა დროებით შეწყვეტილ ულიმიტო შესაძლებლობებზე ვფიქრობ.

ნელ-ნელა ალბათ დაიწყება სახლის შეკრებები ვიწრო წრეებში. ახლა გასაგებია, რატომ იყო გარომანტიზირებული ურთიერთობები  90-იანებში, როგორც იმ პერიოდის მთავარი ღირებულება. რაც უფრო ცოტანი ვართ, მით უფრო მაღალია ერთმანეთზე მიჯაჭვულობის კოეფიციენტი. მგონია, რომ ლოკალური ჩვევები ამიტომ გვაქვს ასეთი სიმძაფრით. ჯერ ქართული, მერე თბილისური, რაღაც გაგებები უბნებამდეც ვიწროვდება. ისინი მხოლოდ იმპულსების დონეზე  არსებობენ. ამას ვერაფრით აუხსნი უცხოს.

ბევრს უთქვამს, რომ ღმერთების ქვეყანაში ვცხოვრობთ. დიდი დარტყმაა სოციალიზაციის შეწყვეტა მათთვის, ვის წარმატებას თუ აღიარებას მხოლოდ ის განსაზღვრავს, თუ როგორი ფლეილისთი აქვს, სად იყო გუშინ, იმის წინ...    

რა მოსდით მოკვდავ ღმერთებს საყოველთაო იზოლაციის დროს? მოკვდავს, რადგან ერთი პარასკევი თუ გამაზა, შემდეგამდე მკვდარია.

იზოლაციის მეოთხე დღეს გავწერე რუტინას. ვიღვიძებ ათზე, ვაკეთებ დილის იოგას და რამდენიმე წუთი ვმედიტირებ. შემდეგი აქტივობა სწავლაა, დღეში ხუთი ახალი ქვეყანა თავისი დიდი ქალაქებით და მოკლე ისტორიული მიმოხილვით, ერთი-ორი ახალი ტერმინი და ერთი პოლიტიკური წყობა, მერე რაღაც დრო პროფესიული სწავლისთვის. მეცადინეობის დასრულებიდან გვიანობამდე მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, წიგნის კითხვა, ხატვა, ნიკონის მენიუს სწავლა, ან რამე სხვა, რაც მომაფიქრდება. ათისკენ მედიტაცია და იოგა ისევ. ძილის წინ ამოწერილი ინგლისური სიტყვების სწავლა. 

„ყოვლადბრძენი უმოქმედოა და იქმს.

ყოვლადბრძენი მდუმარია და გვმოძღვრავს.“

                              ***

„ყოველივეს შეიქმს და :

არ ეუფლება შექმნილს.

ყოველივეს აღძრავს და :

არ ეუფლება აღძრულს.

ყოველივეს სრულქმნის და :

არ ეუფლება სრულქმნილს“

,,დაო დე ძინს“ ვკითხულობ და თავი უკანასკნელი აურელიანო მგონია, თითქოს ყველაფერი უნდა დაიფშხვნას წიგნს რომ დავამთავრებ.

ერთხელ ბებიაჩემთან დავრჩი. გვიანი იყო, აბაზანაში შევდიოდი და ჩურჩულის ხმა მომესმა. შემეშინდა. მალე მივხვდი, რომ საძინებლიდან გამოდიოდა. ცოტა ხანს ვუსმინე. ბებიაჩემი ძილის წინ თავის თავს უმღეროდა. უცნაური იყო მარტოობაზე დაფიქრება, თითქმის ყველაფერი ამ სიცარიელის ამოვსების მცდელობაა. 86 წლის ბებო სიმღერით იმხნევებდა თავს ძილის წინ.

თუ ეს სამყარო ღმერთის შექმნილი სტარტაპია, კარგი გამოსვლია. და ამ სამყაროს უნივერსალური რიტუალი მზის ამოსვლაა. ის ბანალური აღწერაც მომწონს, რომ ყველა აისი იმავდროულად ყველა დაისიცაა. ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლე იმედისმომცემია და თუ ამ ორნაირად აღქმულ ერთი და იგივე  მოვლენას ერთ სახელში მოვაქცევთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზე მაინც ყოველთვის ამოდის.