რამდენიმე დღის წინ ჩემი ლეპტოპი გავწმინდე ხარახურისგან. ჰოდა, უამრავი ფაილის თვალიერებისას ბევრ ისეთ რამეს გადავაწყდი, რისი არსებობა აღარც კი მახსოვდა. ასე აღმოვაჩინე ეს ტექსტიც.

ესაა ერეკლე დეისაძის წიგნისთვის დაწერილი ანოტაცია, რომელიც, წესით, მის „რუსულ არდადეგებს“ უნდა დართვოდა. მაგრამ არ დაერთო. საქმე ისაა, რომ წიგნის გამოცემამდე დეისაძემ თავისი ტექსტი გამომიგზავნა და გამომცემლის სახელით ანოტაციის დაწერა მთხოვა. მეც დავწერე ალალად, შეუფარავად და შეულამაზებლად. ვუთხარი, ფული არ მაღელვებს, მაგრამ პრინციპის ამბავია, რომ შენმა გამომცემელმა, რომელიც დაინტერესებულია ამ ანოტაციაში, სიმბოლური თანხა მაინც გადაიხადოს მასში (ზოგიერთი ქართველი გამომცემელი უნდა მიეჩვიოს გაწეული საქმისთვის ჰონორარის გადახდას), და კიდევ, საკმაოდ მწარე რამ გამოვიდა და, მაგარი ბიჭი იქნები, წიგნს მართლაც თუ დაურთავ-მეთქი. აუცილებლად დავურთავო, მაგრამ იმ დღის შემდეგ დეისაძე აღარ გამოჩენილა. არ ვიცი, მაინცდამაინც ხოტბას თუ ელოდა ჩემგან. ხელახლა გადაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დეისაძე ბევრად მოიგებდა, ქვემორე ტექსტი თავისი წიგნისთვის რომ დაერთო. ყოველ შემთხვევაში, „მაგარი ბიჭის“ იმიჯი, რომელსაც ირგებს, ოდნავ კიდევ უფრო გამყარდებოდა. ჩემს თვალში მაინც. პირადად მე, ყოველთვის ველტვოდი სახალხოდ თავის მოჭრას, მარცხს, წაქცევას. ვთვლიდი და ვთვლი, რომ არტისტი სწორედ თავის მოჭრებისას, მარცხებისას, წაქცევებისას იბადება. ასეთ მომენტებში ძლიერდები, ვითარდები და დგები ფორმაში. სწორედ ამ დროს გინდა ხოლმე, აანგრიო ქვეყანა და ხელახლა შექმნა. უეკლო ვარდების კრეფა არასდროს მიზიდავდა. მეტიც, სწორედ ეკალი უსვამს ხაზს ვარდის სილამაზეს და გამოარჩევს სხვა ყვავილებისგან. მუდამ ეკალში შეინიშნება ვარდი, ობლად ამოსული... მოსაწყენია იმ გზაზე სიარული, რომელზეც ყველაფერი გასაგებია და კომფორტული.

სიყვარულისა და ცნობისმოყვარეობის გამძაფრებულ უნარებთან ერთად, არტისტს ასევე განსაზღვრავს წყენა და ტკივილი. რა ვიცი, პირადად მე ყოველთვის ღია ვიყავი მათთვის. რადგან ვთვლი, რომ უამისოდ დიდი არაფერი მიიღწევა. ასევე ვთვლი, რომ, არა მარტო მტერი უნდა გიყვარდეს, არამედ მოყვარეც უნდა გძულდეს შენი. ჰოდა, ტიტები კი არა, ვაჩუქოთ ერთმანეთს ეკლები!

მოკლედ, ქვემომდებარე ტექსტი ერეკლე დეისაძის წიგნისთვის დაწერილი ანოტაციაა.

 

აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე უცნობი დამიკავშირდა მობილურით. შეხვედრა მთხოვა, თან დაამატა, თქვენზე რომანი დავწერე და მინდა, განახოთო. რამდენიმე დღეში შევხვდით ბარნოვზე. მახსოვს, კაფეში აცმუკებული ყმაწვილი შემოვიდა დაძაბული ღიმილითა და ანთებული თვალებით. ასეთი დამამახსოვრდა ერეკლე დეისაძე: აწურული მხრებით, რამდენიმე დღის წვერითა და მუწუკებიანი შუბლით. ხანმოკლე საუბარი გვქონდა. დამშვიდობების წინ დაგრაგნილი თაბახის ფურცლები გადმომცა აღელვებულმა, წიგნად გამოცემას ვაპირებ და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრიო.

იმ ტექსტს არანაირი ღირსება არ ჰქონია. მაგრამ აქ ეს არაა მთავარი. გრამატიკული, ორთოგრაფიული, სტილისტური თუ სხვა უამრავი შეცდომით სავსე ხელნაწერს ერთადერთი ღირსება ჰქონდა – მოკლე იყო. დაახლოებით ნახევარ საათში წავიკითხე. წმინდა პროფესიული ინტერესის გარდა, ტექსტი ხომ ჩემზე იყო ბოლოს და ბოლოს. ყოველ შემთხვევაში, ავტორმა ასე მითხრა. თუმცა, ეს იყო შეცდომა. ჩემი თავი იქ მე ვერ ამოვიკითხე. სამაგიეროდ, ვნახე, რომ ეს იყო ერთი ჩემი ძველი მოთხრობის, „ხსნადი კაფკას“ გავლენითა და შეზღუდული უნარებით შექმნილი რამ. მართალია, ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი სახელად ზაზა ბურჭულაძე იქ უდარდელთა მესიად და ერთგვარ ურბანულ ნიკორწმინდად იყო წარმოდგენილი, რაც თავისთავად საამო უნდა ყოფილიყო ჩემნაირი ნარცისისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ტექსტი არ მომეწონა. შემდეგ ავტორს ასეც ვუთხარი, სუსტი რამეა და არ გირჩევ გამოქვეყნებას, დაივიწყე-მეთქი. საბედნიეროდ, დამიჯერა, ის ხელნაწერი გვერდზე გადადო და წერა გააგრძელა. ჰო, იმ მოთხრობას „ხსნადი ზაზა“ ერქვა.

მოგვიანებით კიდევ რამდენიმე მოთხრობა მომიტანა, შედარებით უკეთესი, ვიდრე პირველი. თუმცა რამე ხარისხზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ნაადრევი იყო, თან თითქმის ყველგან ჩემი გავლენა ჩანდა. ოღონდ ეს იყო რაღაცნაირი არასწორი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მახინჯი გავლენა. ერეკლე კი ცდილობს, მწველი იყოს, მაგრამ უშედეგოდ, მისი ტექსტები არ გწვავს. ეს კვამლია უცეცხლოდ. უფრო ზუსტად, ჯერჯერობით მისი პროზა სასკოლო „დიმაუშკას“ ჰგავს, რომლის კვამლიც მალევე იფანტება და მაინცდამაინც არც დამწვრის სუნი გამახსოვრდება დიდხანს. რამდენჯერმე გულახდილად ვუთხარი, თუ გინდა რამეს მიაღწიო, ჩემს გადაწერას შეეშვი, საკუთარი თავი და საკუთარი ხმა ეძიე-მეთქი.

მაგრამ აქ უკვე აღარ დამიჯერა. მგონი, კარგად ვერც გაიგო, რას ვეუბნებოდი. რაც შემეხება მე, თავიდან ერთი-ორი მოთხრობა გავუმართე, რომელიც ქართულ პერიოდიკაში დაბეჭდა კიდეც სხვადასხვა დროს, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ ამ წახმარებებით შეიძლებოდა უფრო დამეზიანებინა იგი. ჰოდა, ტარიელ ჭანტურიას ერთი ლექსისა არ იყოს, ბიჭია – თვითონ იშოვოს სახელი-მეთქი. მით უფრო, რომ ავტორიც საკმარისად მოქოქილი ჩანდა, მექანიკური ფორთოხალივით. მოკლედ, ჩავთვალე, რომ სწორედ დისტანცირება, „შინიდან გაგდება“ იქნებოდა ყველაზე სწორი დახმარება მისთვის.

მეორე მხრივ, რატომ ვზრუნავდი? რატომ არ დავხედე ზევიდან ვიღაც დამწყებ ავტორს, ვისაც საკუთარ ფრჩხილადაც არ ვთვლიდი? დღემდე არ ვთვლი, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ მასში რაღაც თაგუნასი დავინახე. რამაც მიმიზიდა. მე მიყვარს ცხოველები... შეიძლება, ადამიანებზე მეტადაც.

იქიდან დღემდე მრავალი წელი გავიდა. თუმცა შუაში იყო ერთი შემთხვევა, საიდანაც ერეკლე დეისაძის, როგორც „სკანდალური ავტორის“, წელთაღრიცხვა იწყება. ერთ დღესაც მისი პატარა წიგნი „საიდუმლო სირობა“ ქართველმა რეაქციონერებმა ხმამაღლა დაგმეს ილიას უნივერსიტეტის წინ. იყო მაშინ დიდი გაწევ-გამოწევა, ღვარძლიანი გინება და ცემა-ტყეპა. ცხადია, მაშინაც სასულიერო პირები აქტიურობდნენ, როგორც ყოველთვის, როცა ქართულ სიწმინდეებს საფრთხე ემუქრება. თუმცა, სამწუხაროდ, წიგნი ამ შემთხვევაშიც სუსტი იყო. მაშინ ასეც ვთქვი ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერში, ეს ის შემთხვევა არაა, როცა სალმან რუშდის ფატვას უცხადებენ, ან ვლადიმირ სოროკინის წიგნებს წითელ მოედანზე წვავენ... „სირობა“ B კატეგორიის წიგნია, და რომ არა მართლმადიდებელ მნძრეველთა კავშირი, მის არსებობასაც კი ვერავინ შეიტყობდა-მეთქი.

ასეა თუ ისე, თაგუნამ სახელი იშოვა. შესაბამისად, აწი როგორი უვარგისი წიგნებიც უნდა წეროს, იგი უახლესი ქართული ისტორიის კუთვნილებაა. მახსოვს, რამდენს დამანჭვია ცნობადი სახე მისი სახელის გაგონებაზე, თბილისურ მაღალ საზოგადოებას ეგოიმებოდა ერეკლე დეისაძე. მაგრამ ხმამაღლა ამას ვინ იტყვის. იგივე ხალხი დღეს მის სტატუსებსაც მონდომებით ალაიქებს, მასთან ერთად სელფებსაც სიხარულით იღებს და მას ტუსოვკებზეც ხშირად პატიჟებს. მეტიც, დღეს თვითონ ერეკლე დეისაძე გახდა ცნობადი სახე. თბილისური ბომონდი უთუოდ იმსახურებს უცხოს, გოიმს, კაცს პროვინციიდან, ვინც მას დროდადრო ფუმფულა ფეხზე შეაჯდება, როგორც ძაღლი, და რომელსაც ჩუმად დასცინებს. ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე იგივე ბომონდი მასში ბუნტარის, უდარდელი მხედრის დანახვას შეეცდება, მაშინ როცა ერეკლე დეისაძე პატარა თაგუნაა, რომელიც ვერა და ვერ იქცა ღამურად. თან ყველგან საკუთარ ტერიტორიას ნიშნავს – მაია ასათიანის შოუში, პრიალა ჟურნალის ყდაზე, უეცრად დაძმაკაცებულ მღვდლებთან თუ ესტრადის მომღერლებთან, ვინც გუშინ მას თავს ესხმოდა. ან პირიქით, თვითონ ესხმოდა მათ. თუმცა, მგონია, რომ ბომონდის ფუმფულა ფეხზე შეჯდომა იმდენად ერეკლეს მოხერხებულობით არ ხდება, რამდენადაც იმავე ბომონდის მთხლეობით.

ერეკლე დეისაძე არც უდარდელი მხედარია, არც მწუხარე სახის რაინდი, მასში ჟულიენ სორელის შორეული ნათესავი უფრო იკითხება. არ ვიცი, რამდენად ძლიერ ოცნებობდა იგი თბილისის დაპყრობაზე, როგორც სორელი პარიზისა, მაგრამ ნამდვილად დაიპყრო მან მზის და ვარდების მხარე.

არიან ისეთებიც, ვინც ერეკლე დეისაძეს უფრო მუსიკოსად იცნობს, და ცნობს, ვიდრე მწერლად. სამართლიანადაც. დეისაძეს ესტრადაზე დგომა ბევრად უკეთ გამოსდის. მისი სიმღერის ტექსტები ნამდვილად აღწევს ადრესატამდე. და არა მარტო ადრესატამდე. ეს კი დიდი ამბავია. რაც ძალიან მიხარია. თუმცა მე აქ მწერალი მაინტერესებს, და არა – ესტრადის ვარსკვლავი. მწერალი, რომელიც ლიტერატურული ნაგვით იკვებება. ამის მაგალითია მისი წიგნი „რუსული არდადეგები“, რომელიც აგვისტოს ომს ეხმიანება და ერთი ჩემი ძველი რომანის ნარჩენებით დაწერილი მეჩვენება. კი არ მეჩვენება, დარწმუნებული ვარ. ვგულისხმობ „ადიბასს“, რომლის მთელი სიუჟეტიც ჩემი ეგოს, კერძოდ – ჩემი ყლის, ირგვლივ ტრიალებს, როგორც გლობუსი ღერძის გარშემო. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა შეგირდი ოსტატს ვერ გადაახტა. ჰოდა, პირველი, რაც დეისაძის ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ენაზე მომადგა, იყო: სად ერეკლე, სად ჩემი ყლე-მეთქი.

ჩემი აზრით, „რუსული არდადეგები“ „ადიბასის“ იმიტაციაა, რომელიც თავისთავადაა რომანის იმიტაცია. რაც შეეხება ჩემს გავლენას, ეს არაფერი, ერთ დღესაც მწერალი ერეკლე ნამდვილად მოიშორებს მას, როგორც რაღაც ყმაწვილურ სახადს. უკვე იშორებს კიდეც. თუმცა იქნებ არც უნდა მოიშოროს? იქნებ სწორედ სანაგვეზეა მისი ადგილი?

ზუსტად ვიცი, რომ სანაგვეზეც შეიძლება აღმოაჩინო ახალი, მშვენიერი სამყაროები კაცმა, აქაც შეიძლება ეზიარო ამაღლებულს, აქაც შეიძლება შეიძინო მისტიკური გამოცდილება. მგონი, დამეჯერება ძველ მენაგვეს. ზოგჯერ სანაგვეზე უფრო მრავალფეროვანი და სასარგებლოა ცხოვრება, ვიდრე სასახლეში. რა ვიცი, ჩემდათავად მუდამ ათასი რამის უტილიზაციით ვიყავი დაკავებული, მათ შორის – ნაგვისაც. თუმცა ეს უკვე დეტალებია.