ფრაზა “არალეგალური კოსმონავტიკა” ზურა ჯიშკარიანმა პირველად 2008 წელს, ამავე სახელწოდების ტექსტში გამოიყენა, სადაც პოსტსაბჭოთა თაობაზე იყო საუბარი: "ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ყველაზე მიუწვდომელი აბონენტები. ყოველდღიურობის ანონიმური კონსტრუქტორები. მოწყენილები და ბედნიერები. ჩვენ განსხვავებულ პროფესიებს ვფლობთ და განსხვავებულ პოზებში ვიძინებთ. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული უნიკალური ცხოვრებისეული წარმოდგენები და გამოცდილებები... არალეგალური კოსმონავტიკა დაიწყება ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკური და ონტოლოგიური რეალობის აბსოლუტური, საყოველთაო, თუმცა საიდუმლო უარყოფით."

2016  წელს,  200 დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებით, პროექტი "არალეგალური კოსმონავტიკა",  ნიუ იორკის სახელოვნებო ორგანიზაციის "აპექსარტის"  (apexart.org) საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდა, სადაც 400 პროექტი იღებდა მონაწლეობას,  მსოფლიოს ყველა კუთხიდან. გამოფენა 2017 წლის ივნისში საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუში ჩატარდა ზურა ჯიშკარიანის, გიორგი მაღრაძის, ჯგუფი ბულიონის, ილიკო ზაუტაშვილის, მამუკა ჯაფარიძის, ანა და თამარ ჩადუნელების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის მონაწილეობით. პროექტის კურატორები იყვნენ მაგდა გურული და მარიამ ნატროშვილი.

გამოფენის ფარგლებში გამოიცა “არალეგალური კოსმონავტიკის” მცირე ბროშურა-სახელმძღვანელო. მოცემული ინტერვიუ ამ სახელმძღვანელოში დაიბეჭდა.

 

მარიკა ტარასაშვილი, კოსმოსის ბიოტექნოლოგი, ბუნებათმეცნიერების მასწავლებელი.

 

რაზე მუშაობ და რა გაინტერესებ ყველაზე მეტად შენს კვლევებში?

ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ინტერდისციპლინური საგანი – ასტრობიოლოგია. ეს არის თანამედროვე სამეცნიერო მიმართულება, რომელშიც გაერთიანებულია: სამეცნიერო ეკოლოგია და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია, კოსმოსურ გარემოთა ტექნოლოგია, სამგანზომილებიანი ბეჭდვა და სინთეზური ბიოლოგია. ასტრობიოლოგია ორი მიმართულების, ასტრონომიისა და ბიოლოგიის მიჯნაზე მყოფ საკითხებს იკვლევს. ამ მხრივ, ჩემი სპეციფიკური ინტერესის სფერო პლანეტა მარსი და მის კვლევასა და ათვისებასთან დაკავშირებული მეცნიერული გამოწვევებია. დარწმუნებული ვარ, კაცობრიობის მომავალი კოსმოსის, ახალი პლანეტებისა და მთვარეების ათვისებაშია. დედამიწისეული სიცოცხლის ხანგრძლივი მომავლის უზრუნველყოფა მხოლოდ კოსმოსში მისი გადატანითა და გავრცელებით შეიძლება. ამ მხრივ ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ეს არის პლანეტა მარსზე საკაცობრიო მისიების განხორციელება. მარსის კოლონიზაციისა და ტერაფორმირების განხორციელებისთვის საჭირო სამეცნიერო ბიოტექნოლოგიური ასპექტები ურთულესია. ჩემი დისერტაცია მარსის გრუნტის მიკრობიოლოგიურ გარდაქმნას ეხება. როგორც აღმოჩნდა, დედამიწაზე არსებულ ექსტრემალურ გარემოში მცხოვრებ ორგანიზმებს, მარსის გრუნტისა და ატმოსფეროს გარდაქმნა შეუძლიათ, რის შემდეგაც მასზე დედამიწისეული მცენარეების დარგვა და მარსისეული აგროკულტურების მოყვანა გახდება შესაძლებელი. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ექსპერიმენტული სამეცნიერო ნაშრომი ასტრობიოლოგიაში.

2008 წელს საქართველოს სამეცნიერო ფონდმა დაფინანსება გამოგვიყო, რის შედეგადაც, წლების განმავლობაში მხოლოდ ქაღალდზე არსებული მარსის პირობების საიმიტაციო კამერის შექმნა რეალობად იქცა. მას შემდეგ ბევრი ნაშრომი გამოვაქვეყნეთ, რომელთა ინტერნეტში მოძიება სირთულეს არ წამოადგენს. მაგალითად, შარშან, გერმანიის კოსმოსურ სააგენტოში – DLR, მქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც მარსის ათვისებისთვის და, ზოგადად, კოსმოსის პირობებში, სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით, გენმოდიფიცირებული მცენარეების შექმნის შესაძლებლობები და სირთულეები განვიხილეთ. წელს, მაისში, აშშ–ში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო ასტრობიოლოგიურ კონფერენციაზე წარვადგინე ნაშრომი – მარსზე დედამიწისეულ მცენარეთა ფოტოსინთეზის მოსალოდნელ თავისებურებათა შესახებ. ამ თემებთან დაკავშირებით, სამეცნიერო პუბლიკაციები სულ მალე გამოქვეყნდება.

მარსის კოლონიზაცია - როდის და როგორ და შენი აზრით, რამდენ ხანში?

მარსის კოლონიზაციის დაწყება დღესვე შეიძლება. მეცნიერებას ამისთვის ყველაფერი აქვს. საქმე, როგორც ყოველთვის, ფულშია. მარსის ათვისება, ამ ეტაპზე, მხოლოდ ხარჯებს უკავშირდება. ეს ინვესტიციაა, რომელიც მოგებას ასწლეულების განმავლობაშიც კი ვერ მოიტანს. მარსის ათვისების აუცილებლობის საწინააღმდეგო არგუმენტები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. ყველაზე ხშირად, ასეთი რამ ისმის: “ამდენი პრობლემაა დედამიწაზე და არ ჯობია მთელი ეს თანხა ადამიანებს მოვახმაროთ და არა მარსის ათვისებას?”; ეს ცინიკოსი ადამიანის კლასიკური პოზიციაა, რომელიც სოციალური პარაზიტიზმის პოპულარიზატორია. ამ კატეგორიას თუ შევეკითხებით, სახელდობრ, როგორი სტრატეგია გააჩნია პლანეტაზე ადამიანის პრობლემების მოსაგვარებლად – პასუხს ვერ მივიღებთ, რადგან, ვითომდა ლამაზი და ორიგინალური ფრაზის მიღმა, ეს კატეგორია ფინანსებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტენსიური მომხმარებელია და გარემოს დასაცავად არც ძვირი მანქანის გამოყენებაზე იტყვის უარს და არც მშიერი ადამიანების თუ ცხოველების დასახმარებლად დაიხარჯება.

არსებობს სხვა, კიდევ უფრო უცნაური პოზიცია, რასაც სამეცნიერო წრეებში დაცინვით “მარსის ქალწულობის მცველთა პოზიციას” უწოდებენ. საოცარია, მაგრამ ამ კატეგორიაში მეცნიერებიც არიან. მათ მიაჩნიათ, რომ მარსი ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც დღეს არის, და რომ ადამიანებს არ აქვთ უფლება “შერყვნან მისი სილამაზე” და იქ სხვა სიცოცხლე შეიტანონ, რადგანაც ეს “კოსმოსური მასშტაბის ძალადობის” მაგალითია. სხვა ადამიანების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ უნდა “შერყვნან” ადამიანებმა ცარიელი ქვები და ქვიშები და რა “ძალადობას” აქვს ადგილი არარსებულ სიცოცხლესთან მიმართებაში. ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლე სამყაროში ყველაზე უფრო საოცარი, ლამაზი და დასაფასებელი რამაა, და თუ მარსს ოდესმე თავისი სიცოცხლე ექნება – ამას მხოლოდ მივესალმები. ოდესმე მარსი შეიძლება დედამიწისეული სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად იქცეს. საბედნიეროდ, მეცნიერთა უმეტესობას მიაჩნია, რომ მსგავსმა არარაციონალურმა მიდგომებმა მარსის ათვისების გრანდიოზულ პროექტს ხელი არ უნდა შეუშალოს.

თუ მეცნიერების ისტორიას და გამოცდილებას გავიხსენებთ, ვფიქრობ რომ კაცობრიობის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილი, ამ საუკუნეშივე წამოიწყებს მარსის კოლონიზაციას და ეს პროცესი დაახლოებით 2–3 საუკუნეში წარმატებით განხორციელდება. ამ საკითხებზე მსხვილი კორპორაციებიც მუშაობენ, მაგალითად, SpaseX, Bigellow, Virgin Galactics და სხვა. თუმცა, სამეცნიერო ჯგუფების აზრით, მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება, სამეცნიერო მიღწევები, მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. კომპანიების ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი მარსის “რაც შეიძლება იაფად” ათვისებაა, სამეცნიერო საზოგადოების მიზანი კი მარსის მომავალი კოლონისტების – ცოცხალი ადამიანების, უსაფრთხოება და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ამ საკითხში შესყიდვების ტენდერები და სხვა ფინანსური მაქინაციები აზრს კარგავს, რადგან ამ სფეროში არ არსებობს ტექნიკა, რომელიც ერთდროულად იაფიცაა და კარგი ხარისხისაც. ასე რომ ფინანსურ მხარეზე ზედმეტად ორიენტირებულ წრეებს მარკეტინგული პოზიციის დათმობა მოუწევთ. კოსმოსური ტექნოლოგიები ძალიან ძვირია, ხოლო “არაძვირი” ტექნიკა საერთოდ არ მუშაობს და უდიდეს საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

მარსის კოლონიზაციის პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარსის ათვისება და ტერაფორმირება უახლოეს 200–300 წელიწადში მოხდება. რაც შეეხება პირველ კოლონიას – ამ საუკუნის დასასრულს ის აუცილებლად გვექნება. განსაკუთრებული უნარების მქონე ფანტასტიც კი ვერ აღწერს ზუსტად, მოსალოდნელ ტექნოლოგიურ პროგრესს.

საქართველოს კოსმოსური სააგენტო გაუქმებულია. შეიძლება თუ არა შეიქმნას ახალი? რა კეთდება ამ მიმართულებით?

დიახ, საქართველოს კოსმოსური სააგენტო 2006 წელს გაუქმდა და ამაში დამნაშავე ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთა უპრინციპო, პოსტ–საბჭოთა, კორუფციული მართვის სტილი, სტრატეგიული ხედვების არარსებობა და არასტანდარტულ სამეცნიერო იდეათა მიუღებლობაა. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ და არც კონრეტულ გვარებს დავასახელებ, მაგრამ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, წევრებს და მესაუბრა მათთან. ფაქტობრივად, ეს იყო რამდენიმე, ერთმანეთთან დაახლოებული პიროვნების ჩაკეტილი ჯგუფი, რომლებიც არა ხელფასს, არამედ, შეიძლება ითქვას, 400–ლარიან სოციალურ დახმარებას იღებდნენ სახელმწიფოსგან, ხოლო კანტი–კუნტი ღონისძიებები, რომლებსაც ისინი ატარებდნენ, იყო სრულიად დახურული და ფასადური ხასიათის. არც ლოკალური პროექტები არსებობდა და არც იმის სურვილი, რომ საერთაშორისო პარტნიორულ, პილოტურ წამოწყებებში მიეღოთ მონაწილეობა. არადა, იმ დროს ასეთ პროექტებში ჩართვისა და ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი იყო. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა კოსმოსური სააგენტოები პოლონეთში, ჩეხეთში და ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანაში, რისთვისაც ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო. დღეს ისინი ევროპის კოსმოსური სააგენტოს – ESA–ს სრულუფლებიანი და ფინანსურად უზრუნველყოფილი ორგანიზაციები არიან. ბევრი მათგანი NASA–ს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი კოსმოსური სააგენტოს ნარჩენები კი აი, ახლახანს, ჯართად გაიყიდა.

ახალი სტრუქტურის შესაქმნელად, საჭიროა პრინციპული, პროგრესული მეცნიერების ჯგუფი, სამთავრობო დონეზე შემუშავებული სტრატეგია და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შანსს არ დაუტოვებს ნეპოტიზმს და კორუფციას.

შესაძლებელია თუ არა შეიქმნას კოსმოსური სააგენტო, რომელიც არ იქნება დამოკიდებული სახელმწიფოზე?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ვფიქრობ, მალე ასეც მოხდება. ჩემთვის ცნობილია პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებს მსგავს არასამთავრობო სტრუქტურას. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სამთავრობოზე გაცილებით უკეთ მუშაობს. დღეს არსებული გლობალური მნიშვნელობის კოსმოსური სააგენტოები სამთავრობო დაწესებულებებია, რომლებიც მცირემასშტაბიანი კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო მიღწევების ბაზაზე არსებობენ. გააჩნია ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებით, რომელ სტრუქტურაში ვიპოვით საარსებო ნიშას.

სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არსებული დაწესებულებები მეცნიერების განვითარებისა და დახმარების კი არა, მოსპობა–განადგურების რეჟიმში მუშაობს. მეცნიერის მუშაობის სტილი ძალზე სპეციფიკურია – აქ მკაცრად უზრუნველყოფილი უნდა იყოს აკადემიური და პიროვნული თავისუფლება. მეცნიერს უნდა ეხებოდეს მხოლოდ მეცნიერება, რომ მისი გენიალური გონება ვიღაცის ბიუროკრატიულ–ბუღალტრულ ქაღალდებში არ ჩაიხრჩოს. საკუთარი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ მაგალითად NASA და ESA მეცნიერებისთვის დედამიწისეული სამოთხეა, და იქ მეცნიერის მოღვაწეობის ყველა განსაკუთრებული ასპექტი გათვალისწინებულია. შედეგიც სახეზეა.

საქართველოში კი პირიქით, მეცნიერების წინააღმდეგ ამაზრზენი ბიუროკრატიული მანქანა მუშაობს, თვალის ასახვევი ფასადური ღონისძიებები მომავალ თაობებს მეცნიერებისგან განაფრთხობს. განსაკუთრებით საშიში კი, ამ მხრივ, საქართველოში ბოლო დროს გამეფებული მასობრივი რელიგიური სიბეცეა. ამ ფონზე ჩემთვის საქართველოს კოსმოსური სააგენტოს, როგორც სამთავრობო სტრუქტურის არსებობა, ძნელი წარმოსადგენია. ვფიქრობ აჯობებს, რომ სწორედაც, არასამთავრობო სტრუქტურის ჩამოყალიბებით დავიწყოთ.

როგორ ფიქრობთ, “გვიწერია” თუ არა ინტერპლანეტარულ არსებებად გადაქცევა და რა საფრთხეები გვემუქრება წინააღმდეგ შემთხვევაში?

ვერ ვიტყვი რა “გვიწერია”, მაგრამ, საკუთარ პლანეტაზე მოხრჩობა რომ გვემუქრება – ეს აშკარაა. მთელი დედამიწა გადავჭამეთ, საწვავს არანორმალურად მოვიხმართ და პარალელურად ხეებს ვანადგურებთ, რომლებიც ჟანგბადს გვაწვდიან. ნახშირორჟანგის დონემ და საშუალო ტემპერატურამ მკვეთრად იმატა. დედამიწა ამ უბედურებისგან თავს საშინელი მეთოდებით დაიძვრენს და ჭკუაზე მოგვიყვანს. მოვა დრო, და მზეზე მიმდინარე ცვლილებების გამო დედამიწაზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ვიქნებით თუ არა ამისთვის მზად, ჩვენი სიხარბისა და სისულელეების რეალურ ზღვარზეა დამოკიდებული.

ევოლუციას არ ეშლება, ის იდიოტებს არ სწყალობს. თუ კაცობრიობას, კოსმოსში გასვლისა და ინტერპლანეტარულ არსებებად გადაქცევისთვის გამჭრიახობა და ნებისყოფა არ ეყოფა, მას “დიდი გადაშენება” ემუქრება.

დედამიწაზე ე.წ. “დიდი გადაშენება” არაერთხელ მომხდარა. იყო პალეონტოლოგიური კვლევებით დადასტურებული 5 ეპოქა, როდესაც ჩვენს პლანეტაზე თითქმის ყველა ცოცხალი არსება ამოწყდა და ეს ყველაფერი რეალურად მოხდა. ყველა გადაშენება კლიმატის ცვლილებას ან/და კოსმოსურ კატაკლიზმებს უკავშირდება, რის შემდეგაც, სიცოცხლემ კვლავ აღიდგინა თავი, თუმცა არც ერთ შემთხვევაში მეორე შანსი მანამდე გაბატონებულ სახეობას არ მისცემია. დოკუმენტური ფილმი “კოსმოსი” აღწერს ვიტუალურ მუზეუმს, სადაც დიდი გადაშენების მოვლენებისადმი მიძღვნილი ექვსი საგამოფენო დარბაზია. მათგან ხუთში წარსულ ეპოქათა ნამარხებია გამოფენილი. მეექვსე დარბაზი კი ცარიელია…