24 მარტი
თბილისი
19:19
მედიტაცია ვირუსის გამოსახულებაზე

დილიდან კოვიდ19-ის მიკროსკოპულ ფოტოებს ვათვალიერებ. ერთგვარი შიშის მედიტაციაა, შიშისთვის თვალის გასწორება. სხვა არაფერი დამრჩენია, რადგან თითქმის ყველაფერი წავიკითხე რაც ვირუსზე იწერება და მაინც რაღაც კიდევ მეტი მინდა. დღეს სხვა სტრატეგია ავირჩიე და მიკროსკოპში აღქმული გამოსხულების მეშვეობით თვალისთვის უხილავ სხეულში შეღწევას ვცდილობ, დაახლოებით ისე როგორც ის შემოდის ჩვენში და მრავლდება.

თავდაპირველად ხელოვნურად გენერირებულ ფერებს ვაკვირდები, მერე ფორმებს და ცენტრში, გვირგვინივით შემოსაზღვრულ საცეცებს ვუყურებ ყვითელ სხეულზე, რომლის ნათება გარშემო ლურჯის გრადაციას ცვლის და მომწვანო ელფერს აძლევს. საბოლოო ჯამში, ამ აღწერის მიღმა ვერ მივდივარ, რადგან ათასი ფიქრი მიტრიალებს თავში,  ვერ ვკონცენტრირდები და ეს ვიზუალური მედიტაციაც არაფერს მაძლევს, გარდა ბანალური ინტერპრეტაციებისა, თუ როგორ გავს მიკრო და მაკროსამყარო ერთმანეთს და რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო თავისი სამყაროს მატარებელია და ა.შ.

მაგრამ გაუფილტრავი ფიქრების ნაკადში და აბსტრაქტულ ფორმებზე დაკვირვებისას, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვარი  და მისტიკოსი ჰილმა აფ კლინტი მახსენდება. პირველი აბსტრაქციონისტი ქალი, კანდინსკიმდე, მალევიჩამდე და მონდრიანამდე გაცილებით უფრო ადრე შეჭიდებული სამყაროს აბსტრაგირებას ფერწერაში და ფორმებში. მის ბოლო გამოფენას, რომელიც ნიუ-იორკში, გუგენჰაიმში შარშანწინ გაიმართა, ესეც ერქვა “ჰილმა აფ კლინტი: ნახატები მომავლისთვის”. ჰილმა აფ კლინტი ალბათ შემთხვევით არ გამახსენდა, რადგან მისი თვალიც ერთგვარი მიკროსკოპია, ისიც სამყაროს სწავლობს. კონკრეტული ფორმებისგან და შთაბეჭდილებისგან ის თავის მიკროსამყაროს ქმნის და კიდევ რაღაცას უფრო დიდს, იმდენად საგრძნობლად დიდს, რომ მასთან სტუდიაში მისული რუდოლფ შტაინერის აღფრთოვანებას და კრიტიკას ერთდროულად იმსახურებს. შტაინერს არ მიაჩნია აფ კლინტის მედიაციური უნარების ესე ბოლომდე გარეთ გამოტანა მართებულად, რის შემდეგაც მხატვარი რამდენიმე წლით მუშაობას წყვეტს, თუმცა შემდეგ ახალი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი ექსპერიმენტით აგრძელებს ხატვას.

აფ კლინტის ნახატების თვალიერების შემდეგ ისევ ვირუსის გამოსახულებას ვაკვირდები, ეხლა თითქოს მასზე როგორც სამყაროს ნაწილზე ბევრად უფრო მეტი ვიცი და გაცილებით მშვიდად ვფიქრობ. ვუყურებ ისე, როგორც ჰილმას ნახატს.

https://www.guggenheim.org/video/hilma-af-klint