ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა მხატვარია. მის შესახებ უმრავლესობამ მაშინ გავიგეთ, როდესაც ლევანის ნამუშევარი წელს ნიუ იორკის სოთბის სახლში "Take Home A Nude" აუქციონზე აღმოჩნდა და იგი ნიუ იორკელმა არტკოლექციონერმა შეიძინა. ლევანმა თბილისის სამხატვრო აკადემიის ბაკალავრიატი დაამთავრა და ახლა ნიუ იორკში სწავლობს. მალე ჯეფ კუნსის სტუდიაში ასისტენტად დაიწყებს მუშაობას. კუნსი დღეს არტბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტორია, ეგრეთ წოდებული ნეოპოპის წარმომადგენელი, სარკისებური ზედაპირის მეტალის "ბუშტი" ცხოველებისა და ბანალური საგნების სკულპტურების ავტორი...

რამდენადაც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სამყარო ჩვენთან ჯერ კიდევ ნაწილობრივ გაზიარებულ გამოცდილებას წარმოადგენს, ეს სივრცე თავისი სირთულით, მრავალფეროვნებით, წინააღმდეგობებითა და ინსტიტუციებით უმეტესობისთვის ბუნდოვანსა და შორეულ სურათს ჰგავს. ლევანთან საუბარი ამ პრობლემების ირგვლივ ვითარდება.

ინდიგო: „მედუზა“ ჯერ კიდევ თბილისში, ორი წლის წინ, ერთ ღამეში დახატე. მაშინ 22 წლის იყავი, რა იყო შენი შთაგონების მიზეზი?

ლევანი: ჩემთვის საინტერესო იყო სიცოცხლის საწყისები და ის, რისგანაც სიცოცხლე იქმნება. Turritopsis Nutricula – უკვდავი მედუზა ჰიბრიდია, ერთადერთი ორგანიზმი, რომელსაც რეგენერაციისა და გაახალგაზრდავების უნარი აქვს. მედუზა ფორმას მხოლოდ რამდენიმე თვე ინარჩუნებს, სანამ კვლავ პოლიპის მდგომარეობას არ დაუბრუნდება. ეს ციკლი უსასრულოდ გრძელდება ოკეანის სიღრმეში, მარადისობაში, სადაც კაშკაშა უჯრედები წყვდიადს ანათებენ.

ინდიგო: ძალიან პოეტურად აღწერე, გასაგებია შთაგონების ხარისხი და ამ ნამუშევრის ეფექტურობაც. როგორ მოხვდა ნახატი აუქციონზე?

ლევანი: მალევე მივხვდი, რომ მინდოდა ამ ნამუშევრის მასშტაბები შემეცვალა და კონცეპტუალური პროექტის ნაწილად მექცია, სადაც ის ინსტალაცია-პერფორმანსის ფორმატში განვითარდებოდა. თუმცა, ამერიკაში წავედი და ნამუშევრის ბედიც სხვა მხარეს წავიდა. “Take Home a Nude” აუქციონზე ას ორმოცდაათამდე ნამუშევარი იყრის თავს და თანამედროვე არტსამყაროში აღიარებული, ცნობილი სახელების გვერდით ახალგაზრდა მხატვრებიც ჩნდებიან.

ინდიგო: ეს ძალიან შთამბეჭდავი გამოსახულებაა, აბსტრაქციისა და ფიგურატიულობის ერთგვარ ზღვარზე, რომელიც ობიექტის უტრირებულ, იდუმალ, თითქოს სხვა განზომილების მოვლენას აღწერს. ეს თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი მთავარი განწყობაა.

ლევანი: ასეც შეიძლება ითქვას. ხშირად ვფიქრობ ობიექტურ რეალობაზე, მინდა სამყაროსა და საკუთარ თავს სხვადასხვა რაკურსიდან დავაკვირდე; ვფიქრობ ფორმის ენაზე, ვიზუალურ კოდებზე, მუსიკაზე ფერში, გამოსახულების აღქმაზე, მთლიანობისგან გამოთავისუფლებულ ნაწილაკებზე; თვალის, გონებისა და სულის ურთიერთობაზე; ზოგადად, აწმყოსა და მომავლის ხელოვნებაზე... ბოლოს, ვუბრუნდები სიბრტყეს და შეუცნობლის შეცნობის იდუმალ განცდას, რაც ჩემთვის ნიჰილიზმზე გამარჯვებას ნიშნავს.

ინდიგო: როგორ აღწერდი შენს შემოქმედებას?

ლევანი: ცხოვრებისეული პრობლემების განცდა-გაანალიზება შეიძლება ვიზუალურ ენაშიც გარდაიქმნას და კონცეპტუალური სტრუქტურის საფუძვლად იქცეს. მაგრამ, ზოგადად, მიგნებებზე გაჩერება არ მსურს, ამაში მარცხს ვხედავ.

ჩემი აზრით, ხელოვანს რაღაც უნდა ჰქონდეს დონკიხოტური, ჩემთვის ახლოსაა ის მდგომარეობა, როცა რეფლექსიის პარალელურად, ირაციონალური იმპულსები გიბიძგებს, უდაბნოში ეძებო წყალი, რომელიც ოკეანემდე წაგიძღვება.

ინდიგო: შეგიძლია მოჰყვე როგორ ჩაიარა შენმა გასაუბრებამ კუნსის სტუდიაში, მანჰეტენზე, იქ სადაც ჯეფის ყველასთვის კარგად ცნობილი არტპროექტები ხორციელდება?

ლევანი: გავიგე, რომ ჯეფი მხატვარს ეძებდა თავის სტუდიაში სამუშაოდ. ბუნებრივია, რომ ნიუ იორკში, მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთ ცენტრში, ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ უკან არ დამიხევია. პორტფოლიოს გაგზავნიდან მეორე დღესვე გასაუბრებაზე დამიბარეს. სტუდიაში შესვლისთანავე სხვა სამყაროში აღმოვჩნდი: გაშლილი სივრცე, თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნების პულსაცია.

საბოლოო ჯამში, შესანიშნავი შეფასებები მივიღე. კუნსის კოლეგებს ჩემი რეპროდუქციების პრინტები ეჭირათ და სათითაოდ ვისმენდი ყოველი მათგანის მოსაზრებებს. მოკლედ, ინტერვიუების შემდეგ, სტუდიის ასისტენტად, მე შემარჩიეს.

ჩემი აზრით, ხელოვანს რაღაც უნდა ჰქონდეს დონკიხოტური, ჩემთვის ახლოსაა ის მდგომარეობა, როცა რეფლექსიის პარალელურად, ირაციონალური იმპულსები გიბიძგებს, უდაბნოში ეძებო წყალი, რომელიც ოკეანემდე წაგიძღვება.

ინდიგო: რა დააფასეს, ტექნიკური ოსტატობა, აკადემიური ნახატის ცოდნა, გრაფიკის შესაძლებლობების სიღრმეებისკენ სწრაფვა?

ლევანი: ეს მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო. მე არ ვმიჯნავ ერთმანეთისგან ფერწერასა და გრაფიკას, რადგან მხატვრობა მრავალი სხვადასხვა ფორმით ამეტყველებული ვიზუალური ენაა. ზოგადად, გრაფიკა თანამედროვე მხატვრული აზროვნებისა და გემოვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მისი შესაძლებლობები გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე პალიტრაზე ერთი შეხედვით ჩანს. ძალიან მიყვარს ფერთან ურთიერთობა, სწორედ ეს განაპირობებს ჩემი „გრაფიკის“ ფერწერულობასაც, სადაც ნახევარტონებით შექმნილ ატმოსფეროს კონკრეტული ფერი არ აქვს. ბავშვობიდან მოყოლებული, მრავალი მედიუმით მიმუშავია, თუმცა გამოცდილება, შემოქმედებით აზროვნებასთან ერთად, ტრანსფორმირდა ნამუშევრებში, სადაც ნეიტრალური გამა, ნაკლები ქრომატიზაცია ვიზუალური მეტყველების ხერხებად იქცა.

ინდიგო: რამდენად დატვირთულია შენი გრაფიკი?

ლევანი: ამ ეტაპზე ძალიან დატვირთული. სამაგისტრო კურსს გავდივარ, რომლის შემდეგაც ჯეფთან ვმუშაობ. ჩემი სამუშაო დიდი ზომის ფერწერული კომპოზიციის სხვადასხვა მასალაში შესრულებას გულისხმობს.

ინდიგო: თანამედროვე ხელოვნების სამყარო, პოსტმოდერნიზმის ცნების გაჩენასთან ერთად, უკიდურესი ლიბერალიზმით ხასიათდება, რომელიც მრავალ მედიუმს, ფორმატსა და მასალას იტევს. ეს მოცემულობა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის გააზრებული, მხოლოდ საწყისი ნაბიჯებია გადადგმული.

ლევანი: მზადაა თუ არა საზოგადოება ახალი კულტურული პროცესებისთვის, გაბედული ნაბიჯებისთვის, ეს ხელოვნებაშიც ჩანს. ანატოლ ფრანსი ამბობდა, რომ ერთ ცხოვრებაში უნდა მოვკვდეთ, სანამ მომდევნოში გადავინაცვლებდეთ. ხელოვანმაც და სოციუმმაც მდუმარებაში უნდა იგრძნოს პლანეტის რითმი, რათა იმპროვიზაცია შეძლოს.

ჯეფთან სამხატვრო პროექტებზე მეტწილად დიდი ფორმატები იკავებს სივრცეს, სადაც შერეული ტექნიკით, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, თავისუფალი წარმოსახვითა და მაღალი ოსტატობით, ფრთებს ისხამენ იდეები. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი შეხედვით ბანალურ ნივთს ლუვრის დარბაზში თანამედროვე ენერგეტიკის შეტანა შეუძლია, ან მაღალი რენესანსის ნიმუშზე რამდენიმე შტრიხის დამატებით, სახეზეა თანამედროვე არტი.

ხშირად ვფიქრობ ობიექტურ რეალობაზე, მინდა სამყაროსა და საკუთარ თავს სხვადასხვა რაკურსიდან დავაკვირდე; ვფიქრობ ფორმის ენაზე, ვიზუალურ კოდებზე, მუსიკაზე ფერში, გამოსახულების აღქმაზე, მთლიანობისგან გამოთავისუფლებულ ნაწილაკებზე; თვალის, გონებისა და სულის ურთიერთობაზე.

ინდიგო: თვითონ ჯეფს იმ აკადემიაში შეხვდი, სადაც ახლა სწავლობ?

ლევანი: აკადემიაში ხშირად ტარდება ცნობილი არტისტების საჯარო ლექციები. შეხვედრები სტუდენტებს ძიების პროცესში, ცნობიერების ახალი სივრცეების გახსნაში ეხმარება. ეს გამოცდილება გარკვეული ხნის შემდეგ, შემოქმედებაში, რაღაც ფორმით, მაინც ვლინდება.

რაც შეეხება ჯეფს, ის უნივერსიტეტში არ ყოფილა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ლექციებზე გავიცანი, ანდრეს სერანო იყო.

ინდიგო: სერანო თავისი პროვოკაციული ნამუშევრებითაა ცნობილი, განსაკუთრებით პოპულარულია მისი ფოტოების სერია „სექსის ისტორია“, რომლის ნაწილიცაა ნამუშევარი „ქრისტე შარდში“, რომელმაც მძაფრი, ვანდალური რეაქციები გამოიწვია. სერანო კულტურული შოკი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნაწილისთვისაც, როგორი იყო ნიუ იორკის აკადემიის სტუდენტების რეფლექსია?

ლევანი: აქაურ სტუდენტებსაც არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ, თუმცა ეს უფრო მომწიფებული კრიტიკა იყო. ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ხელოვანი და მისი შემოქმედება, მაგრამ მნიშვნელოვანია პატივს ვცემდეთ და ინტელექტუალურად ვაკრიტიკებდეთ მას. ზოგჯერ სათაურზე უფრო მძაფრია ხოლმე საზოგადოების რეაქცია, ვიდრე თავად გამოსახულებაზე.

ჩემი სასწავლო წლის დაწყებიდან ცოტა ხანში ანდრეს სერანო პირადად გავიცანი, მისი უნივერსიტეტში გამოჩენა მოულოდნელი, სასიამოვნო და სიმბოლურიც კი იყო.

ლექციის სათაური იყო – „ფოტოგრაფია, ხელოვნება და პოლიტიკა“, რომლის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტშიც გამოვაქვეყნე. სერანომ მორგიდან დაწყებული, უსახლკაროთა თემაზე გაკეთებული ფოტოსერიით დამთავრებული, უამრავი რამე გვაჩვენა. რამდენიმე პორტრეტის გმირის ისტორიაც გვიამბო. „შავი სანტა“, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი შავკანიანი უსახლკარო, შავი თმითა და შავი წვერით; ერთ საღამოს ანდრესმა ეს უსახლკარო კვლავ ნაგვის ურნასთან შენიშნა და პირადად მოიკითხა, მან კი გახარებულმა უპასუხა, ცხადია, მახსოვხართ, თქვენ ცნობილი გამხადეთო; მისი ფოტო ერთ-ერთი იტალიური ჟურნალის ყდაზე გამოქვეყნდა, მას სახეზე ცნობდნენ, მაგრამ ვინაობა არავინ იცოდა. მეორე ფოტოპორტრეტი ჩიკაგოს ერთ-ერთ მუზეუმში გამოიფინა. ნამუშევრის წინ იდგა ქალი, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა. პორტრეტზე გარდაცვლილი შვილი, ჯონი იცნო. სერანომ გვითხრა, რომ ემიგრაციის პრობლემაზე, უსახლკაროების თემაზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

ინდიგო: როგორი იყო მშობლიურისგან რადიკალურად განსხვავებულ გარემოსთან შეხვედრა?

ლევანი: ზოგჯერ ინსპირაციული სწორედ ისეთი პროცესია, რომელიც ელვისებური სისწრაფით ვითარდება, ვგულისხმობ ნიუიორკულ რიტმთან, სოციალურ ყოფასთან შერწყმა-დაახლოებას.

ეს ქვეყანა აწმყოზე ორიენტირებით, მომავლის პერსპექტივას ქმნის და მუდამ სიახლის ძიებაშია. დიდი კონკურენციის მიუხედავად, მიზანდასახულს, მშრომელს და მოაზროვნეს რეალიზების საშუალება აქვს.

ფართო, გაშლილი სივრცე და უსასრულობის განცდა ბავშვობიდან შთამაგონებდა. დღესაც კი, სადაც საინტერესო "სიცარიელეს" წავაწყდები, ახალი იდეები იწყებენ გამოჩენას. ბოდრიარი ამბობს: "საფრანგეთი მხოლოდ ქვეყანაა, ამერიკა - ეს კონცეფციაა..."; კონცეფცია, რომლის ბუნებრივ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რიტმთან შეწყობა, ახალ კულტურულ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი და მისი მაცოცხლებელი დინამიკა, არამცთუ უცხო, პირიქით, მშობლიურიც კი აღმოჩნდა.