წელიწად-ნახევარია, უკვე ის ვარ, რაც ამ 25 წლის წინათ დიპლომით დამიდასტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მანამდე, ანუ 2015 წლის შემოდგომამდე, არასოდეს მომსურვებია სკოლაში, კლასში, ბავშვებთან შესვლა.

უხსოვარ დროში, ერთ დღესაც ცოცხალ ქართველ პროზაიკოსთან (პატარა ვიყავ, მაშინ ჯერ კიდევ მწერალი მეგონა), ამოვიკითხე ფრაზა, კაცს ცოლთან გაყრის ათასი მიზეზი აქვს, ჩემი მიზეზი ათას მეერთეაო. სწორედ ათას მეერთე მიზეზი მქონდა, სკოლაში მუშაობის დაწყება რომ გადავწყვიტე: გადასახადების გადახდა გამიჭირდა. არავითარი „იდეალიზმი“, არავითარი მომავალი თაობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, არავითარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება არ მამოძრავებდა.

გადაწყვეტილებას პერიფერიული მიზეზებიც მივაშველე: შინაგანი გამოცოცხლების, ერთგვარი გადატვირთვის, მეტი სიმძლავრით ამუშავებისა და ინერტულობის დაძლევისათვის თავს ახალი საქმე მოვუფიქრე. ამასთან, თავად საქმიანობის მიმართ ვცდილობდი, სუფთა დაფად დავრჩენილიყავ – არანაირი წინასწარი განწყობა და წარმოდგენა არ შემიქმნია, როგორი იქნებოდა მასწავლებლად ჩემი მუშაობა.

...მგონია, ვისაც საბჭოთა სკოლაში გვისწავლია, კარგს ვიზამთ, თუ თითო მოგონებას მაინც დავწერთ ამ სკოლაზე, შევქმნით და აღვადგენთ სუბიექტურ ნივთმტკიცებებს იმ ქვეყანასა და სულზე, რომლის ნაწილიც ჩვენში, გვინდა-არ გვინდა, ახლაც ტრიალებს. კლასში შესვლამდე ზუსტად რაც ვიცოდი, ის იყო, რომ ყოველმხრივ განვემსგავსებოდი საბჭოთა მასწავლებელს. გვიან მივხვდით, თუ რამ ადამიანური ცოცხლდება ჩვენს მეხსიერებაში სკოლის შესახებ, თუ რამეს შეიძლება მოეჭიდო სამუდამოდ მიმქრალი წყენის, ბრაზის, სინანულის გარეშე – ის არ იყო, რომ იტყვიან, მეინსტრიმული საბჭოთა რეალობისათვის. მაგალითად, ბავშვის ღირსების პატივისცემა. მაგალითად, სიხარულის, გინდაც ინტელექტუალური ტკბობის გამოხატვა ბავშვის პასუხის მოსმენის შემდეგ – ცხადია, გულწრფელად.

ახლა მგონია, დიდხანს არ დამავიწყდება, რა მითხრა ერთმა მეთერთმეტეკლასელმა, როცა ვიკითხე, ალუდა ქეთელაურის ამ სტრიქონში – „ეს ვინღა მოდგა ნისლივით, თითბრით ნაზიკის ხმალითა?“ – „მოდგა ნისლივით“ როგორ გესმით-მეთქი? ბავშვმა თქვა, ნისლში ხომ ბუნდოვნად მოჩანს ყველაფერი, ალუდას ნისლივით მოსვლა, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ იქ ვერავინ არჩევდა მის ჭეშმარიტ სახეს, ხედავდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რა მოხდა ამ კაცშიო. ანაც კიდევ სხვა მეთერთმეტეკლასელის ნაწერი გრიგოლ ორბელიანის „საღამო გამოსალმებისაზე“: „წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს ჰსცვივიან“ – ცრემლებს გამოხატავს, ავტორი ტირის სიყვარულის დაკარგვის გამო და ალმასივით ცრემლები სწყდებაო... სულაც არ მიმაჩნია, რომ ბავშვებმა ასე ჩემი მუშაობის შედეგად იფიქრეს. უბრალოდ, გამიმართლა – ეს ჩემი თანდასწრებით მოხდა.

აღმოჩნდა, რომ სკოლაში ყველანი ვსწავლობთ – მოწაფიან-მასწავლებლიანად. არა, ერთი რომაული აფორიზმი სტუდენტობიდან ვიცი – სწავლებისას ვსწავლობთო – მაგრამ სკოლაშიც თუ ამიხდებოდა, არ მიფიქრია. ვსწავლობ იმას, რაც მისწავლია – თავიდან აღმოვაჩენ სასკოლო ქართულ ლიტერატურას. ვცდილობ, რამე გავიგო პედაგოგიკაში – 80-იანი წლების უნივერსიტეტში ის წარმოუდგენლად უინტერესო საგანი იყო და მშვიდ ბოიკოტს ვუცხადებდით. ვსწავლობ, როგორ ვასწავლო ეს ქართული ლიტერატურა, რადგან ამ საგანს – ლიტერატურის სწავლების მეთოდიკას – არ ვსწავლობდი პრინციპულად: ჯერ ერთი, არანაირ მასწავლებლობას არ ვაპირებდი, მეორეც, მას გამორჩეულად ცუდი კაცი ასწავლიდა თსუ-ში, შინსახკომის ძველი დამსმენი, უვიცი, რვაგზის დრომოჭმული სახელმძღვანელოთი და აუდიტორიაში მასთან ერთად ჯდომა არ მსურდა.

დრო დამჭირდა, გადავჩვეოდი ლექციის კითხვას გაკვეთილზე: ბავშვი ისე უნებლიეთ, უშუალოდ და ულმობლად გაგრძნობინებს, რომ შენი გამოგრძელებული ლაპარაკი არ აინტერესებს – ეგრევე იცვლი და უცვლი ქცევის ყაიდას; მონოლოგიდან დიალოგზე, ქადაგებიდან – დისკუსიაზე, ოფსაიდიდან – ჩართულობაზე. კაცმა რომ თქვას, უნივერსიტეტშიც ხშირად ასეა.

ყველაზე მოულოდნელი კი, რაც სკოლამ მოიტანა, ბავშვების სიყვარულია და თან, მგონი, ზოგჯერ ორმხრივი (ფეისბუკში ასეთ დროს მომღიმარ სახეებს სვამენ). ოღონდ ამაზე ვრცელი ლაპარაკი არ ღირს – შეიძლება მოცურდე და გაცრეცილი სიტყვების ამარა დარჩე.

>>> 

– ლელა, – ვკითხე ამას წინათ ჩემს გონიერ, მცოდნე და დაუზარელ კოლეგას სკოლაში, – ოდესმე გიგრძვნია, რომ სიზიფეს შრომას ეწევი?

ლელამ ცოტა ხნით თვალები დახუჭა. მგონი, არ უფიქრია, უფრო დაისვენა და მომიგო:

– კი. ამას წინათ ამოვუტრიალე შუშანიკი ბავშვს, მეგონა, თუ რამის მოყოლა და ახსნა შეიძლებოდა, ყველაფერი ვუთხარი და ბოლოს ასეთი რამ თქვა: შუშანიკი ქუთაისის ციხეში გადაიყვანესო.

– გაგეხუმრა ალბათ.

– არა. დაინახა, სახე რომ შემეცვალა და შეასწორა, ქუთაისის კი არა, სენაკის ციხეშიო

(„ბრძანა განტევებაი მისი და სენაკსა ერთსა შეყვანებაი და კრძალულად დაცვაი მისი ერთითა მსახურითა“).

უთუოდ გახსოვთ, ერთი უცნობილესი ესე ეგრეც სრულდება:

სიზიფე ბედნიერ კაცად უნდა ჩაითვალოს. 

 

ავტორი :
  • დავით პაიჭაძე