ქვემოთ მოყვანილი წერილები 1920-1930-იანი წლების მიჯნაზეა დაწერილი. ავტორები ქართველი მწერალი ქალები არიან. მათგან ნაცნობი, ალბათ, მხოლოდ ეკატერინე გაბაშვილია, დანარჩენების სახელები უსამართლოდაა დავიწყებული.

საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის წერას თავიდანვე პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული საჯარო სივრცეში ისინი სწორედ წერით გამოჩნდნენ. ერთ-ერთი პირველი ბარბარე ჯორჯაძე იყო. მან დაიწყო წერა იმის შესახებ, თუ რა უფლებები აქვთ ქალებს, რა უფლებები უნდა ჰქონდეთ და ეს თემა საჯარო მსჯელობის საგნად აქცია. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი უკვე ათეულობით ქალი წერდა ჟურნალ-გაზეთებში, თან რევოლუციურ-პოლიტიკურ აქტივიზმშიც მონაწილეობდნენ და ქალთა ემანსიპაციის მოძრაობაშიც. პირველი რესპუბლიკის დროს გამოდიოდა ფემინისტური გაზეთიც – „ხმა ქართველი ქალისა“.

მიუხედავად ამისა, ქალებისთვის წერა ადვილი არასოდეს ყოფილა. მათ ყოველთვის წინ ეღობებოდათ ინსტიტუციური თუ კულტურული ბარიერები, მაგრამ წნეხი განსაკუთრებით 1920-იანი წლების ბოლოდან გაძლიერდა.

ერთი მხრივ, ახლად შექმნილმა საბჭოთა ტოტალიტარულმა სახელმწიფომ და, მეორე მხრივ, პატრიარქალურმა ინსტიტუციებმა (მათ შორის, პირველ რიგში, მწერალთა კავშირმა) ისინი მარგინალებად მიზანმიმართულად აქცია. კავშირის სათავეში მყოფმა ძალაუფლების მქონე და რესურსების განმკარგავმა კაცებმა ქალების ლიტერატურული სივრციდან განდევნა დაიწყეს. მაშინდელ პერიოდიკასა და არქივებზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია ამის დასანახად – ის, ვინც იბეჭდებოდა, ითარგმნებოდა, აფიშაზე ჩანდა, მკითხველს ხვდებოდა, შეხვედრებსა თუ სიმპოზიუმებზე დადიოდა, საწერი ფურცელი, დრო და სივრცე ჰქონდა – ერთმნიშვნელოვნად კაცები იყვნენ.

30-იანი წლებიდან, ტოტალიტარული წნეხის გაძლიერებასთან ერთად, მწერლები – „სულის ინჟინრები“, და მათ შორის ქალებიც, სისტემას მთლიანად დანებდნენ. საქმე ფიზიკურ გადარჩენას ეხებოდა. მიუხედავად ამ კონფორმიზმისა, რეპრესიებს ბევრი ცნობილი მწერალი ვერ გადაურჩა, განსხვავებით ქალი ავტორებისგან. ისინი იმდენად იყვნენ დარჩენილი კაცების ძალაუფლებრივი თამაშების მიღმა, რომ რეჟიმისთვის საშიში არ ყოფილან. ასე რომ, უკვე ოციანი წლების ბოლოდან, ერთი მხრივ, ტოტალიტარული და, მეორე მხრივ, პატრიარქალური წნეხის გამო, ქალი ავტორების თვითგამოხატვის ერთადერთ ფორმად პირადი მიმოწერა იქცა. ეს წერილები არქივებში ფრაგმენტულად არის შემორჩენილი, თუმცა ფემინისტური ისტორიოგრაფიის მნიშვნელოვანი წყაროებია და მათზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთებაც შეიძლება. მიმოწერა იქცა ქალი ავტორებისთვის ერთადერთ სივრცედ, სადაც ისინი ერთდროულად იყვნენ ქალები, მწერლები და პოლიტიკური სუბიექტებიც. მიმოწერა გახდა მათთვის ერთგვარი „საკუთარი ოთახი“, წარმოსახვითი თავშესაფარი – ოდნავი თავისუფალი სივრცე თვითგამოხატვისთვის მაშინდელი სულის შემხუთველი სისტემის მარწუხებში.

მარიამ გარიყული ეკატერინე გაბაშვილს:

„ტალახიანი წვიმები, სიცივე, სადილ-ვახშამის კეთება ჩვენებურ შუა ცეცხლზე ნოტიოიან სამზარულოში, ბოსელი თავისი საქონლებით, ბუდე წიწილები, ყოველკვირეული ოჯახის სარეცხი და ამათ გვერდით ცივ ოთახში უმაგიდოთ მწერალი ქალი, რომელსაც მხოლოდ ძილის დრო დარჩენია... ჩვენ მწერლობაში ყველას ღარიბათ მოაქვს თავი, მაგრამ ნურვინ იტყვის სიღარიბის იმ მძიმე უღელს და მის გაძლებას, რაც მე ვათრიე ყოველ განათლება-განვითარებას მოკლებულმა ქვაბების ხეხვაში, სარეცხის რეცხვაში, პოლების წმენდაში. გაუტეხელი ჩემი ტვინი მაინც ფიქრობდა და ამ მუშაობის დროს სხვადასხვა სურათებს ხატავდა, როცა მოიცლიდა და ბავშვები რომ დაიძინებდნენ, ძილის დრო მაინც მომეპარა თავისთვის და დამეწერა რამ. სურათები თავის პირველ ელფერსა კარგავდნენ, რადგან გაჩენისთანავე არ იქნენ ასახული სუფთა ქაღალდზე, მაგრამ მაინც მიღოღავდნენ წინ, მაინც ბნელით მოცულ ჩემ ცხოვრებაში. ობლათ, უმეგობროთ ძლივს ბჟუტავდა ჩემი ნიჭი ყოველ ნიჭისთვის საჭირო სამკაულს მოკლებული...“

 

ეკატერინე გაბაშვილი ნინო ტყეშელაშვილს:

„წარმოიდგინე, რომ მე ჯერაც კალამი არ ამიღია ხელში და ყოველი შენგნით მოცემული მასალები და ჩემი ნაფიქრალი და გარდატანილიც, საფუძვლიანათ არ ამინუსხავს. ახალქალაქში ოთხი ოთახი მაქვს და ოთხივე გამოტენილია ჩემი შვილებით და შვილიშვილებით. ჩემი ოთახი მუდამ ხმაურობითა და ბავშვთა ცელქობით არის აკლებული, წიგნები და საწერი მაგიდა მათ სათამაშოთ არის ქცეული... ეს, რასაკვირველია, მწერალი ქალისთვის არ არის მოსაწონი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, მწერლობა ქართველებში ჯერ პატივცემული არ არი და მეც იმდენათ ვარ ტკბილი ბებია, რომ სხვა რიგათ ჩემი ცხოვრების მოწყობას ვერ ვახერხებ. ვწერ მხოლოდ შემთხვევით და დამუშავებას და გაშალაშინებას ვინ მაღირსებს, ამიტომ ყოველი ჩემი ნაწერი თითქო გეგმაა სხვა მომავალი სამუშაოსი და არა დამთავრებული სახელოვნო ნაწარმოები. ქალის შრომა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება პატივაყრილი და „მწერლის კაბინეტი“ ვინ იცის როდის ეღირსება დედაკაცს, თუ ის შენსავით მარტო ხელი არ არის და ჩემსავით შვილიშვილებით არის დატვირთული...“

 

ნინო ტყეშელაშვილი კატო მიქელაძეს:

„მე და შენ მარტოხელი ადამიანები ვართ. თუ რასმე წაგვართმევენ, არავინ მოგვეშველება... მწერალთა კავშირში ბუზათ არ ჩამაგდეს, წევრად რომ მივეღე. ამან იქონია გავლენა, ფეხზეც ვერ ვდგები, ბინაც ვერ ვიშოვე. მე გაფრთხილებ შენაც არ ჩავარდე ამ დღეში. გაყიდე ყველაფერი და მოიხმარე“.

 

ანა ხახუტაშვილი ეკატერინე გაბაშვილს:

„ასე უშინაარსოთ, უგემურად წვრილმან საქმიანობაში მეკარგება დღეები, ლამის ბოღმამ დამახრჩოს. ბესოს ვეუბნები: იქნებ გაგიჟებულიცა ვარ და შენ კი ვერ მამჩნევ – წამიყვანე ექიმთან მეთქი, გუშინ ასე ვეხვეწებოდი. ამ ოხერმა კოოპერატივმა სულ მთლად გადამრია: თუ წავალ – მერე სახლისთვის აღარ ვარგივარ, არ წავალ და გული მისკდება – ვაიმე, თუ ისეთ რამეს აძლევენ, რომელიც ჩვენთვის ძალიან საჭირო არის მეთქი.

სადღაა, ჩემო ტკბილო და საყვარელო ქალ. კატო ან პოეზია, ან გონებრივი განვთარების საშუალება. მე პირადათ ჩემი თავი მეზიზღება: რისთვის ვაჭყეტ თვალებს, რისთვის ვუმზერ მზეს და ლურჯ ცას, თუკი ისინი აღარას მაგრძნობინებენ...“

 

ნინო ტყეშელაშვილი ეკატერინე გაბაშვილს:

„ძალიან ამაღელვა მწერალთა კავშირის მამაკაცების ეგოისტურმა მოქცევამ... მოიგონეთ ბევრი შემთხვევები თქვენ სიცოცხლეში, როცა ქალისა და მამაკაცის ინტერესი ერთი მეორეს დაუპირისპირდებოდა, უთუოდ მამაკაცის გაიტანდა თავის უღელს და სხვებიც ამ შემთხვევაში მხარს უჭერდა როგორც უფრო ძლიერს... პროგრამის ირგვლივ არშიათაა შემოყოლებული ქალთა თანასწორობა. ეს ცბიერები. იეზუიტობაა, როცა 14 მამაკაცი აირჩიეს, ერთი ქალიც არ ახსენეს – მერმე თუ ერთი ქალი აირჩიეს, სამი კაცი მიუმატეს – ისე მამაუცხონდათ მაგათ, ცქვიტზე, ნინა ნაკაშიძეზე და მარიჯანზე მეტათ მომზადებულები იყვნენ ან მათი ოდენი შრომა მიუძღვით?..“