29 მარტი
18:32
მოვა მაისი

მარტის ბოლო აპრილის დასაწყისი ჩემი საყვარელი პერიოდია. აღდგომას რომ ემთხვევა ის დრო. ნელ-ნელა რომ იხდი თბილ ტანსაცმელს და ერთ დღესაც ქუჩაში გამოსული რომ ხვდები, უკვე ზედმეტი გაცვია და ნახევარი ტანსაცმელი ხელში გიჭირავს საღამომდე, რადგან მზის ჩასვლის მერე მაინც აგრილდება. თბილისის დაბინძურებული ჰაერიც კი რაღაც ჯადოსნური სურნელის გამოყოფას იწყებს, გგონია რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ინერციით მაინც. ამ დროს შეიძლება არასწორი ადამიანიც მოგეწონოს და ვინც გიყვარს ის ან ისინი კიდევ უფრო მეტად შეგიყვარდნენ.


გარდა იმისა, რომ წელს ჩემთვის ამ წმინდა დროს სახლში ვატარებ, ზემოდან ჩემი ნაცნობი ან უცნობი მორწმუნეების გაუაზრებელი სიჯიუტე და ბრალდებები ერთვის, რომ ეს ყველაფერი რაც სამყაროში ხდება ჩვენი გაზაფხულობით ჩადენილი “ცოდვების” ბრალია და ამისთვის მთელი სამყარო უნდა გაწყდეს და ეს მასობრივი მკვლელობა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში უნდა განხორციელდეს.

ეს ის  ცოდვებია, ერის ცოდვები, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა…

შედარება არ მიყვარს და არც იმას ვფიქრობ, რომ კათოლიკური სამყარო რამით შეიძლება ჯობდეს მართლმადიდებლურს ან ნაკლები ცოდვა ტრიალებდეს მის შიგნით, მაგრამ  მაინც ვადარებ ცარიელ და წვიმიან წმ. პეტრეს მოედანს ვატიკანში გუშინწინ და დღევანდელ მოღრუბლურ აისს სამების ეკლესიაში.

მიჭირს ამაზე წერა, მაგრამ იმის წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება როდესაც რამდენიმე კვირაში ვერც სამებაში და სხვა ეკლესიებში, ვერც (ამ დრომდე სავსე) ბაზრებში და მაღაზიებში ჩაქაფულის მწვანილზე და ხბოს ხორცზე, ვერც საფლავებზე კვერცხების გასაგორებლად ვეღარავინ მივა, რადგან ამის დრო, ამ მშვენიერ გაზაფხულზე არავის აღარ ექნება.

მხოლოდ რამდენიმე სასწაულებრივად გადარჩენილი მღვდელი დარჩება რომელიც წვიმიანი ან მზიანი ეკლესიების ცარიელ ეზოებში პარაკლის ჩაატარებს და ისევ ჩვენს ცოდვებზე მოგვიყვება.