რაინჰოლდ მესნერი პირველი მთამსვლელია, ვინც მეწყვილესთან, პეტერ ჰაბელერთან ერთად, ჟანგბადის გარეშე შეძლო ევერესტზე ასვლა, რაც მანამდე ადამიანისათვის შეუძლებელ რამედ იყო მიჩნეული. ის აგრეთვე პირველია, ვინც თოთხმეტივე რვაათასიან მწვერვალზე მოახერხა ასვლა.

იტალიაში, ქალაქ ბოლცანოში, მესნერის მთამსვლელობის მუზეუმში კვირაში ერთხელ ცეცხლს ანთებენ. მის წინ ჯდება რაინჰოლდ მესნერი და ამბების მოყოლას იწყებს. ამბების, რომლებიც შეეხება მთას, მთამსვლელობას, ყოფიერებას, ადამიანს, სამყაროს და სხვა უმნიშვნელო საკითხებს. ახლა ის თბილისშია, ჩემ წინ ზის, სხვა ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად, მაგიდის მოპირდაპირე მხარეს და საქართველოს შესახებ აგროვებს ამბებს, რათა შემდეგ სხვას უამბოს; ისევე, როგორც მე მოგიყვებით ახლა იმას, რაც მისგან მოვისმინე.

მიუხედავად იმისა, რომ მესნერი დიდებული სპორტსმენია, ის მთამსვლელობას უბრალო სპორტად არ განიხილავს. მისთვის მთასთან ურთიერთობა უფრო ღრმა კულტურული საკითხია. მთა კაცობრიობის ისტორიაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. მოსე კანონებს იღებს მთაზე, მილარეპა სხივებით ამაღლდა კაილაშზე, ბერძენი ღმერთები მთაზე ცხოვრობდნენ და ა.შ. ჩვენ კი მთას რატომღაც სულიერება ჩამოვაშორეთ და მას უბრალო სიმაღლედ განვიხილავთ, რომელიც უნდა „დავიპყროთ“ იმისათვის, რომ ადამიანის ბუნებაზე უპირატესობა ან საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვრობა დავამტკიცოთ. ამ ორი საპირისპირო პერსპექტივის კარგი მაგალითია ამა დაბლამის ასვლების ისტორია:

ამა დაბლამის დალაშქვრა პირველად ბრიტანელებმა გადაწყვიტეს 1959 წელს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ფაქტით ძალიან უკმაყოფილო იყო. ეს წმინდა მთა იყო და არავის ჰქონდა მასზე ასვლის უფლება. მიუხედავად ამისა, ორმა ახალგაზრდა ალპინისტმა ადგილობრივთა დარიგება არაფრად ჩააგდო და გზას გაუდგა. ცა მოწმენდილი იყო და მთამსვლელების აღმასვლას ყველა კარგად ხედავდა. როდესაც მწვერვალამდე სულ რაღაც 200 მეტრი რჩებოდა, მთა ღრუბელმა დაფარა. ცოტა ხანში ღრუბლები გაიფანტა და მთიდან ორი შავი ჩიტი გამოფრინდა. მთამსვლელების სხეულები საძიებო ჯგუფმა ვერ იპოვა.

მოგვიანებით, 1961 წელს, ბრიტანელების ექსპედიციის წევრებმა, სერ ედმუნდ ჰილარის ხელმძღვანელობით, მთაზე ასვლა მაინც მოახერხეს, თუმცა უკანონოდ, მთავრობის ნებართვის გარეშე. ამან განარისხა ადგილობრივი მოსახლეობა და, როგორც ჩანს, ღმერთებიც. 1979 წელს ამა დაბლამზე ასვლა კიდევ ერთმა ბრიტანულმა ექსპედიციამ სცადა. მისი წევრი იყო პიტერ ჰილარი, ედმუნდ ჰილარის შვილი. მწვერვალზე ასვლისას, ჯგუფი ზვავში მოყვა. რაინჰოლდ მესნერი საბაზო ბანაკიდან აკვირდებოდა, როგორ ეკიდა თოკზე სამი მოწყვეტილი მთამსვლელი უმოძრაოდ. სამაშველო ასვლა კი მხოლოდ მაშინ გადაწყდა, როდესაც მან შენიშნა, როგორ გადაჭრეს თოკიდან ბოლო კაცი. ეს იმას ნიშნავდა, რომ პირველი ორი მთამსვლელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. დასავლელი ხალხისთვის ეს უბედური შემთხვევა იყო. ადგილობრივებისთვის კი – „ღმერთებმა ჩამოიფერთხეს მთამსვლელები“ მათი თავხედობის გამო.

მთისადმი და ადგილობრივების კულტურისადმი პატივისცემის უდიდესი გამოვლინებაა მესნერისა და მთა კაილაშის ისტორია. ადგილობრივებისათვის ეს არის მთა, რომელზეც მილარეპა მზის სხივით ამაღლდა ნარო ბონ ჩუნგთან შეჯიბრებისას. მესნერისათვის ეს იყო მთა, რომელზეც ჯერ არავინ იყო ნამყოფი. მისთვის სამწუხაროდ, ადგილობრივი მთავრობა მასზე ასვლის ნებართვას არ იძლეოდა, თუმცა, საბედნიეროდ, მესნერს ძალიან კარგი ნაცნობები ჰყავდა; მათ შორის, ბუტანის მეფის შვეიცარიელი პირადი ექიმი, რომელიც ერთ-ერთ ჩინელ მინისტრს გამოჯანმრთელებაში დაეხმარა. მინისტრმა ექიმს სანაცვლოდ ერთი სურვილის ასრულება შესთავაზა და მანაც დაუყოვნებლივ მესნერისთვის კაილაშზე ასვლის ნებართვა ითხოვა. 1985 წელს მესნერი ტიბეტში ჩავიდა და მთაზე ასასვლელად მოსამზადებელ სამუშაოებს შეუდგა. თუმცა, ადგილობრივებთან საუბრისა და მათი აზრის მოსმენის შემდეგ გადაიფიქრა – ექიმს დაურეკა და უთხრა, რომ კაილაში კვლავ წმინდა მთად დარჩებოდა, მესნერი მის სიწმინდეს არ შეურაცხყოფდა.

შემდეგ საუბარი შიშზე ჩამოვარდა. ვინც მთაში დადის (და ვინც არ დადის, მათთვისაც), არ არის უცხო, რომ მთამსვლელობა პირდაპირ უკავშირდება სიკვდილის შიშს. მე პირადად ეს შიში განცდილი მაქვს და მაინტერესებდა, რას ფიქრობდა მასზე მესნერი. მისი აზრით, შიშის საფუძველი უმოქმედობაა. ზოგადად, მთაში ყველაზე რთული, რაიმე „გიჟურის“ კეთება კი არ არის, არამედ ისეთი სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. ასეთ დროს ორი არჩევანი არსებობს: მოქმედება და უმოქმედობა. თუკი დაიცდი, თუკი უმოქმედოდ იქნები, ჩნდება სივრცე შიშისთვის. ლოდინით იზრდება შიში, რეაქციასთან ერთად კი – იკლებს. ამიტომ ჯობია, ნებისმიერ სიტუაციაში დაიწყო მოქმედება, თუნდაც ძალიან სარისკო. ამით შემცირდება როგორც შიში, აგრეთვე დაღუპვის რისკიც, ვინაიდან მთაში უმოქმედობა დაღუპვის ტოლფასიც არის.

აქვე მესნერს ანტარქტიდის ექსპედიციის ისტორია ახსენდება: 1914 წელს მოგზაურთა ჯგუფი, ცნობილი ბრიტანელი მოგზაურის, სერ ერნესტ შეკლტონის ხელმძღვანელობით, ანტარქტიდის ფეხით გადასაკვეთად გაემგზავრა. მათი გემი ყინულებში გაიჭედა და რამდენიმე თვეში ჩაიძირა კიდეც. სამ სამაშველო ნავზე მოთავსებულმა ჯგუფმა განაგრძო სვლა სპილოს კუნძულამდე, იქ კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს: შეკლტონი უნდა გამგზავრებულიყო 1500-კილომეტრიან მოგზაურობაში, მიეღწია ვეშაპზე მონადირეთა ყურისთვის და სამაშველო ექსპედიციით დაბრუნებულიყო. ამისათვის მას ერთი ნავი და მხოლოდ 5 კაცი დასჭირდებოდა, 22 მეზღვაური კი ადგილზე უნდა დარჩენილიყო და დალოდებოდა. საბოლოო ჯამში, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და შეკლტონი ნამდვილ გმირად მიიჩნიეს, თუმცა მესნერისათვის ნამდვილი გმირი სულ სხვა პიროვნებაა – როდესაც შეკლტონმა 5 კაცი შეარჩია, მან დატოვა მეგობარი, ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაური, ფრენკ უაილდი. უაილდმა ჰკითხა, მე ხომ საუკეთესო ვარ, რატომ მტოვებ, გამოგადგებიო. შეკლტონის პასუხი იყო, საუკეთესო რომ ხარ, სწორედ მაგიტომ გტოვებ, შენ გარდა ამ ხალხს ვერავინ მიხედავსო. შეკლტონის დაბრუნებამდე, ოთხი თვის განმავლობაში, 22 კაცი სპილოს კუნძულზე, ერთი ამოტრიალებული ნავის ქვეშ ცხოვრობდა. ყველა გადარჩა. როგორც მესნერი ამბობს, ზღვის გადალახვა და დაბრუნება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ხოლო 22 ადამიანის ერთ ადგილზე შეკავება და მათში იმედის შენარჩუნება, რომ ხსნა ნამდვილად მოვა – ნამდვილი გმირობა.

ვსაუბრობთ მთამსვლელობის რაობაზე. ამბობს, რომ იმისათვის, რომ თავგადასავალს მთამსვლელური ეწოდოს, სამი ინგრედიენტია საჭირო: პირველი სირთულეა. ამასთან, ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ეს სირთულე წარმატებით დაძლიოს. მეორე ხიფათია. ის, ვინც ამბობს, რომ მთაში სიარული უსაფრთხო უნდა იყოს, სჯობს სხვა საქმით დაკავდეს. მთაში სიარული აუცილებლად უნდა იყოს სახიფათო, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს გამოცდილება, რომლის საშუალებითაც ის ხიფათსაც აარიდებს თავს. მაგალითად, უნდა იცოდეს, რომელი სეზონია ამა თუ იმ მთაზე ასვლისთვის საუკეთესო; როდის შეიძლება ზვავი ჩამოწვეს, როგორ უნდა იმოქმედო მოწყვეტის შემთხვევაში და ა.შ. მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი, ინგრედიენტი არის მინდობა – მთლიანად შენს თავს იყო მინდობილი. მარტო ხარ თუ მეგობართან ერთად, იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზეც და მასზეც, ინაწილებ პასუხისმგებლობას, და ეს ხდება არქაულად, ისე, როგორც ეს ხდებოდა მრავალი წლის წინ. მთაში სიარული, ამ მხრივ, სრული ანარქიის მდგომარეობაა. იქ არავის აქვს ძალაუფლება. არც პოლიტიკოსებს, არც ეკლესიას, არც მეგობრებს... რამდენიც უნდა იყოთ, ერთად იღებთ გადაწყვეტილებას, ერთად განიხილავთ, რა არის სწორი ქმედება და ყველაზე გამოცდილს ბუნებრივად აქვს გადამწყვეტი სიტყვა, ის ბუნებრივად ხდება ლიდერი.

მთაში შეიძლება იმის მიღწევა, რასაც საზოგადოებაში ვერასდროს მივაღწევთ. ეს არის თვითგანსაზღვრულობა (selbstbestimmung). საზოგადოებაში ჩვენ ყოველთვის სხვები განგვსაზღვრავენ, სხვებს ვითვალისწინებთ იმაში, თუ რა უნდა ჩავიცვათ, სად უნდა დავისვენოთ, სად ვისწავლოთ, რა წავიკითხოთ და ა.შ. ამ ყველაფერზე სხვას შეუძლია ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილების მიღება. მთაში ყოფნის დროს კი, თავად იღებ გადაწყვეტილებას, თავად ჭედავ საკუთარ თავს.

თუკი მთამსვლელი ვერ ხვდება ამას, თუკი ვერ ხვდება თვითგანსაზღვრულობის მნიშვნელობას, ის მთამსვლელი არ არის. როგორც თვითონ მესნერი ამბობს, თითქმის ყველა მისი წიგნი ერთი და იმავე მოწოდებით მთავრდება: Nehmt mihr alles aber nicht die selbstbestimmung! ანუ: რაც გინდათ, ის წამართვით, თვითგანსაზღვრულობის გარდა!

თვითგანსაზღვრულობის ეს მდგომარეობა ბუნებრივად უპირისპირდება საზოგადოებაში ცხოვრების მდგომარეობას. ამის გამო, მთიდან დაბრუნების შემდეგ თითქმის ყველას ერთგვარი გაუცხოების განცდა ეუფლება. თითქოს ყველაფერი, რაც საზოგადოებას ადარდებს, ყალბი და არარეალურია. მესნერიც იცნობს ამ გრძნობას, თუმცა ის საზოგადოებას არ აკრიტიკებს. კი, მთამსვლელი მართლა გადის საზოგადოებიდან, ცხოვრობს არქაულ სამყაროში, წესების გარეშე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის მაინც საზოგადოების წევრია. მთამსვლელიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც უბრალოდ ბევრისაგან განსხვავებული გამოცდილება აქვს. ამ მხრივ ძალიან სახიფათოა საზოგადოების მიმართ ემპათიის გრძნობის დაკარგვა. წარმოდგენა იმისა, რომ სხვაზე უკეთესი ხარ, დამღუპველია. არავინ არავისზე უკეთესი არ არის, შესაბამისად, ვერც ვერავინ ვერავის განიკითხავს.

საუბრის დანარჩენ დროს მომავალზე საუბარს ვუთმობთ. აპირებს უშბაზე ფილმის გადაღებას, თავადაც სურს უშბაზე ასვლა, მესტიაში გეგმავს მესნერის მთამსვლელობის მუზეუმის გახსნას, სადაც მხოლოდ ქართული მთისა და მთამსვლელობის ექსპონატები გამოიფინება, მუშაობს კიდევ ორ დოკუმენტურ ფილმზე… მაგრამ პირველი, რასაც გააკეთებს, ბოლცანოში ჩასული ცეცხლთან დაჯდება და საქართველოს შესახებ მოჰყვება ამბავს.