რატომ იღებენ ნარკოტიკებს? ეს შეუძლებელია მესმოდეს, მაგრამ შემიძლია ჩემებურად ავხსნა. ნარკოტიკებს იღებენ კულტურის ნაკლებობის გამო.

სწორად რომ იქნას გაგებული, მე ვლაპარაკობ უმეტესობაზე და ამით საშუალოსტატისტიკურ ნარკომომხმარებელზე. ნათელია, რომ მას, ვინც ნარკოტიკებს მიმართავს, სიცარიელის ამოვსება, დანაკლისის კომპენსაცია სურს, რომელიც თავგზას უბნევს და აფრთხობს. ნარკოტიკები მაგიის ჩანაცვლებაა. პრიმიტიულ ხალხებს მუდამ აფრთხობს ეს შინაგანი სიცარიელე – ერნესტო დე მარტინო ამას „მეს დაკარგვის შიშს“ უწოდებს – და პრიმიტიულებიც ავსებენ მას. ისინი თავს აფარებენ მაგიას, ამ სიცარიელეს რომ გააგებინებს და აუვსებს.

თანამედროვე სამყარომ, განმანათლებლობის, მეცნიერების, ტექნიკის, კომფორტის, კეთილდღეობის, პროდუქციისა და მომხმარებლობის პირველი ეიფორიების შემდეგ, გაუცხოებული ადამიანი საკუთარ თავს მიანდო და აქედან მოყოლებული ისევე ატერორებს მას, როგორც პრიმიტივებს მეს დაკარგვის განცდა.

სინამდვილეში ჩვენ ყველანი ვიღებთ ნარკოტიკებს: მე, რამდენადაც ამისი განსჯა შემიძლია, ფილმების კეთებით, სხვები იმით, რომ სხვადასხვაგვარ აქტივობებში ვარდებიან. ჩე გევარა თავს იბრუებდა რევოლუციური აქციონიზმით (რომანტიკული კასტროიზმით: ჯერ პრაქტიკა, შემდეგ თეორია). მუშაობაც, რომელიც „პროდუცირებას“ ემსახურება, გამაბრუებლად მოქმედებს. ის, რაც ნამდვილი ნარკოტიკებისგან (ე.ი. თვითმკვლელობისგან) გვიცავს, არის კულტურული დაცულობა. ყველა, ვინც ნარკოტიკებს იღებს, კულტურულად დაუცველია. ჰუმანისტური კულტურიდან ტექნიკურ კულტურაზე გადასვლამ კულტურის ცნება ფუნდამენტურ კრიზისში შეიყვანა, რომლის მსხვერპლიც, პირველ რიგში, ახალგაზრდები არიან. ამ მიზეზით, დღეს ნარკომანები თითქმის მხოლოდ ახალგაზრდები არიან.

ვისაც კულტურული დაცულობა აღარ გააჩნია და, შესაბამისად, აღარც გაუცხოებული „მეს“ სიცარიელის ამოვსება შეუძლია, და მეტიც, ამას ვერც თვითანალიზით, ვერც საკუთარი, თუ კლასობრივი მდგომარეობის გაცნობიერებით მოახერხებს – ბანალურად რომ ითქვას, უმეცარია. დღევანდელობის კულტურულმა კრიზისმა ახალგაზრდები, პირდაპირი მნიშვნელობით, უმეცრებად აქცია, რომლებსაც კითხვა ან არ შეუძლიათ, ან თუ კითხულობენ, სრულიად გულგრილად და ვნების გარეშე.

დამატებით უნდა ითქვას: ის ახალგაზრდები, რომლებიც ნარკოტიკებს არ იღებენ, სამაგიეროდ თავს იმით იბრუებენ, რომ, მაგალითად, პოლიტიკურ აქტივისტებად – უმეცრების ამ განსაკუთრებულ ფორმად – სპეციალიზდებიან, ხშირად ცუდი ხასიათისანი არიან: არაადამიანურობით და თანაგრძნობის უუნარობით გამოირჩევიან, ყოველმხრივ ისეთი აუტანლები არიან, როგორადაც ულმობელ ნეოკაპიტალისტურ ტექნოკრატიულ კულტურას, რომელსაც ისინი ებრძვიან, მათი ასეთებად ყოფნა სურს.

იმ დროს, როდესაც „უმეცარი“ ახალგაზრდები ნარკოტიკებს იღებენ, მთლიანობაში, კეთილგანწყობილნი, საყვარლები, ჩვილი გულისანი, გულუხვნი, არააგრესიულები და გულგახსნილები არიან (ზუსტად ისევე, როგორც პრიმიტიული ადამიანები). მათი პროტესტი, რომელსაც ისინი საკუთარი სხეულით ახორციელებენ, უფრო მეტად შემზარავი და ამაღელვებელია, ვიდრე ყველა სხვა პროტესტი. თუკი ვინმეს საერთოდ პირველი ქვის სროლის უფლება შეიძლება ჰქონდეს, მაშინ სწორედ მათ, თუ, რა თქმა უნდა, ამისი ძალა შესწევთ. მათ, განსხვავებით ექსტრემისტებისგან – ამ წარმატებისკენ მსწრაფველი კლასის ფრიადოსნებისგან, რომლებიც წიგნებივით (ცუდი წიგნებივით) მეტყველებენ, – ყველა ხიდი ჩატეხეს და ხელახალი ინტეგრაციის ყველა საშუალება მოისპეს.

მაგრამ, რაოდენ შემზარავი და ამაღელვებელიც არ უნდა იყოს ეს ამბოხი, ის მაინც ფუჭად რჩება, რადგანაც კულტურა არ გააჩნია, ის უბრალოდ კულტურის მიღმა მოძრაობს. ბოლოს და ბოლოს, სულაც არაა რთული, როგორც პრიმიტივს სჩვევია, კეთილგანწყობილი და საყვარელი იყო და თანაგრძნობაც შეგეძლოს, თუკი ამისი საფუძველი მხოლოდ შიშია – საკუთარი არსებობის სიცარიელის მიმართ.

ისე კი – და ესაა ჩემი სასოწარკვეთილი დასკვნა – უკვე ალბათ შეუძლებელიცაა ამ უკულტურობისა და კულტურული გულგრილობისგან საკუთარი თავის გათავისუფლება; სავარაუდოდ იმიტომ, რომ ის განუყოფლად მიბმულია ყოვლისმომცველ და ღრმა შიშზე მომავლის მიმართ. მომავალს არასდროს ისე ძლიერ არ გაუღვიძებია იმდენი და ისეთი სიხშირის შიში, ყველაფერ სამომავლოს თავდაუღწეველ კოშმარად რომ წარმოსახავს, რამდენიც ამ წლებში, როდესაც მომავლის პროგნოზირება ახალ მეცნიერებად იქცა. 

 

შენიშვნები: პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) ეს წერილი დაიწერა და პირველად გამოქვეყნდა 1968 წელს ჟურნალ „Tempo“-ში. შესულია მისი გარდაცვალების შემდეგ, 1979 წელს გამოცემულ პაზოლინის პუბლიცისტურ წერილთა კრებულში „II Chaos“ („ქაოსი“).

ერნესტო დე მარტინო (1908-1965) – ცნობილი იტალიელი ეთნოლოგი, პრიმიტიული მაგიის მკვლევარი