„დედა მომიკვდეს, აეს ქალი ისე მაგრად უკრავს, რო აი, ბოჟი დარ, რა...“

ნიკა მაჩაიძის კომპოზიციიდან „არაო დედაო“

 

წარმოიდგინეთ, რომ „ტალანტ-შოუებში“ მჯდარი ჟიურის წევრების შთაგონებით, ერის გაუნათლებლობით უკმაყოფილო კონცეპტუალური არტისტის სიმარტოვით, იოგურტ „დანონის“ ბრენდული მელოდიის ავტორის გამბედაობით, პოეზიას და თეატრს რომ ვერ იტანს, იმ მაყურებლის კრიტიკულობითა და „ბი-საიდებისა“ და „რარიტეტული ჩანაწერების“ ზედმიწევნით მცოდნე მელომანის ცნობისმოყვარეობით, ვითხოვ, რომ მერე, ვინც ამ ტექსტს წაიკითხავს და საკითხში ერკვევა, მითხრას, ბოლოს და ბოლოს: რა მეცნიერული მიდგომები არსებობს შემოქმედებითი ტალანტის ფენომენთან დაკავშირებით? ანუ ნიჭს რა განსაზღვრავს და საერთოდ, რა არის – გენეტიკა და მემკვიდრეობა? ჯადოსნური უნარი, რომელიც „რჩეულებს“ „დაებერტყათ“ თავზე? იქნებ ის შაბლონებისაგან თავისუფალ აღზრდას უნდა მივაწეროთ? ამის შედეგად ადამიანი ხომ „თამაშისკენ“ და „თამამი აზროვნებისკენ“ უფრო მიდრეკილია და აქვს ამის თავდაჯერებულობა? ანდა, შეიძლება, კონტაქტებია კავშირში – სანაცნობო წრე ან ოჯახური ფონი, სივრცე, სადაც საკაცობრიო ინფორმაციას, კულტურას და გემოვნების სხვადასხვა მოუხელთებელ ნორმას ყოველდღიურად, ინტუიციურად ვითავისებთ და სილამაზის შეგრძნება თავისთავად იხვეწება? რამე განსაკუთრებული შინაგანი მდგომარეობა ხომ არ არის, რომლის პოტენციალიც ყველას გვაქვს... რომელიც შეიძლება ხელოვნურად, ვთქვათ, ფსიქოდელიური ნარკოტიკებით ან სხვა პრაქტიკით განვავითაროთ?

გადაღეჭილი თემაა, მაგრამ ვერაფრით ავიცდინე, მით უმეტეს, როდესაც მეოცე საუკუნის მახსოვრობა უკან მოვიტოვეთ და სამოცი წლის წინ უკვე ითქვა:

საგამოფენო ნამუშევარი ბავშვის მიერ ქვიშაზე ჯოხით გავლებული ხაზებისგან ერთადერთი იმით განსხვავდება, რომ ვიღაცამ თქვა: აი, ეს, მეორე, ხელოვნებააო; ბილი ჰოლიდეის განუმეორებელი ვოკალი მისი შეზღუდული რეგისტრის ბრალია. ნებისმიერი ხმაური მუსიკაა; ხელოვნური ინტელექტი მუსიკას წერს.

ჰოდა, რა პრინციპით არჩევენ ცნობილი პუბლიკაციები „წლის 10 ახალ არტისტს, რომელსაც თვალყური უნდა ვადევნოთ“?

რა „ცენზი“ აქვს ინდუსტრიას და რას ითხოვს მსმენელი; ვინ ხვდება ამ სიებში, რა პრიორიტეტებით ვაქცევთ მათ „საყურადღებო“ ფიგურებად და რა გზას გადის არტისტი მანამ, სანამ ვინმე იტყვის, მომწონსო?

„ნიჭი უბრალოდ გითრევს, გაჯადოებს, არ არსებობს, ის ვერ შეამჩნიო“ –  მგონი, საბოლოოდ, ამ ბუნდოვანი არგუმენტის ამარა ვრჩებით, რადგან პოტენციალსა და მის გამოვლინებას შორის უამრავი სადავო ნაპრალია.

თავიდან, როდესაც ინდიგომ გადაწყვიტა, სპეცპროექტი საქართველოში მოქმედი მუსიკოსებისთვის დაეთმო, ასეთი გეგმა გვქონდა: უკვე ცნობილი მუსიკოსებისთვის უნდა გვეკითხა ერთმანეთის შესახებ, ვის ვინ მოსწონს და რატომ, თითქოს ქართულ მუსიკალურ სცენასა და მის ლოგიკას ასე უკეთ დავინახავდით. მაგრამ მერე ვიფიქრეთ, რომ გაცილებით საინტერესო იქნებოდა, სულ ახალი ათვლის წერტილები აგვეღო და მოგვეძებნა მუსიკა, რომელსაც ჯერ არ მიკარებია ფართო პუბლიკის აღფრთოვანება თუ კრიტიკა; რომელზეც არ უმოქმედია მხარდაჭერასა თუ დემოტივაციას. მოგვეძებნა ავტორები, რომლებსაც არ ვიცნობთ, არ ვიცით, როგორ გააგრძელებენ გზას და რა ადგილს დაიკავებენ ქართულ მუსიკალურ სივრცეში – მაგრამ აქტიურად მუშაობენ. შედარებით მიმალული, უპრეტენზიო, პროჟექტორის გარეშე და ჩუმი – მაგრამ არსებული – ასე დავარქვით, „ფარული ჩანაწერები.“

 

ანი ზაქარეიშვილი

Soundcloud-ის ქართულ აბურდულ ქსელში მილიონამდე მარტოხელა პროფილი შეგხვდება, სადაც ავტორს უბრალოდ თავისი პირველი, ან ზედმეტსახელი ჰქვია, აქტივობა ნულს უდრის და სულ ერთი ჩანაწერი აქვს ატვირთული – ძირითადად ასეთი შემთხვევები იმედგაცრუებაა ხოლმე. ამიტომ, როდესაც წავაწყდი პროფილს, სახელად „Ani“, ქართულ გარემოში ქალისთვის დამახასიათებელი მორიდებული ლაკონიურობით, უპრეტენზიო და ბუნდოვანი შავ-თეთრი სურათით და სულ ერთი ტრეკით, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მისი ჩართვისას გამახსენდებოდა 1966 წელს სტივ რაიხის მიერ კანონიკურ კომპოზიციად ქცეული ინტერვიუს კასეტური ჩანაწერი „come out“, ალვინ ლუსიეს ასკეტური განაცხადი „I am sitting in a room“, ყველა ის პირველი მაგალითი, რომელშიც ხმის გამოყენებას ფილოსოფიური დატვირთვა მიეცა და, რა თქმა უნდა, ელექტრონული მუსიკის განთიადთან მდგომი ქალი კომპოზიტორები, კონსერვატიული გარეგნობით და ღრმა, სავსე, კვლევაზე ორიენტირებული ჟღერადობით: დეფნი ორამი, დელაია დერბიშირი, ლორი შპიგელი... რაც უფრო გრძელდებოდა ტრეკი, გონებაში ეს ოპტიმისტური კოლაჟი კიდევ უფრო იშლებოდა. ანი ზაქარეიშვილის ელექტროაკუსტიკურ კომპოზიციაში „Wanderers Nachtlied“ „მეტყველი შინაარსი“ ყველა მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.

გოეთეს საკულტო ლექსს – „მგზავრის ღამეული სიმღერა“ – ორიგინალურ (გერმანულ) ენაზე მამაკაცის ხმა კითხულობს, ანი კი მას „ქათ-აფის“ და სემპლინგის ტექნიკით  ხმის მანიპულაციის დახვეწილ მაგალითად აქცევს. წარმოთქმული ფრაზით, ბგერით თუ ცალკეული სიტყვების რეორგანიზებით სხვადასხვა რიტმული და მელოდიური თემა გოეთეს ღამეს ციტირებს. მთავარი კი აქ ის არის, რომ უკვე შეგვიძლია, განწყობასა და კომპოზიციის ხასიათზე თავისუფლად ვილაპარაკოთ, ასოციაციებსა და პირად შთაბეჭდილებებზე. ღამის რომანტიზმი, რომელიც პოეტური მანერით წაკითხულ სიტყვებში ჟღერს, მოულოდნელად მინიმალ-ტექნომდეც კი მიდის, ხანდახან ცეკვა გინდება, გეგონება, ტომას ბრინკმანის ცნობილ „მექსიკოს“ უსმენ, მაგრამ უფრო სხვა, ფემინური ტექსტურით და უნიკალური ხასიათით.

ანი 20 წლის არის, კონსერვატორიის სტუდენტია და, როგორც თვითონ მითხრა, ახლა ალბომზე მუშაობს. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ მუსიკალურ სივრცეში, რომელშიც ჯერ კიდევ მამაკაცი დომინირებს, გამოკვეთილ და ძლიერ განაცხადს სწორედ ახალგაზრდა ქალი აკეთებს – თანაც თავისდაუნებურად. ინტერნეტში კი ჯერჯერობით მისი ეს ერთადერთი ნამუშევარი მოიძებნება. ანუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასაწყისია.

 

Marikh

ტექნო. თბილისმა ეს ცხოვრებისეული რიტმი სიამოვნებით გაითავისა  და დღეისათვის მუსიკალური ინტერესის ყველაზე დიდ საგნად აქცია. ალბათ რაღაც განსაკუთრებული უნდა გქონდეს სათქმელი, რომ ორ-მილიონიანი ქალაქის იმ 90%-ს შეუერთდე, რომელმაც ჟანრად ტექნო აირჩია. ფაქტია, რომ ტენდენცია ძალიან დიდია და საინტერესო, ამიტომ როდესაც დღეს ტექნოს კეთებას იწყებ, ან იქ გინდა, სადაც მხიარულებაა, ან საკუთარ თავს იწვევ. ალექსანდრე მიშელაშვილისთვის მეორე შემთხვევა უფრო რეალურია – ეს მაშინვე იგრძნობა, როდესაც მის არხზე მოხვდები. „Marikh“ – ანუ მარიხი – პლანეტა მარსისა და მითოლოგიური ომის ღმერთის ძველი ქართული სახელწოდებაა. თუ ტექნო ომის ელექტრონული წარმოების წესია, მაშინ მარსს გამბედაობა მოეთხოვება. შესაბამისად, არხზეც უამრავი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული და აგრესიული სუბჟანრული მცდელობაა – აშკარად ისმის, რომ ავტორს არ ეშინია, არ უფრთხილდება საკუთარი თავის წარმოჩენას, მას უბრალოდ აინტერესებს და მოურიდებლად ეძებს. რა თქმა უნდა, თავისუფლად შეიძლება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გულუბრყვილობა იყოს (ამ ორს შორის განსხვავებაც ძალიან ბუნდოვანია), მაგრამ ერთი უტყუარი ნიუანსი, უფრო სწორად, გამორჩეული მოტივი შეიმჩნევა ამ სურათში: რიტმის დეტალური, განსხვავებულად ფაქიზი გრძნობა, თითქმის ყველა კონფიგურაცია ლოგიკურ თარგს ქმნის. როდესაც მივედით ტრეკამდე „Oblong“, უკვე დარწმუნებით ვთქვით, რომ საქმე ნამდვილად ახალგაზრდა მუსიკოსთან გვაქვს. ტრეკის ფრთხილი, დამუშავებული მუსიკალური მსვლელობა განსაკუთრებით მომხიბლავია, ლინეარული განვითარების მიუხედავად, ტრეკი სტრუქტურულად იდეალურადაა აგებული. კონკრეტული, მკაფიო და უხეში ხმების დაუსრულებელ გრადაციებთან ერთად, განმეორებადი ხმების ტემბრალური ცვლა მუდმივი ევოლუციის შეგრძნებას ქმნის. ეს ყველაფერი კი, კონტროლირებული, გადანაწილებული აგრესიის შთაბეჭდილებას ტოვებს, ბერლინის სუბურბანული ტექნოს მსუბუქი გავლენით.

ალექსანდრე „პერკუსიონისტია“ – ტექნოს ძირეული და პირველადი დამახასიათებელი ხაზი რომ გავითვალისწინოთ, ამ არტისტის განვითარების პროცესი ძალიან საინტერესო უნდა იყოს. დასარტყამი ინსტრუმენტები მისი ცხოვრების მთავარი კონცენტრაცია 2014 წლამდე იყო, ოსლოს სამუსიკო აკადემიაში ერთწლიანი სწავლის შემდეგ კი, მიმართულება შეიცვალა. ძალიან შთამბეჭდავია მისი სამუშაო რეჟიმიც – დისციპლინირებული და დინამიკური. ახლა კი, როდესაც ეს ტექსტი იწერება, „მარიხს“ თბილისის ერთ-ერთ კლუბში სულ პირველი Live-აქტი აქვს, ცოცხალი შესრულებით. მოკლედ,  წითელი პლანეტა აინთო.

 

ლევან მაისურაძე 

„სულელური იდეაა ლაივ-პერფორმანსი. სცენაზე მუშაობისას ენერგიის უმეტესი ნაწილი საკუთარი პერსონის პრეზენტაციაზე მიდის. მე კი ეს არასდროს მაინტერესებდა“, – ასე თქვა მუსიკის ერთ-ერთმა საკულტო თეორეტიკოსმა, კომპოზიტორმა, ხმის მკვლევარმა და პროდიუსერმა, ბრაიან ინომ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ხმამაღალი დასაწყისია, მაგრამ სულ პირიქით. იმიტომ, რომ საბოლოოდ სწორედ ამ ფრაზის ავტორმა დაარწმუნა პოპულარული მუსიკის მსმენელები თუ შემქმნელები უზარმაზარი ეგოს ჩახშობის აუცილებლობაში და გარემოსკენ მიუთითა, ფონის მნიშვნელობისკენ – „ამბიენტის“ საკვანძო ფილოსოფიისკენ – თავმდაბლობისკენ. ასე კიდევ იმიტომ დავიწყე, რომ ლევან მაისურაძის აქ წარმოდგენილი ტრეკი ამბიენტადაა აღნიშნული, და კიდევ იმიტომ, რომ პირველი, რაც მის შესახებ გავიგე, არასდროს უკრავს ცოცხლადო. ეს ერთდროული ინტროვერტიზმი ძალიან ლამაზად მეჩვენა – საუბრისას რამდენჯერმე ვეცადე, გამომეტყუებინა აზრი სცენის მნიშვნელობაზე, თუმცა ვერ შევძელი – „მუსიკაზე მუშაობა უკიდურესად პირადი, ინტიმური პროცესია, ძალიან ხშირად ეს მხოლოდ ჩემთვის კეთდებაო“, – მითხრა. და ეს ლოგიკურიცაა, რადგან ამბიენტი – ეს ყველაზე ამორფული და ყოვლისმომცველი ჟანრი, მართლაც ძალიან ახლოსაა შინაგან პროცესებთან.

ლევან მაისურაძის „proun“ აშკარად ატარებს კომპოზიციურ შეკრულობას. კარგად ნაცადი ლუპის ნაცვლად, რომელიც ჟანრში ხშირად გვხვდება, ლევანი მონოტონურობას ცვალებადი სინთეტიკური ინსტრუმენტების შერწყმით იცილებს. ტრეკი სივრცეს კარგად ითვისებს და მინიმალური მუსიკალური ელემენტების, (ფილტრების, პანორამული გაშლების) მიმატება-გამოკლებით საკმაოდ ყურადღების მიმქცევ და ჩამთრევ ეფექტს ქმნის. მუსიკალური ფაქტურა საკმაოდ მსუყეა და მსმენელის ყური მუდმივად ჩართულია.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ტრეკის სახელი რუსული ავანგარდის ერთ-ერთი პიონერის, ელ ლისიცკის სუპრემატისტული სერიის სახელს ატარებს. სერია მინიმალისტური ფორმებით იკვლევს სივრცეს, მის განზომილებას, სიღრმესა და მოცულობებს. ბასრი და მკვეთრი გეომეტრიული ფორმები კი მას ალაგ-ალაგ კვეთენ. თავად ტრეკი კი, გეგონება, რომ სასიამოვნო ინტროა იმ დანარჩენისათვის, რაც ფარდის უკან იმალება და რასაც ლევან მაისურაძე სურვილისამებრ გამოიტანს, იმედია, უფრო ხშირად.

 

AcidFairye

არ გქონიათ მომენტი, როდესაც ადამიანი გესაუბრებათ და ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული მის სრულ კომპეტენციაში, მაგრამ მისი სითამამე, ღიაობა შეცდომებისათვის და გადმოცემის მანერა იმდენად გხიბლავთ, რომ ერთი სული გაქვთ, მართალი აღმოჩნდეს? ისინი გაუფილტრავად გესვრიან საკუთარ თავს – დროში, სადაც ყველა ჩვენ-ჩვენს იმიჯს ვაშალაშინებთ 24 საათის განმავლობაში. როდესაც ელენე მოსიაშვილის პროფილი შემხვდა, თავიდან რაციონალურად ვერაფრით ავხსენი, ასე რამ მომაჯადოვა. თითქმის ყველა ტრეკს ეტყობა დაუხვეწავი საუნდი, ინფორმაციული დისორიენტაცია და ოდნავ ინფანტილური თვითრეპრეზენტაცია სხვადასხვა ტრეკზე მიმაგრებული ვიზუალით... ვიფიქრე, აჰა, ვიღაცას ისევ ტექნოს კეთება უნდა... – და მექანიკურად ვიძიებდი, ვინ იყო. მაგრამ მერე მის ძველ არხზე, ერთ ტრეკს გადავაწყდი, რომელიც ერთი წლის წინაა ატვირთული. გახსოვთ 90-იანი წლების ჰიტი, Jay-Z-ს „Hard knock Life“? ვიჯექი და ვუსმენდი ამ ქავერის სულ სხვა, ძალიან კონსტრუქციულ მუსიკალურ ინტერპრეტაციას, სხვა ჰარმონიულ გადაწყვეტას, „ჰოუმ-მეიდ“ (სახლში დამზადებული) და Lo-fi ესთეტიკით. კუნგ-ფუ-ჯანკის ადრეული ტრეკები სათამაშო ქიბორდებით, მარტივი არანჟირებებით. ორი თვის წინანდელი მოლი ნილსონის „ანშლაგი“ თბილისში. მთელი ოთხმოციანები, DIY ელექტრონიკის ფორმა და ფილოსოფია, რომელიც ამ შემთხვევაში წინასწარგანზრახული კი არა, უბრალოდ ინტუიციურად ათვისებული იყო – როგორც პატარა ბავშვები თამაშობენ დღეს სმარტ-ტექნიკით, თავისუფლად და თავისთავადი მიმღებლობით. მაგრამ ელენეს განსაკუთრებული დანამატით: პრიმიტივისტულ და სწორხაზოვან აკორდებს სასიამოვნო კონტრასტს უქმნიდა ღრმა პოლირიტმული ფონი და ვოკალი – სრულიად უბოდიშო და პირდაპირი, დრამატული მანერით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს, თუ არტისტიზმი გაგაჩნია. ეს იყო მშვენიერი ნაივურობა. ისტორიას ბევრი ასეთი შემთხვევა კარგი არტისტის წარმოშობით გაუმართლებია, რომლებიც პირველ რიგში განუმეორებელ ინდივიდუალიზმს ატარებდნენ – თვითგამოხატვის ფორმას და საკუთარ ხმას კი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების შემდეგ აუცილებლად პოულობდნენ. მერე ელენეს ტექნოს მცდელობას დავუბრუნდი. ტრეკმა „21016“ თითქოს მისი ერთი წლის განვითარება შეკრა. ტრეკი ძალიან თამამია, მძიმე ბასები ხან თავისსავე გრავიტაციას და ხან ნაზ ბრჭყვიალა ხმებს ეთამაშება, რომლებსაც დროდადრო ჰარმონიული ნოტა შემოაქვს. გეგონება, ბერგჰაინის პიკის საათში მართლაც ნაზი და დაუცველი ფერია იპოვე, სადღაც, კუთხეში. ჟანრის ინტუიციურ შეგრძნებასა და ბუნებრივ მსვლელობასთან ერთად, ძლიერი, შემტევი ფემინური ენერგია იგრძნობა – ლეიტმოტივად ელენე ქალის ფრაგმენტულ ხმას ირჩევს, რომელიც, ვერ ვხვდებით, სიამოვნებისაგან კვნესის თუ ტანჯვისაგან. ზოგადად, მისი ყველა კომპოზიცია სტრუქტურულად ექსცენტრულია, არასტანდარტული შეხამებებითა და ეკლექტური გადაწყვეტებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი კონსტრუქტები დროის ადეკვატურია – თანამედროვე ხელოვნების ყველა ასპექტში შეიმჩნევა ტენდენცია, სადაც იდეალური შეთანხმება და რაფინირებულობა გემოვნებაზე აღარ მეტყველებს – პირიქით, ადგილი გააზრებულ შეუთავსებლობას აქვს. არ ვიცი... ადვილია, მეორე მსოფლიოს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი კულტურულმა შიმშილმა დააბნიოს შეფასებებში. ეს კი შეიძლება ნებისმიერ ზემოხსენებულ არტისტზე ვთქვათ – სწორედ ამიტომ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ლოდინია, და რწმენა, რომ მათ შეექმნებათ საკუთარ თავზე მუშაობისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები. ჩვენი მხრიდან, ინდიგო მათ ძალიან დიდ წარმატებას უსურვებს, საკუთარ თავს და მკითხველს კი – მათი მუსიკით გაჯერებულ სასიამოვნო პლეილისტებს.