მკვლევრები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 2021 წელს FDA-მ (საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია. აშშ.) და EMA-მ (ევროპის წამლის სააგენტო) შესაძლოა MDMA ლეგალურ სამკურნალო საშუალებად აღიარონ.

PTSD, იგივე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ფორმაა, რომელიც ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. შოკი, სიბრაზე, შიში, დანაშაულის გრძნობა, ღამის კოშმარები, შფოთვა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა – ამ და სხვა სიმპტომებს ხშირად არა მხოლოდ უშუალოდ ტრავმის და მძიმე გამოცდილების მსხვერპლები განიცდიან, არამედ თვითმხილველები და ოჯახის წევრებიც. იოლი ფორმის შემთხვევაში ეს შეგრძნებები გარკვეული დროის შემდეგ ქრება, თუმცა, ხშირად, PTSD-ის გამოვლინებები იმდენად ძლიერია, რომ ადამიანების გონება გამუდმებით ამ განცდების ტყვეობაში რჩება და ნორმალური ცხოვრების გაელება უჭირს.

ასეთ დროს ერთადერთი იმედი ფსიქოთერაპიული კურსია, რომელიც მედიკამენტოზურ და ფსიქოლოგიურ თერაპიას მოიცავს. თუმცა, ათეული წლების გამოცდილებით დასტურდება, რომ მძიმე შემთხვევებისას ხშირად ვერც ეს მეთოდი ამართლებს. ბოლო წლებში ევროპისა და ამერიკის კვლევით ცენტრებში მუშაობენ PTSD-ის მკურნალობაში ფსიქოდელიური ნარკოტიკების ჯგუფიდან ერთ-ერთის, კლუბურ ნარკოტიკად ცნობილი MDMA-ს გამოყენებაზე.

ამ კვლევის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკლ მითჰოფერმა, პირველი ცდა 2004 წელს ჩაატარა, 2010 წლიდან კი უკვე მკვლევართა ჯგუფთან ერთად განაგრძო მუშაობ. მათი კვლევა 2018 წლიდან მესამე, ფინალურ ფაზაშია – მეცნიერები 3 წელიწადში MDMA-ს მკურნალობაში დასანერგად ოფიციალურ ნებართვას ელიან. 

მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ფსიქიატრი და ფსიქოტრავმატოლოგი, ლაიდენის უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ ვერმეტენია. ის პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის მქონე პაციენტებთან, ძირითადად სამხედრო პირებთან და ომის ვეტერანებთან  მუშაობს. თბილისში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას „ინდიგომ“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

პროფესორო ვერმეტენ, თქვენ თერაპიისას ნარკოტიკულ საშუალებებს, კონკრეტულად კი, MDMA-ს იყენებთ. როგორ მიხვედით პირადად თქვენ და, ზოგადად, ფსიქოთერაპია ამ გადაწყვეტილებამდე?

ნარკოტიკულ თერაპიას დიდი ისტორია აქვს ფსიქოტრავმის სფეროში. ნიდერლანდების მაგალითს თუ ავიღებთ, აქ PTSD-ის მკურნალობა ფსიქოდელიური მედიკამენტებით ჯერ კიდევ 1940-იან წლებში დაიწყეს. ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დროს 5 წლის განმავლობაში ნაცისტური გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული და ადამიანების დიდ ნაწილს მუდმივად უწევდა ტრავმების შედეგებთან გამკლავება. მკურნალობის ამ მეთოდის პიონერი ჰოლანდიელი ფსიქიატრი, იან ბასტიანსი (Jan Bastiaans) იყო, რომელიც იმავე უნივერსიტეტის პროფესორი იყო ლაიდენში, სადაც ახლა მე ვმუშაობ. ის ხშირად იყენებდა თერაპიაში სხვადასხვა ფსიქოდელიურ ნარკოტიკს, განსაკუთრებით კი, LSD-ს.

როდესაც ადამიანებს ტრავმასთან გამკლავება უწევთ და წარსულის რაღაც ეპიზოდებში იჭედებიან, მათ უჩნდებათ გაუცხოების შეგრძნება საკუთარ თავთან, განვლილ წლებთან, გამოცდილებებთან. ბასტიანსმა კი აღმოაჩინა, რომ ფსიქოდელიურ პრეპარატებს, კონკრეტულად კი LSD-ს, გარღვევის მოხდენა შეეძლო. ადამიანებს მიეცათ შანსი, განსხვავებული პერსპექტივიდან დაენახათ ცხოვრება და შეეცვალათ კიდეც ის. თუმცა, მალე, როგორც LSD-ს, ასევე სხვა ფსიქოდელიური ნარკოტიკების შესწავლა და  მათი სამედიცინო მიზნით გამოყენება აკრძალეს. ეს შეეხო სხვა პირველი კლასის ნარკოტიკებსაც ( LSD, ჰეროინი, მესკალინი, პსილოციბინი, MDMA, კოკაინი და სხვ.). მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა და ფსიქოტრავმის სფეროში ჯერ კიდევ არ არსებობს მასობრივი მოხმარების წამლები, რომლებსაც ძირეული ცვლილების გამოწვევა შეუძლია. ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 მედიკამენტი გვქონდა მსოფლიოში – Paroxetine და Sertraline, რომელთა გამოყენებაც PTSD-ს სამკურნალოდ დაუშვეს. ეს წამლები ფართო საზოგადოებაში ანტიდეპრესანტების სახელითაა ცნობილი, მაგრამ რეალურად ამ ადამიანებს დეპრესია არ სჭირთ, ისინი პოსტტრავმული სტრესებით  იტანჯებიან.

ასე გადავწყვიტეთ, ხელახლა მივბრუნებოდით იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც 1940-იან წლებში იყენებდნენ. MDMA ერთ-ერთი მათგანია. დიახ, ის ოფიციალურად ჯერ კიდევ არალეგალურია, მაგრამ ექსპერიმენტული კვლევებისას დამტკიცდა, რომ მას მკურნალობის პროცესში, უსაფრთხო და სტრუქტურირებულ გარემოში გამოყენებისას, მდგომარეობის ძირეულად შეცვლა შეუძლია. თანაც, MDMA LSD-სგან განსხვავებით, არ გვაძლევს მისტიკურ გამოცდილებას, არ იწვევს, მაგალითად, საგნების ფერის ან ფორმის ცვლილებას წარმოსახვაში. მართალია, ისიც ფსიქოდელიური ნარკოტიკების ჯგუფში შედის, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, MDMA არის ფსიქოლითური ნივთიერება, რომელიც შინაგანი სამყაროს გამჭვირვალობას და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს. 

უკვე არსებულ და აპრობირებულ მეთოდებთან ერთად, ჩვენ  გვინდა, რომ ახალი მიგნებებიც აქტიურად დაინერგოს პრაქტიკაში. როდესაც ვხედავთ, რომ თერაპია არ არის საკმარისად ეფექტური, ვცდილობთ მოვიფიქროთ, როგორ გავაუმჯებოსოთ ეს პროცესი და მაქსიმალურად  გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია. მაგალითად, ვიყენებთ გუგლის და ტექნოლოგიის ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს ახალი დივაისები, ვირტუალური რეალობა, თამაშის მეთოდები თუ სხვა რამე.

როგორია ფსიქოთერაპიის სეანსი MDMA-ს მიღებისას? რით განსხვავდება ეს სეანსი იმავე სუბსტანციის გამოყენებისგან რეკრეაციულ გარემოში – წვეულებაზე ან კლუბში?

ჩვენ ამას ვუწოდებთ MDMA ასისტირებულ ფსიქოთერაპიას, ანუ MDMA-ს პაციენტი ფსიქოთერაპიის პროცესში იღებს. უმეტეს შემთხვევაში 3 ასეთი სეანსი საკმარისია. ეს არ არის სტანდარტული 45-წუთიანი ფსიქოთერაპიული სეანსი, პროცესი 8 საათს გრძელდება.

პაციენტს ძალიან მცირე დოზას, დაახლოებით 80-100 მილიგრამს ვაძლევთ. რეკრეაციული მიზნით კი 300 ან მეტ მილიგრამს იღებენ ხოლმე, რაც რეალურად ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს, რადგან იწყება ჰიპერთერმია (ორგანიზმის გადახურება ზედმეტი სიცხისგან), სითხეს კარგავ და იღებ ერთდროულად, ამ ყველაფერმა კი ფატალურ შედეგამდეც შეიძლება მიგვიყვანოს. ზოგადად, ნებისმიერი რამ, რასაც დიდი დოზით მიიღებ, საშიშია. იმავეს ვიტყოდი ალკოჰოლზეც. MDMA-ც არაა გამონაკლისი. მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ამ ნივთიერებას გააჩნია. სულ ახლახან გამოქვეყნებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ პოსტტრავმული აშლილობების მქონე პაციენტების 67 პროცენტში სიმპტომები საერთოდ აღარ აღინიშნება, რაც ნიშნავს, რომ ისინი სრულად განიკურნენ. 

რას აკეთებს პაციენტი ამ 8-საათიანი სეანსისას და რა ხდება ამ დროს მის გონებაში? 

პაციენტი უმჯობესია ერთ სივრცეში იყოს. ეს შეიძლება იყოს მისი სახლი ან ნებისმიერი კომფორტული ადგილი. შეუძლია დაჯდეს, წამოწვეს, ჭამოს ან მუსიკას მოუსმინოს, მისი გადასაწყვეტია. პაციენტთან ერთდ იმყოფება ორი თერაპევტი. თავიდან 1-2 საათის განმავლობაში შეიძლება საერთოდ ჩუმად იყოს, მაგრამ მერე აუცილებლად ალაპარაკდება. 

 

MDMA-ს მიღება ნეიროჰორმონების და ნეიროტრანსმიტერების მასიურ მოზღვავებას იწვევს, განსაკუთრებით კი სერატონინის და ოქსიტოცინის დოზა იზრდება თავის ტვინში. სერატონინი განსაკუთრებულად მოქმედებს  ადამიანის გუნება-განწყობაზე. ოქსიტოცინი კი დაკავშირების – ჯაჭვის შეკვრის, თანმიმდევრულობის გრძნობას აძლიერებს. მაგალითად, ცნობილია, რომ დედის რძით კვების დროს, ბევრი ოქსიტოცინი გამოიყოფა და ამიტომაც დედა-შვილი ერთმანეთთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს. ამ გრძნობას ტრავმირებული ადამიანების უმეტესობა იშვიათად ანდა საერთოდ აღარ განიცდის და MDMA მათ ხელახლა აძლევს საშუალებას, დავიწყებული მგრძნობელობა დაიბრუნონ. ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ მათ პირველად უჩნდებათ განცდა, რომ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ, მნიშვნელოვანი და დაფასებული ადამიანები არიან. ეს ყველაფერი კი, საშუალებას აძლევთ, ბოლომდე გაიხსნან და წარსულის ბნელ კუნჭულებში ჩაიხედონ. ამ პროცესს ისინი მიჰყავს იმ ცხელ წერტილთან, სადაც გაიჭედნენ და რის გამოც აქვთ აშლილობა. ისინი ბრუნდებიან უკან  და საშუალება ეძლევათ, სხვანაირად შეხედონ და  გადააფასონ საკუთარი გამოცდილებებლი. შედეგად კი, კორექტირება შეიტანონ მათში. ერთი ავღანეთიდან დაბრუნებული სამხედროს ისტორიას გავიხსენებ. გარდა იმისა, რომ ბრძოლებში მიღებული მძიმე გამოცდილებები არ ასვენებდა, ამ კაცს აწუხებდა კითხვა, თუ რატომ წავიდა საერთოდ ავღანეთში. თერაპიული კურსის შემდეგ მიხვდა, რომ წასვლის მთავარი მიზეზი მარცხის განცდა იყო, დანაშაულის შეგრძნება, მშობლების წინაშე. ამის ხელახლა გადააზრებისას, შეძლო გონებაში მთლიანად შეეცვალა წარსული გამოცდილება, რამაც ფაქტობრივად ახალ ადამიანად აქცია. ამ ცვლილებების გამომწვევ წერტილამდე მისვლას 3 სეანსი დასჭირდა.

რა წინაპირობებია საჭირო მკურნალობის კურსის დაწყებამდე და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს MDMA-ს მიღებას?

ის დოზა, რასაც ვიყენებთ, პრაქტიკულად უსაფრთხოა. 3 თერაპიული კურსით და იმ დოზებით, რასაც პაციენტებს ვაძლევთ, არც დამოკიდებულება ყალიბდება. თანაც, ეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ხდება. ამ დროს შეიძლება მხოლოდ მცირედით აეწიოს ტემპერატურა და წნევა ადამიანს. ერთადერთი წინაპირობა ის არის, რომ ამ დროს პაციენტს PTSD-ს გარდა სხვა მძიმე ფსიქიკური აშლილობები არ უნდა აწუხებდეს, მაგალითად, შიზოფრენია ან ექსტრემალური დისოციაციური აშლილობა. ასევე, გარკვეული დროის განმავლობაში თავისუფალი უნდა იყოს ნარკოტიკების ზემოქმედებისგანაც. დასაზუსტებელია ალკოჰოლის და წამლების მიღების საკითხიც. ეს ერთგვარი გადატვირთვაა, ამიტომ ადამიანი შეძლებისდაგვარად სუფთა უნდა იყოს.

თუ კვლევა წარმატებით დასრულდება, 2021 წელს FDA-სა და EMA-სგან მწვანე შუქი გექნებათ პრეპარატის პრაქტიკაში დასანერგად. როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში მსგავსი თერაპიული პრაქტიკის გამოყენება?

MDMA-ს განსაკუთრებული თვისებები და უალტერნატივობა უკვე სახეზეა. ახლა იმაზე ვმუშაობთ, უფრო მეტი მტკიცებულება გვქონდეს და ეს ორგანიზაციები დავარწმუნოთ მისი სამედიცინო მიზნით ლეგალიზაციის აუცილებლობაში. ამჟამად  ჩვენ გვაქვს "მკვლევართ ეთიკური საბჭოს"  -  IRB (Internal revenue board) -ის თანხმობა იმისთვის, რომ ეს პრეპარატი კვლევისთვის გამოვიყენოთ და მიმვართოთ გადაწყვეტილებების მიმღებებს, მისი კლინიკურ პრატქიკაში დანერგვის ნება მოგვცენ.თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შეიქმნება სისტემა და დაინტერესებული ფსიქოთერაპევტებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა. იდეალური იქნება, თუ მსგავსი თერაპიებისთვის სპეციალური კლინიკები შეიქმნება – MDMA ფსიქოთერაპიული კლინიკები , ან სულაც, ფსიქოდელიური კლინიკები.

ალბათ კვლვები საკმაოდ ძვირი ჯდება, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს და რომელი ქვენებია ამ ეტაპზე კვლევაში ჩართული?

კვლევის მენეჯმენტს ახორციელებს ორგანიზაცია MAPS (Multidisciplinary Association for Psychedelic Studies, ფსიქოდელიური კვლევების მულტიდისციპლინური ასოციაცია), რომელიც დაფინანსების მოძიებაშიც აქტიურადაა ჩართული. თანხა კერძო დონორებისგან მოდის, რადგან ჯერჯერობით სახელმწიფო დაფინანსება არ გვაქვს. ამერიკაში კვლევაზე 11 ჯგუფი მუშაობს, რამდენიმეა ჯგუფია ევროპის შემდეგ ქვეყნებშიც: ნიდერლანდები, შვედეთი, გერმანია, ჩეხეთი, ისრაელი. პროფესიონალები ბევრი ქვეყნიდან არიან და ცხადია, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიათ შემოგვიერთდნენ და წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. 

 

ინტერვიუ ჩაიწერა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის, GCRT-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიმდინარეობისას.

 

ბოლო წლებში ევროპისა და ამერიკის კვლევით ცენტრებში აქტიური მუშაობა მიდის PTSD-ის მკურნალობაში ფსიქოდელიური ნარკოტიკების ჯგუფის ერთ-ერთი სახეობის, ქუჩის ან კლუბურ ნარკოტიკად ცნობილი MDMA-ის გამოყენების დანერგვის კუთხით.