„თითოეული პირი [კათოლიკეც და პროტესტანტიც] ხალისობდა, რომ შაეტყო წარმატება თავისის ერთ მესარწმუნების ჯარისა... დასაკმაყოფილებლად ესრეთისა ახლად განღვიძებულისა ხალისობისა და სურვილისა, ევროპელთა საზოგადოებაში დაიბადა საჭიროება, რომ გამოცემულ იყვნენ პერიოდიკულად სხუა და სხუა ცნობანი სარწმუნოების და პოლიტიკურთა საგნებთა ზედა“.

პეტრე ჩარექოვი, „ჟურნალთ ჩამომავლობაზედ ევროპაში“; გაზეთი „ცისკარი“, 1862

ფრანგი სოციოლოგი მიშელ მაფესოლი წერს, რომ თუ მოდერნულობა უპირატესობას ანიჭებდა ადამიანს, რომელიც რაციონალურად ცდილობდა კონტრაქტზე დაფუძნებული ერთიანი საზოგადოების მიღებას, პოსტმოდერნული პარადიგმა პრიორიტეტებს ცვლის: დღეს მიკროჯგუფები აქცევენ კონკრეტულ სივრცეებს ალყაში, ისაკუთრებენ მათ და ცდილობენ, ამ დაპყრობილ ტერიტორიებთან ჰარმონიული კავშირები დაამყარონ.

საქართველოში აბორიგენი ურბანული ტომები ამ მიკროჰარმონიულობისთვის ჯერ კიდევ იბრძვიან. როგორც ნებისმიერი ტიპის დამოუკიდებლობას, ამ პატარა, მიკროთავისუფლებებსაც მუდმივი ძალისხმევა სჭირდება, რათა მოიპოვო და შეინარჩუნო.

1918-დან 2018 წლამდე ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, დამოუკიდებლობის გაგება და ადამიანის როლიც მისი მოპოვების პროცესში. მოდერნული საზოგადოება იდგა რწმენაზე, რომ არსებობდა რაღაც ერთიანი, დაფარული პოტენციალი, რომელიც პოლიტიკური ბრძოლით მოიპოვებოდა. ამ იდეაზე იდგა მე-20 საუკუნის სახელმწიფო, მათ შორის, 1918 წლის დამოუკიდებელი საქართველოც.

რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისში მედიატექნოლოგია ლიმიტირებული და მონოპოლიზებული იყო, პატარა ჯგუფები საკუთარ მიკრომედიუმებს არ ფლობდნენ. ამიტომაც, სულ რამდენიმე ტრადიციული ტომი გვყავდა და ისიც იმიტომ, რომ მათ მოახერხეს, თავიანთი იდეები ერთმანეთისთვის და სხვებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ. სწორედ ამიტომ, რეალისტურად ჩანდა იდეა, რომ „რაციონალურ არსებას“ შეეძლო ტომთა შორის ურთიერთობის მოწესრიგება, ანუ იმდროინდელი ხედვით – პირველი „უტოპიური საზოგადოების“ შექმნა. საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დროს ეს ვერ მოხერხდა, მისი დაკარგვის შემდეგ კი, საზღვრების ჩაკეტვამ, ერთმა იდეოლოგიამ, მკაცრმა მორალმა, ნათესაობამ და ა.შ., მართლაც შეკრა მოქალაქეთა ერთი დიდი ჯგუფი, საბჭოთა საზოგადოება. ამ უზარმაზარ ჯგუფს დიდი და განვითარებული მედიუმი, საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა აერთიანებდა.

1991 წლიდან ჩვენ მივიღეთ მეორე, უფრო ხანგრძლივი დამოუკიდებლობა, რომელიც პირველისგან ყველაზე თვალნათლივ მედიაპლურალიზმით განსხვავდება – იქნება ეს პირადი ფეისბუკის გვერდი თუ საკაბელო სიხშირეზე გაშვებული მიკროტელევიზია. პატარა ჯგუფებისთვის საკუთარი იდეების, სტილის, ღირებულებების, ესთეტიკის სხვებისთვის მიწოდება პრობლემას აღარ წარმოადგენს. ამიტომაც, პატარ-პატარა ჯგუფები ახერხებენ, საკუთარი კონცეფცია შექმნან, გახდნენ ადვილად ამოცნობადები, ჰქონდეთ სტილი, ფორმა და იდეები. ნაცვლად ერთიანი, საყოველთაო დამოუკიდებლობის მოპოვებისა, ცალკეული ჯგუფები სწორედ ამ მიკროსივრცეების შექმნისთვის იბრძვიან, რათა მათზე საკუთარი ძალაუფლება გაავრცელონ და, ფაქტობრივად, ამ პატარა სივრცეების შიგნით ეძებონ პიროვნული თავისუფლებები და ბედნიერება.

როდესაც მეორედ შევხვდით დამოუკიდებლობას, სულ სხვა მოცემულობა დაგვხვდა. მასში მოდერნული პერსპექტივა გამოუსადეგარი იყო, სხვა გამოცდილება კი არ გაგვაჩნდა. ჩვენი პოსტსაბჭოთა სოციალური სხეული სხვადასხვა ფორმად გაიშალა და უნიფიცირებული საბჭოთა ადამიანის მიღმა უამრავი განსხვავებული პერსონა გამოჩნდა. თურმე, ადამიანებს ჰქონიათ და უყალიბდებათ განსხვავებული გამოცდილება, გემოვნება, კაპიტალი, გენდერი, ლტოლვები და მისწრაფებები – განსხვავებული ცხოვრების სტილი.

ნაცვლად ზესაქართველოს მშენებლობის იდეისა, ქალაქში მივიღეთ თანამედროვე ურბანული ტომები, რომლებიც გაერთიანდნენ მიკროკონცეფციების გარშემო, დაწყებული ცეკვის სტილიდან, გაგრძელებული BMW-ს უზარმაზარი ფანკლუბით და დასრულებული მიკროფაშისტებით.

მედიის მრავალფეროვნებამ, სერიალების, სოციალური ვიდეოკლიპებისა და სხვა ვიზუალის გავრცელებამ დიფერენცირებული მედიუმები წარმოქმნა, რომლებიც ლოკალურ იდეებს ატარებენ. ამან დაშალა პოსტსაბჭოთა სხეულიც პატარა ფრაგმენტებად. გამოჩნდნენ ჰიპები, ჰიპსტერები, ნაივური ფაშისტები, აპოლიტიკურები, ქლაბერები, კონსერვატორები, ლიდერები და ა.შ. – მრავალფეროვანი იდენტობები.

დღეს მიკროტომები ტრანსნაციონალური იდენტობებია, ანუ ისინი გლობალურები უფრო არიან, ვიდრე – ლოკალურნი, საქართველოს გეოგრაფიული კონტექსტიდან გამოსული ჯგუფი. თუნდაც, ნეოფაშისტები, რომლებიც „ქართველობის დაცვას“ ცდილობენ, ადვილი მისახვედრია, რომ ფაშიზმის გლობალურ ტრენდს მიჰყვებიან. ისინი ფორმითა და შინაარსით ნაცისტური გერმანიის მიმიკრიას ცდილობენ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ახალგაზრდებზე, რომლებიც ლედი გაგასა და მერლინ მენსონს ემსგავსებიან. ეს მხოლოდ გლობალური მედიის მეშვეობით შეიძლებოდა მომხდარიყო, რომელი მედიუმითაც ჩვენს ტერიტორიაზე საერთაშორისო იმიჯები, ღირებულებები, ფორმები და ტრადიციები შემოვიდა და სხეულებიც ამ იმიჯების ავატარებად იქცნენ. რადგან ძველი სხეული ახალს ვერ ცნობდა, ახალ სხეულს კი ძველის აღარ ესმოდა, ჯგუფები ერთმანეთთან დიქოტომიაში აღმოჩნდნენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლიბერალი და ფაშისტი, კომუნისტი და კაპიტალისტი, ჰომოსექსუალი და ჰომოფობი.

დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე ჩვენ ვნახეთ, რომ 12 მაისს სწორედ ასეთი ტომები იბრძოდნენ საკუთარი სივრცეებისთვის, თავიანთი მიკროთავისუფლებისთვის. ფერადი ნეოტომი ნეოფაშისტების წინაშე ერთ სიბრტყეზე აღმოჩნდა. დიდი ალბათობით, ფაშისტური ტომები ძველი სოციალური სხეულის ნარჩენებზე დაშენებული პროპაგანდისტული ჯგუფებია, ისინი თავის მხრივ თავიანთ მედიუმებს აწარმოებენ და იდეოლოგიას ავრცელებენ. მათი ხედვა დამოუკიდებლობის თანამედროვე გაგებასთან შეუსაბამოა, ჰგონიათ, რომ თავისუფლება ისევ ერთ, აბსოლუტურ პრინციპზე დგას და ისევ დიდ ნარატივში რჩებიან. უცხო ტომელთა მხრიდან პატარა, პირადი თავისუფლების, კონკრეტული სივრცის მოთხოვნა დიდ საფრთხედ – ღირებულებების ჩანაცვლებად მიაჩნიათ.

ამის საპირისპიროდ, ფერად ტომებს აღარ აინტერესებთ დიდი უტოპიების შექმნა, მათ პრაქტიკული მიზნები აქვთ, რომელთა განხორციელებასაც მიკროთავისუფლებების ხარჯზე ცდილობენ. ეს პარტიზანული გაერთიანებებია, ტომიდან ტომში, ჯგუფიდან ჯგუფში გადამრბენი იდენტობების კოალიცია.

ნეოტომები, ტრადიციული ტომებისგან განსხვავებით, რომლებიც საერთო ღირებულებებს დღესაც მითოლოგიურსა და მეტაფიზიკურ ნარატივებზე აფუძნებენ, პოლიტიკურ კონტექსტსაც გლობალურად იაზრებენ. მათთვის სეკულარული სახელმწიფოს კონტექსტია ის მედიუმი, რომელიც მიკროტომებს ერთ ტერიტორიაზე დაიტევს. ისინი ითხოვენ აღიარებას, უფლებებს ქალაქზე, შენობებზე, ქუჩებსა და გამოხატვის ფორმებზე. მსგავსი ჯგუფების არსებობა თანამედროვე საზოგადოებაში გარდაუვალია. ვინაიდან „ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური ინფორმირებულობის ეპოქაში, სადაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ სრული საინფორმაციო თავისუფლებით და ხელმისაწვდომობით“, გარდაუვალია, რომ მრავალფეროვანი ურბანული ტომები არ მივიღოთ.

შესაბამისად, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა აბსოლუტური დამოუკიდებლობის იდეიდან თითოეული ჯგუფის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში მდგომარეობს. სადაც რეალურად შესაძლებელი ხდება, კონსტიტუცია განსხვავებულებს აერთიანებდეს და სადაც იდეები სეკულარული, მატერიალური და ყოფითია.

ნეოტომები არ არიან ჯგუფები, რომლებსაც ადვილად მოისყიდი, გადაიბირებ, არა იმიტომ, რომ მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ ისინი მუდმივად კვლავწარმოებენ სოციალურ ქსელებში, მიგრირებენ ტომიდან ტომში, კლუბიდან კლუბში, მუდმივად განახლდებიან. ეს კი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი საერთაშორისო შესატყვისი გლობალურ მედიაში იტრიალებს. დღევანდელი ურბანული ტომების არქიტექტურა უფრო ქსელს ჰგავს, ვიდრე ჯგუფს. ჯგუფები გარკვეულწილად მუდმივ წევრებსა და მყარ კავშირებს მოითხოვდნენ. ქსელი კი მოქნილია და მისი დაშლა უფრო რთულია. თანამედროვე ტომი შეიძლება დატოვო, შეიცვალო, ახალი იპოვო, მაგრამ იმისთვის, რომ სოციალური ცხოვრება სრულყოფილად შეინარჩუნო, ერთ-ერთს მაინც უნდა ეკუთვნოდე. ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ადვილი გახდა რომელიმე ურბანულ ტომში გაწევრიანება.

ცხადია, ურბანულ ტომებს, თუნდაც ფაშისტურ გაერთიანებებს, აქვთ სრული უფლება, აბსოლუტური თავისუფლებით დატკბნენ ელექტრონულ სამყაროში, მათ აქვთ უფლება, ჰიპერგანზომილებებში უტოპიები შექმნან, ააფეთქონ ივენთები სოციალურ ქსელებში, მაგრამ ლანდშაფტურ-გეოგრაფიულ გარემოში სივრცეები კვლავაც გადასანაწილებელია: ჩვენივე დამოუკიდებლობისთვის, აუცილებელია, რომ რომელიმე ერთმა კონკრეტულმა ჯგუფმა საჯარო სივრცის ტოტალური უზურპაცია არ მოახდინოს. ყველა ტომს უნდა ჰქონდეს გამოჩენის, გამოხატვის, რეპრეზენტაციისა და თავისუფლების განხორციელების უფლება, ანუ ჰქონდეთ უფლებები ქალაქზე, და ჰქონდეთ ისეთებს, როგორებიც ისინი არიან ან ჩანან. ამის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უმთავრესი როლი სწორედ ამ პლურალიზმის უზრუნველყოფაა, როგორც მისი მცხოვრებლების დამოუკიდებლობის გარანტი. სახელმწიფო, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის თანამედროვე პარადიგმაში, უნდა მოგვევლინოს, როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დამცველი ორგანო, რომელიც სხვადასხვა მიკროტომის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტორია. თანამედროვე სახელმწიფოს ძალის გამოყენების უფლებაც სწორედ მაშინ აქვს, როდესაც საფრთხე მიკროდამოუკიდებლობებს ეხება, იქნება ეს შიდა (მაგ. ფაშისტები) თუ გარე (მაგ. რუსეთი) საფრთხეები. სწორედ ამისთვის იბრძვიან ნეოტომებიც რათა მოიპოვონ მიკროთავისუფლების კონსტიტუციური უფლება და სწორედ ესაა დამოუკიდებლობის ახალი პარადიგმა, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ, დამოუკიდებლობის 100 წლის თავზე, ჩვენი მოცემულობაა.

დღეს პოლიტიკისგან მხოლოდ მიკროტომებზე მორგებული მიკროთავისუფლებები მოიპოვება და ბრძოლის საგანიც სწორედ ესაა. თუმცა, როგორც ვთქვით, ეს უმნიშვნელო გამარჯვებები, თუნდაც სიმულაციური და მოჩვენებითი იყოს, მთლიანობაში, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შენარჩუნების გზაზე ერთადერთი გამოსავალია, რომელიც დროებამ მოიტანა.