ვაჟიკო ჩაჩხიანის შესახებ

2010 წლის გაზაფხული იქნებოდა, ან შემოდგომა. არ მახსოვს. არ ციოდა. დიდხანს ვიდექი სურათების ეროვნული გალერეის, იგივე ცისფერი გალერეის შესასვლელთან სხვებთან ერთად, მაგრამ უშედეგოდ. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდეტების პერფორმანსი ვერ შედგა იმ დღეს, გალერეის კარი არ გაიღო; მაგრამ შედგა რამდენიმე დღის შემდეგ, სხვაგან. მე ეს მხოლოდ ტელესიუჟეტებიდან გავიგე. არტისტები ისხდნენ წრეში და ერთმანეთს საათის მიმართულებით აფურთხებდნენ. ნამუშევარს ერქვა „სველი წრე“. ალბათ ჩვენს დროში ერთადერთი არტისტული ნამუშევარია, რომლის შესახებაც სრულიად საქართველო ალაპარაკდა და დღემდე ყველას ახსოვს.

კი ავლაპარაკდით, მაგრამ ყველა ერთნაირად.

არავის უთქვამს, რომ პერფორმანსი იყო ანარეკლი იმ გარემოსი, სადაც კომუნიკაციის ყველაზე აქტუალური ფორმა ზიზღის გამოხატვა და სიძულვილის შეთავაზება გახლდათ. თითქმის არავინ დაფიქრებულა, ისე დარჩნენ შეურაცხყოფილები ხელოვანების პერფორმანსით. ილაპარაკეს ბევრ ამეზე, მათ შორის იმაზე, რომ ხელოვნებამ ხელოვნების სახე დაკარგა, ადამიანებმა კი ადამიანების; რომ მხატვარი უნდა იყოს... და ა.შ. პოსტ, მაგრამ მაინც საბჭოთა დისკურსი, ვალდებულებებით, მორალით, სიწმინდის ზემისიით, რომელიც ხელოვანებმა უნდა ატარონ და საზოგადოება აღზარდონ.ეს პერფორმანსი ამ არტისტების დამშვიდობების აქტს ჰგავდა. შემდეგი სემესტრისთვის ისინი უკვე შორს იყვნენ. არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფასეულობრივადაც. ერთ-ერთი მათგანი იყო ვაჟიკო ჩაჩხიანი, რომელმაც სწავლა ამსტერდამის რიტველდის აკადემიაში განაგრძო. დასრულების შემდეგ ხელახლა ჩააბარა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში. დღეს არც ლაპარაკობს და არც წერს იმაზე, რომ თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. ვკითხე. მითხრა, რომ იქ არაფერი უსწავლია. ბევრისთვის ალბათ უხეშად ჟღერს, ან მტკივნეულად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არტისტი საკუთარ წარსულს უარყოფს. პირიქით. მისი წარსული, გარემო, გამოცდილება და მასთან კავშირი ფიგურირებს ყოველ ნამუშევარში. არტისტი ფიქრობს, რომ მოვლენათა ხედვის ეს რაკურსი საინტერესო და სწორია, ჩემი აზრით, ალბათ უნივერსალურიც, რადგანაც ისტორია და წარსული აქვს ყველაფერს. და ეს იგრძნობა ყოველ იმ თემაში, რომელსაც არტისტი ავითარებს სააზროვნო სივრციდან საგამოფენო სივრცემდე. გამონაკლისი არც ის პროექტია, რომლითაც წელს, საქართველომ ვაჟიკო ჩაჩხიანი ვენეციის ბიენალეზე წარადგინა - „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“.

პროექტის კურატორი იულენ ჰეინენი წარსულში, ვენეციის ბიენალეზე გერმანიის პავილიონის  კურატორი იყო 2003 და 2005 წლებში, 2005 წელს მან თინო სეგალი წარადგინა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ვენეციის ოქროს ლომის მფლობელი გახდა. შესაძლოა, კურატორის ამგვარმა გამოცდილებამ კიდეც იქონია გავლენა საქართველოში გამართული კონკურსის შედეგებზე. თუმცა, ყველაზე დიდი გავლენა, ალბათ, მაინც ავტორმა და მისმა პროექტმა მოახდინა – წინასწარვე გააჩინა იმედი საქართველოს კულტურის საინისტროს სპეციალურ კომისიაში, რომ საქართველო წელს ვენეციაში წარსდგებოდა როგორც კონცეპტუალურად გამართული და საინტერესო,  ისე ვიზუალურად დასამახსოვრებელი პროექტით. თავად საპროექტო განაცხადი მკაფიოდ და მარტივად აღწერდა ამ შედეგს და ასეც მოხდა. ვენეციის ბიენალეს გახსნის შემდეგ ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევარი არაერთი კრიტიკოსის ყურადღების ცენტრში მოხვდა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ყველაზე დასამახსოვრებელსა და შთამბეჭდავ პავილიონებზე საუბრობენ და წერენ.

 

საქართველოს პავლიონი წელს იყო პავლიონი პავილიონში. უფრო სწორად შენობა შენობაში. მაგრამ ჩაჩხიანის ნამუშევარი მხოლოდ ერთი თვალის შევლებით არის შენობა. თუ მის აგებულებას შევისწავლით და ამაში არტისტიც დაგვეხმარება, მივხვდებით, რომ ის უფრო ობიექტი ან კლასიკური სკუპლტურაა, ვიდრე შენობა. სახლი, რომელიც ახლა ვენეციაშია და მასში ვერავინ შევა (რადგან დახშულია ყველა მისი ღიობი), 100 წლის განმავლობაში ჭიათურაში იდგა; მის კარებსა და ფანჯრებს კი აღებდა დიასახლისი. სახლში ქალი ცხოვრობდა.

ქალი აღარ არის. სახლი დაშალეს და ვენეციაში ააწყვეს. ახლა ის არა თუ ცარიელია, მცირე ხნით – გამოკეტილიც.

მხოლოდ ფანჯრებიდან დაინახავენ ნივთებს, ფოტოებს, კარადებს, სკამებს და იმას, თუ როგორ აწვიმს ამ ყველაფერს; ნელ-ნელა როგორ იშლება და ლპება შიგნიდან. შინაგანი ცვლილებები კი შესაძლოა ექსტერიერსაც დაეტყოს.

„სივრცის დაკეტვით, ეს შენობა კლასიკურ სკულპტურად ვაქციე. სინამდვილეში ის სივრცე აღარც არის, მასში ვერ გაივლი. შიგნით პროცესები მიდის, დეტალებს აკვირდები, მხოლოდ გარედან. შეიძლება ითქვას, რომ პერფორმატიული ინსტალაციაა, მაგრამ ჩემთვის მაინც უფრო კლასიკურ ქანდაკებად რჩება“, - მეუბნება ვაჟიკო ჩაჩხიანი და შემდეგ საუბარში ისიც გამოჩნდა, რომ ის სივრცე, რომელსაც ფანჯრებიდან ვხედავთ, მხატვრისთვის ადამიანის ინტერიერია - მისი ფსიქიკური ცხოვრებაა. წვიმის სახით გარემოს ზემოქმედება კი  ტრავმული ისტორიის და გამოცდილების მეტაფორაა, რომელიც ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს. ალბათ  ადამიანის კვალის არსებობა, მისი სიცოცხლის და გარდაცვალების თემის წინ წამოწევა და კიდევ ისიც, რომ ვენეციაში განთავსებულ  ოდას აქვს წარსული და ერთგვარი ბიოგრაფია,  განასხვავებს ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევარს სხვა ავტორთა იმ ნამუშევრებისგან, რომელშიც ასევე ფიგურირებს შიგნიდან ნაწვიმარი სახლი.

ვაჟიკო ჩაჩხიანი ამბობს, რომ სახლში წვიმა გააზრებული რეფერენციაა სხვა ხელოვანის ნამუშევრის მეტაფორასთან. ეს ავტორი კი არა მისი თანამედროვე, არამედ ანდრეი ტარკოვსკია – „სოლარისშიც“ ასეა – სახლში წვიმს... 

მეტიც, ქართველი არტისტი, ვენეციის პროექტზე მუშაობამდე, მუშაობდა ფილმზე, რომელშიც ასევე ფიგურირებს შიგნიდან ნაწვიმარი სახლი. ვაჟიკო ფიქრობს, რომ ამ ფილმსაც დაასრულებს. საქართველოში კი ვაჟიკოს ვენეციის ბიენალეზე წარდგენილი ნამუშევრის დათვალიერებისას მაინც ბევრი ითქვა პოსტმოდერნიზმისთვის იმდენად მყიფე თემაზე, როგორიც არის პლაგიატი, ავტორის სიკვდილი და სხვა. თუმცა აღნიშნული საკითხები, მგონია, რომ სხვა ტიპის მსჯელობას და ფორმას საჭიროებს.

„პოეტური სურათი“ - სადღაც ამოვიკითხე ვენეციის ქართული პროექტის შესახებ და რთულია არ დაეთანხმო ამ შეფასებას, როცა უყურებ  სოფლის ძველ სახლს, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს; რომლის შიგნითაც იყურები, შიგნით კი ყველაფერი, სიცოცხლის კვალი და ნაშთი წყალს მიაქვს. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ იქ იყვნენ და აღარ არიან. გგონია და განიცდი,  რომ რასაც ახლა ხედავ, ხვალ შეიძლება აღარ იყოს. ჩამოიშალოს.

დროის და მისი დასრულების შეგრძნება, ვადების ამოწურვის საფრთხე, ასევე ადამიანის ოდესღაც არსებობის და ახლა მხოლოდ ამ არსებობის კვალის შემონახვა, ყოფნისა და არყოფნის საკითხები - არა მხოლოდ ვენეციაში გატანილი პროექტით გამოწვეული აზრებია, არამედ ის თემებია, ვაჟიკო ჩაჩხიანის ყველა სხვა ნამუშევარს რომ ახასიათებს და კრავს.  ასეა ბერლინში, დანიელ მარცონას გალერეაში, თუ სხვადასხვა სამუზეუმო საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილ ნამუშევრებში. ვაჟიკოს გამოფენებიდან „ორივე“ (Both) მახსენდება – ხის მორებისა და ასევე ხის ტოტებისგან შექმნილი ინსტალაციები. ბუნებრივი გარემოდან ამოღებული, მთლიანი და პირველადი სხეულისგან გამოცალკევებული ფრაგმენტები ახალ და „სტერილურ“ გარემოში, სხვა ობიექტებთან „მიმაგრებული“  ფრაგმენტების სახით არის წარმოდგენილი.

ის, რაც ერთ დროს ცოცხალი იყო ბორჯომის პარკში, ვიდრე ხანძარი...

ასევე ყოფნისა და აღარყოფნის, მაგრამ ოდესღაც ყოფნის შეგრძნების გახანგრძლივების ემსახურება თითქოს პერფორმატიული ინსტალაციები „მამა“,  „სიახლოვე“ და სხვები. მათ შემთხვევაში ჯერ ობიექტის შექმნაში მონაწილეობენ ადამიანები, პერფორმანსის დასრულების შემდეგ კი ეს ობიექტები ინახავენ და წარმოაჩენენ ადამიანების მონაწლეობის კვალს. 

აღნიშნულ თემებთან ერთად, არსებობს კიდევ სხვა საკითხი, რომელსაც ვაჟიკო ჩაჩხიანი სხვადასხვა მედიებში შესრულებულ ნამუშევრებში აანალიზებს, ესაა  ისტორიული და  სოციო-პოლიტიკური გარემოს გავლენა ადამიანების ბიოგრაფიაზე. ამ თვალსაზრისით, ალბათ, ყველაზე საინტერესო და მკაფიო ნამუშევარია მისი ახალი ვიდეო „ზამთარი, რომელიც არ ყოფილა“.  

ფილმის მთავარი გმირი, სატვირთო მანქანის მძღოლი საკუთარი მანქანითვე მიათრევს მონუმენტს, რომელიც ერთი შეხედვით ისტორიულ მონუმენტს ჰგავს. უკვე დამხობილ მონუმენტს, რომელსაც ახლა სადღაც სხვაგან მიათრევენ. თითქოს დოკუმენტური სცენაა ჩემი ბავშვობიდან, მაგრამ არა, ჩაჩხიანის დადგმული და ინსცენირებულია ეს ყველაფერი და სულ სხვა ამბავია. სინამდვილეში ეს ახლად ჩამოსხმული მონუმენტია. ზუსტად ამ მძღოლის  მონუმენტი. მისივე პორტრეტით. წაღების პროცესში ძეგლი იშლება. ამ პორცესს ფართო კადრით ვხედავთ. ფართო კადრით ვხედავთ ადამიანსაც და მისგან შექმნილ მონუმენტსაც. რთულია ყველა იმ შრეზე საუბარი, რომელსაც ავტორი ამ ნამუშევრით ეხება. თუმცა პირველად რაც მოდის, ჩვენი საერთო გარემოსა და წარსულის კონკრეტული ადამიანის ბიოგრაფიაში გადატანის აღწერაა. დაფიქრებაა თემაზე, თუ როგორ შეიძლება ისტორიულ-კულტურული გარემოს ტრავმა, ან უბრალოდ გამოცდილება იქცეს ინდივიდად.

ავტორის თქმით, ეს ფილმი ეხება საკუთარი ისტორიისგან განთავისუფლებას, რადგან შესაძებელია რაღაც დონეზე პოლიტიკური ან სოციალური გარემოსგან განთავისუფლდე, მაგრამ ყველაზე რთული საკუთარი ისტორიისგან განთავისუფლებაა”.

ვაჟიკო ჩაჩხიანის ხელოვნება არც მშრალად კონცეპტუალური ხელოვნებაა და არც ზედაპირულად საინტერესო ვიზუალური ნამუშევარი. მას სულ ახლავს „წარსული“ ან „ამბავი“. რთული სათქმელია, თუ რომელი რომელს აძლიერებს: ის, რასაც ხედავ, თუ ის, რასაც იგებ და გრძნობ. რაც არ უნდა  იყოს  - ვიდეო, ინსტალაცია, სკულპტურა თუ პერფორმანსი, ვაჟიკო ჩაჩხიანი ყველგან და ყოველთვის ხედავს ამოცანას ადამიანის არსებობისა თუ არარსებობის შესახებ. სულ საზღვარზე დადის, ყოფნისა და არყოფნის ზღვარზე და მათი შეხვედრის ადგილზე აშენებს ნამუშევრებს, როგორც დიალოგებს სხვადასხვა დროებსა და სხვადასხვა მდგომარეობებს შორის. 

 

*საქართველოს პავილიონი ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, 10 მაისს თიბისი ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა.