ინტერვიუ რენატე ვინტერთან

ბოლო პერიოდში მომხდარმა სისხლის სამართლის დანაშაულებმა, რომლებშიც ბრალდებულებად, მოწმეებად თუ მსხვერპლებად არასრულწლოვნები გვევლინებიან, განსაკუთრებით შეაშფოთა საზოგადოება. ბევრს გაუჩნდა დაუცველობის განცდა და მომავლის შიში, ისევე, როგორც სურვილი, იმსჯელოს ამის გამომწვევ მიზეზებზე და სცადოს მაინც, დაადგინოს, რა არის მიზეზი - ლიბერალური აღზრდა თუ შედარებით ლოიალური, გაუმართავი კანონმდებლობა, რომელიც არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის დანაშაულებებს ვერ ამცირებს? საზოგადოებაში დაიწყო დისკუსია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ დასჯის პოლიტიკის გამკაცრებაზე. ფიქრობენ, რომ გამოსავალი ზრდასრულებისგან კონტროლის გაზრდაა ყველა მიმართულებით; რომ საჭიროა, მშობელმაც და სისტემამაც მართვის სადავეები დაიბრუნონ და ზოგს ეს ესმის ასეც: საჭიროა, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს და 14 წლის ქვემოთ ჩამოვიდეს - მოზარდებს მკაცრი სასჯელი დააფრთხობთ და დამნაშავეებად აღარ მოგვევლინებიან.

რენატე ვინტერი გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების კომიტეტის მოქმედი ხელმძღვანელი და საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთი ინიციატორია. ეს კოდექსი საქართველომ 3 წლის წინ მიიღო და მთავარი სიახლე მასში ისაა, რომ დამნაშავე არასრულწლოვანთათვის საპატიმრო სასჯელს მხოლოდ უკანასკნელ შესაძლებლობად გვთავაზობს და მხოლოდ იმ შემთხვევებისთვის ადგენს, როცა სხვა აღარაფერი ამართლებს. მანამდე კი კოდექსი სწორედ პატიმრობის ალტერნატივებს აჩენს – დასჯის ნაცვლად, თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომას ირჩევს და პატიმრობას მხოლოდ უკიდურეს გამოსავლად განიხილავს. ეს დოკუმენტი, რეალურად, პარადიგმის ცვლილებაა, სააზროვნო სისტემის ამოყირავება, რომელიც ჩვენივე ბავშვობის დროინდელი გამოცდილებებითა და ღრმად ჩაკირული პედაგოგიური მიდგომებითაა სავსე და ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში გვაიძულებს, ვილაპარაკოთ, ვიმოქმედოთ, შევაფასოთ ისე, როგორც ჩვენი მშობლები, ჩვენი სკოლის მასწავლებლები, ჩვენი უბნის პოლიციელები, ჩვენი კულტურა და მთელი სისტემა შეაფასებდა. რენატე ვინტერი სწორედ ამ პარადიგმის ცვლილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სწორედ ეს კოდექსი და მისი რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებში ამოქმედებაა იმის ნიშანი, რომ ხედვა მართლა შეიძლება შეიცვალოს, საზოგადოება კი, რომელიც დამსჯელობით მეთოდებს ახალი მიდგომებით ჩაანაცვლებს, განვითარების სულ სხვა, გაცილებით უფრო ჰუმანურ ეტაპზე გადავიდეს.  

ანა არგანაშვილი: საბჭოთა პერიოდიდან და კიდევ უფრო ძველი დროიდან მოყოლებული, დასჯა ბავშვის ქცევის გამოსწორების ერთადერთ გზად მიაჩნდათ. როგორ შეიცვალა დღეს მიდგომები კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ? 

რენატე ვინტერი:

ექვსი ათას წელზე მეტია, ბავშვებს კანონით მკაცრად სჯიან, მაგრამ დაგვეხმარა ეს რამეში? არა. და თუ არა, მაშინ გადაჭრის ეს ჩვენს პრობლემებს მომავალში? თუ აქამდე არ გაამართლა, ახლა როგორ?

მოდი, გულწრფელად ვთქვათ: რას სწავლობს ბავშვი დასჯით? მან მხოლოდ იცის – თუ ვინმე კანონის დარღვევისას წაასწრებს, დაისჯება. თუ ვერავინ დაინახავს – ყველაფერი შერჩება.

ჭკვიანი, თავისუფალი ბავშვის რეაქცია დასჯაზე დაუმორჩილებლობაა. დათრგუნული ბავშვი კი პროტესტს ვერ გამოხატავს და გემორჩილება. ამ დროს ის სხვებს გამოეყოფა და საზოგადოებას ემიჯნება. თუკი მორჩილი მოსახლეობა მინდა, რომელიც ლიდერის ყველა სიტყვას დაემორჩილება, მაშინ მე ხალხი უნდა დავთრგუნო: მშობლებს უნდა მივცე შესაძლებლობა, რეგულარულად ცემონ ბავშვები და ამით გატეხონ მათი ნებისყოფა, მივცე მასწავლებლებს შესაძლებლობა, სკოლაში ფიზიკურად დასაჯონ ბავშვები. გარწმუნებთ, როდესაც ეს ბავშვები 18 წელს მიაღწევენ, დათრგუნული მოქალაქეები იქნებიან. ასე მოქმედებს სისტემა, რომელიც დასჯას ეფუძნება. თუ თქვენ მოაზროვნე, მიზანსწრაფული, თავისუფალი მოქალაქეები გინდათ, მაშინ მათ განათლების მიღების, განვითარების საშუალება უნდა მისცეთ. საპატიმრო აძლევს ბავშვს ამდენის საშუალებას? ეხმარება გამოსწორებაში? როგორ ვითარდება ამ დროს დასჯილი ბავშვის ოჯახში ცხოვრება, შვილის ციხეში ყოფნა მათთვის გამოსავალია? უმსუბუქებს თუ არა მსხვერპლს მდგომარეობას მოძალადის დასჯა? ეხმარება რამეში? რეალურად, ცხადია, არა. მაშ, რატომ ვაგზავნით ბავშვებს საპატიმროებში?

ახლა სწორედ კანონის შეცვლას ვცდილობთ, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსისაც, რადგან დიდი დრო გავიდა, ბევრმა სხვადასხვა სიტუაციამ, შემთხვევამ გვაჩვენა უკვე, რომ დასჯას არასოდეს მოაქვს შედეგი. მეცნიერული მტკიცებულებებიც ასეთია: ბავშვის გონება ვერაფერს ისწავლის, თუ მას მუდმივად ფიზიკური დასჯა ემუქრება. ადამიანი ვერ განვითარდება და იცხოვრებს პოზიტიური შედეგებისკენ სწრაფვით, თუ მას მუდმივად სასჯელით ემუქრებიან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი სწორედ ამ აღმოჩენებსა და დასკვნებზე დგას და ეს სიახლეები სრულიად შეესაბამება ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. 

ანა არგანაშვილი: რა შეცვალა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში?

რენატე ვინტერი: საქართველოში, მართლმსაჯულებას განრიდებული ბავშვების დაახლოებით 9 პროცენტმა ჩაიდინა განმეორებით დანაშაული. ხოლო იმ ბავშვებიდან, ვის მიმართაც გამოიყენეს მკაცრი სასჯელი, განსაკუთრებით კი პატიმრობა, ამჯერად, საერთაშორისო სტატისტიკით, 80-მა პროცენტმა ხელმეორედ ჩაიდინა დანაშაული. ეს სტატისტიკა თავისთავად საუბრობს ცვლილებებზე, რაც ადამიანების ცხოვრებაში რეალურად მოხდა.

როდესაც ბავშვს ვეუბნები, რომ რაღაც არასწორად გააკეთა, მაშინვე გამოსავალზე იწყებს ფიქრს, რომ გაფუჭებული გამოასწოროს. ბავშვი ორიენტირებულია თანამშრომლობაზე და ბუნებრივად აცნობიერებს, რომ მიზნის მისაღწევად დანაშაულის გზა სწორი არ არის. როგორ მიიღებს საპატიმროში ბავშვი სრულფასოვან დახმარებას, როდესაც ეს მისთვის მხოლოდ სტრესის და დასჯის გარემოა, სადაც ვერ ითავისებს პასუხისმგებლობას, ვერაფერს სწავლობს შეცდომისგან და არ თანამშრომლობს ჩვენთან, რადგან მხოლოდ „იხდის“ სასჯელს – მექანიკურად მიჰყვება განაჩენს, პროცესს?

მე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლე ვარ. ჩემს ქვეყანაში ეს რეფორმა დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენ არასოდეს გამოგვიტოვებია ბავშვთან ურთიერთობის და კომუნიკაციის ეტაპი მართლმსაჯულების პროცესში. სწორედ ეს არის მთავარი კომპონენტი ბავშვებთან მუშაობისას, გამოვყოთ დრო მათთან ერთად ფიქრისა და მსჯელობისთვის, რომ პრობლემის გადაჭრის გზა ერთად ვიპოვოთ. მაგრამ ეს ურთიერთობა რომ შედგეს, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე საუბრის ცოდნა გვჭირდება.

ანა არგანაშვილი: როგორ ეწყობა ეს ურთიერთობა ბავშვთან მართლმსაჯულების პროცესში?

რენატე ვინტერი: აუცილებლად უნდა მოუსმინო ბავშვს. მანამდე კი, მისი ნდობა უნდა დაიმსახურო, რათა გაგეხსნას, ალაპარაკდეს. როდესაც უსმენ, აუცილებლად დაიჭერ მის ნათქვამში ისეთ რამეს, რაც გამოსავლის პოვნაში დაგეხმარება. 

ბოლოდროინდელი სისხლის სამართლის საქმეების გარჩევების დროს, იკითხა ვინმემ, რატომ ჩაიდინა ბავშვმა დანაშაული? რა თქმა უნდა, ჩადენილს ეს კითხვები არ გაამართლებს, მაგრამ დაინტერესდა ვინმე, რა მდგომარეობა იყო ოჯახში, იმ გარემოში, სადაც ბავშვი იზრდებოდა? 

ევროპის მრავალ ქვეყანაში, ბავშვთა უფლებებს სკოლაში ასწავლიან. საქართველოში ბევრ მასწავლებელს არა აქვს საკმარისი ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ. მაგალითად, ბავშვი ეუბნება მშობელს, რომ არ შია. რატომაა შეუძლებელი, მშობელმა გაითვალისწინოს მისი სურვილი და არ დააძალოს ჭამა? ეს ზრდასრულის ძალაუფლების სფეროა და ამ დროს ბავშვებთან მხოლოდ ამ ძალაუფლების დემონსტრირება ხდება. იგივეა სკოლაშიც, როდესაც მასწავლებელი ბავშვს სჯის, სინამდვილეში კი, ამით მხოლოდ იმას უმტკიცებს, რომ თვითონ არის უფროსი და უმცროსის დასჯის უფლებამოსილება თვითონ აქვს. ასევეა მოსამართლეების და პოლიციის შემთხვევაში. მოდელი არ იცვლება, ყველა სივრცეში დასჯა მხოლოდ უპირატესობის დემონსტრირების სიმბოლური აქტი და  ძალაუფლებით თამაშია. თუ მე ძალაუფლების დემონსტრირების სურვილს დავთრგუნავ, მაშინ „სმენაც დამიბრუნდება“ – აღმოვაჩენ, რომ ბავშვის ლაპარაკის გაგება შემიძლია. 

ანა არგანაშვილი: რა განსხვავებაა ბავშვის ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ცნებებს შორის?

რენატე ვინტერი: ვალდებულება დაკისრებულია, ხოლო როდესაც მე საკუთარი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული მაქვს, ეს არა მხოლოდ გარედან დაწესებული წესის შედეგია, არამედ – ჩემი მოვალეობის შინაგანი განცდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კონტექსტში ხშირად საუბრობენ „ბრალზე“, რომელიც არასრულწლოვანს ეკისრება. „ბრალი“, როგორც სამართლებრივი ცნება, მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა მე ვსაუბრობ პასუხისმგებლობაზე, რომელიც უნდა გაიაზროს მოზარდმა. ბავშვმა თუ თავისი არასწორი ქმედებით დააზიანა მეორე ადამიანთან ურთიერთობა, უნდა გაიაზროს კიდეც პასუხისმგებლობა, რაც მისმა ქმედებამ გამოიწვია, და ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, სამართლებრივი კუთხით რა როგორ დადგინდება. თუ აუხსნით, ბავშვები, როგორც წესი, ამას იაზრებენ.

რატომ ვხედავთ ხშირად, რომ 40 წლის ადამიანი ვერ ალაგებს ურთიერთობას ხანშიშესულ მშობლებთან, ძალადობს, თავის უპირატესობას აგრესიით გამოხატავს? ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ის უბრალოდ იმეორებს ბავშვობის გამოცდილებას და უკან ამ ფორმით აბრუნებს ტკივილს, წყენას, რაც თვითონ გამოიარა – ახლა უკვე თვითონაა ზრდასრული, თვითონ მოიქცია ხელში ძალაუფლება და ჩაგრავს მათ, ვინც ძალაუფლება ასაკის გამო დაკარგა. ეს მანკიერი წრეა, მისგან თავის დაღწევის ერთადერთი შესაძლებლობა კი – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. მგონია, რომ ეს შანსია, რომელიც თუ ახლა გაგვისხლტა, შესაძლოა, აღარც მოგვეცეს.