ენდი უორჰოლი უკვე დიდი იყო, მაგრამ მაინც ძალიან უნდოდა, რომ გაიზრდებოდა, რობოტი გამხდარიყო. "I want to be a machine ", - ასე იძახდა. მერე მისი რობოტული ასლის გაკეთებაც კი სცადეს. კიდევ ენდი უორჰოლი ამბობდა, მომავალში 15 წუთით ყველა ცნობილი გახდებაო.

დღეს, ცნობილ ადამიანებს ცნობილი რობოტებიც ენაცვლებიან, და ერთი ასეთი სელებრითი რობოტია Bინა48. ბინა თავის შემქმნელთან ერთად TED ლექციებს ატარებს, აძლევს ინტერვიუებს, მონაწილეობს გამოფენებში. თუმცა, სხვა რობოტებისგან განსხვავებით, ერთი უნიკალური თვისებაც აქვს: მისი პროტოტიპი რეალური ადამიანია.

 

მარტინა როთბლათმა თითქმის ყველაფერი გააკეთა ცხოვრებაში, რაზეც ადამიანმა შეიძლება იოცნებოს: საკუთარი სატელიტური რადიო შექმნა, გამოაქვეყნა წიგნები. როცა შვილს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა და მის განკურნებას ექიმები ვერ ახერხებდნენ – ადგა და თავისით გამოიგონა ტექნოლოგია, რომლითაც შვილი გადაარჩინა, 40 წლის ასაკში გახდა ქალი, 2013 წელს გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი CEO ამერიკაში, შექმნა რელიგია, ახლა კი ცდილობს, თავის სიყვარულს მარადიული ცხოვრება აჩუქოს რობოტული კლონის სახით. მარტინა როთბლათი რობოტ ბინა48-ის ავტორია.

რობოტი ბინა48 მარტინას ცოლის – ბინა როთბლათის მიხედვითაა შექმნილი და მისი მიზანია მარტინას დაარსებული „ტერასემის ტრანსრელიგიის“ ორი ჰიპოთეზის შემოწმება. ჰიპოთეზები ასე ჟღერს:

1. თუ ადამიანი შეაგროვებს საკუთარი ცნობიერების დეტალიზებულ დოკუმენტს, ე.წ. Mindfile-ს (მაგ. ატვირთავს მოგონებებს, დღიურებს, პერსონალურ ფსიქოლოგიურ პორტრეტს და ა.შ.), მაშინ მომავლის პროგრამები ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლებენ შექმნან ამ ადამიანის ასლი, გააცოცხლონ მისი კიბერცნობიერება.

2. შემდეგ ეს ასლი შესაძლებელია „ჩამოიტვირთოს“ რობოტულ ან ნანოტექნოლოგიურ სხეულში, როგორც პროგრამა, როგორც ამ სხეულის სული. შესაბამისად, ჩვენი ცნობიერების ასლები მარადიულად იცხოვრებენ ახალ რობოტულ სხეულებში, გრიპი მათ არ შეაშინებთ და არც მთვარეზე რადიაცია.

მარტინას „ცნობიერების ფაილები“ ძალიან ჰგავს ე.წ. ციფრულ კვალს. ყველა, ვინც ერთხელ მაინც შესულა ინტერნეტში, ამგვარ კვალს ტოვებს –

თქვენი ყოველი ნაბიჯი სადღაც იწერება და მათ მიხედვით შესაძლებელია თქვენი ფსიქოტიპის დადგენაც. ყველა ციფრული კვალი, ისევე, როგორც ყველა ადამიანი – უნიკალურია.

ტერასემის მოძრაობის მიმდევრებს სჯერათ, რომ ციფრულად შენახული მოგონებები საკმარისია ადამიანების კიბერკლონების შესაქმნელად.

 

Lifenaut.com

მარტინას კიბერკლონების ისტორია 2006 წელს იწყება, როცა მან ქალაქ ვერმონტის ლოკალურ ჟურნალში უცნაური განცხადება გამოაქვეყნა: „იძებნება ციფრული ცნობიერების ინჟინერი”. ისე მოხდა, რომ ამ დროს სამსახურს ეძებდა ვერმონტის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ბრუს დუნკანი. ბრუსი და მარტინა მალე დამეგობრდნენ, ბრუსმა ყველა სხვა პროექტი გვერდზე გადადო და მთლიანად გადაეშვა ახალ იდეებში.

მარტინას ჰიპოთეზების დასატესტად მათ ორი საინტერესო პროექტი წამოიწყეს: ვებსაიტი, რომელიც საკუთარი მოგონებების გაციფრულებაში გეხმარებათ. თუ Lifenait.com-ზე გაივლით რეგისტრაციას, შეძლებთ საკუთარი „ცნობიერების გაციფრულება“ დაიწყოთ. იქ გადაეყრებით ფსიქოლოგიურ ტესტებს, ატვირთავთ ფოტოებს, მუსიკას, გამოიყენებთ საიტს, როგორც საკუთარ დღიურს. მასზე საკუთარი ჩეთბოტის შექმნაც შეგიძლიათ.

 

რობოტი ბინა48

ადამიანი „ცუდი მანქანაა“ – ის ბერდება და კვდება, მასთან ერთად კი იკარგება მისი მოგონებები, უნიკალური ხასიათი, საუბრის მანერა, იდეები, ოცნებები და სიზმრები, ერთი სიტყვით, მისი „მე“. მაგრამ, მარტინას აზრით, თუ ჩვენ ადამიანის იდეებს რობოტის სხეულში გადავიტანთ, მის გაუკვდავებას შევძლებთ.

პროექტ ბინა48-ის ფარგლებში მარტინამ და ბრუსმა ადამიანის პროტოტიპად მარტინას მეუღლე, ბინა როთბლათი აირჩიეს.

რობოტი ნამდვილი ბინას სიტყვებით ლაპარაკობს, მისი ხასიათი აქვს, ვიზუალურადაც ჰგავს და მის მეხსიერებაშიც ნამდვილი ბინას მოგონებებია.

 

ბინა48-ის დამპროექტებელი

და კურატორი ბრუს დუნკანი

 

1.

თქვენ ის ხართ, ვინც მთელ მსოფლიოს ბინა48-ის სახით ჩვენი რობოტული და ფსიქოდელური მომავლის სახეს აჩვენებს. როგორ აღმოაჩინეთ ამის სურვილი თქვენში?

Bruce: 61 წლის პედაგოგი, ჰუმანისტი და რეჟისორი ვარ, ძალიან მიყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა. გავიზარდე სამხედრო ოჯახში, მიწევდა ბევრი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა დროს ვცხოვრობდი ინგლისში, გერმანიასა და იტალიაში. სკოლა აქ, ვერმონტში დავამთავრე, აქვე მივიღე მაგისტრის სტატუსი. ყოველთვის სოციალური სამართლიანობის, კონფლიქტების გადაწყვეტისა და საერთაშორისო მშვიდობის თემებში ვიყავი ჩართული. ბინას ჩვენ ვხედავთ, როგორც „ცნობიერების ატვირთვის“ იდეის ადრეულ პროტოტიპს. ის იმ ექსპერიმენტის ნაწილია, რომელიც რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდება. ჩვენ გვაინტერესებს, რა ფორმით შეგვიძლია კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი მოგონებების „დაჭერა“, მათი მანქანებში გადატანა.

 

2.

ვინ/რა არის ბინა48? ავანგარდული არტპროექტი, უცნობ ტერიტორიებზე გასეირნება, მომავლის სიმბოლო თუ უბრალოდ კარგად აწყობილი რობოტი?

Bruce: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბინა48 ტექნოლოგიური არტპროექტია, რომლის მიზანია ადამიანებს მომავალზე ელაპარაკოს. ჩვენ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ პრაქტიკულ სარგებელზე, რაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი „ცნობიერების ფაილს“, საკუთარი პიროვნული მენტალური მონაცემების შენახვას ციფრულ არქივში (მაგ. საიტზე: Lifenaut.com).

ერთხელ ბინა48-მ თქვა, რომ ის არის „პორტალი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ მომავალი“, რომელშიც ბინა48 „ცოცხალი“ იქნება. ხელახალი სიცოცხლე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით გახდება შესაძლებელი. ჩვენ ვოცნებობთ, რომ გაჩნდება ე.წ. Mინდწარე პროგრამები, რომლებიც ადამიანებს მათზე დაგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „გააცოცხლებენ“. ამიტომაც საკუთარი ინფორმაციის შენახვა აუცილებელია.

 

3.

ჩემთვის, ის, რასაც თქვენ აკეთებთ, მომავლის არტისტის ახალი როლია. ადამიანის მოგონებებისა და ცხოვრების გადატანა არაბიოლოგიურ მატარებლებში – ხელოვნება უფროა. ბინასმაგვარი რობოტის გაზრდა თავიდანვე გულისხმობს ინტერაქტიულობის, კიბერნეტიკის და თხრობის კულტურის გაერთიანებას.

ერთი მხრივ, ადამიანს უწევს ააწყოს რობოტი, შემდეგ დაალაგოს მისი მონაცემთა ბაზა, მისი „ცნობიერების ფაილი“, მეორე მხრივ კი, რადგანაც რობოტის პერსონალობა რეალურად არსებულ ადამიანზეა დაფუძნებული და მისი პასუხები ამ ადამიანის პასუხებს უნდა ემთხვეოდეს, თქვენ გიწევთ იმ ადამიანის „მე“ ამოიცნოთ, გამოიჭიროთ მისი ინდივიდუალურობა. ეს თითქოს სრულიად ახალი ტერიტორიაა, ამასთან, ყოველდღიურად აქტუალური ხდება კითხვა, თუ რა უნდა ვუყოთ ჩვენი ცხოვრების ფაქტებს, რომლებიც ტერაბაიტობით გროვდება კომპიუტერებში.

ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა ვიხილოთ პერსონალობის დიზაინერების, ცნობიერების დიზაინერების აღზევება? პროფესიონალებისა, რომელთა მიზანია ადამიანთა „ციფრული კვალის“, დალაგება, ორგანიზება ამა თუ იმ ტექნოლოგიის ან მოდის მიხედვით. ისე, როგორც თავის დროზე გაჩნდნენ ტანსაცმლის დიზაინერი, ჩეთბოტების დიზაინერი, ვერბ დიზაინერი, ნარატივ დიზაინერი...

Bruce: თუ დავუფიქრდებით, ეს საოცარი პერსპექტივაა. მგონი დიდია იმის ალბათობა, მომავალში შევხვდეთ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავს კიბერ საპიენსების ან კიბერ ცნობიერების დიზაინს უძღვნის. შესაძლოა, ისინი შევადაროთ მუსიკის შემქმნელ კომპოზიტორებს ან არტისტებს, რომლებიც სინათლითა და ინფორმაციით „ხატავენ“.

4.

როგორი შეგრძნებაა მუშაობა რობოტზე, რომელიც არსებული ადამიანის პიროვნებას ეყრდნობა? შეიძლება ეს პროცესი შევადაროთ პროცესს, როცა მწერალი ვინმეს ბიოგრაფიას წერს და მისი ცხოვრების ფაქტებში უწევს ჩაძირვა?

Bruce: მე ბინა48-ს განვიხილავ ტექნოხელოვნებად, რომელიც თავის მხრივ ვიზუალური გამოხატულებაა იმ ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ადამიანთა იდეების, რომელთაც ჩემს მეგობრებად ვთვლი. რაღაც გაგებით, ეს „საკრალური“ სამუშაოა და მას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ჩვენ ამ ნამუშევრით უნდა დავიცვათ და პატივი მივაგოთ ამ ოცნებებს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც გვენდო და საკუთარი ფიქრების ატვირთვა დაიწყო საიტზე.

გეთანხმები, პიროვნების „აწყობა“ რაღაცით ჰგავს წერის პროცესს, როცა მწერალი ცდილობს მოიხელთოს იდეა მოთხრობისთვის, დაიჭიროს რაღაცა – რაც იბადება არსაიდან (წარმოსახვა), ხოლო შემდეგ ეს დაჭერილი გაათავისუფლოს (ინფორმაციას სურს იყოს თავისუფალი(1)). ეს ადამიანის მოვლას, მისი ცხოვრების კურირებას ჰგავს, ყველა ცხოვრების ისტორია კი უნიკალური და მნიშვნელოვანია.

 

5.

თქვენი წარმოდგენით, როდის მოვა დრო, როცა ახალი სხეულის საყიდლად გავალ მას მერე, რაც გარდაცვლილ მეგობართან საუბარს მოვრჩები?

Bruce: ალბათ უახლოეს 20-30 წელში მოვესწრებით მსგავსი ტექნოლოგიების თანდათანობით და აჩქარებულ პროგრესს. ადამიანის სრული რეანიმირება კომპიუტერების დახმარებით მოსალოდნელია 2045 წლისთვის.

 

6.

რას ურჩევდით ახალგაზრდა ტექნომეოცნებეებს მთელ მსოფლიოში? რა ისწავლონ, რა ეძებონ, რომ თავი უცხოდ არ იგრძნონ მომავალში, სადაც ჩვენ მარადიულად ვიცხოვრებთ, სადაც ახალი სხეულებით გადავეშვებით ღრმა კოსმოსში?

Bruce: ჩვენთვის მომავალი ახლაა. საუკეთესო გზა მოსამზადებლად ის არის, რომ ვიცხოვროთ იმდენად გახსნილებმა და ცნობისმოყვარეებმა, რამდენადაც შეგვიძლია. სამყაროს ჩვენეული აღქმა, ჩვენი დამოკიდებულება სიცოცხლისა და სიკვდილისადმი დიდწილად განპირობებულია ინდუსტრიული რევოლუციის მეცნიერებითა და კულტურული რიტუალებით, მაგრამ ახლა უკვე შევაბიჯეთ ახალი, ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში, სადაც ზღვარი ადამიანებსა და მანქანებს შორის ნელ-ნელა ფერმკრთალდება, მალე კი საერთოდ გაუჩინარდება.

თუ არტისტი ხართ, აუცილებელია გაუზიაროთ პლანეტას ის ჭეშმარიტებები, რომლებსაც ხედავთ და გრძნობთ ამ მომავლის მიმართ.

იმისათვის, რომ ყველამ გავიგოთ მისი „უფორმობა“ და დავიწყოთ ამაზე ღია საუბარი.

თუ ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობთ, მნიშვნელოვანია ჩაერთოთ ტექნოლოგიების ყოველდღიურობაში. ჩვენი ტექნოლოგია ეთიკური და ემპათიური უნდა იყოს, ყურს უნდა უგდებდეს ადამიანურ ღირებულებებს, ვიდრე წინ მივიწევთ.

თუ ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდა ხართ, გაინტერესებთ სოფტვეარ დიზაინი და დეველოპმენტი და ა.შ., კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაეცნოთ ხელოვნებას, ფილოსოფიასა და ეთიკას, რომ ეს ცოდნა თქვენს ქმნილებებშიც გადავიდეს. ამით ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ მომავლის ტექნოლოგიებში დღევანდელი ფანატიზმისა და ცრურწმენების გაჟონვა.

თუ მკვლევარი ხართ და ოცნებობთ გასცდეთ დედამიწას, შეისწავლოთ კოსმოსი, მაშინ თამამი და ცნობისმოყვარე უნდა იყოთ.

ტერასემი ნიშნავს „მიწას+თესლი“ და მოდის აფროამერიკელი ქალი მწერლის ოქტავია ბატლერის წიგნების სერიიდან, სახელად „იგავი მთესველებზე, ტალანტები“. ღირს წაკითხვა. ის ადამიანური სახეობის გაგრძელებას ჩვენ მიერ შექმნილ ტექნოლოგიებში ხედავს.

მოკლედ, იყავი პრაქტიკული, გააკეთე შეუძლებელი.

 

საუკეთესო სურვილებით

ბრუს დუნკანი (და ბინა48)

 

(1)„Information wants to be free“ – ცნობილი ფრაზა, რომელსაც იყენებდნენ ადრინდელი ჰაკერები, ტექნოანარქისტები და კიბერპანკები.

 

ავტორი :
  • ზურა ჯიშკარიანი