მოსკოვში მხოლოდ სამი დღით ვიყავი. აქედან ძირითადი დრო მუზეუმებს – მოგონებების ხელოვნური საცავების დათვალიერებას დავუთმე. ჩემი შთაბეჭდილებები მწირია, მხოლოდ რამდენიმე შენობას და ერთ შეხვედრას უკავშირდება.

წამოსვლის წინა დღეს, ზუსტად არ ვიცი, რატომ, ჩემთვის საძულველი და გაუგებრად გაფეტიშებული „მოსკოვის მეტროთი“ კოსმონავტიკის მუზეუმში წასვლა გადავწყვიტე. შენობასთან რომ მივედი, უკვე ბნელოდა, ბარდნიდა და ყინავდა. დაღლილს დამეზარა დანიშნულების ადგილის პოვნა და სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ, როდესაც თოვლის ფანტელებს ცაში ავხედე, ძალიან მაღლა ცას გამოკიდებული რკინის რაკეტა დავინახე. რაკეტა უზარმაზარი მონუმენტის დასასრული აღმოჩნდა. მისი წვეტი ნარინჯისფერ ცას უერთდებოდა და ნისლში იკარგებოდა. მონუმენტი კოსმონავტიკის მუზეუმის შენობის ნაწილია. შენობის ფასადს მასშტაბური ფრიზი ამშვენებდა, საბჭოთა წარმატების, საბჭოთა გამარჯვების, ზეიმის აღმნიშვნელი სიმბოლო, კლასიკური საბჭოთა იკონოგრაფია, რომლის ლოგიკური დასასრული ან დასაწყისი ცამდე აწვდენილი, გასაფრენად გამზადებული რაკეტაა. სანახაობამ იმდენად მომხიბლა, რომ დაღლილობა მომეხსნა და შენობაში შევედი. გარე ფასადის მონუმენტურობის მიუხედავად, ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მუზეუმის შიდა სივრცეა.

შიგნით შესული საბჭოთა ტაძარში მოვხვდი.

რაკეტის მგზავრის, იური გაგარინის, გიგანტური ქანდაკება მუზეუმის ცენტრში – საკურთხეველში დგას. კოსმონავტს ჭრელი მოზაიკის ფონზე ხელები ისე აქვს გაშლილი, როგორც ქრისტეს ფერისცვალების ფრესკებში. ეს მსგავსება ბუნებრივია – ადამიანის კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ სამყაროს ფერი უნდა ეცვალა. გაგარინიც იმიტომ დაბრუნდა კოსმოსიდან, რომ საბჭოთა ადამიანისთვის ეთქვა – ღმერთი არ არსებობს! (Бога нет!) და თვითონ გამხდარიყო ღმერთი.

საკურთხევლის მარჯვენა მხარეს ერთი ძალიან საინტერესო შავ-თეთრი ფოტოა გამოფენილი, საბჭოთა ფრესკა – გაბადრული პირველი კოსმონავტი, დიდ, თეთრ მტრედთან ერთადაა გადაღებული.

მუზეუმის ეს ნაწილი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ სხვა დარბაზებში გამოფენილი წვრილმანი ტექნიკური დეტალები სწრაფად მოვიარე, კიდევ ერთხელ შევჩერდი საკურთხეველთან და მუზეუმიდან გამოვედი, ბიძაჩემს უნდა შევხვედროდი წლების შემდეგ.

ეს ქალაქი საბჭოთა პერიოდში შექმნილი წარმოდგენების და დანარჩენი სამყაროს მიერ შემოთავაზებული სიახლეების მუდმივ გადაკვეთაზე არსებობს. ერთი მხრივ, აქაურობის ცნობიერება ძალიან ფართოა და ყველანაირი ინფორმაციის შეთვისება შეუძლია, მეტიც, ამ ინფორმაციას თარგმნის და იაზრებს საკუთარ ენაზე, თავის გამოწვევებს არგებს. მაგრამ, მეორე მხრივ, თითქოს თავს ვერ აღწევს მართლმადიდებლობასთან გაზავებულ საბჭოთა მითოლოგიას. პირველ დღეს ზუსტად ამ კავშირის ამსახველი ინსტალაცია ვნახე თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „გარაჟში“, რომელიც იაპონელი არტისტის ტაკაში მურაკამის რეტროსპექტივას ეთმობოდა. დარბაზის ცენტრში დიდი კედელია საბჭოთა პერიოდის მოზაიკით გაწყობილი, რომელზეც გოგონა მიქელანჯელოს „ადამის შექმნის“ ინსპირაციით თავის ნატიფ, ლამაზ თითს ოდნავ ახებს მურაკამის ფანტასმაგორიული, მჭახე და ფერადი არსების გრძელ ენას. ეს გადაკვეთა აქ თითქმის ყველგან იგრძნობა, თუმცა მე ისევ დაგეგმილ შეხვედრაზე მეფიქრება და მაინც არ ვიცი, რამდენად აქვს თუნდაც ასეთი გადააზრებული კავშირების აღმოჩენას დღეს რამე ახლის შექმნის უნარი.

მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ისევ გაძეძგილი მეტროს საბჭოთა ვაგონში ვდგავარ, კარს ვეყრდნობი და მეშინია, დაღლილს გაჩერება არ გამომრჩეს. დაძაბული ვარ უცნობ ხალხში, გარეუბანში მივდივარ. უცხო ქალაქების გარეუბნები მტრის ბუნაგივით საშიში მეჩვენება. გაჩერებას ვუახლოვდები, ბაქანზე ბიძაჩემს ვაგონის შუშიდან მოვკარი თვალი და გავუღიმე, თვითონაც გამიღიმა, არ ვიცი, როგორ მოვასწარით, ამ სიჩქარეში და ამდენი წლის შემდეგ, ერთმანეთი დაგვენახა და თვალი თვალში გაგვეყარა – თვალი თვალის წილ. ამ ელვისებურ სისწრაფეში ჩემთვის ძვირფასი, აფხაზეთში გადაღებული ფოტო გამახსენდა. იქაც ზამთარია, დაახლოებით 2 წლის ვარ, ერთი სერიის ორი ფოტოა, როგორც ორი დასაწყისი. ერთ ვერსიაში მე და ბიძაჩემი ზამთრის ზღვის ფონზე, სანაპირო ზოლთან ერთად ვდგავართ, მე ძალიან ბედნიერად და დაცულად ვგრძნობ თავს. მეორე ფოტოზე, ზუსტად იმავე ადგილას, მარტო ვდგავარ, მოღუშული.

ბიძაჩემი, ჩემი არქეტიპული სიყვარულის სიმბოლო, აფხაზეთის ომის შემდეგ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, მას მერე, წამიერი გაელვების გარდა, წლებია, აღარც მინახავს. როდესაც მენატრებოდა, ამ ფოტოების ვერსიებით ვთამაშობდი ხოლმე. გაქანებული მეტროს ვაგონიდან რომ დავინახე, მივხვდი, ჩვენი ამბავი არის ისტორია ამ ფოტოებიდან მეტროს სადგურში შეხვედრამდე.

შუაში დიდი სიცარიელეა. ბედისწერა ის არის, რომ თითქმის 25 წლის მერე, ბიძაჩემი ზუსტად ისეთივე მოღუშული მელოდებოდა მეტროს სადგურში მარტო, როგორც მე ვიდექი იმ ფოტოზე მის გარეშე. კბილი კბილის წილ.

აღმოჩნდა, რომ მოსკოვი ჩემთვის წარსულის შეგრძნობის სივრცეა, დიდი ქალაქი-მუზეუმი, სადაც უფრო მეტი ადგილი წარსულს ეთმობა, ვიდრე მომავალს. ეს ქალაქი თითქოს უზარმაზარი გაყინული ტბაა, რომლის სიღრმეები სხვადასხვანაირ მოგონებებს ინახავს. ზედაპირზე კი სხვა რამეებია, მათ შორის, პროპაგანდისტული მედია და პოლიტიკა. საინტერესო და ახალი მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და დავიწყებულ, გაუცხოებულ ახლობლებთან შეხვედრებშია. ყველაზე მეტი ამბავი კი გაუხსნელ არქივებსა და საქმეებში ინახება, რომელთა გადააზრება გაყინული ტბის გალღობის ერთადერთი შანსია.