ეს ფოტოები არ ყოფილა ერთ დოკუმენტურ რეპორტაჟად ჩაფიქრებული. მათ არც თხრობის განვითარების ერთიანი ხაზი აქვთ და ერთმანეთთანაც ბევრი არაფერი აქვთ საერთო - არც ადგილი, არც დრო, არც მოვლენა და არც პერსონაჟები. არასდროს მიძებნია მათ შორის შინაარსობრივი ან ვიზუალური კავშირები, რადგან ყველა მათგანი სპონტანურმა, ერთჯერადმა განწყობამ განაპირობა. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამბავს ჰყვებიან - თავიანთი ინდივიდუალური სიუჟეტით.

ახლა, როცა ფოტოებმა ერთ სივრცეში მოიყარეს თავი, მათ შორის მსგავსებასაც ვხედავ, ეს მათი ფრაგმენტულობაა - ყველა მოპარული, კერძო ემოციაა იმ სივრცეებიდან, რომლებსაც მეც და სხვებიც მხოლოდ დროებით, ეპიზოდურად ვიზიარებთ. ფოტოკამერა ჩემთვის არის საშუალება შევამჩნიო ეს კავშირები, გავჩერდე და გავაცნობიერო.