TAF  ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობამ, რომელიც 17-20 მაისს, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში გაიმართა განსხვავებული კულტურული და შემეცნებითი სივრცეები გააერთიანა.

30-მდე მონაწილემ საქართველოს, კავკასიის რეგიონის და აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ცნობილი და დამწყები გალერეები წარმოადგინა.

Kornfeld (გერმანია), NK (ბელგია), 11.12, Regina, Totibadze, (რუსეთი), Kultur Dialog (სომხეთი), Valid Foto (ესპანეთი), Rooster (ლიტვა), Yarat (აზერბაიჯანი), Dawid Radziszewski, Raster, Czulosc (პოლონეთი), Mojdeh (ირანი), Nivet-Carzon, Bernard Jordan (საფრანგეთი), Stephan Stoyanov (ბულგარეთი), Art Rooms (თურქეთი), პროექტი Art Beat, ERTI, Window Project, Baia, TBC Gallery, Vernissage, Nectar, Chardin (საქართველო), და სხვა.

თავიდან ვეჭვობდი რამდენად გაუმკლავდებოდა მენეჯმენტი არტფეარის ორგანიზებას, მით უმეტეს, მანამდე ამგვარი გამოცდილება არ გვქონია. მეშინოდა, რომ არც აქტივობა იქნებოდა. თუმცა მასში მონაწილეობას დაუფიქრებლად დავთანხმდი, რადგან არტისტები და გალერეის კურატორები ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოში არ არსებობს არც მარკეტინგი და არც არტსცენა. არტფეარები კი ხშირად სწორედ მარკეტინგის და არტსცენის პირველი ნიშნების გაჩენას განაპირობებს ხოლმე. ამ დროს ერთ ადგილზე ხდება დამთვალიერებლის და კოლექციონერების თავმოყრა, ბაზრობას უცხოური გალერეებიც აკვირდებიან. ამ შიშების და ეჭვების საპირისპიროდ სრულიად სხვა რამ დავინახე – კარგად ორგანიზებული არტფეარი, ძალიან დიდი ინტერესი დამთვალიერებლის მხრიდან, ბევრი უცხოელი სტუმარი, რომელთა შორისაც ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანებიც იყვნენ, როგორებიც New Museum-ის კურატორი და Art Newspaper-ის ჟურნალისტია. ასეთი გამოცოცხლებული და აქტიური თბილისი, როგორიც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, მანამდე არ მინახავს. მე, როგორც არტისტი და როგორც „ერთი გელერეას" წარმომადგენელი უზომოდ კმაყოფილი ვარ – ნამუშევრებიც გაიყიდა და სამომავლო შემოთავაზებებიც მივიღეთ.
ტატო ახალკაციშვილი

TAF-ის მიერ გამოცხადებული წინასწარი კონკურსის შედეგად შერჩეული, თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში მომუშავე 30-მდე საერთაშორისო არტისტის და ჯგუფის ნამუშევრები სახელოსნოს ტიპის სპეციფიკური ფორმატით გამოიფინა.

ჯეფ ბლუმისი (აშშ), შირინ შაბრუდი (ირანი),დიმიტრი ბოგაჩუკი (უკრაინა), ქრისტინა სტარზერი, ალექს კისლინგი (ავსტრია), ქსილა სზაბო (უნგრეთი), დელფინ ვიბო (საფრანგეთი), ვლადიმირ მიშუკოვი, მაშა დემიანოვა, ქრისტინა აბდეევა, ეკატერინა ბაჟენოვა-იამაზაკი (რუსეთი), კამილია კუსპანოვა (ყაზახეთი), ვახო ბუღაძე, მაია ბარათაშვილი, ნინო ჩუბინიშვილი, ლევან აბრამიშვილი, მამუკა ცეცხლაძე, სალომე დუმბაძე, ქიუ მეფარიშვილი, სალომე ელანიძე, სანდრო სულაბერიძე, მაკა ბათიაშვილი, ნინო ზირაქაშვილი (საქართველო) და სხვები.

ხშირად მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა არტფეარზე ევროპულ ქვეყნებში და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისის ხელოვნების ბაზრობა არაფრით ჩამოუვარდება მათ. ყველაფერში იგრძნობა ხარისხი და ბაზრობის კარგად ორგანიზებულობა. ჩემი ნამუშევრების მიმართ ძალიან დიდ ინტერესს ვხედავ, რასაც ნამდვილად არ ველოდი. იმის გამო, რომ ფერწერის სფეროში ვარ მომწონს ისიც, რომ ძირითადად ფერწერა ფიგურირებს ბაზრობაზე. მიხარია ისიც, რომ ის პრიზი, რაც მანამდე იყო დაწესებული  მოსკოვში მომას მუზეუმში გამოფენა  არტისტების გარკვეული ნაწილის პროტესტის შემდეგ შეცვალეს.
მაკა ბათიაშვილი

ჩემი ნამუშევრები ბევრ ქვეყანაში მქონდა გამოფენილი, საქართველოში კი პირველად ვფენ. არ ველოდი ასეთ ინტერესს, არც ამ ბაზრობის ასეთ მასშტაბურობას. ასეთი გარდატეხა ხელოვნების სფეროში 30 წლის განმავლობაში არც მახსენდება. ჩემთვის ყველაზე მთავარი მონაწილეობის მიღება იყო  ჩემი ხედვის ადამიანებისთვის გაზიარება და მათი შეფასებების მოსმენა. რამდენიმე ნამუშევარი გაიყიდა კიდეც. ძალიან ბედნიერი ვარ ამგვარი შესაძლებლობისთვის. თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრები ერთ პროექტად შეიძლება გაერთიანდეს. თითოეულ სკულპტურას და მასზე დატანილ თითოეული ფრაზას თავის ისტორია აქვს და ჩემს მნიშვნელოვან ნაწილს გამოხატავს. ვგეგმავ, სულ 30 ნამუშევარი შევასრულო. თუმცა არ ვიცი მომავალში რა ფრაზა დაიწერება, რა იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.
ანა ფარცვანია

საქართველოს ფოტოგრაფიის მდიდარი და კომპლექსური ისტორია ბოლო სამი საუკუნის რამდენიმე თაობის 20-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევრებით იყო წარმოდგენილი, საერთო სახელწოდებით „რეალობაში და მის გარეთ (In and Out of reality)“.

დიმიტრი ერმაკოვი, გიგო გაბაშვილი, შალვა ალხანაიძე, გურამ თიკანაძე, რეზო კეზელი, საბჭოთა ფოტოჟურნალისტიკა, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, დავით მესხი, თინათინ კიღურაძე, ზურაბ არაბიძე, ანკა გუჯაბიძე, ნატა სოფრომაძე, თაკო რობაქიძე, რიტა ხაჩატურიანი, გვანცა ჯიშკარიანი, ანდრო ერაძე და სხვები.

არტფეარზე ნათლად დავინახეთ რა ხდება დღეს ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში  ჩემთვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რაც ხელოვნების ბაზრობამ მოიტანა. დავინახეთ, როგორია ჩვენი შიდა ბაზარი და მასზე საუბარი დავიწყეთ.
მნიშვნელოვნად მესახება არტფეარზე წარმოდგენილი ქართული ფოტოგრაფიის გამოფენა. გამოფენილი ნამუშევრები თითქმის ყველა პერიოდს მოიცავდა  ძველიდან თანამედროვეობამდე. ამხელა პერიოდის მოცვამ დაგვანახა ის, თუ როგორ ვითარდებოდა და ვითარდება ქართული ფოტოგრაფია, როგორ და რამდენად არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან სხვადასხვა პერიოდები.
არტფეარზე ჩემი პერსონალური ნამუშევრების გარდა, ჩემი გალერეაც გავაცანი დამთვალიერებელს. ამან გალერეის ცნობადობა გაზარდა, რაც ჩემთვის, როგორც გალერისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გურამ წიბახაშვილი

ექსპოზიციების გარდა, ხელოვნების ბაზრობამ წარმოდგინა ვორქშოფები და დიალოგებისა და საუბრების მთელი სერია ხელოვნების თემაზე: ხელოვნების ნიმუშების კოლექციები, ხელოვნების კრიტიკა და ხელოვნების ბაზრობები, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიის სფერო და ა.შ.

მართალია, 20 მაისს საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე ყველა ექსპოზიცია დაიხურა, მაგრამ ბაზრობის ფარგლებში, თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმსა და მწერალთა სახლში 28 მაისამდე შეგიძლიათ ნახოთ ძალიან საინტერესო ექხპოზიცია  გამქრალია 12 ქალი.

გამოფენა XX საუკუნის საქართველოს არასტაბილური ისტორიის მანძილზე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებული ქალი ხელოვანების ნამუშევრებს აერთიანებს. მათ შორის არიან: მაია ნავერიანი  გამოფენამ სახელი სწორედ მისი ნამუშევრიდან მიიღო, რომელზეც ხელოვანი ემიგრაციაში ყოფნის დროს მუშაობდა; 1921 წელს ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ საფრანგეთში ემიგრირებული ვერა ფაღავა (1907-1988), თამარა K.E.  ამჟამად დუსელდორფსა და ნიუ-ორკში მოღვაწე არტისტი, 2013 წლამდე გერმანიაში მოღვაწე თეა გვეტაძე, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი  ბერლინიდან, ქალიშვილთან  ანა K.E.-სთან ერთად ემიგრაციაში წასული ქეთი კაპანაძე, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს; სალომე მაჩაიძე - 1990-იანი წლების ბოლოს ბერლინში წასული ახალგაზრდა ხელოვანი და ექსპერიმენტალური კინოს რეჟისორი, 2001 წელს ბრიტანეთში ემიგრირებული სოფიო მედოიძე და თამუნა სირბილაძე (1971–2016), რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისიდან ავსტრიაში მოღვაწეობდა.

ესაა ემიგრანტი ხელოვანების ნამუშევრების ერთ სივრცეში შეკრების პირველი მცდელობა, რომელიც წარმოაჩენს როგორ განვითარდა თანამედროვე ხელოვნება საქართველოს გეოპოლოტიკური საზღვრების მიღმა და როგორია მისი ისტორიული მნიშვნელობა და კულტურაზე ზეგავლენა თანამედროვე საქართველოში. გამოფენის კურატორია ელენე აბაშიძე. ნამუშევრების უმეტესობა პირველადაა წარმოდგენილი თბილისში.