ევროპიდან დაბრუნებულმა სულხან-საბა ორბელიანმა თან მუყაოს ორნამენტებიან ყდაში ჩასმული სქელტანიანი ატლასი ჩამოიტანა.
მის მიერ გზადაგზა შესრულებული წარწერები ალბათ გეოგრაფიული ტერმინოლოგიის ქართულად თარგმნის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა  ჯიბილტერის სრუტი, სპანიოლი, ფორტუგეზი, ბედნიერი არაბეთი...

1723 წელს გამოცემული კავკასიის და კასპიისპირეთის ქვეყნების რუკის შედგენაში სულხან-საბა ორბელიანის მიერ საფრანგეთში წაღებული ის კარტოგრაფიული მასალებია გამოყენებული, რომელთა საშუალებითაც ლუდოვიკო მეთოთხმეტისთვის საქართველო უნდა გაეცნო. ორბელიანი უკანა გზაზეც  ამჯერად  მსოფლიო რუკებით და ატლასებით დაიტვირთა, თუმცა იმის გამო, რომ გზაში რამდენჯერმე გაძარცვეს ჩვენამდე მხოლოდ მსოფლიო ატლასმა მოაღწია.

ატლასი 1711 წელს ქალაქ ნიურბერგშია გამოცემული და სხვადასხვა დროით დათარიღებული 67 რუკისგან შედგება.

1929 წელს ატლასი, რომელიც სიონის ტაძარში ინახებოდა, კათალიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადასცა. დღეს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მუზეუმში ინახება.

ატლასი ფერადია. ლათინური და გერმანული წარწერები შავია. ქართული მინაწერები, რომელიც პირველი გვერდიდან ჩნდება, წითელი მელნითაა შესრულებული.

განსაკუთრებით ბევრი წარწერაა სულხან-საბა ორბელიანის სამოგზაურო მარშრუტის მიმდებარედ.

იქ, სადაც კავკასიაა, სახელწოდებები დამატებული ან ჩასწორებულია.

გეოგრაფიული სახელების ქართული შესატყვისები, სამი რუკის გარდა, ყველგან ერთი ხელწერითაა შესრულებული.

საქრისტიანო მოძღვრების მეორე რედაქცია  სულხან-საბას უბის წიგნაკი, მის მიერ შედგენილი ლექსიკონი, მინაწერები ბიბლიაზე – ამ და სხვა ხელნაწერებთან შედარების და ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ატლასზე გაკეთებული ქართული წარწერების ძირითადი ნაწილი სწორედ სულხან-საბას ხელითაა შესრულებული.

სულხან-საბა ძირითადად გადაბმების გარეშე, რაც შეიძლება ლამაზად წერს. ყველა ტოპონიმის სახელი მკაფიოდ გამოყავს. ქარაგმებს მხოლოდ ყველასთვის გასაგებ სიტყვებში იყენებს.

ატლასში მოცემული სახელები გეოგრაფიული კოორდინატებით სულხან-საბამ თავის ლექსიკონში გადაიტანა.

ვახუშტი ბატონიშვილის პირველი ატლასი, თავისი გრადუსთა ბადით, საწყისი მერიდიანით, ჩარჩოების და სათაურების გაფორმებით და სხვა ნიშნებით, მოწმობს, რომ ეს მსოფლიო ატლასი ვახუშტისთვისაც კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

დაზუსტებით ვერ ვიტყვით, თუმცა შესაძლოა ეს მინაწერები ატლასის ქართულ ვერსიაზე მუშაობის საწყისი ეტაპია.

წყარო: კ. ხარაძე, მ. ქავთარია 1711 წლის მსოფლიო ატლასის ქართული მინაწერები