26 მარტი
20:05

You may go to hell and I will go to Texas

ძილქუში მაქვს. დილით ძალიან გვიან ვდგები. ისე მძინავს თითქოს წლებია ბალიშზე თავი არ დამიდია და კიდევ დიდი ხანი ვერ დავიძინებ, არადა სულ პირიქით იქნება, როგორც ვატყობ. ჩემი ტვინი ამდენ ინფორმაციას ვეღარ ხარშავს და სულ თავდაცვაშია. ამდენ ცვალებადობაში და სიგიჟეში და რჩევებში ვეღარ ვითავისებ ინსტრუქციებს რა როგორ უნდა გავაკეთო და იპოქონდრიულ სამყაროში მყოფს, მაინც მგონია, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. მეჩვენება, რომ ვირუსის ნაწილაკებმა სხეულთან ერთად, ჩემს ტვინშიც შეაღწია. ამას იმით ვხვდები რომ სოციალურ ქსელებს გადავები, ყველაფერს იქ ვწერ, რასაც ვფიქრობ და თუ არ ვწერ მგონია რომ არ ვფიქრობ. მერე ამ ნაწერებს ვშლი ისე რომ მეხსიერებაშიც არ მქონდეს თუ რამდენი უაზრო წინადადების და აზრის წარმოება შემძლებია. 

ერთ დღეს ვფიქრობ, რომ დღიური კარგი საშუალებაა ჩემი შფოთების კონცენტრაციისთვის და მეორე დღეს მრცხვენია, რომ სამყაროში გამოშვებულ ამდენ აზრს და გამოსახულებას ჩემსას ვუმატებ.

გუშინ დიდი ხნის დაულაგებელი კომპიუტერის დესქთოფს მივადექი, მერესთვის მოტოვებული ფაილებით და ფოლდერებით გადავსებულს. უამრავი დაუმთავრებელი და ჩავარდნილი პროექტით, გაუგზავნელი წერილებით და სქრინშოთებით. რაღაცეები წავშალე, რაღაცეები ისევ გადავდე, გაუგზავნელი წერილები მაინც გავგზავზე. ამ ქაოსში ერთი ფაილი ვიპოვე რომელსაც You may go to hell and I will go to Texas ჰქვია და ძველი ჩანაწერებია. 2018 წლის ოქტომბერში თვენახევრიანი რეზიდენტურა მქონდა, რომელიც ოსტინში გავატარე და სულ მემახსოვრება, რადგან მთელი ცხოვრების ოცნება და გამოწვევა ავისრულე და ტექსასის შტატში, სრულიად მარტომ, ნაქირავები მანქანით ვიმოგზაურე. ჯერ მექსიკაში გადავედი, მერე უკან, სან ანტონიოში დავბრუნდი და იქიდან მარფაში წავედი, შერიფმაც გამაჩერა, იაფფასიან დაინერშიც დავლიე ყავა და მოტელშიც დავიძინე. მაგრამ ჩანაწერი რომ გავხსენი სულ სხვა ტექსტი დამხვდა და ისევ სამყაროსთან სინქრონულობის შეგრძნება გამიჩნდა, რადგან რამდენიმე მარტივი ჩანაწერის განწყობა ზუსტად ისაა, რასაც ეხლაც ვგრძნობ.

16 ოქტომბერი, 2018

აკლიმატიზაცია აღარ მაქვს, მაგრამ რაღაც არის ამ დისტანციაში და სიმარტოვეში, რასთან შეგუებაც საშინლად მიჭირს, მაფორიაქებს და მაშინებს.

თითქოს ზუსტად ეს დისტანცია არის მომავლის მარტოობა. ვითომ “დაცულ” გარემოში არსებობა მას შემდეგ, რაც ყველა შენგან მიდის და საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი დაუცველობის შეგრძნება გეუფლება. სამყაროში მარტო დარჩენის შიში. დღეს მარტო რომ  ვსაუზმობდი მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მაინც ამის მეშინია, არაფრობის და სიმარტოვის უცხო გარემოში. შეიძლება ზუსტად ეს აგიჟებს ბევრ ადამიანს და ოჯახის დაცულობაში ყოფნას აიძულებს. ბავშვებიც და ოჯახიც არის ილუზია, რომ მარტოები არ ვართ.

23 ოქტომბერი, 2018

მგონია, რომ მთელი დღე ვფხიზლობ. უცებ წარმოვიდგინე, რომ ყველა ემიგრანტი ესეა, მთელი დღე არ ძინავთ, თითქოს მათი სამყაროები ერთიან 24 საათიან რეჟიმზე გადადის და სამყაროს მთელი ძილ-ღვიძილის მომსწრეები ხდებიან. თითქოს თვალს ვადევნებ ვინც ყველაზე მეტად მიყვარს მათ ძილს და მერე ისინი მადევნებენ თვალს, მე როგორ მძინავს.

მაგრამ აქ ძალიან მარტო ვარ ამის გამო. შორს მყოფი ახლობლების ყარაულად ქცეული. საკმაოდ შფოთიანი საქმიანოობაა უდარაჯო სხვის უსაფრთხო ძილს და საკუთარი თითქოს ამის გამო მოიკლო და დათმო.

--

ეს ფაილი მანამდეც ბერჯერ მქონდა გახსნილი, მაგრამ ამ რეალობიდან ეს ჩანაწერები საშინლად ნაცნობი მომეჩვენა.

თბილისში წამოსვლამდე დარჩენილი ბოლო დღეებიც გამახსენდა. ერთ საღამოს დიდ სუპერმარკეტში შევედი ჩემს სახლთან ახლოს, ყველაფერი დიდი და ბევრი რომ არის, ისეთში. შესვლისთანავე დამავიწყდა რა მინდოდა, რადგან უცებ დამთრგუნა უცხო ხალხმა, აუარება ნივთმა და კონსიუმერიზმის მექაში ტირილი ამივარდა.

უცნაურია, მაგრამ რაღაცნაირად ჰგავს ის სავსე სუპერმარკეტი ამ თვითიზოლაციას, ოჯახის საყვარელ წევრებთან ერთად.