გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პანდემია

კაკუნი კარზე - რა იცვლება მარნეულში

კაკუნი კარზე - ქამრან მამედლი
“სალამის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი 

ამ ვირუსმა ბევრი რამ გააშიშვლა ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს კარგად, ამაზე სულ საუბრობდნენ ეთნიკური უმცირესობები. მეორე ის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა, რაზეც დღეს უმრავლესობა ლაპარაკობს, აქტუალური უკვე აღარაა. ასეთია ენის არ ცოდნა. ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ  ქართული კარგად იცის. როდესაც საზოგადოება ისევ იმავე ლექსიკით ესაუბრება უმცირესობებს, როგორც 90-იან წლებში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთმანეთს ისევ არ ვიცნობთ. ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს.

აქამდე ბევრმა რამემ მიგვიყვანა. პირველი, ეს ჩვენი ძველი, ძალიან ცუდი გამოცდილებაა. ტოტალიტარული რეჟიმის დროს, როცა ერთად ვცხოვროდბით და ყველა თითქოს თანასწორი იყო, ეთნიკური უმცირესობებისთვის ბარიერები მაინც არსებობდა. ეთნიკურ აზერბაიჯანელებს განათლების მისაღებად აზერბაიჯანში უწევდათ წასვლა, რადგან საქართველოში ძალიან რთული იყო რომ რაიმესთვის მიეღწიათ, თუნდაც კარიერაში.

მეორე ფაქტორია შიში. მარნეულში აზერბაიჯანელები უმრავლესობაში არიან, თითქმის 84%, ქართველები 7%. ერთმანეთთან თანაცხოვრების მიუხედავად, პოლიტიკის ერთად დაგეგმვის გამოცდილება არასდროს გვქონია. ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომ გვეშინია ერთმანეთის. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს რელიგიასაც - მართლმადიდებელ ეკლესიას. ესაა ერთ-ერთი მართვის ღერძი, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ ქართველების დამცველად აღიქვამს. ისეთი წარმოდგენაა შექმნილი, თითქოს რომ არა ეკლესია, ამ რეგიონში ქართველები დაიჩაგრებიან - ეს ძალიან აზიანებს ურთიერთობას.

ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ, ყოველთვის საქართველოს სიყვარულის მტკიცება უწევდათ. ეს იყო ყოველდღიურობა კორონამდეც და კორონა ვირუსის შემდეგაც. ის კამპანია, რომელიც ახალგაზრდა ეთნიკურმა უმცირესობებმა სოციალური ქსელით წამოიწყეს - ამის ნაწილი იყო. უცებ აიტაცა ხალხმა, მათ შორის ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენლებმაც. 

მე, უბრალოდ, ცოტა კრიტიკული ვარ ასეთი კამპანიების მიმართ. რეალური სოლიდარობა ცოტა სხვა რამაა. ეს იყო უბრალოდ სადღეგრძელო, რომელიც ბევრმა ადამიანმა გადააკოპირა და გაავრცელა. რეალური სოლიდარობა იქნებოდა, ვინმეს ეთქვა, ეს ხალხი საკუთარ ენაზე ინფორმაციას ვერ იღებდა, არავინ არ მიაქცია ყურადღება და ახლა სახელმწიფომ საკუთარი შეცდომების გამო პოსტფაქტუმ გადაწყვიტა ორი რეგიონი - ბოლნისი და ქვემო ქართლი - კარანტინში ამყოფოს. ეს იქნებოდა რეალური ნაბიჯი სოლიდარობისკენ. არავის უთქვამს, რომ სახელმწიფოს შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge ვინმეს ეთნიკური უმცირესობებისთვისაც გადაეთარგმნა. ეს გვერდი გასაგებია საქართველოს მოსახლეობის 90%-ისთვის, მაგრამ დანარჩენი 10% ვერაფერს იგებს და სწორედ ისინი არიან ახლა კარანტინში. (მას შემდეგ თარგმნეს, რაც მარნეულის და ბოლნისის რაიონი კარანტინის ზონად გამოცხადდა) 

ეთნიკურ უმცირესობებს უყურებენ როგორც სტუმარს, უცხოს. ხშირად ქვემო ქართლის რეგიონის მართვა მხოლოდ კონტროლზეა ორიენტირებული, ძალაუფლების ეთნიკური ნიშნით შენარჩუნებაზე. 

თუმცა, ახალგაზრდებში ეს შიშები ნაკლებადაა. თუ ვინმეში კიდევ არის, ესაა ინერციით წამოსული მშობლებისგან. ბევრი ახალგაზრდა მინახავს, ვინც არ იზიარებს ბებია-ბაბუების შეხედულებებს, ვინც ამბობდნენ: ჩვენ ამ ქვეყანაში ვერაფერს მოვითხოვთ, ხმას ვერ ამოვიღებთ. ჩვენმა ახალგაზრდებმა დღეს ხმამაღლა საუბარი დაიწყეს. ეს ახალგაზრდები თავს აღარ დახრიან და აღარ იტყვიან, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში სტუმრები ვართ.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამბობს, რომ არ აინტერესებს არავის არასწორი წარმოდგენები იმაზე, თუ ვინ ეკუთვნის საქართველოს. მე საქართველოს ნაწილი ვარ. ეს შეცვალა იმანაც, რომ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ჩააბარა უნივერსიტეტში. მათ გაიაზრეს ყველაფერი და საუბარი ჯერ თემის შიგნით დაიწყეს. მერე ვიღაცეებმა ხმაც აიმაღლეს, საჯაროდ თქვეს და წარმოდგენებიც ნელ-ნელა შეიცვალა.

ახალგაზრდებს უნდათ მათი ხმა ისმოდეს. პროცესებში ჩაერთონ, გადაწყვეტილებზე გავლენა ჰქონდეთ. აქამდე მათ აღიქვამენ ობიქტებად, ვის ნაცვლადაც გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ. სამოქალაქო თანასწორობისა და შერიგების სამინისტრომ ხუთწლიანი სტრატეგია შეიმუშავა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით და ეთნიკურ უმცირესობებს არავინ არაფერი ჰკითხა. თვითმმართველობის განხორციელების პროცესს აღიქვამენ როგორც სერვისს და უმცირესობებს არავინ ეკითხება გზის გაყვანა უნდა, თუ წყლის მიწოდება. ასე წყდება ყველაფერი.

ძალიან ბევრი სფეროა მიუწვდომელი ეთნიკური უმცირესობებისთვის. ეს პროცესი კარზე კაკუნს ჰგავს, რომელსაც არავინ არ გიღებს. არ გიშვებს საზოგადოება. დიდი ხანია ეთნიკური უმცირესობები ამ რეალობაში ცხოვრობენ, ახლა უბრალოდ ილუზიები დაიმსხვრა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა