მე ვნახე ქალაქი, რომელიც ბავშვებმა აიღეს თოფებით და შურდულებით. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე საათით, მაგრამ მაინც აიღეს. ეს ვიცი, იმიტომ რომ მე ვიყავი იქ. ბავშვების ერთი ნაწილი ტეხავდა უნივერმაღებს და სახლებს, რომლებზეც ნაკოლი, მეორე ნაწილს კი შუქურის დაცხრილვა უნდოდა, რომ მისი ნათება ჩამქრალიყო, ზღვაში გასულ გემებს სახლში დაბრუნება გასჭირვებოდათ და ვარსკვლავებით გაეკვლიათ გზა. მხოლოდ ამის მცოდნე გემის კაპიტნებს ჰქონდათ უფლება, მოსულიყვნენ ნავსადგურებთან და ჩვენ მათ დავხვდებოდით ტაშით და ოვაციებით. ერთგვარი ვიდეოთამაში, გადატანილი რეალურ ცხოვრებაში. მაგრამ ვზროსლებმა ყველა დაიჭირეს და ყურებით დააჭედეს ზოგი სახლში, ზოგი კორპუსის წინ – რათა ყველას ენახა, რა შედეგი მოაქვს ველური ბავშვების თვითნებობას, რომ არსებობს იერარქია, სადაც მორჩილებას მთავარი ადგილი უკავია. ასე პოზიციონირებდნენ ისინი საკუთარ მესიჯს, სინამდვილეში კი ჩვენ ვიცოდით, რომ ამ სიმკაცრის უკან, მათ გულებში უსაზღვრო შიში იყო დაბუდებული. შიში იმის, რომ სამყაროს ის მცირედი ნაწილი, რომელსაც ეგონათ, აკონტროლებდნენ – ამ კონტროლიდან გამოვიდა.

ისევე, როგორც ყველა ეპოქის მეფეებსა და შსს-ებს, მათ ერთი რამ ავიწყდებოდათ – საბოლოოდ ვერავინ ვერაფერს აკონტროლებს. ჩვენი დედა ქაოსია და სპონტანურობა.
ვნახე ქალაქი, რომელიც კვდებოდა, როგორც დაჭრილი ცხოველი და მის უკანასკნელ ამოსუნთქვებს ზაფხულის ქარები ანაწილებდნენ ზანტად მის ვიწრო ქუჩებში და მოქალაქეებიც სუნთქავდნენ იმავენაირად – მძიმედ. მე იქ დავტოვე „იგი, ვინც მიყვარდა“ და „იგი ვინც მიყვარდა, ფრთებით დაიფარე, ამას გევედრები“, იმიტომ, რომ მას შემდეგ არაფერი მსმენია მასზე.

და მერე, სხვა ქალაქში ისევ დავტოვე „იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით“ და მას შემდეგ არც სიყვარული შემიძლია და არც იმ მეგაპოლისის მონახულება, სადაც ის წავიდა. „იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით – ფრთებით დაიფარე, ამას გევედრები“.
მე ვნახე ქალაქი, სადაც ერთი მანქანიდან გადმოსულმა ტყავისკურტკიანმა ბიჭებმა დღისით, მზისით – ყველას თვალწინ – ათასი ტყვიით დაცხრილეს სხვა მანქანიდან გადმოსული ტყავისკურტკიანი ბიჭები. და ეს არ იყო ერთჯერადი „ინციდენტი“ – ეს იყო ქალაქის ცხოვრების წესი. „ამერიკული ბოევიკები“ ლაივში – 7D გაფართოებით, IMDB რეიტინგი – ათიდან ათი. ამ ქალაქს წამოსვლამდე ცოტა სისხლიც ვაჩუქე – სჯობდა ახლობლის მსხვერპლად მიცემას. ზოგი ქალაქი ღმერთს ჰგავს ღმერთების უძველესი პანთეონიდან, ისინი ჯერ კიდევ ითხოვენ მსხვერპლშეწირვას – რათა არ ჩაქრეს მზე, დენის მომარაგება და შუქურები გზაჯვარედინებზე.
ვნახე ქალაქი, სადაც ბორდელებს ერქვათ მზის სისტემის პლანეტების სახელები.

ქალაქი, სადაც ვცეკვავდი ისე, როგორც არასდროს და მიხაროდა არსებობა. და სხვებიც ცეკვავდნენ და სხვებსაც უხაროდათ, მაგრამ მათ არ იცოდნენ საიდან მოვედი და ვერასოდეს გაიგებდნენ ჩემს სიხარულს და პრინციპში არც იყო საჭირო.

ქალაქი, სადაც ისე ცივა, რომ გრძელი უსასრულო ღამეების გადასატანად – ადამიანები ძირითადად სვამენ ან აჩენენ ბავშვებს და გრძნობენ უცნაურ მელანქოლიას, რომელსაც არ აქვს ზუსტი სახელი ჩვენს ენაზე.
ქალაქი, სადაც ქალები გაემზადნენ ბეტეერების დასახვედრად, იმიტომ რომ კაცებმა ქალაქი დატოვეს და წავიდნენ მიმდებარე სოფლებსა და ადგილებში, რომლებიც უფრო უსაფრთხოდ ეჩვენებოდათ. დატოვეს დები და დედები და მამიდები, რომლებსაც შოკოლადები მოჰქონდათ მათთვის ბავშვობაში.

ქალაქი, რომელმაც დამაიმედა სიტყვებით ფსალმუნიდან, როცა ქარები, ბიჭების ხროვა და კორპუსი დამახვედრა, რომ ამაყად ეთქვა: „ავსწიო ფრთანი განთიადისა“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ განთიადი არ იყო მისი ძლიერი მხარე და ჩვენ მალე დავშორდით: მე გაწბილებული ვიყურებოდი ფანჯრიდან მის მხარეს, როცა მანქანა შორდებოდა, ის კი, თითქოს დარცხვენილი – თავს არიდებდა ჩემს მზერას, ეფარებოდა რა სიბნელეს ახლად ჩამოწოლილი ღამის. ამ ქალაქში ღამღამობით ადამიანები ყმუოდნენ, როგორც მგლები სავსე მთვარეზე.
მე ვნახე ქალაქი, რომელიც ქალებმა აიღეს და გამაოგნებელი თვითგადარჩენის ინსტინქტით, დახმარების გარეშე – სიკვდილს გადაარჩინეს იგი, იმიტომ რომ ბავშვებს ჯერ არ ჰქონდათ ძალა, რომ დახმარებოდნენ მათ, ანგელოზებმა დიდი ხანია მიატოვეს ქალაქი, კაცები კი, წააგეს რა ყველა ომი, ყველა ფული, ყველა ძალა კუნთებში და იმედი სულში – მიეძალნენ გასაბრუებელ საშუალებებს და ასე იხშობდნენ უძლურების ტკივილს. და ქალებმა მცირე ფიქრის მერე გადაარჩინეს კაცებიც.

ვნახე ქალაქი, სადაც მის მოქალაქეებს მისივე, ფორმიანი მოქალაქეები დაუნდობლად სცემდნენ და ათრევდნენ ქუჩებში და სისხლის ნარჩენები აქა-იქ მიმოფენილიყო ასფალტზე. მოვა დრო და ეს ასფალტი გაიბზარება მანდ და ჩვენ ვნახავთ მიწიდან ამოსულ ყვავილებს, როგორც ბიოლოგიურ, მყიფე მემორიალებს და ძეგლებს ამ სისასტიკის.
მე ვნახე ქალაქი, რომლის ციხეებსა და სასაფლაოებზე უფრო მეტი ჩემი ნაცნობი იყო, ვიდრე მის ქუჩებში.
„ყველაფერი საუკეთესო ამ ქალაქში – ღმერთებს უნდა გადაეცეთ მსხვერპლად“ – მოითხოვდა ერთი ძველი ბერძნული პოლისი.
მე ვნახე ქალაქი – 1500 წელი რომ დგას იქ, სადაც მგლისთავიანმა მეფემ ისრის გასროლით მოკლა უცნობი ირემი და იპოვა ცხელი წყლები და როგორც ექსპერტი ქალაქებთან ურთიერთობაში – მე მივხვდი, რომ ეს ქალაქიც კვდება. და შეიძლება დადგეს დღე, როცა ხალხი დაიწყებს მის მიტოვებას.

„უფსკრული უფსკრულს გასძახის შენი სადინარების ხმით; ყველა ტალღამ და ზვირთმა შენმა ჩემზე გადაიარა“, – ვუთხარი მას წლების მერე და მისი ჩეთბოტის კეთება დავიწყე, რათა ყველას შეეძლოს მასთან საუბარი ჩვენთვის გასაგებ ენაზე, თუკი ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.