თუ ისწავლი ქარების ენას – შეგიძლია გაიგო რა ხდება იქ, საიდანაც ეს ქარები ქრიან. ასე მუშაობდნენ უძველესი რადიოსისტემები, რადიოს გამოგონებამდე. ქარებს უყვართ საუბარი. თუ ისწავლი კორპუსების ენას – კორპუსები დაგელაპარაკებიან და შესაძლოა პასუხებიც კი გაგცენ მარადიულ ან ყოველდღიურ კითხვებზე – მთავარია, ისწავლო სმენა, უყურო ფანჯრებში შუქების ანთება-ჩაქრობის ალგორითმულ მონაცვლეობას, ფანჯრებიდან გამომავალ ხმებს, სამაგიდო თამაშების პარტიებს ბირჟებზე. 

ზუსტად ასე: თუ ისწავლი ქალაქის ენას, აღმოაჩენ, რომ ყველა ქალაქი ლაპარაკობს. ლაპარაკობს არქიტექტურით, ქუჩების განლაგებითა და მარშრუტებით, წარწერებით სადარბაზოებსა და კედლებზე, ადამიანებიც სიტყვები ან ასოები არიან ამ მანტრაში. ამ ენის შესწავლა ბევრს შეუძლია, მაგრამ მის მოსმენას – ცოტა თუ გაუძლებს, რადგან მისი ხმა ტოტალურია, სათქმელი კი ერთნაირად ლოგიკური და თან ისეთი, რომელიც ანგრევს ლოგიკას: ასე ლაპარაკობდნენ ძველი ღმერთები, შიზოფრენიისა და მეფეების ლექსიკონით. ასე ლაპარაკობდნენ ურჩხულები ლავკრაფტის სიზმრებიდან.

ყველა ქალაქს აქვს თავისი უნიკალური მესიჯი, ისტორია, რომელიც მხოლოდ მას შეუძლია მოჰყვეს, ყველა ქალაქი – ამბის თხრობაა. ზოგი მათგანი მღერის, ზოგი ღმუის, როგორც იაგუარი, რომელმაც ეს-ესაა ჭამა DMT-ის ფოთლები, ზოგიც შიშინებს და ა.შ. 

უძველეს ქალაქებს „აპროექტებდნენ“ ქურუმები, მაგდროინდელი ურბანული შამანები და მეფეები, რომლებიც ღმერთების ცოცხალ ინკარნაციებად ითვლებოდნენ – მათ წარმოსახვაში ქალაქს აუცილებლად ჰყავდა ზეციური, საკრალური ანალოგი, მთელი ეს ზეციური იერუსალიმები, მარადიული რომები და ა.შ. მათ მშენებლებს გააჩნდათ ერთგვარი იდეალური მოდელი, რომელსაც უკვე ჰქონდა საკუთარი მესიჯი. ქალაქი სწორედ ამ ყალიბის მიხედვით უნდა აგებულიყო და ამ არქეტიპული მესიჯის ტრანსლირება მოეხდინა დედამიწაზე. ამიტომაც არიან ქალაქები, რომლებიც ღმერთების მიერ უკვე წინასწარ დაწერილი ტექსტის გადმოცემას ცდილობენ. 

მეორე მხრივ, არის ათიათასობით ქალაქი, რომელმაც მასში წინასწარ ჩაწერილი საკრალური მესიჯის გარეშე დაიწყო მეტყველება და რომლის წინადადებები ადამიანებმა დროთა განმავლობაში ქაოტური თუ დაგეგმილი მიშენებებით ააწყვეს. ასეთი ქალაქები ერთმანეთში ურევენ მაღალფარდოვან სიტყვებს, სხვადასხვა ეპოქის სლენგს, ფრაზებს კონსტიტუციიდან და ქუჩური გარჩევებიდან, უნებლიე გლოსოლალიას..
თუკი წამით დაუგდებ ყურს მილიონობით ხრუშჩოვკის საუბარს, ზერო ესთეტიკითა და მინიმალური ფუნქციონალიზმით აგებულ წინადადებებს – მიხვდები, იქ ადგილი არ ჰქონდა პოეზიას ჩვენებური გაგებით, თითქოს მათში მცხოვრებთა სისხლი, ოფლი და ორგაზმები მეტყველებენ გაფუჭებული და ძველი საბჭოთა კომპიუტერული კოდივით, რომელსაც უკვე არავინ იყენებს. მათ აშენებდნენ დროებით, სანამ „კომუნიზმი დადგებოდა“, სანამ ახალ ჩანაცვლებას იპოვიდნენ, მაგრამ კომუნიზმი არ დადგა, იმპერია დაიშალა, არქიტექტორებიც და ქარხნებიც წარსულს მიეცნენ, ხოლო ხრუშჩოვკები ჯერ კიდევ დგანან და ალბათ კიდევ დიდხანს იდგებიან მიტოვებული ბავშვებივით, ხელჩაკიდებულები რომ აკვირდებიან გარეუბნების სიღრმიდან მარსის კოლონიისკენ გაფრენილ რაკეტებს ღამის ცაზე, ახალ სამყაროს, რომელიც უკვე არაა მათი.
არიან ქალაქებიც, რომლებსაც სათქმელი არ გააჩნიათ – სადაც, რატომღაც, მოხდა ისე, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო არ დალაგდა წინადადება, არ დალაგდა სათქმელი, ან უკვე აწყობილ წინადადებაზე ქალაქმა მოულოდნელად უარი თქვა და აიღო დუმილის აღთქმა. ასეთ ადგილებში, სიზმრებიც თითქოს ნისლშია გახვეული და მოქალაქეებმა არ იციან რა უთხრან ერთმანეთს. თუ გინახავთ ახლობელი, რომელიც ნელ-ნელა კვდება, ფერმკრთალდება და მოგონებად იქცევა თქვენ თვალწინ – ზუსტად ასე კვდებიან ეს ქალაქები. მე დიდი ხანია არ დავდივარ ახლობლების გასვენებებზე და მით უმეტეს ქალაქების. მხოლოდ ის მაინტერესებს, რას ამოტვიფრავენ ქვაზე.